“რამდენჯერაც შემივსია ლატარიის ბილეთი, იმდენჯერ მომიგია”

ქეთი ქარდავას ,,უცნობი მხარე” 👇

– ვინ არის ქეთევან ქარდავა?

ქეთევან ქარდავა: ქეთევან ქარდავა არის ჟურნალისტი. ეს არის პროფესია, რომელიც ყველაფერს მოიცავს, მთლიანად გიტაცებს და სხვა რამისთვის ბევრი დრო აღარ გრჩება.

– რას იზამ ლატარიაში რომ მილიონები მოიგო?

– სხვათა შორის, ბევრჯერ შემივსია ლატარიის ბილეთი. ძალიან აზარტული ვარ, უზომოდ. ახლა არა, მაგრამ რამდენიმე ხნის წინ კაზინოშიც ვიყავი, თბილისში. სამსახურიდან დავდიოდით ხოლმე გასართობად და რა საშუალებაც გვქონდა, იმის ფარგლებში, ცოტას ვაგებდით, ცოტას ვიგებდით. თუმცა, ეს ამბავი მალევე შეწყდა. ლატარიაში მომიგია. დიდი თანხა არა, მაგრამ რამდენჯერაც შემივსია, იმდენჯერ მომიგია. თუმცა, რაღაც უნდა ვიგრძნო, რომ მივიდე და ბილეთი ვიყიდო, ასე, უბრალოდ, არ ვიყიდი (იცინის). სხვათა შორის, გარდა ლატარიისა, რა გათამაშებაშიც კი მიმიღია მონაწილეობა, ყველგან რაღაც მომიგია. აქ, ბრიუსელში, ლატარიაში 150, 300, 400 მილიონი თამაშდება და ოჯახის წევრები სულ მეუბნებიან, შენ ისეთი ყისმათი ხარ, მიდი, შეავსეო. ვერაფრით გაიგეს, რატომ არ ვავსებ აქამდე (იცინის). ვპასუხობ ხოლმე, ეტყობა, არ მოსულა ის მომენტი-მეთქი (იცინის). ინტუიციამ უნდა მიკარნახოს, რომ ამის დრო მოვიდა. დაბადების დღეების ან სხვა მნიშვნელოვანი თარიღების მიხედვით რომ არჩევენ რიცხვებს, ასე არა, მე რაღაც სხვა მიდგომით ვავსებ და ვგრძნობ, რომ ჯერ ამის დრო არ მოსულა (იცინის). თუმცა, ვიცი, მოვა მომენტი, როცა „ევრომილიონს“ მოვიგებ. ამაში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული და თითქოს მოლოდინს ვიხანგრძლივებ (იცინის). ახლა ზედმეტად თავდაჯერებული ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, ზოგადად, ასე არ არის, მაგრამ ამ საკითხში ასეა. აუცილებლად გაიგებთ ჩემზე ამ ამბავს (იცინის). უკვე ძალიან კარგად ვიცი, ვინ მოიგო, როდის, შემდეგ როგორ განვითარდა მისი ცხოვრება და ეტყობა, ჯერ არ ვარ მზად ამისთვის (იცინის). მეხუმრებიან, 300 მილიონს რომ მოიგებ, შენ ისევ ამ პროფესიაში იქნები და ამავე რეჟიმით იმუშავებო (იცინის).

– ბოლოს როდის იტირე და რატომ და საერთოდ, გულჩვილი ხარ?

– არ მგონია, გულჩვილი ვიყო. დიდი ხანია, იმდენად ბევრი პასუხისმგებლობა მაკისრია და იმდენი რთული ეტაპი გავიარე, რომ უფრო სიძლიერისკენ ვიხრები, ვიდრე გულჩვილობისკენ. გულჩვილობისთვის სივრცე აღარ დამრჩა. გამაძლიერა ჩემმა პროფესიამაც. თუმცა, ყველანი ადამიანები ვართ, ემოციები გვაქვს, დარდები, სიხარული და ცვალებადი განწყობა. ბევრჯერ მიტირია კიდეც. საკუთარი თავისთვის იმის პირობაც მიმიცია, რომ აღარასდროს ვიტირებდი. ჩემმა ქალიშვილმა პატარაობისას მითხრა, არასოდეს იტიროო. მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა და ეს სიტყვები არ მავიწყდება. მგონია, რომ პირობას მის წინაშეც ვასრულებ.

– მსოფლიო მასშტაბის ცნობადობასა და გავლენაზე გიოცნებია?

– ჩემი ამბავი საქართველოს ფარგლებს ბრიუსელის ტერაქტის დროს გასცდა. მართლა წარმოუდგენელი იყო, დილა თენდებოდა და ისეთი გაზეთების გვერდებს მიგზავნიდნენ თვითონ ამ გაზეთების თანამშრომლები და მერე, ვინც კი ნახა ყველა, ვერასდროს რომ წარმოვიდგენდი. მაგალითად, ვერ წარმოვიდგენდი, რომ „ვაშინგტონ პოსტის“ და „ნიუ-იორკ ტაიმსის“ პირველ გვერდზე ჩემი გადაღებული ფოტო დაიბეჭდებოდა. ჩემთან სახლში მოდიოდნენ ისეთი ტელევიზიებიდან, ისეთი გამოცდილებისა და ბექგრაუნდის მქონე ადამიანები, რომლებთან შეხვედრაც ჩემი ოცნება იყო. გავლენა – არა, ამაზე ნაკლებად ვოცნებობ, მთავარია იმას, რასაც ვაკეთებ, ჰქონდეს პოზიტიური შედეგი, ეს არის ჩემი ოცნება.

