ვინ გადაუხადა ბესო ბარათაშვილს დაბადების დღე გერმანიაში და როგორ ვერ შეცვალა ის გადატანილმა ტრაგედიებმა

ცოტა ხნის წინ მსახიობი ბესო ბარათაშვილი 60 წლის გახდა და გადავწყვიტეთ, მასთან დაბადების დღეზე, ასაკის მატებასა და იმ ცვლილებებზე გვესაუბრა, რომელიც დროს მოაქვს.

ბესო ბარათაშვილი: მიყვარს ჩემი დაბადების დღე. როგორ არ უნდა გიყვარდეს დღე, როდესაც ამ ქვეყანას მოევლინე?! ამ დღეს იწვალა დედამ იმისთვის, რომ შენ ეს სამყარო გენახა და მისი ავი და კარგი შეგეცნო. ნამდვილად მნიშვნელოვანი დღეა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ზარ-ზეიმით აღვნიშნავ ხოლმე.

– არასდროს აღგინიშნავთ განსაკუთრებულად?

– განსაკუთრებულად ერთხელ აღვნიშნე, მაშინ, როცა 55 წლის გავხდი. ყველა ერთსა და იმავეს მეკითხებოდა – არ იხდიო? მეც ავდექი და გადავიხადე. ისე, მაინცდამაინც არ მიყვარს ამ დღის განსაკუთრებულად აღნიშვნა, მაგრამ ცოტას თუ გაიხალისებ თავს, კარგია. მაგალითად, წელს სახინკლეში შევხვდი ბიჭებთან ერთად. თუმცა, ამის გარეშეც ზეიმია, ათასი ადამიანი გილოცავს, სიყვარულს გიხსნიან და ეს ძალიან სასიამოვნოა. ზოგი საჩუქარსაც გჩუქნის, რაც ძალიან მიყვარს. მარტო დაბადების დღეზე არა, სხვა დროსაც მიყვარს (იცინის).

– რამდენი წლის გახდით?

– უკვე 60 წლის გახლავართ. წელს არ შემიჩდნენ ისე ძალიან, როგორც ხუთი წლის წინ და ამიტომ მხოლოდ სახინკლით შემოვიფარგლე (იცინის).

– ხალხის დაპატიჟებაზე რომ მიდგება საქმე, გიჭირთ?

– კი, იმიტომ, რომ არ გინდა, ვინმე გამოგრჩეს, თანხაშიც ვერ ეტევი და არის ერთი ამბავი. როგორც არ უნდა ეცადო, ვინმეს მაინც დასწყდება გული. შეიძლება, სრულიად შემთხვევით გამოგრჩეს ადამიანი და ეს ნამდვილად არ არის სასიამოვნო.

– ასაკის მატებას არ განიცდით?

– ასაკი ყოველდღე გემატება, მარტო დაბადების დღეზე ხომ არა?! არა, ამას ძალიან მშვიდად ვხვდები. სამყარო ასეა მოწყობილი, მარტო მე ხომ არ მემატება ასაკი? ადამიანი იბადება, იზრდება, ბერდება და მერე მიდის იმქვეყნად. მე ხომ არ გამოვეკერები ცას?! ვაიმე, როგორ ვბერდები-მეთქი, წუწუნი რომ დავიწყო და ამის გამო მწუხარებას მივეცე, ცოტა უცნაური იქნება. ასეთია ამ სამყაროს კანონზომიერება და რა აზრი აქვს უშედეგო განცდებს?! მარადიული ამქვეყნად არაფერია და ეს კარგად მესმის.

– განვლილი წლებიდან საუკეთესოდ რომელი დრო გახსენდებათ?

– ალბათ, ჩემი ბავშვობა. ასაკში რომ შევდივარ, უფრო და უფრო ხშირად მახსენდება ძველი ამბები. ერთი ოცი წლის წინ არც ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ ახლა ძალიან სასიამოვნოა ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლების გახსენება. სტუდენტობისას ისეთი მეგობრები შევიძინე, რომ ბავშვობის მეგობრებისგან ვერ გამოვარჩევ, ჩემი ძმები არიან. კარგი დრო იყო, მშვიდობა სუფევდა, არავის უჭირდა, ოჯახის კარი არ იკეტებოდა და ეს დიდი სიმდიდრეა. მდიდარი და ღარიბი ჩემს ბავშვობაშიც არსებობდა, მაგრამ მაშინ ადამიანს ცოტა რომ ჰქონოდა, მაინც ადამიანად გრძნობდა თავს. დღეს ასე არ არის, ახლა კაცი ძალიან დათრგუნულია უქონლობის გამო. მაშინ ეს სხვაობა იმდენად თვალსაჩინო არ იყო. მდიდრისა და ღარიბის შვილები ერთად ვთამაშობდით ეზოში, ერთნაირად გვეცვა და ერთ კლასში ვსწავლობდით. ბავშვობაში მხოლოდ სიკეთესა და ია-ვარდით მოფენილ სამყაროს ხედავ და რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი?!

