რატომ არ შეუძლია ქორწინება და შვილის ყოლა გოგა მანიას და როგორ კვდება და იბადება ის დღეში ათჯერ

ვინც სოციალურ ქსელს აქტიურად ადევნებს თვალს, ალბათ, კარგად იცის, რომ წინასწარმეტყველისა და ეზოტერიკოსის, გოგა მანიას ნათქვამი მთელი სიზუსტით ხდება და თან, უმოკლეს დროში. ჩვენ გოგას დავუკავშირდით და როგორც პირად, ასევე უამრავ საინტერესო საკითხზე ვესაუბრეთ.

გოგა მანია: ყველაზე განსხვავებული ბავშვი ვიყავი. ზუგდიდში დავიბადე და მშობლის გარეშე გავიზარდე. მშობლების, განსაკუთრებით დედის, გარდაცვალება ბავშვისთვის სამყაროს დაკარგვას ნიშნავს და სწორედ, შვიდი წლის ასაკში დედის გარდაცვალებით დავკარგე სამყარო. ამის მერე კი სამყაროს მოძებნა და მერე ამ სამყაროში ჩემი თავის აღმოჩენა, ძალიან ძნელი იყო.

– გოგა, მითხარი უცნაური ბავშვი ვიყავიო და რაში გამოიხატებოდა შენი უცნაურობა?

– დედა რომ გარდამეცვალა, ძალიან დიდი ტრავმა მივიღე. ეს ფაქტი ემოციურად, ფიზიკურად თუ მენტალურად იმდენად მტკივნეული იყო ჩემთვის, რომ თმა გამიჭაღარავდა და დეპრესია დამეწყო. არ მინდოდა ხალხთან კონტაქტი, ჩავიკეტე. ამას მოჰყვა ხილვები. მამა კი მყავდა, მაგრამ მე მაინც დედის ბიჭი ვიყავი. მოკლედ, ბავშვი დიდივით ვსაუბრობდი, არ მესმოდა თანატოლების და მათ არ ვეკონტაქტებოდი. ისინი სხვანაირად აზროვნებდნენ, მე – სულ სხვანაირად და გამირბოდნენ. ძალიან გონებაგახსნილი ვიყავი, მაგალითად, მეორე კლასში „ვეფხისტყაოსნის“ ოცდათორმეტი სტროფი ვიცოდი. მოკლედ, სამყაროში დაკარგულს ბევრჯერ მომიწია საკუთარი თავის მოძებნა და მერე ცხოვრების თავიდან დაწყება.

– რამდენ ხანს გაგრძელდა დედის გარდაცვალების შემდეგ ჩაკეტვა და დეპრესია?

– სანამ საქართველოდან არ წავედი, 17 წლის ასაკამდე. საკუთარი თავის საპოვნელად თურქეთში მარტო გავემგზავრე. დაახლოებით, შვიდი წელი მომიწია იქ დარჩენა. ენა შევისწავლე, ვიპოვე ხალხი, ვინც დამეხმარებოდა და გვერდში დამიდგებოდა, რაღაც დროის განმავლობაში ვიყავი ფოტომოდელი, ჰიპ-ჰოპსაც ვცეკვავდი. არ მინდოდა, მიმეღო ის ძალები, რაც ახლა მაქვს. ამას გავურბოდი და ვებრძოდი მთელი ცხოვრება და მინდოდა საკუთარი თავი სხვა სფეროში აღმომეჩინა, ვცდილობდი, ბევრ რამეში მეცადა საკუთარი შესაძლებლობები.

– ხილვები როდის დაგეწყო და რას ხედავდი?

