ვინ შეავიწროვა სექსუალურად ნანა მამუკაშვილი და როგორ გახდა ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ერთადერთი ქალი მძღოლი მთელს ამიერკავკასიაში

ნანა მამუკაშვილი ბუნებით ექსტრემალია. ის პირველი ქალი ბაიკერია საქართველოში და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთადერთი ქალი მძღოლი მთელს ამიერკავკასიაში. მისი ცხოვრება, დაუჯერებელ, მძაფრსიუჟეტიან დრამას ჰგავს.

ნანა მამუკაშვილი: წარმოშობით მესხეთიდან ვარ. აბასთუმანში დავიბადე და გავიზარდე. ბუნებით ექსტრემალი ვარ. ცხრა წლიდან დამოუკიდებლად ვმართავდი მოტოს და ცხენითაც ვჯირითობდი. მამა მოტომოყვარული იყო და დედაც ექსტრემალი გახლდათ. სხვათა შორის, მამას მეგობრებს ყველას ბიჭები ჰყავდათ, მამასაც ძალიან უნდოდა ბიჭი, არადა, ჯერ ჩემი და გაჩნდა, შემდეგ მე და ბიჭივით მზრდიდა. ოთხი წლის ასაკში, ხშირად მაძლევდა თუმნიანს, რომ მეცემა ბიჭები და თქვენ წარმოიდგინეთ, მათ ვჩაგრავდი (იცინის). როცა ამიკრძალეს მდინარეზე მარტო ტრუსით ბანაობა, ამიხსნეს რომ გოგო ვარ და გოგო და ბიჭი განსხვავდება ერთმანეთისგან. ბიჭს ცოლი მოჰყავს, მე კი უნდა გავთხოვდე და შვილი გავაჩინო. ამან სტრესში ჩამაგდო. მეგონა, ცოლი უნდა მომეყვანა (იცინის). გააზრებული არ მქონდა, რა განსხვავება იყო ბიჭსა და გოგოს შორის. სკოლაში ყოველთვის გოგოებს ვიცავდი და დღემდე მაქვს ჯენტლმენური თვისებები. ვერასდროს ვიტანდი უსამართლობას და ამის გამო სულ პრობლემები მექმნებოდა. ვფიქრობ, გოგო რომ არ დავბადებულიყავი, კარგი ბიჭი ვიქნებოდი. სხვათა შორის, არასოდეს მკეთებია ბაფთა, ჩემით ვიჭრიდი თმას და ვიპარსავდი. მეგონა, ასე ნელ-ნელა ბიჭი გავხდებოდი (იცინის). თუმცა, სულ წინა მერხზე ვიჯექი და თუ დაფასთნ გასულ თანაკლასელს კარნახი სჭირდებოდა, ყოველთვის ვეხმარებოდი. დაახლოებით, ექვსი წლის ვიყავი, ბებიამ მითხრა: გოგო კი ხარ, მაგრამ ბიჭივით იქცევი და თუ ცისარტყელას გადაახტები, ბიჭი გახდებიო. ერთ დღესაც, როცა ძალიან გაწვიმდა და დავინახე ცისარტყელა, ჩავაწყვე საგზალი, მოგეხსენებათ, აბასთუმანში როგორი ტყეა და გავეკიდე ცისარტყელას, რომ მასზე გადავმხტარიყავი და ბიჭი გავმხდარიყავი.

– და რა მოხდა?

– ტყეში დავიკარგე. ვფიქრობდი, სად დამეძინა, რომ ცხოველს არ შევეჭამე, ავედი ხეზე, ტოტზე ფეხსაცმლის თასმებით მივიბი თავი, რომ მძინარე არ ჩამოვვარდნილიყავი და დავიძინე. გამთენიისას თოფის ხმამ გამაღვიძა – ჩემები მეძებდნენ. მოკლედ, ასე მიპოვეს.

– რომ წამოიზარდე, თაყვანისმცემელი ბიჭები არ გყავდა? თუ ესეც გეხამუშებოდა და გეუცნაურებოდა?