– პოპულარული რომ გახდით, ის პერიოდი როგორ გახსენდებათ?

– პოპულარობა, რა თქმა უნდა, კარგია. ადამიანებს უყვარხარ, პატივს გცემენ, უნდათ, ხელი ჩამოგართვან და ასე შემდეგ, მაგრამ იმასაც გრძნობ, რომ მხოლოდ შენს თავს აღარ ეკუთვნი. ხშირ შემთხვევაში, შენ რომ გინდა, ისე ვეღარ იქცევი. მაგალითად, ავიღოთ ტაქსისტთან შევაჭრება – 5 ლარს რომ დამიფასებს და მინდა, ვუთხრა: 4-ად ხომ ვერ გამიყვან-მეთქი, მრცხვენია და ვერ ვეუბნები. შეიძლება, მერე ტელევიზორში დაგინახოს და ლარზე დამიწყო ვაჭრობაო, თქვას. მოკლედ, არის ოდნავი უხერხულობები, მაგრამ ესეც კი სასიამოვნოა.

– სხვა ქვეყანაში აღგინიშნავთ დაბადების დღე?

– კი, ერთხელ ჩემებმა გერმანიაში გადამიხადეს დაბადების დღე. გასტროლს დაემთხვა და იქ აღვნიშნეთ. მიუხედავად ჩვენი მწირი ჰონორარისა, სუფრაც ძალიან „ხოშიანი“ გვქონდა. ერთხელ, ჩემი დაბადების დღე სვანეთში გასტროლს დაემთხვა და მესტიაში შევხვდი. 20-ლიტრიანით ღვინო მქონდა წაღებული და ჯიბეში ცოტა ფულიც მედო, სასმელს კუბდარს მივაყოლებთ-მეთქი, ვფიქრობდი. მოკლედ, დავიბარე, 11 საათისთვის გააწყვეთ სუფრა, სპექტაკლს მოვრჩებით და მოვალთ-მეთქი. დათქმულ დროს მივედი და რას ვხედავ, სასწაული სუფრაა გაშლილი. ვუყურებ და ვხვდები, რომ ამდენი ფული არ მაქვს. ვაიმე, ახლა რა ვქნა, ვერ გავწვდები ასეთ სუფრას-მეთქი – ხომ უნდა მესესხა, თუ საკმარისი არ აღმომაჩნდებოდა და მორიდებულად ვიკითხე, რამდენია გადასახდელი-მეთქი. მიპასუხეს: ყველაფერი ჩვენმა გამგებელმა გადაიხადაო. ხელი მაინც ჩამოვართვა ამ კაცს, სად არის-მეთქი, მოვიკითხე, მაგრამ არ დარჩენილა, სტუმრები ჰყავდა და წავიდაო, მითხრეს.

– ალბათ, 60 წლის განმავლობაში დალხინებული ცხოვრებაც გამოიარეთ და გაჭირვებაც. როგორ შეიცვალეთ ამ ყველაფრის ფონზე?

– კი, გაჭირვებაც ბევრი იყო და ლხინიც, მაგრამ ამას არ შევუცვლივარ. ვერ ვიტყვი, რომ თუნდაც, უბედურმა დღეებმა შემცვალეს. მაშინ, როდესაც ოჯახში სიკვდილმა შემოაბიჯა, როდესაც ნათესავები თუ მეგობრები წამართვა, მეგონა, შევიცვლებოდი, განცდილი ტკივილის შემდეგ სულ სხვა ადამიანი ვიქნებოდი, მაგრამ თურმე, არ ხდება ასე. ადამიანში მხოლოდ წლებს შეუძლია, გადაფასებები მოახდინოს. მხოლოდ დროსთან ერთად მიღებულ გამოცდილებებს შეუძლია, შეგცვალოს. მე ასე ვფიქრობ. გამოცდილებას და წლებს სიღრმეები მოაქვს. ზედაპირულად ვეღარაფერს უყურებ, თუმცა, მაშინაც და დღესაც ჩემთვის ყველაზე მთავარი ჩემი ოჯახი და თეატრია.