– თვლემის პროცესში მქონდა ხილვები და ესეც დედის გარდაცვალების შემდეგ დამეწყო. ეს ფენომენი ჩემთვის ამოუცნობი იყო, ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ეს მგრძნობელობა სულ მქონდა, თუმცა დედის გარდაცვალებამ კიდევ უფრო გაამძაფრა. დედას ხშირად ვუყვებოდი, ღამის საათებში რაღაც სილუეტებს ვხედავ, მოდიან, მელაპარაკებიან-მეთქი. დედაჩემმა ვერ მოასწრო მოეყვანა ჩემთან შემლოცველი და ამ ენერგიისთვის სწორი მიმართულება მიეცა. მამა კი, სამწუხაროდ, ზედაპირულად უყურებდა ამ ყველაფერს. ახლა ვიცი, რომ ეს იყო სამყაროდან, პლანეტებიდან გადმოსული ენერგია, რისი მიღებაც არ მინდოდა. ძნელი იყო, მაგრამ ბევრი ვიბრძლე ამ ცხოვრებაში და საბოლოოდ, ჩემი თავი ვიპოვე. მადლობა სამყაროს, რომ შევძელი მიმეღო ეს ძალები და ამით ბევრს დავხმარებოდი. უამრავი შეპყრობილი ადამიანი გამითავისუფლებია ნეგატიური ზემოქმედებისგან და გამომიჯანმრთელებია. ამ დროს მე, თითქოს, თავიდან ვიბადები. დღეს, მარტო ვცხოვრობ. ღამით, ხილვების დროს, ადგომა მიწევს. მე ამ დროს დღეში თითქოს ათჯერ ვკვდები და მერე თავიდან ვიბადები. ადრე საკუთარი თავი აღარ მინდოდა, რადგან ძნელი იყო, ღამით ხილვის დროს უამრავი ენერგიის, ანუ სილუეტის ხილვა. ეს სამყაროსგან გადმოცემული ნიჭია და ამას ვერსად გავექცევი. კიდევ ვამბობ, ამ ყველაფრის მიღება არ მინდოდა და უამრავი პროფესია ვისწავლე ამის გამო – ჰიპ-ჰოპის ცეკვა, ფოტომოდელობა, ტრენერობაც კი, მაგრამ… დღეს საკუთარი თავი კი არ ვიპოვე, ზუსტად ვიცი, რა მინდა, რა უნდა გავაკეთო, სამყაროს ვარ მინდობილი. ბევრ ადამიანს შევუცვალე ენერგეტიკულად ცხოვრება, უამრავი სამადლობელი წერილი მომდის. ადამიანები, რომლებიც სახლში იყვნენ ჩაკეტილი და დაბალი ვიბრაციული ენერგიების გამო გარეთ ვერ გამოდიოდნენ, დღეს ისინი ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდნენ.

– კი ამბობ, სამყაროსგან გადმოცემულიო, მაგრამ ხშირად ეს ყოველივე გენეტიკურად გადადის. წინაპარი თუ გყავდა მსგავსი უცნაური ნიჭით?

– სხვათა შორის, მსგავსი ნიჭი ბებიას ჰქონია, დედაჩემის დედას. მე არ ვიცნობდი, თუმცა, ვიცი, რომ, ამ ენერგიებისა და სამყაროსთან ვალდებულებების გამო, დედაჩემი აკვანში მიუტოვებია და სახლიდან წასულა. დედასაც დიდი ძალა ჰქონდა, მთელი დღეები ლოცვებში ატარებდა. სწორედ, დედამ მასწავლა მუხლმოდრეკილი ლოცვა, სანთლის გამოყვანა-გამოძერწვა. სხვათა შორის, თურქეთში გავიცანი ერთი ადამიანი, რომელიც ძალიან დამეხმარა ამ ცოდნის გაღრმავებასა და გააზრებაში. თვითონაც კი გაოცებული დარჩა, როცა დიდხნიანი მარხვა დავიცავი და ურთულესი გზა გავიარე. ეს იყო სამყაროს გამოცდა, ის მე ჩავაბარე და ჩემი ტანჯვაც დასრულდა. მარხვის დასრულების შემდეგ ხელებზე სიმხურვალის შეგრძნება მქონდა და ზუსტად მაშინ გამომეცხადა ანგელოზი. ყველა ადამიანს ინდივიდუალურად ვუდგები და მიხარია, რომ ვინც ჩემთან მოვიდა, ყველას უკეთესობისკენ შეეცვალა ცხოვრება. როცა ადამიანი მეუბნება, მეორედ დავიბადე შენი წყალობითო, მასთან ერთად მეც თავიდან ვიბადები. ბევრ ადამიანთნ მქონია ურთიერთობა, რომლებსაც დაბალვიბრაციული ჯადოს ზემოქმედება აქვთ, ამ ყველაფრის ფონზე კი – ფსიქიკური პრობლემები. ასეთ ადამიანებს, როგორც წესი, ფსიქიატრიულში ათავსებენ სამკურნალოდ. თუმცა, ჩემთან შეხვედრის შემდეგ, ზუსტად ათ დღეში, სრულიად გამოჯანმრთელებულები არიან. როცა ჯადოს ზემოქმედებით და მაგიური ჩარევების შედეგად ადამიანის გამოჯანმრთელების შანსი, პრაქტიკულად, ნულის ტოლია, ასეთებიც ბევრი მომიბრუნებია ამ სამყაროში.

