დიზაინერ ნანა მელქაძის ცხოვრებაში წლების წინ დიდი ტრაგედია მოხდა, მას ვაჟი გარდაეცვალა.
ამ მძიმე თემაზე ის ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრა:
„28 წლის ვიყავი, როდესაც ეს ტრაგედია თავს დამატყდა. მაშინ უკვე მშობლებიც აღარ მყავდა, დედ-მამა იქამდე გარდამეცვალა. მე და ჩემი ძმა პატარები ვიყავით, როცა მშობლები დავკარგეთ. 28 წლის ასაკში კი 10 წლის შვილი დავკარგე. ერთი წელი მუნჯი ვიყავი, საერთოდ არ ვსაუბრობდი. მერე, ფაქტობრივად, თავიდან დავიწყე ცხოვრება…
მე ძალიან კარგი წინათგრძნობა მაქვს. რომ დაიბადა, იქიდანვე ვგრძნობდი, რომ ჩემი შვილი ჩემთან დიდხანს არ იქნებოდა და ამის გამო სულ შიშები მქონდა, ფეხებში ვუყურებდი და მაქსიმალურად ვცდილობდი, დამეცვა, მაგრამ ყველაფერი ღვთის ნებაა…
ამ მდგომარეობიდან გამოსავალი როგორ იპოვეთ?
ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს. ეს რომ მოხდა, მაშინვე გამიელვა აზრმა: მორჩა, ყველაფერი დასრულდა. ჩემთვის ეს დასასრული იყო. ვფიქრობდი, რომ მე, ნანა მელქაძე, ცხოვრებას ვერ გავაგრძელებდი. ოდესმე თუ გავიცინებდი, ამას როგორ წარმოვიდგენდი? არაფერი მაინტერესებდა. დავმუნჯდი. ,მდუმარებაში ვიყავი. არც სახლიდან გავდიოდი. ჩემთვის მხოლოდ ტაძარი არსებობდა. მან გადამარჩინა. თითქმის ერთი წელი ასე გავატარე. ერთი წლის შემდეგ ბავშვის ყველა ფოტო ავიღე. ადამიანი მაინც ეგოისტი არსებაა, აღარ მინდოდა, ცუდად ვყოფილიყავი… თავიდან დავიწყე სიარული, საუბარი და ასე შემდეგ.
დღეს ძალიან კარგი შვილები მყავს, მადლობა ღმერთს. უფროსი 20 წლისაა, პატარა 13-ის. შვილები რომ გავაჩინე, ჩემს თავს ვუთხარი, რომ ისინი ჩემს ტრაგედიასთან არაფერ შუაში იყვნენ. მათ ეს სიმძიმე არ უნდა ეგრძნოთ…“