იღბალი თუ შრომისმოყვარეობა – რამ განსაზღვრა მოცეკვავე და ქორეოგრაფ ვერკა ჯაჯანიძის წარმატება, ამას ის თავად გვეტყვის.
ვერკა ჯაჯანიძე: ჩემთან შრომის გარეშე არაფერი მოსულა. შრომის ხარჯზე ნამდვილად იღბლიან ადამიანად ვგრძნობ თავს. მე 90-იან წლებში დავიბადე და გაჭირვების პერიოდში, რაიონში ვისწავლე ის, რამაც დიდი წარმატება მომიტანა. ამას შრომოსმოყვარეობისა და გამძლეობის გარეშე ვერ გააკეთებ. ფსიქოლოგიური სტრესი, გაჭირვება, ეს გავლენას ახდენს ადამიანზე. მაშინ ცეკვის სწავლისთვის 15 ლარი იყო გადასახადი და ხშირ შემთხვევაში, იმდენად შეუძლებელი იყო ამის გადახდა, რომ რაღაც პერიოდები ცეკვაზე ვერც დავდიოდი, მერიდებოდა მისვლა, იმიტომ, რომ 15 ლარს ვერ ვიხდიდით. 2007 წელს თბილისში ჩამოვედი, გავხდი სტუდენტი და თავს ჩემი პროფესიით ვირჩენდი. ვმუშაობდი და ვიხდიდი უნივერსიტეტის საფასურს, ქირის ფულს. თამამად ვიტყვი, რომ არასდროს არავინ დამდგომია გვერდით, გარდა ჩემი ოჯახისა. ისინი ყოველთვის ჩემი ქომაგები იყვნენ, თორემ ფინანსურად ნამდვილად ვერავინ იტყვის, რომ რამით დამეხმარა. დამოუკიდებლად შევქმენი ჩემი თავი და ადგილი დავიმკვიდრე დიდ ქალაქში. წარმატებული მოცეკვავე და ქორეოგრაფი გავხდი, რაც ჩემი ოცნება იყო. საუკეთესო სტუდიაში ვასწავლი და საქართველოში საუკეთესო მოსწავლეები მყავს. ყველა ტურნირზე ჩემი ბავშვები არიან პირველ ადგილებზე და ამით ძალიან ვამაყობ.
– მაგრამ ეს ყველაფერი დიდი შრომის ფასად.
– მაშინ შეგეძლო ასეთ წარმატებაზე და პოპულარობაზე გეოცნება?
– მამა ხელოვანი იყო, ცეკვავდა, ბიძაც – მოცეკვავე. მეც ძალიან მომწონდა მსახიობობა. ჩემი ნათესავები დღემდე იხსენებენ ხოლმე: პატარა რომ იყავი სულ ამბობდი – მე ისეთი მაგარი მოცეკვავე უნდა გამოვიდე, რომ ტელევიზორზე უნდა წაეწეროს ჩემი სახელი და გვარიო (იცინის). ამიხდა ეს ოცნებები, შევძელი მათი განხორციელება. ყველაზე კარგად სტუდენტობის პერიოდი მახსენდება. უამრავი პროექტი იყო. „ნიჭიერი“, შემდეგ „ცეკვავენ ვარსკვლავები“, უამრავი კონცერტები, ღონისძიებები, სპექტაკლები და ასე შემდეგ. ძალიან დიდი ოდენობის აქტივობა იყო. ამასთან ერთად, ყოველთვის ძალიან მიზიდავდა პედაგოგობა. პატარა რომ ვიყავი, ეზოში შევკრებდი ხოლმე მეზობლებს და გაკვეთილებს ვუტარებდი (იცინის). 2010 წელს თეა გობეჯიშვილმა ამიყვანა ქორეოგრაფად და მას შემდეგ წარმატებულად ვმუშაობ მასთან. ვამაყობ ჩემი თავით და ჩემი მოსწავლეებით. როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, ისე მიყვარს ჩემი პროფესია, მგონია, 13 წლის ვარ და ყველაფერს ახლა ვიწყებ, არადა 33 წლის გავხდი (იცინის). ხელი არასდროს ჩამიქნევია. საქართველოში ყველაფერში არასტაბილურობაა და ასეა ცეკვაშიც, მაგრამ ასაკის მიუხედავად, კიდევ მნიშვნელოვანი გეგმები მაქვს. ახლა ინგლისში ისეთი კარგი შემოთავაზებები მივიღე, თვითონაც რომ ვერ წარმოვიდგენდი. ძალიან მიწყობს ხელს ჩემი მეუღლე, ის მაძლევს სტიმულს, როგორც სპორტსმენი, პარკეტზე დავბრუნდე და რამდენიმე წელი ვიასპარეზო. თუმცა, ამჯერად ქართველთან კი არა, უცხოელ მეწყვილესთან ერთად.
