“სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ჩემი დამახასიათებელი ნიშანი, პირველ რიგში, ხულიგნობა იყო”

იაგო ხვიჩიას „უცნობი მხარე“ 👇

– ვინ არის იაგო ხვიჩია?

იაგო ხვიჩია: გამოუსწორებელი ხულიგანი. სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ჩემი დამახასიათებელი ნიშანი, პირველ რიგში ხულიგნობა იყო, ანუ არსებული წესრიგი ბოლომდე არსად მომწონდა და ვარღვევდი.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– თავგადასავლებით აღსავსე.

– ბოლოს როდის გააკეთეთ რაღაც პირველად?

– ბოლოს რუსთავის ავტოდრომზე ავტორბოლაში მივიღე მონაწილეობა და როგორც მითხრეს, გავიმარჯვე კიდეც. ზოგადად, ძალიან აზარტული მოთამაშე ვარ და სადაც თამაშის კომპონენტია, იქ ყოველთვის ვებმები, მინდა თუ არა.

– რამდენად გულჩვილი ხართ და ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?

– ძალიან გულჩვილი ვარ და ხშირად ვტირი. ბევრ რამეზე მეტირება. შეიძლება კარგი ფილმი ან სერიალი ვნახო და ამაზეც ამეტიროს. არ მახსოვს ბოლოს რაზე ვიტირე, მაგრამ მესის მსოფლიო ჩემპიონობაზე რომ ვიტირე სიხარულისგან, ეს არ დამავიწყდება. მე მგონია, რომ ეს ძალიან ადამიანური მომენტია. იყო დრო, როცა ხშირად ვმალავდი ჩემს ემოციურობას, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ბოლომდე დამალვა არ გამომდის და დასამალიც არაფერია.

– თქვენს ყველაზე ცუდ საქციელად რა მიგაჩნიათ, რაზეც ფიქრობთ, რომ არ უნდა გაგეკეთებინათ?

– ბევრი რამ არის ასეთი. ადამიანები ბევრ შეცდომას ვუშვებთ და ეს შეცდომები ბევრსაც გვასწავლის. მათი დახმარებით შანსი გვაქვს უკეთესები გავხდეთ. დღევანდელი გადმოსახედიდან, ცხადია, ბევრ შეცდომას არ გავიმეორებდი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დაშვებულ შეცდომებს არ მოუხდენია გავლენა იმაზე, თუ ვინ და როგორი ვარ დღეს. კარგია თუ ცუდი, ამაში არ არის საქმე. უკეთესი იქნებოდა გარკვეული შეცდომების გარეშე გამევლო ცხოვრება და რაღაც გამოცდილებები მათი დაშვების გარეშე მიმეღო, მაგრამ ცხოვრება არ არის ასე მოწყობილი.

– ბოლოს როდის მოიტყუეთ და რა?

– ადამიანები თავისდა უნებურად ბევრჯერ იტყუებიან, ხშირად გულმავიწყობის გამოც. შეგნებულად ვცდილობ, რომ არ მოვიტყუო. ცუდი მეხსიერება მაქვს და ვიცი, რომ ცოტა ხანში მაინც „დავიწვები“. ასე რომ, აზრი არ აქვს. ღმერთმა არ მომცა ტყუილის თქმისთვის საჭირო აუცილებელი კარგი მეხსიერება.

– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?

– როცა ფეხბურთს ვეთამაშებოდი ვინმეს და აუცილებლად უნდა მომეგო. როგორც ვთქვი, აზარტული ვარ და თამაშები ძალიან მიყვარს. შესაბამისად, ყველა თამაშში, რომელსაც ვთამაშობ, ყველაფერს ვდებ მოსაგებად. ძალიან მიყვარს მოგება, შეიძლება ითქვას, ეს ყველაზე მეტად მაბედნიერებს.

– ბოლოს რა მოისმინეთ საკუთარ თავზე კარგი და ცუდიც…

– ბოლო პერიოდში, კომპლიმენტებს და საყვედურებს ძირითადად ჩემი გადაცემის „საქართველოს დაბადება“ გამო ვიღებ. დადებითი კომენტარიც ბევრია და უარყოფითიც. არიან ადამიანები, რომლებიც გულწრფელ აღფრთოვანებას გამოხატავენ იმის გამო, რომ ახალი ინფორმაცია მიიღეს ჩემი გადაცემიდან და ასევე, სხვები – გულწრფელად არიან გაბრაზებულები, როდესაც მათი აზრით, რესპონდენტი იტყუება და მე მას ამის უფლებას ვაძლევ, ანუ არ ვარ მბრალდებელი და ვარ უბრალოდ ინტერვიუერი.

