“ბებიას სჯეროდა, რომ ფერცვალობას ყველაფერი უვარგისი, გლახა და უფერული უკან რჩება…“

მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ფერიცვალებასთან დაკავშირებით მოგონებას აქვეყნებს.

„ფერცვალობას ყოველთვის ბახმაროზე ვიყავით.
წინა საღამოს ბაბუა ამოგვაკითხავდა, მორჩილი, ხის, თავდაჭედილი ყუთით სასელა და თავრეჯულა მსხალს, გულა პამიდორს, ხორკლიან, ფორჩხის კიტრებს, კორკიმელს და ოტურს ამოგვიტანდა.
19 ში დილიდან აივსებოდა, აჟრიამულდებოდა ბახმარო, დოღი ბახვისწყლის ჭალაში ნაშუადღევს გაიმართებოდა. ვაკიჯვრის და უჩხუბის მხარეს ფერდებზე აჭარლები შეეფინებოდენ. ზორტიყელელი და ჩანდრეკილელი დოსტები რომლებიც მთელი ბახმაროობა კაიმაღით, რძით, ტყის მოცვით, კარაქით გვამარაგებდენ თავიანთ ფერადად მორთულ ცოლებს ჩამოიყვანდენ იაილებიდან და ამ დღეს გაგვაცნობდენ.

მაშინ აჭარელ ხნიერ ქალებს ჯერ კიდევ ფერადი სიხმები, ჩათაქები ეცვათ. ფერადი დამზიებული, ჯიმფრულაი მძივებით ასხმული მარმაშები ებურათ. შინდისფერი, ქარვის და ოქროს თითისიმსხო ძეწკვები ეკეთათ. მუხლებამდე, ფერადი ღაზლის კაკუჩებიან წინდებზე მოხდენილად ამოსხმული ქალამნები ეცვათ. მადლი იყო მათი ცქერა და მოსმენა..
ბუქსიეთის და ვაკიჯვრის ფერდს დოღის დაწყებამდე მიადგებოდა მზე, მაშინ განსაკუთრებით აბჟღვიალდებოდენ და აფერადდებოდენ აჭარლები.

დოღში რატომღაც ყოველთვის ღორჯომელი მხედარი გაიმარჯვებდა და ოიიი ხარობდენ მარა რას ხარობდენ აჭარლები. ხელში აყვანილი მიყავდენ შინ გახვითქული მხედარი. გული კი დაწყდებოდათ დამარცხებულ გურულებს მარა დიდად ამით თავს არ დაიმწუხრებდენ.
დოღის მერე ძეწკვივით აეწყობოდა ქვეშაგების ბარდნებიანი და ფოტებიანი მანქანები, გულმოდგინედ ჩავრაზავდით ჩვენი ყავრით დახურული, ბარჯგებზე შემდგარი პატარა ხის სახლების დარაბებს, კარებებს და შინ, ბარში ვბრუნდებოდით.
მთის წყალი სარეცხს აქათქათებდა, ქალები ღელის პირზე დადგამდენ დიდ ქვაბებს სამფეხებზე, სარეცხს დახარშავდენ და ღარის წყალზე გაავლებდენ, შქერის ბუჩქებზე მიფენდენ და გააშრობდენ, გაურეცხავ სარეცხს ბარში არ წავიღებდით.

როგორც დიდი საუნჯე და სიმდიდრე ისე მიგვქონდა აჭარელ დოსტებთან ნაყიდი კვარის ტროსტები, საგორიალა, სახაჭუნა, ჩოგან-ლაფერა, აჭრელებული აკვნები, ვითომქარვის მძივები და კაკილები, შალის ჭრელი წინდები, უსუპ ბაბუას ყავრისგან გათლილი თხელი, დიდი მრგვალი სახაჭაპურე დაფები, მთის თაფლი და დაშაქრული მოცვის სამლიტრიანი ქილები, თბილისელი ნათესავებისთვის საგანგებოდ ნაყიდი ინგირის ფესვების გამშრალი კონები საწამლოდ.გახარებული დაგვხვდებოდა ბებია, ნენაა რაფერ გაზდილხარ, შემოგეროს შენი ბებიე..დიდ ჩახანაში მოხარშულს დაგვახვდრებდა ჭყინტ სიმინდს, სიმინდს თავზე სამკუთხედად დაჭრილ ხაპერას ყვითელ ნაჭრებს ჩაამხობდა და თავზე ხაპის დიდვან ფურცლებს დაფარებდა.ნათესავებიც მოვიდოდნენ ლოყებაწითლებული, მთიდან დაბრუნებული ბაღნების სანახავად და საღამოს ერად ვივახშმებდით.ბაბუა არ ვიცი საიდან გააჩენდა ღვინისფრად შეთვალულ ადესის და ჭეიშვილის ყურძნის მტევნებს, გადმოტრიალებულ ქუდში ჩაწყობილს შემოიტანდა და დაგვირიგებდა. -გვახილე ბაბუა, დედმამიანი ხარ!!ეს დედამამიანობა რაღაც თანამდებობასვით იყო, შევიფერებდით და კუმპალ კუმპალ დავარიგებდით, პასუხად – ას წლიწადს ნენა წრომანდელი ნახელავი..ბებიას სჯეროდა, რომ ფერცვალობა დღეს ყველაფერი უვარგისი, გლახა და უფერული უკან რჩება, ყორიფელი საჩვენოდ, სასიკეთოდ იცლის ფერს და დღემანდელი დღიდან სიკეთით, სიხარულით და ბარაქით გევიმსებით.ბაბუა გადაგვხედავდა და გაილოცებოდა: “იხარეთ შვილებო, ხვავრიელი ტეხა-კრეფა მოგვცეს, სიკეთეში მოგვახმაროს წრომანდელი მოსავალი. შეგვარგოს და ლხინში მოგვახმაროს მოტეხილიც, მოკრეფილიც. სიკეთით შემობრუნებულიყოს ყველა უშნო და უფერული, გვახილეთ დედმამამიანი ხარ.. გვახილეთ..ასწელიწადს და კიდომ მეტს თქვენი ნახელავი, იხარეთ შვილებო.დაგვბანდენ, ოდაში ზუკუტურით აგვიყვანდენ, გახამებულ, გამზეურებულ ლოგინებში ჩაგვწვენდენ და სჯეროდათ რომ ბახმაროს ჰაიერ ნასუნთქ, მთის წყალ ნასვამ, მთის კარაქ და თაფლ ნაჭამ ბაღანს აფერი ავადობა აღარ შეგვეყრებს და გრძელ ზამთარს გაკაჟებული შევხვდებით, დაგვკოცნიდენ და დაგვაძინებდენ.ჩვენთვის ფერიცვალობით მთავრდებოდა ფერადი გრძელი ზაფხული. ფერისცვალებას გილოცავთ ქართველებო!!!“ – წერს შევარდნაძე.