– იმდენად ჩამოუყალიბებელი გოგო ვიყავი, არც კი მყოლია თაყვანისმცემელი. თუმცა, რომ გავიზარდე და ბაიკით დავიწყე მოძრაობა, უამრავი მამაკაცისგან ვგრძნობდი ყურადღებას, შემავიწროვეს და მათ მოსაშორებლად კარგი ხრიკი მოვიფიქრე: ვეუბნებოდი, კაცები არ მაინტერესებს, ლესბოსელი ვარ, ქალები მიყვარს-მეთქი. არადა, არასოდეს მყოლია ქალი პარტნიორი და არასოდეს მქონია ამის სურვილი (იცინის).

– ნანა, საკმაოდ ადრეულ ასაკში გათხოვდი და როგორც ვიცი, მომავალ ქმარს საერთოდ არ იცნობდი.

– მე და ჩემი და ახლობლის ქორწილიდან ერთად მოგვიტაცეს ძმაკაცებმა. დიახ, ჩემს მომავალ მეუღლეს არ ვიცნობდი. მოკლედ, ასე მოხდა: დიდი ბრძოლის შემდეგ მშობლებმა გაგვიშვეს თბილისში, ჩემი დის მეგობრის ქორწილში. მამა მარტო არსად გვიშვებდა. მოვეწონეთ დები ორ ახალგაზრდას და შაბათს ქორწილიდან მოიტაცეს ჩემი და და მეორე დღეს მითხრეს, დასთან უნდა წაგიყვანოთ, შენს ნახვას ითხოვსო და მეც, ასე მოტყუებით მომიტაცეს. მოკლედ, მომიტაცა უსიმპათიურესმა ბიჭმა, რომელსაც ქორწილში მყოფი ყველა გოგო ეპრანჭებოდა. სხვები რომ მას უყურებდნენ, მე საჭმელებს ვათვალიერებდი, რა მეჭამა გემრიელი (იცინის). ერთი სიტყვით, რომ მომიტაცა და მითხრა, მინდა, ჩემი ცოლი გახდეო, თავიდან შოკში ჩავვარდი, მერე ავხედე-ჩავხედე და მომეწონა, ვიფიქრე, რა კარგი ტიპია-მეთქი. ასე დავრჩი მასთან და შევქმენით ოჯახი. ჩემს ქმარს ეგონა, სოფლელი გოგო მოჰყავდა ცოლად, რომელიც სამზარეულოში საჭმელებს გააკეთებდა და ხელში ჩვეულებრივი ექსტრემალი შერჩა (იცინის). უზომოდ შემიყვარდა და 34 წელია, ერთად ვართ. ერთი ქალიშვილი მყავს, რომელიც საბერძნეთშია გათხოვილი და ჩემი მეუღლეც წლებია, საბერძნეთშია.

– მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ ასაკში შექმენი ოჯახი, გახდი დედა და მეოჯახე ცოლი, მაინც შეძელი და სწავლა განაგრძე. ეს როგორ მოახერხე?

– დედაჩემის მოთხოვნა იყო, იმ შემთხვევაში დამტოვებდა, თუ სწავლაში ხელს შემიწყობდნენ და მასწავლიდნენ. ჩემი მეუღლე შეჰპირდა და როცა ჩემი გოგონა სკოლაში წავიდა, მე იმ წელს ჩავაბარე უნივერსიტეტში, იურიდიულზე.

– უნივერსიტეტი რომ დაამთავრე, შენი პროფესიით თუ იმუშავე?

