უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. მსახიობ გია ფერაძის ქალიშვილი, მარიკუნა მიქატაძე გარდაიცვალა. ის საბერძნეთში იმყოფებოდა. ჯერჯერობით გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
მარიკუნა მიქატაძე ტრაგიკული ბედის მქონე მშობლების შვილი გახლდათ. მამამ შემთხვევით თუ განზრახ მოკლული უსაყვარლესი ცოლის შემდეგ წლები ციხეში გაატარა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ორ წელში გარდაიცვალა კიდეც.
ტრაგედიის დატრიალების დროს მარიკუნა 11 თვის იყო. ის ბაბუამ, ცნობილმა მოქანდაკემ, ჯუნა მიქატაძემ და მისმა მეუღლემ, მარიკა საყვარელიძემ, შვილად აიყვანეს და გაზარდეს.
–სამი წლის ვიქნებოდი, ფოტოების თვალიერებისას დედაჩემის სურათი რომ ვნახე და ვიკითხე, ეს ვინ არის-მეთქი. ბებიას არ დაუმალავს, რომ დედაჩემი იყო. მითხრა, ეს დედაშენია და საზღვარგარეთაა წასულიო. 6 წლის ვიყავი, ეზოში ბავშვებთან ვთამაშობდი, მშობლებზე ჩამოვარდა ლაპარაკი, ერთმა მკითხა: შენი დედა რატომაა ბებერიო, მე ვუთხარი: მე მყავს დედა, რომელიც ახალგაზრდაა და გერმანიაში წასული-მეთქი. ერთმა ბავშვმა მითხრა: დედაშენი გერმანიაში კი არაა, მამამ დედა მოგიკლა და დედაშენი მკვდარიაო.
ეს იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი… როგორ უნდა გადამეხარშა ეს 6 წლის ბავშვს?.. ეგრევე ავვარდი სახლში, დავიწყე ტირილი, ისტერიკაში ჩავვარდი, მომიყევით სიმართლე, მანახეთ მამაჩემის სურათი, მამაჩემი მკვლელია-მეთქი. ძალიან ცუდ დღეში ვიყავი. ბებიამ, შეძლებისდაგვარად, როგორც შეიძლება 6 წლის ბავშვს აუხსნა, დამიჯდა და ამიხსნა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. მაინც არ უნდოდა, რომ მძიმედ დაეხატა ყველაფერი… მაგრამ მერე დროთა განმავლობაში, რაც უფრო ვიზრდებოდი, სულ მესმოდა, მამამ დედა მოუკლა, მამამ დედა მოუკლაო…“ – ყვებოდა მარიკუნა ,,პრაიმტაიმთან”.
„რამდენი ხანი იცოცხლა დედაჩემმა, რამდენი იწვალა, ვინ იცის“
მარიკუნა მიქატაძე: ვიცი, რომ სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი. თურმე დედაჩემი სულ იმას ამბობდა, ერთადერთი კაცია, ვისაც სიცოცხლეს შევწირავო. მართლაც ასე მოხდა… ხშირად ვფიქრობ მაგაზე, ხშირად კი არა, რომ ვწვები, სულ მაგაზე ვფიქრობ. ხან მგონია, რომ მამაჩემი არ იყო ასეთი რაღაცის გამკეთებელი, მარტო იმიტომ კი არა, რომ სიგიჟემდე უყვარდა დედა, იმიტომაც, რომ საერთოდ არ იყო მსგავსი რამის გამკეთებელი და რომ ეს მართლაც უბედური შემთხვევა იყო, ხანდახან მგონია, რომ განზრახ მოკლა.
თან ეს ჭორები სულ გონებას მირევს, ერთი მეუბნება, რომ იმ ღამეს იჩხუბეს, გაშორება უნდოდა, ის ვერ შეეგუა ამას, აიღო და ესროლა. ზოგი ამბობს, რომ იმ კალამს ჩვენც გვიშვერდა, ყველას გვაშინებდა იმ კალმითო. ისეთი იარაღი იყო და ისეთი პატარა ტყვია ჰქონდა, ლარნაკსაც ვერ გატეხდა, მაგრამ დედაჩემს პირდაპირ გულში მოხვდა, არტერია დაუზიანა, ექიმებიც ვერ უშველიდნენ, მაშინვე რომც მისულიყვნენ.