– პირად საუბარში აღნიშნე, პირადი ცხოვრების მოწყობის უფლება არ მაქვსო. რა იგულისხმე?

– დიახ, მე პირადი ცხოვრების მოწყობის უფლება არ მაქვს, არც ცოლისა და არც შვილის ყოლის. ანუ, არ შემიძლია, მყავდეს საყვარელი ადამიანი, ვიქორწინო და მყავდეს შვილი. სამყარო რაღაცას იღებს, რაღაცის სანაცვლოდ. ოღონდ ნურაფერს მკითხავთ. ეს დაფარული თემაა და მეტს ვერ გეტყვით. ზოგადად, ეზოტერიკა ნიშნავს დაფარულს, დახურულს და მეც მარტო ვცხოვრობ.

– სოციალურ ქსელში აქტიურად დებ ხან საშიშ და ხან გამაფრთხილებელ წინასწარმეტყველებებს, რასაც მეც ვაკვირდები და ბევრი მათგანი უკვე მთელი სიზუსტით ახდა. საიდან მოდის ეს ინფორმაცია?

– ჩემთან წინასწარი ინფორმაცია თვლემის დროს მოდის. ხშირად, საჭეს ვმართავ და წარმოსახვა მოდის. მახსოვს, ვიწინასწარმეტყველე მელიქიშვილზე აფეთქებული მანქანა და ახდა, ასევე, აეროპორტთან ალმოდებული მანქანა და ზუსტად ასე მოხდა – ცეცხლი წაეკიდა და დაიწვა. იტალიაში მოსალოდნელ მიწისძვრაზეც მედო პოსტი სოციალურ ქსელში, რაც მალევე ახდა. მოკლედ, უახლოეს წარსულში, რა სტიქიური უბედურებებიც მოხდა მსოფლიოში, ამის შესახებ მქონდა ხილვები. სანამ კონკრეტულ ადამიანს გადახდება რამ ან ბუნების ესა თუ ის მოვლენა მოხდება და ეს წინასწარ ვიცი, ძალიან ცუდი შეგრძნებაა – მე ამ დროს ყველა ამ ტკივილს და განცდას გავდივარ, ძალიან მოქმედებს ჩემზე. მე დავიბადე და გავიზარდე ოჯახში, სადაც პირველ რიგში, მასწავლეს სიყვარული, მე ყველაფერს სუფთა გულით ვაკეთებ და ეს ყველაფერი სამყაროსგან მაქვს მონიჭებული. არაჩვეულებრივი მამაო მყავდა და მან ეს ყველაფერი მიიღო. სხვათა შორის, უამრავი მტერიც მყავს, ხშირად ხდება ჩემზე ნეგატიური ზემოქმედებები და მე ამას ვგრძნობ. მაგრამ, მათ ავიწყდებათ, რომ მე ენერგეტიკულად ძალიან დაცული ვარ და ვფლობ დიდ ენერგიებს. ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ და ყოველდღე თავიდან ვიბადები, როცა პაციენტი მეუბნება, კარგად ვარო.

– გოგა, იქნებ ჩვენს მკითხველს პატარ-პატარა, მარტივი ეზოტერიკული ხრიკები ასწავლო, მაგალითად, როგორ მოვიპოვოთ წარმატება კარიერაში, გაგვიმართლოს პირად ცხოვრებაში, დავიცვათ თავი ავი თვალისგან, ჯადოსგან და ასე შემდეგ.

– სიამოვნებით. პირველ რიგში, აუცილებლად ილოცეთ სწორად და გულწრფელად და ცოტა მეტად მიენდეთ სამყაროს. მაგალითად, ფინანსური კეთილდღეობისთვის ხშირად ვურჩევ ადამიანებს ციტრონის ქვის პატარა ნატეხის ტარებას საფულეში. სიყვარულში რომ გაგიმართლოთ, ატარეთ მარჯნის სამკაული და ასევე, კარგია ლალის ქვა. ქალბატონებისთვის ძალიან კარგია მარგალიტის ტარება; რადგან ის სათნოებასთან და სიწმინდესთან ასოცირდება, ერთ ერთი წმინდა ქვაა გულწრფელობას და სიმშვიდეს უკავშირდება. ხოლო ნემსები და ძაფები, რაც სათავეა მჩხიბავური ქმედებების, არავითარ შემთხვევაში არ შეინახოთ საძინებელში. ფეხსაცმელს კი, ნუ მოათავსებთ საწოლის ქვეშ. ეს არღვევს ოჯახურ იდილიას.