– სტაჟიორი ვიყავი პროკურატურაში, მოსამართლეობა მინდოდა და გამოცდებიც ჩავაბარე, თუმცა, საბერძნეთში ქმართან წასვლა მომიწია. სამომავლო გეგმებს ხაზი გადავუსვი და შვილთან ერთად, საყვარელ ქმართან უცხოეთში წავედი. მუშაობაც დავიწყე იქ, თუმცა, რთული იყო, იმის კეთება, რაც არასოდეს მიკეთებია. იმდენი ჭურჭელი მემტვრეოდა, სახლის პატრონთან იქით მიმქონდა ფული. მოკლედ, რომ გავიდა დრო, დავდექით ფეხზე და გარკვეული კაპიტალი დავაგროვეთ, ოჯახმა მიზნები დავსახეთ. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი მეუღლე მშენებლობაზე მუშაობდა, ჩამოვარდა და ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. მთელი თანხა მის მკურნალობაში წავიდა, რადგან დაზღვევა არ გვქონდა. იქ ჯოჯოხეთი გავიარე, უამრავი ტრაგედია გადავიტანეთ ცოლ-ქმარმა უცხო ქვეყანაში. ბავშვი რომ გაიზარდა და უმაღლესში ჩაბარება უწევდა, საქართველოში დაბრუნება მომიწია. აქ ჩამოსული უარეს ჯოჯოხეთში აღმოვჩნდი – დედამთილ-მამამთილი ლოგინად ჩავარდნილი დამხვდა. ფინანსების გარეშე ვიყავი. მაშინ მოსამართლის სერტიფიკატს შვიდი წელი ჰქონდა ვადა, მაგრამ ჩამოვედი და ეს ვადა უკვე გასული იყო.

– სწორედ ამ დროს, შენს ცხოვრებაში, ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, რასაც წლებია, მალავდი და დღესაც ემოციის გარეშე ვერ იხსენებ. ვგულისხმობ სექსუალური შევიწროების ფაქტს, რომელიც პოლიტიკოსის მხრიდან მოხდა. შეგიძლია, ამ თემაზე გვესაუბრო?

– მართალია, ამ ამბავს ემოციის გარეშე ვერ ვიხსენებ და ძალიან მიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ წლები გავიდა. ფინანსური გაჭირვების გამო დავთანხმდი საქმიან შემოთავაზებას.