ასევე, მე ძალიან თავისუფლად ვმოძრაობ ქუჩაში და ხშირად მიწევს მოვისმინო ადამიანების პოზიცია, როგორც პოლიტიკოსმა. სიმართლე გითხრათ, ძირითადად ეს დადებითია, მაგრამ კრიტიკულ პოზიციასაც მოვისმენ, როდესაც ადამიანს უნდა შენი გულშემატკივარი იყოს, მაგრამ რაღაც უშლის ხელს. ვცდილობ, რომ გამოვსწორდე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, იმიტომ რომ ადვილად გამოსასწორებელი არ ვარ, ბავშვობიდან ძნელად აღსაზრდელი ვიყავი.

– რომ გაიგოთ, მეგობარს საყვარელი ადამიანი ღალატობს. ეტყვით თუ არა სიმართლეს?

– ჩემი საქმე არ არის, ვის ვისთან აქვს სექსი და ვინ ვის ღალატობს. მე ხომ წინასწარ არასდროს მეცოდინება, ეს შეთანხმებულია თუ არა. პირადი ცხოვრება არც ჩემი მინდა სხვამ არჩიოს და არც მე ვარჩევ სხვისას.

– ვინც ყველაზე კარგად გიცნობთ, რის გამო გაქებენ და გაკრიტიკებენ?

– ალბათ, ჩემი ხასიათის გამო. ამის გამო ვიღებ კომპლიმენტებსაც და საყვედურებსაც. ვცდილობ, არ მოვიტყუო და როდესაც ადამიანები რამეს მეკითხებიან, სიმართლეს ვპასუხობ. სიმართლე ან გაბრაზებას იწვევს ან მადლიერებას. პოლიტიკაში შეუძლებელია ყველამ გაქოს ან გაგინოს. ამიტომ კომპლიმენტსაც და შეურაცხყოფასაც იმ საქმიანობიდან გამომდინარე ვიღებ, რასაც ახლა ვაკეთებ, რადგან ეს საჯარო საქმიანობაა. ამდენი კომპლიმენტი ან შეურაცხყოფა სხვა პროფესიაში შეუძლებელი იყო მომეთმინა. უბრალოდ, ამ პროფესიაში რაღაც თვალსაზრისით ამას ეჩვევი, იღებ ჩვეულებრივ ამბად და ცხოვრებას აგრძელებ.

–ეს როდის ან როგორ ხდება?

– როდესაც პოლიტიკაში მოვედი, თითქოს იმუნიტეტი მქონდა. რაც უნდოდათ ის ელაპარაკათ, მეგონა, რეაქცია არ მექნებოდა, მაგრამ საწყისი პერიოდი, ასე არ აღმოჩნდა. თუ ვიღაც მაგინებდა, მეც ვპასუხობდი, თავიდან აგრესიული რეაქცია მქონდა, ვეჩხუბებოდი ხალხს, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამას აზრი არ აქვს. თუ მინდა, ადამიანები ჩემს აზრზე გადმოვიყვანო, აგრესიას აგრესიით არ უნდა ვუპასუხო. არის ხოლმე გამონაკლისები, როცა თავს ვერ ვიკავებ, მაგრამ ვცდილობ, ასეთი შემთხვევა რაც შეიძლება ნაკლები იყოს.

– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?

– არ ვიცი რამდენად ყველაზე დიდი შიში იყო, მაგრამ ბავშვობაში განსაკუთრებული ინტერესის გამო, „შტეფსელში“ მავთული შევყავი და დენმა დამარტყა. ძალიან შემეშინდა და მივხვდი, რომ ეს მეტჯერ არ უნდა მექნა. საერთოდ, ძალიან ხიფათიანი ვიყავი. დედამ იცოდა, რომ აუცილებლად რაღაც ხიფათს გადავეყრებოდი და სულ ეშინოდა ჩემ გამო. ბავშვობაში ხელი მაქვს მოტეხილი, მუხლის მყესები მაქვს გაწყვეტილი, ბევრი ნაკერი მადევს და მოკლედ, სულ შარში ვეხვეოდი.

– ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ, არის?

– უნარი წინ აღვუდგე უმრავლესობას, როცა მართალი ვარ.