– ყველაზე ცუდი საქციელი, რომელიც ჩაგიდენია?

– ხშირად ადამიანებს ძალიან ახლოს ვიღებ, მათზე ამაგი მაქვს, ემოციური და არა ფინანსური თვალსაზრისით, მაგრამ მერე ყველაზე მეტად ზუსტად ეს ადამიანები მწყვეტენ გულს. ასეთი რამ ერთხელ და ორჯერ არ მომხდარა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ადამიანების ძალიან ახლოს მიღება და მათზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება ჩემი მხრიდან ძალიან ცუდი საქციელი იყო. თან, ადამიანმა საკუთარ შეცდომაზე ხომ უნდა ისწავლო და არ ვიცი, რატომ ვიქცევი ასე?! ალბათ, მომავალში მაინც ვისწავლი დისტანცირებას და ადამიანებისთვის ხელის არგაწოდებას იმაზე მეტად, ვიდრე ისინი იმსახურებენ. როცა მუდმივად ასე იქცევი, მერე, ალბათ, მიიჩნევენ, რომ ეს ასეც უნდა იყოს და საკუთარ თავს ბევრის უფლებას აძლევენ. აი, ასეთ დროს აღმოვჩნდები ხოლმე გულჩვილი და ბევრჯერ მიტირია კიდეც (იცინის).

– მოგიპარავს რამე?

– მართლა არაფერი მომიპარავს, გარდა სხვების გულებისა (იცინის). მგონი, ეს ყველაზე დიდი დანაშაულია (იცინის).

– პაემანზე სახალისო შემთხვევა გადაგხდენია?

– ჩემს მეუღლეს ზუსტად იმ დღეს შევხვდი, როდესაც ბრეკეტები გავიკეთე. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა, რომელიც პირდაპირ სტომატოლოგიურის წინ მქონდა დათქმული, ბრეკეტების გაკეთებიდან ათი წუთის შემდეგ. იცით, რომ არ არის მარტივი ბრეკეტებთან შეგუება და ყველა კბილი ამტკივდა, რკინები მიჭერდა, ეს მეტყველებაზეც მოქმედებდა, არ ვიცოდი, როგორ გამოვიყურებოდი და მოკლედ, თანდათან დავმძიმდი. 33 კბილის ტკივილი, მე მგონი, მთლად კარგი ვარიანტი არ არის პაემნისთვის (იცინის). მერე ერთად ვეძებდით ტკივილგამაყუჩებელს (იცინის).

– რა მიგაჩნია საკუთარი თავის ყველაზე დიდ მარცხად და გამარჯვებად?

– ყველაზე დიდ გამარჯვებად მიმაჩნია ის, რომ შევძელით, ჩვენს შვილს ჰქონოდა ისეთი განათლება, როგორიც გვსურდა, რომ ჰქონოდათ. სწავლა გერმანიაში დაამთავრა და ახლა მაღალანაზღაურებადი სამსახური აქვს ბერლინში. რაც შეეხება მარცხს, არ მიყვარს წარუმატებლობა. ჩემს შვილსაც სულ ვეუბნებოდი, რაშიც მონაწილეობას მიიღებ, მასში აუცილებლად უნდა გაიმარჯვო-მეთქი. „მთავარია მონაწილეობა“ – საჩემო არ არის, არც მეორე რიგში დგომა არის ჩემი მოწოდება.

– რომ გაიგო, მეგობარს საყვარელი ადამიანი ღალატობს, ეტყვი სიმართლეს?

– მარტო მე არა, მაგრამ მე და ჩემმა მეგობარმა გავიგეთ ერთ მეგობარზე ასეთი რამ და ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ არ დაგვემალა. ისევ იქიდან გამომდინარე, რომ სჯობს, სიმართლე ვიცოდეთ, რაც უნდა მტკივნეული იყოს. თუმცა, აქ კიდევ ერთი მომენტია, მიიღებს თუ არა ის ადამიანი ამ სიმართლეს. თავიდან მტკივნეული იყო მისთვისაც, ჩვენთვისაც, მაგრამ აპატია. მისთვის დაშორება უფრო მტკივნეული იყო, ვიდრე ამ ტკივილთან შეგუება. ადამიანები თავად აკეთებენ არჩევანს და თვითონ უკეთ იციან, რა სჭირდებათ. თუმცა, ამ დროს გულწრფელ რჩევას აქვს მნიშვნელობა და ჩვენ ამ გადმოსახედიდან ვიმოქმედეთ. მათ წარმატებას ვუსურვებ, თუმცა, შემდეგში რომ სხვასთან ასეთ შემთხვევას ჰქონდეს ადგილი, დავფიქრდები, ვუთხრა თუ საერთოდ გავჩუმდე.