იმ პერიოდში მეუღლე გვერდით არ მედგა, უცხოეთში იმყოფებოდა და ძალიან მძიმედ იყო, ვერ მუშაობდა და ფულს ვერ აგზავნიდა, თავად დასახმარებელი იყო, ჩემს შვილს აკადემიური ჰქონდა აღებული, სახლში წვიმა ჩამოდიოდა, მამამთილ-დედამთილისთვის წამლების ყიდვა მიჭირდა, ჩემი შეკეთებული ფეხსაცმლით დავდიოდი. მინდოდა, მემუშავა, ფული გამომემუშავებინა, ოჯახს რამით დავხმარებოდი და ჩემი თავისთვის მეშველა. თუმცა, მამაკაცების წრეში მოხვედრილი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი აღმოვჩნდი. კერძოდ, 2012 წელს შემომთავაზეს საარჩევნო კამპანიაში მიმეღო მონაწილეობა. ჩემი ყოფილი პრაქტიკის ხელმძღვანელი შემხვდა, რომ მომიკითხა და გაიგო ჩემი გაჭირვების ამბავი, სამსახურიც არ მქონდა, მითხრა: არჩევნები მოდის, ნიჭიერი გოგო ხარ, ვიცი შენი შესაძლებლობები, საზოგადოებასთან ურთიერთობაც გიყვარს, რამდენიმე ადამიანთან ერთად მესხეთში, ადიგენის რაიონში გაგიშვებ. დაემხარები, ანაზღურებას მიიღებ და სამომავლოდ იქნებ სამსახურიც იშოვოო. ჩემი რაიონი იყო, ჩავები საარჩევნო პროგრამაში და თავი არ დამიზოგავს. ნათესავებსა და ოჯახის წევრებს არ მოეწონათ, როცა სახლიდან გავედი. ფაქტია, ჩემი აქტიურობა და საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება ერთ-ერთ ადამიანს, რომელსაც ვახლდი და ვეხმარებოდი, არ აინტერესებდა. ვამჩნევდი ჩემ მიმართ დაინტერესებას და ჩემგან რომ იგივე ვერ მიიღო, არც ფული გადამიხადა და სექსუალური შევიწროებით ფსიქოლოგიური ტრავმაც მომაყენა. შეიძლება, საზოგადოებამ თქვას, რატომ არ წამოხვედიო. მე მჭირდებოდა სამსახური და რაღაცებს ამის გამო ვითმენდი. ამ პიროვნებამ ძალიან რომ შემავიწროვა, შევჩივლე მეორე ადამიანს, ვინც დეპუტატობისთვის იბრძოდა. მან კი მითხრა: ცუდს რას გთავაზობს ან ცუდს რას გპირდებაო. მოკლედ, სამსახურის სანაცვლოდ საკუთარი თავი უნდა შემეთავაზებინა. რაზეც, რასაკვირველია, არ დავთანხმდებოდი და არც დავთანხმდი. ძალადობას ფსიქოლოგიური სტრესი დაემატა. საბოლოო ჯამში, არც ფული გადამიხადა და მანქანაც დამიმტვრია. დღეს ეს კაცი თანამდებობაზეა. გული მწყდება, რომ მაშინ ჩემმა სანათესაომ ზურგი მაქცია. უთქვიათ, ნანა თავს გვჭრისო. გული მტკივა, რომ ასე იფიქრეს. სანათესაოს მხრიდან გამტყუნებისა და აგრესიის რომ შემეშინდა, გავჩუმდი. შეურაცხყოფილი, უფულოდ და დამტვრეული მანქანით დავბრუნდი და თვითმკვლელობაზეც კი ვფიქრობდი. თუმცა, მადლობა ღმერთს, ვიპოვე ძალა ჩემს თავში. დეიდამ, სიკვდილის წინ დამიბარა და მითხრა: შვილო, მართლა იყავი იმ კაცის საყვარელიო? ეს სიტყვები, დღემდე გულში ლახვრად მესობა. ამის მერე სადაც მივედი სამსახურის დასაწყებად, ყველგან ბარიერი მხვდებოდა და ვხვდებოდი, იმ ადამიანის ზეგავლენა იყო. ერთ დღესაც გავიღვიძე და ვთქვი: მე აუცილებლად დავუმტკიცებ ყველას, რომ ძლიერი ვარ და შემიძლია, ვიყო სამაგალითო-მეთქი. გავიდა წლები და მართლაც დავდექი ფეხზე. დღეს სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი ვარ, უამრავ ადამიანს ვეხმარები და სიცოცხლის სადარაჯოზე ვდგავარ. ბევრჯერ, როცა წამებზე იყო დამოკიდებული ადამიანის გადარჩენა, საკუთრი თავიც კი გადამიდია. ის კაცი კი დღესაც თანამდებობაზეა და ალბათ, ხედავს ჩემს წარმატებულ ცხოვრებას, ისმენს იმ მადლიერი ადამიანების სიტყვებს, რომელსაც ჩემ მიმართ ხშირად გამოთქვამენ. გაკიცხვა ადვილია, მაგრამ შეუძლებელია გადმოგცეთ, როგორ მტკიოდა, მრცხვენოდა და რას განვიცდიდი. მან ბედნიერად გააგრძელა ცხოვრება, დღემდე კარგ ადგილას მუშაობს, მე კი კინაღამ ოჯახი დამინგრია, ლამის სუიციდამდე მიმიყვანა, ფსიქოლოგიურად გამანადგურა და მშვიდად როგორ სძინავს, არ ვიცი. იურისტი ქალი მძღოლად მაქცია, მაგრამ მაინც ვერ წამაქცია, ვერ ჩამიკლა ბედნიერებისა და მომავლის მოტივაცია. მაინც დავდექი ფეხზე და დღეს ძლიერი ქალი მქვია. თუმცა მოვა დრო და ის ამ ყველაფრისთვის პასუხს აგებს.