“უკვე მშვენივრად ლაპარაკობს ქართულად, მთელ თუშეთს ხუთი თითივით იცნობს”

„მთელ თუშეთს ხუთი თითივით იცნობს. ეს მაშინ, როცა ჩვენი თანამემამულეების დიდი ნაწილი იქ ნამყოფიც კი არ არის“ – ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი საქართველოს ჩეხ მეგობარზე, სლავამირ ჰორაკზე სოციალურ ქსელში წერს:

„გაიცანით ჩეხი სლავამირ (სლავა) ჰორაკი.

თუშეთისა და საქართველოს ერთ-ერთი დიდი უცხოელი გულშემატკივარია.

უკვე მშვენივრად ლაპარაკობს ქართულად.

ჩვენს ქვეყანაში პირველად 1998 წელს ჩამოვიდა.

მერე 5 წლის შვილთან მარიშკასთან ერთად დაბრუნდა და თუშეთში წაიყვანა. იქ ბავშვმა შენიშნა, რომ ციხე-კოშკის გადასარჩენად ხეს ჭრიდნენ, ატეხა ტირილი და ამბავი და მისი ხათრით ხე აღარ მოჭრეს. დღემდე დგას და მარიშკას ხეს უწოდებენ.

დღეს უკვე 18 წლის არის  და ისევ თუშეთში დაბრუნდა.

რაც შეეხება სლავას, თუშეთის მოხალისე-მხარდამჭერი გახდა და თანამემამულეებიც ჩართო.

2015 წელს შეიმუშავა ლანდშაფტის მართვის გეგმა, ჩეხეთში მოიპოვა გრანტი და თუშეთის დაცული ტერიტორიების ხელშეწყობით ამ მხარის ტურისტული მონიშვნა დაიწყო და აბრები დადგა. საკუთარ ქვეყანაში მის ცნობილობას ზრდის და ჩეხების ტურისტულ ბანაკებს აწყობს. ასევე, სლავა მოხალისეებთან ერთად ტერიტორიებსაც ასუფთავებს. მონაწილეობდა ვერხოვანთან ახლოს ბეწვის ხიდის აღდგენაში.

სლავა მთელ თუშეთს ხუთი თითივით იცნობს. ეს მაშინ, როცა ჩვენი თანამემამულეების დიდი ნაწილი იქ ნამყოფიც კი არ არის.

უყვარს საქართველო. ცოტა ხნით თბილისშიც ცხოვრობდა. მზად არის, თუშეთში ახალი მოხალისეობრივი საქმეები წამოიწყოს.

დიდი მადლობა სლავა ჰორაკს ჩვენი ქვეყნის სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის“ – წერს ჩანადირი.