– წარუმატებლობაზე რა გახსენდება?
– პატარა გულისწყვეტები. ნულიდან დავიწყე ცხოვრება და იყო ბევრი სირთულე, მაგრამ ჩემი ცხოვრება სულ საფეხურ-საფეხურეობრივად მიიწევს წინ. მოცეკვავეებს გვინდა ხოლმე მწვერვალზე ასვლა და იქიდან გადახედვა. ამ მწვერვალს ნაბიჯ-ნაბიჯ ვუახლოვდები და უკუსვლა არ მქონია. წარუმატებლობა არაფერში ყოფილა. რაღაც წვრილმანებზე მწყდება გული, მაგრამ ამას ვერ დავარქმევ წარუმატებლობას, პირიქით, მიმაჩნია, რომ საკმაოდ წარმატებული ვარ. ამის გამო ხანდახან ხეზე დაკაკუნება ვიცი ხოლმე, ვიტყვი, თვალი არ მეცეს-მეთქი (იცინის). ოჯახის შექმნა, შვილის გაჩენა, ცეკვის გაგრძელება, პარკეტზე დაბრუნება, ეს ბევრს ნიშნავს. მოცეკვავეებმა იციან თქმა, არ დაიწუწუნო, რაც კი შეიძლება, ბედნიერ ადამიანს, ქალს, მოცეკვავეს ჰქონდეს, გაქვს. ოჯახი, შვილი, საყვარელი საქმე, სამსახური, ცეკვა – ეს ფუფუნებაა მოცეკვავისთვისო. ადვილი არ არის, 24 საათი გარეთ ვარ და ვშრომობ. დღეს შვიდი გაკვეთილი მქონდა გადაბმულად და სახლში 12 საათისთვის ვბრუნდები. უამრავ ღამეს ვათენებ, მაგრამ ამით ბედნიერი ვარ. ჩემს ბავშვებს ისე შევაყვარე ეს პროფესია, უკვე ისინიც ჩემსავით შეპყრობილები არიან. მშობლები ათჯერ რომ დარეკავენ, მერე ვიშლებით დარბაზიდან (იცინის).
– რა არის მოტივაცია ამ გზაზე – ფინანსები თუ აღიარება?
– შეიძლება, ფინანსურად სხვა მოცეკვავე უფრო კარგად იყოს, ვიდრე მე, ჩემთვის მიზანი არის წარმატება. სულ ვამბობ, რომ ჩემს საქმეს არ ვუყურებ, როგორც ბიზნესს. ჩემი შრომის შედეგს ისევ ცოდნის მიღების პროცესში ვდებ და არ მენანება. ეს საკმაოდ ძვირად ღირებული სპორტია, ამიტომ მეტი შემოსავალი მეტ გასაქანს ნიშნავს. ცოდნის მიღების პროცესს აქ ვერასდროს დაასრულებ, ყველაფერს ვერ ისწავლი. განვითარება მუდმივი პროცესია. რომ ამბობენ, საბანი სადამდეც მოგვწვდება, იქამდე უნდა გადაიფაროო, ასე ვარ მეც. ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ნამდვილად არაფერი მენანება. მაქსიმალურად ვცდილობ, ჩემ მიერ გამომუშავებული ისევ და ისევ ჩემს ცოდნაში ჩავდო. რომ გითხრათ, საკმარისია-მეთქი, მოგატყუებთ. მეტის შესაძლებლობა რომ იყოს, უფრო დიდ ასპარეზზე გასვლას შევძლებდი, რადგან ამისთვის საჭირო ფიზიკური მონაცემები ნამდვილად მაქვს.