გაორებული ვარ, ხან როგორ ვფიქრობ, ხან – როგორ… 19 წლის ვიყავი, როცა ჩემთან შეხვედრა მოისურვა გიას ადვოკატმა. უნდოდა, რომ სიმართლე ეთქვა. მე არ შევხვდი, სიმართლის შემეშინდა, იმ ეტაპზე არ ვიყავი მზად… სამიოდე თვის შემდეგ, როცა თავს მოვერიე და ვთქვი, რომ მირჩევნია, სიმართლე ვიცოდე-მეთქი, მერე უკვე ვეღარაფერი გავარკვიე. ის კაცი რომ მოვიკითხე, მითხრეს, გარდაიცვალაო…
იცით, რამ შემზარა? ამ მკვლელობის შემდეგ მამაჩემი გაიპარა, მოაწყო ინსცენირება, თითქოს დედაჩემს ეძინა, დააწვინა, „ადიალა“ გადააფარა, იარაღი „დუხოვკაში“ შედო და გაიპარა. დილით, ბებია რომ შევიდა ოთახში, გულწასული ეგონა და ფეხებს უთბილავდა დედას… თავიდან ეგონათ, რომ ქურდები შემოვიდნენ და მოკლეს, ბებიაჩემი იმას ტიროდა, გია რომ გაიგებს, გადაირევაო. გია… წასულა ვიღაც ცუდი ყოფაქცევის ქალთან, მთელი ღამე იქ ყოფილა, დილას მივიდა და ჩაბარდა.
ეგ იყო ჩემთვის ძალიან ცუდი ფაქტი. კი თქვეს ექიმებმა, მაინც არაფერი ეშველებოდაო, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, შველებოდა? ან მან ხომ არ იცოდა, რომ არ ეშველებოდა? ხომ შეიძლებოდა, ეყვირა, რომ ეს დაემართა? სულ ის ფიქრები მაწვალებს, რამდენი ხანი იცოცხლა დედაჩემმა, რამდენი იწვალა, ვინ იცის, რამდენი იყვირა, შველას ითხოვდა…“
„ვამაყობ მამით“
მარიკუნა მიქატაძე: მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცნობდი და რაც დაემართა, დარწმუნებული ვარ, შემთხვევით მოუვიდა, მე ვამაყობ, რომ გია ფერაძის შვილი ვარ. მთელი ქვეყნის სიყვარული აქვს დამსახურებული. ყველა ფეხის ნაბიჯზე მხვდებიან და სიყვარულს მიხსნიან, როგორც მის შვილს. ერთი ადამიანი არ შემხვედრია, რომ აუგი ეთქვას გიაზე. ყველა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მოიხსენიებს. ძალიან მაგარი მსახიობი იყო. ძალიან მიყვარს ფილმი „არასერიოზული კაცი.“
– შენ სწორედ მისი გმირის, ნიკოს, ფორმაში იხილე მამა ფანჯრიდან.
– ზუსტად. ვინც გიას იცნობდა, ყველა ამბობდა, რომ ის ზუსტად ისეთი იყო, როგორც ამ ფილმში. ერთგვარად მისი თავი ითამაშა.
– ინტერვიუებში ამბობდი, მიჭირს პატიებაო. ახლა აპატიებდი იმ საბედისწერო შემთხვევითობას?
– ბევრი იწვალა, თავი არ მოიკლა. თვითმკვლელობა დროში გაწელა. ეს ბევრად მტანჯველი რამაა. მან მოინანია…
– ამ ბედისწერამ როგორი გაგხდა?
– ძლიერი.
– ქვეყანაში ცნობილი მსახიობი არის შენი მამა, მაგრამ „უცნობი“ მამა. ეს როგორი ტვირთვის მატარებელი შენთვის.
– ეს ჩემი ტვირთია და უნდა ვატარო. არასდროს არ დამსიზმრებია არც დედა, არც მამა. ეს ტრაგედია რომ არ მომხდარიყო, ბედნიერი ვიქნებოდი.- ყვებოდა მარიკუნა ,,პრაიმტაიმთან”. მამის პირველ ნახვას კი ასე იხსენებდა:
„ერთხელ, ფანჯარაზე ვიჯექი, ეზოში შემოვიდა კაცი, გრძელ წვერებში, გაწეწილი, დახეულ პალტოში, ჩაჩაჩულ შარვალში, დაგლეჯილ „ბატინკებში“, ჩვეულებრივი ლოთი, მათხოვარი მეგონა. მოუახლოვდა ჩემს ფანჯარას და მკითხა, ირინას გოგო ხარო? ჰო-მეთქი და დაიწყო ღრიალი.
ბებიაჩემმა, ეტყობა, ხმა იცნო, მოვარდა, ფანჯრიდან გადმომაგდო და გული წაუვიდა. თავიდან ვერ მივხვდი, ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს შეიძლებოდა მამაჩემი ყოფილიყო. მამა კინოში კი მყავდა ნანახი, მაგრამ იმდენად იყო შეცვლილი, საერთოდ ვერ მივხვდი, ვინ იყო. მერე ბებიამ მითხრა, მამაშენი იყოო… მესმოდა, როგორ ღრიალებდა, როგორ გავარდა ეზოდან ღრიალით…“