– ბევრი წლის შემდეგ, როგორ ისურვებდი სიცოცხლის დასრულებას?

– ამაზე ორჯერ დავფიქრდი. ერთხელ, კოვიდის პიკის დროს, როდესაც ბელგიაში ერთ–ერთ სასაფლაოზე მივედით გადასაღებად. სასაფლაოზე კოვიდისადმი მიძღვნილმა სიმბოლურმა მონუმენტმა, საფლავებმა, კრემაციის ადგილმა და ფერფლის შესანახმა სპეციალურმა ყუთებმა, განსაკუთრებით იმდროინდელი გარემოს გათვალისწინებით, ძალიან იმოქმედა. მაშინ დავფიქრდი, რომ საბოლოოდ, ყველას დასასრული ასეთია. მეორე შემთხვევაც ძალიან სევდიანი იყო. ბელგიაში ჩამოვედი და სახლი ვიქირავე. ამ სახლის კარი რომ შევაღე, შიგნით თითქოს, ყველაფერი ცოცხალი დამხვდა. გეგონებოდა, მასპინძელმა იმ დილით გაიხურა კარი. დავინტერესდი და მითხრეს, რომ ამ სახლში მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, პროფესორები, მაღალი შემოსავლით, მაგრამ შვილები არ ჰყავდათ და რადგან უკვე საკუთარი თავის მოვლა აღარ შეეძლოთ, მოხუცთა თავშესაფარში გადაწყვიტეს წასვლა. აქ ასეთი წესია, თავშესაფარში არაფრის წაღება არ შეიძლება და ამიტომაც დამხვდა მათი სახლი ასეთი ცოცხალი და სავსე. ჩემზე ძალიან იმოქმედა მათმა ისტორიამ. ვუყურებდი მათ ავეჯს, ჭურჭელს, ფოტოებს, ახალგაზრდობის კაბებსა და პიჯაკებს, რომლითაც კარადა იყო სავსე და ვფიქრობდი – რამდენი იშრომეს და მერე ერთ დღეს, უცებ გაიხურეს კარი. ვიდრე ამ სახლში ვცხოვრობდი, სულ ამ ორ ადამიანსა და სიბერეზე ვფიქრობდი. ძალიან მინდოდა მათი მონახულება, მაგრამ არავინ იცოდა, სად იყვნენ. სამწუხაროდ, მერე გავიგე, რომ ორივე გარდაიცვალა. მათ სახლს და ნივთებს ისე ვუვლიდი, ალბათ, შვილი რომ ჰყოლოდათ, ის ასე არ გაუფრთხილდებოდა. მაშინ დავფიქრდი უსასრულობაში გადასვლაზე და მთელი სიმძაფრით შევიგრძენი ეს ყველაფერი. ზოგადად, სიბერესა და წლებზე ფიქრი მას შემდეგ უფრო დამეწყო, რაც მეორე შვილი შემეძინა. მეორისგან განსხვავებით, პირველი რომ გამიჩნდა, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. ახლა მინდა, ყველაფრის გაკეთება მოვასწრო, რაც ჩაფიქრებული მაქვს. დროის დეფიციტს ვგრძნობ.

– ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობ, არის?

– ვამაყობ იმით, რომ წარმოვადგენ ჩემს ქვეყანას იქ, სადაც ჩემი ქვეყნის მომავალი წყდება. მაშინ, როდესაც რეკომენდაცია გამოაცხადეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმიცემასთან დაკავშირებით, პირველი კითხვა მე მომცეს და კი, ეს პასუხისმგებლობა ძალიან საამაყო იყო ჩემთვის. ვამაყობდი, რომ იქ ვიყავი, როგორც ჟურნალისტი და ჩემს ქვეყანას საჭირო ინფორმაციას ვაწვდიდი. მე პატივს ვცემ ამ ყველაფერს, ეს მარტივად არ მოსულა, ამ საქმეში დიდი შრომა მაქვს ჩადებული და დღესაც ბევრს ვდებ. თუმცა, ამასთან ერთად, ეს ერთ–ერთი ყველაზე რთული მომენტი იყო ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის პროფესიულ თუ ადამიანურ ჭრილში. როგორია, უნდა მეკითხა, რატომ არ მოგვეცით კანდიდატის სტატუსი?! აი, მაშინ ნამდვილად აღმოვჩნდი გულჩვილი. პრესკონფერენციაზე ტირილი ნამდვილად არ არის ჩემთვის დამახასიათებელი, მაგრამ იმ მომენტში მივხვდი, რომ ხმა ამიკანკალდა და თავს ძლივს ვიკავებდი. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა საქმეში ემოციები გამოვავლინე. მეორედ ამას ნამდვილად ვეღარ გადავიტან და სხვა რომ არაფერი, მარტო ამიტომ უნდა მოგვცენ სტატუსი წელს (იცინის).