– რისთვის უფრო მეტს შრომობს ვერკა, ოჯახისთვის თუ პროფესიისთვის?
– ძალიან შემრცხვება ხმამაღლა თქმა, არ მიყვარს თავის ქება, მაგრამ მიყვარს ყველაზე ზედ გადაყოლა. სამსახურში იქნება – ბავშვი, მშობელი, უფროსი, ოჯახში – მეუღლე, შვილი, ყველასთვის ყველაფერი უნდა გავაკეთო და საკუთარ კომფორტს ყოველთვის ვივიწყებ. ეს ძალიან ცუდია, იმ მხრივ, რომ ვიღლები და განტვირთვა მჭირდება, რისი საშუალებაც ნაკლებად მაქვს. ჩემმა მეუღლემ იცის ხოლმე თქმა, ნაკლი არ გაქვსო. ყველას უკვირს, როგორ ვახერხებ. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ სახლში არაფერს ვაკეთებ, მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე შვილის გაზრდაში ძალიან დამეხმარა. ჩვენი შვილი უფრო მეტად მეუღლემ გაზარდა და ეს მე მაკლია, მაგრამ ყველაფერი ერთად ასი პროცენტით არ გამოვა. საერთო ჯამში, თავს მაინც ძალიან ძლიერ ადამიანად მივიჩნევ, ვახერხებ ყველაფრის მოგვარებას, მაგრამ ეს დიდი შრომის ფასად მიჯდება. თვალებს ვეღარ ვახელ ხოლმე და ისე ვიღლები, სიარული მიჭირს, მაგრამ ხმამაღლა ვიტყვი, რომ ორივეს ვართმევ თავს.
– გამოდის, რომ მეორე ნახევარშიც ძალიან გაგიმართლა, იღბლიანი აღმოჩნდი.
– „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პერიოდი იყო. ჩემი მეუღლე გოჩა ჩერტკოევის ახლობელი იყო და შემთხვევით აღმოჩნდა ამ გარემოში, სადაც ერთმანეთი გავიცანით. ჩემით დაინტერესდა, დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და ოჯახის შექმნით დასრულდა. თავიდან იყო შეგუების მომენტი, თვითონაც სპორტსმენი, ყოფილი ფეხბურთელია. თუმცა ამბობს ხოლმე, რომ მე არ ვიცოდი, შრომა რა იყო, სანამ მოცეკვავეებს არ გავიცნობდიო. საერთოდ, ჩვენთან ასეა. ფეხბურთელები ვარჯიშობენ საათი ან საათ-ნახევარი. ეს ჯგუფურ ვარჯიშებს ეხება, თორემ ვინმეს თუ პერსონალურად უნდა ვარჯიში, დროსაც თავად განსაზღვრავს. ჩვენ მოცეკვავეები დილით რომ შევდივართ დარბაზში, აღარასდროს გამოვდივართ და უკვირდა, ამდენი ხანი ვარჯიში ვის გაუგიაო (იცინის). მერე შეეგუა ამ გრაფიკს. გამიმართლა – ძალიან მსუბუქი ნათქვამია. ჩემს გარშემო ყველა ხედავს, როგორი მეუღლე მყავს. ყველა მოცეკვავეს იცნობს, მგონი, ჩემზე მეტად მეგობრობს მათთან და ძალიან მეხმარება. ამაში საოცრად დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს დედამთილსა და მამამთილს. ძალიან კარგი ოჯახი შემხვდა. ისინიც ამბობენ, რომ გაუმართლათ, ჩემნაირი რძალი რომ შეხვდათ და მეც ვფიქრობ, რომ მათში ძალიან გამიმართლა. შემოდგომაზე ქუთაისში მქონდა ტურნირი და დედამთილი და მამამთილი მოვიდნენ, ისე მქომაგობდნენ და ისეთი ბედნიერები იყვნენ, მგონი, ჩემს მეუღლეზე მეტად და არ ვიცი, როგორ არ უნდა გამოვხატო მადლიერება მათ მიმართ?! ჩემს წარმატებაში ძალიან დიდი როლი ჩემს ოჯახს უჭირავს.