“ძალიან უკარება ვიყავი – ელემენტარული სითბოსა და ყურადღების გამოხატვაც კი არ მსიამოვნებდა”

კონკურსი „მის და მისტერ თბილისი“ უკვე 15 წელია, რაც წარმატებით ტარდება. 4 წელია, მას ორგანიზებას გიორგი მასხულია უწევს.

წელს „მის თბილისი“ მარიამ გიგოლაშვილი გახდა და გადავწყვიტეთ, ის ჩვენი მკითხველისთვის გაგვეცნო.

მარიამ გიგოლაშვილი: ძალიან გახარებული ვარ ამ გამარჯვებით. ბავშვობიდან მინდოდა, სამოდელო სფეროში ვყოფილიყავი. სამი წლის წინ გადავდგი პირველი ნაბიჯი მოდელობისკენ, თუმცა, კონკურსში პირველად მივიღე მონაწილეობა და ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვე.

– ელოდი გამარჯვებას?

– ძალიან კარგი მონაწილეები გვყავდა, ამიტომ წინასწარ დარწმუნებული არ ვიყავი, ჟიურის წევრების გადაწყვეტილებას ველოდებოდი. ძალიან ემოციური პერიოდი იყო, ვღელავდი შედეგის გამო. რა თქმა უნდა, მქონდა გამარჯვების მოლოდინი და საბედნიეროდ, ასეც მოხდა – „მის თბილისი“ გავხდი.

– კრიტიკა თუ მოჰყვა ამ გამარჯვებას?

– ჩემს ვიზუალს მოჰყვა კრიტიკა, ისევე, როგორც „მისტერ თბილისის“. ორივე გამარჯვებული გაგვაკრიტიკეს. კომენტარებში წერდნენ: მათზე კარგი კონკურსანტები არსებობენ, ბევრად კარგი ბიჭიც იყო და ბევრად კარგი გოგოცო… ძალიან დიდი ნეგატივი და აგრესია წამოვიდა ჩვენი მისამართით. შური, ბოღმა, ცუდი ენერგეტიკა და განწყობა ვიგრძენი. არ ვიცი, რატომ, არ მაქვს ამაზე პასუხი, რადგან სრულიად უცნობი ადამიანების კომენტარები იყო.

– პირველად აღმოჩნდი საჯარო ყურადღების ცენტრში და ასეთმა კრიტიკამ როგორ იმოქმედა შენზე?

– თავიდან დავინტერესდი და დავიწყე კომენტარების კითხვა, მაგრამ შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ მსგავსი პოსტები და კომენტარები საერთოდ არ მენახა. ადამიანები, რომლებიც ასეთ კომენტარებს შურის გამო წერენ, ნეგატივით არიან სავსე და ამიტომ არ მინდა მათი ნახვა, არ მინდა, ეს ყველაფერი გულთან ახლოს მივიტანო.

– პასუხის გაცემის სურვილი არ გაგიჩნდა?

– არა. ასეთ ადამიანებს პასუხს ნამდვილად არ გავცემ. როცა საჯაროდ ასეთ კომენტარებს გიწერს, საჭირო არ არის მისთვის პასუხის დაბრუნება, ეს თავის დამცირებაა. არ გეკუთვნის ასეთი შეფასება და არც უნდა დაუბრუნო პასუხი. ასეთი კომენტარები ნამდვილად არ არის სასიამოვნო, რთულიცაა, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, ეს ჩემს თვითშეფასეფაბაზე ნამდვილად არ მოქმედებს.

– როგორც ვიცი, შეყვარებული ხარ.

– კი, შეყვარებული მყავს. ორი წელია, შეყვარებულები ვართ. ერთმანეთი ცეკვაზე გავიცანით, „ერისიონში“, ორივე მოცეკვავე ვართ. ჯერ ვმეგობრობდით, შემდეგ ჩვენი ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა.

– თავიდანვე ორმხრივი იყო თუ მოუწია ბრძოლა შენი გულის მოსაგებად?

– არა, თავიდანვე ორმხრივი არ იყო, რაღაც პერიოდი მოუწია, ებრძოლასავით (იცინის). მალე ორმხრივიც გახდა. ძალიან კარგი და თბილი ადამიანია. რაც მთავარია, ერთგულია. მისმა ამ თვისებებმა დამანახვა, რომ ზუსტად ის ადამიანია, ვინც მე მჭირდებოდა.

– დღემდე ერთად ცეკვავთ?

– არა, აბიტურიენტობის გამო მომიწია, ცეკვისთვის ცოტა ხნით თავი დამენებებინა, თუმცა, მალე ისევ ვაპირებ გაგრძელებას. 12 წელია, ვცეკვავ, ძალიან მიყვარს ეს საქმე, ჩემი ყველაზე დიდი ჰობია, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ადგილი უკავია. რაღაც პერიოდით ისევ დავუბრუნდები, თუმცა, პროფესიად არ ამირჩევია.

– მინდა, თქვენი რომანტიკული მომენტები გამიზიარო – სიყვარულში როგორ გამოგიტყდა?

– სიყვარული ძალიან ორიგინალურად ამიხსნა. თავისი განცდები და ემოციები საოცრად გადმომცა. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა. დიდი დრო არ დაგვჭირვებია, გაცნობიდან 4-5 თვეში ამიხსნა სიყვარული. მანამდე ეს ჩემთვის მიუღებელი იყო. ვინმეს სიყვარული რომ აეხსნა, უარყოფითი ემოციები და შესაბამისი პასუხი მქონდა. ამ ადამიანისგან კი ძალიან დადებითად მივიღე. დიდად ვაფასებ საყვარელი ადამიანისგან ნაჩუქარ ელემენტარულ საჩუქარსაც კი. ჩემი შეყვარებული ყოველ დღესასწაულზე და ჩვენთვის მნიშვნელოვან თარიღებში ძალიან დიდი საჩუქრებით მახარებს. მეც მიყვარს ადამიანების გახარება და თვითონაც ვჩუქნი ხოლმე საჩუქრებს. მინდა, ყოველთვის ისე გავახარო, როგორც თვითონ მახარებს.

– როგორ იქცევი არასასურველ თაყვანისმცემლებთან?

– მიმაჩნია, რომ როცა გვერდით საყვარელი ადამიანი გყავს, მით უმეტეს, როცა ეს ურთიერთობა ორი წელი გრძელდება, სხვა თაყვანისმცემელს საერთოდ არ უნდა გასცე პასუხი და ამით საყვარელ ადამიანს დისკომფორტი არ უნდა შეუქმნა. ასეთი ადამიანებისგან შეტყობინებები რომ მომდის, საერთოდ არ ვხსნი. იმდენად უყურადღებო ვარ მათ მიმართ, იმდენად არ ვრეაგირებ უცხო ადამიანების მესიჯებზე, რომ შეიძლება, ახლობლების შეტყობინებებიც კი გამომრჩეს.

– თქვი, ადრე ვბრაზდებოდი, როცა სიყვარულს მიხსნიდნენო, უკარება გოგო იყავი?

– კი, ძალიან უკარება ვიყავი. არავისგან არ მინდოდა სიყვარულის ახსნა, მათგან ელემენტარული სითბოსა და ყურადღების გამოხატვაც კი არ მსიამოვნებდა. ცივი ადამიანი ვიყავი და ჩემდამი არავის თბილი დამოკიდებულება არ მომწონდა. ახლა უფრო თბილი გავხდი, ზოგადადაც და მასთანაც.

– სადედამთილოსთანაც კარგი ურთიერთობა გაქვს?

– ჩემი სადედამთილო არაჩვეულებრივი ადამიანია და ერთმანეთთან იდეალური ურთიერთობა გვაქვს. ძალიან თანამედროვეა. მისგან ძალიან კარგი დამოკიდებულება ვიგრძენი, ანალოგიურად, მეც კარგად განვეწყვე მის მიმართ და ამიტომაც გვაქვს დღეს ძალიან კარგი ურთიერთობა. თან ძალიან პოზიტიური და ენერგიული ადამიანია, ჩვენი თაობის წარმომადგენლებისნაირია და ყველაფერი კარგად ესმის.

– როცა შეყვარებულები ჩხუბობთ, სადედამთილო ვის მხარესაა?

– ყოველთვის ჩემს მხარესაა და მიცავს, შვილის მხარე არასდროს დაუჭერია (იცინის).

– უკვე ქორწინებასაც ხომ არ გეგმავთ?

– ამას ჯერ არ ვუპასუხებ, ძალიან ბევრი ელის ამის შესახებ ინფორმაციას და მოდი, უპასუხოდ დავტოვოთ (იცინის).