“ვერ წარმოვიდგენდი, თუ გავთხოვდებოდი”

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ სამშობიაროში დედამ ახალშობილი დატოვა. ამის გაგებამ ყველაზე ძალიან იმოქმედა და მომხდარს ბევრი გამოეხმაურა. მათ შორის იყო თამო ვაშალომიძეც, რომელმაც საკუთარი მძიმე ისტორია გაიხსენა იმის საჩვენებლად, რომ გამოსავალი ყოველთვის გამოჩნდება.

თამო ვაშალომიძე: მარტო ვიყავი, როდესაც პირველი ორსულობის შესახებ გავიგე. ჩემ გარშემო ბევრი აზრი იყო, მაგრამ საბოლოოდ, გადაწყვეტილება მხოლოდ მე უნდა მიმეღო. არცერთი წუთით არ მიფიქრია, რომ მუცელი მომეშალა ან ბავშვზე უარი მეთქვა. ეს არის საჩუქარი და როგორც კი იგებ, რომ შვილს ელოდები, ანუ, დედა ხდები, შენი ვალდებულებაა, მასზე იზრუნო. კი, ძალიან რთული იყო ყველაფერთან მარტო გამკლავება. თან მოხუცი ბებო მყავდა, რომელსაც ჩემი მოვლა სჭირდებოდა, დედასაც მე ვუვლიდი. ფინანსური შესაძლებლობებიც ბევრ რამეს წყვეტს და ამ მხრივაც რთულად მქონდა საქმე. მართლა არ ვიცი, როგორ გავატარე ცხრა თვე. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, მნიშვნელობა არ ჰქონდა, კარგად ვიქნებოდი თუ ცუდად, ჩემი შვილი ჩემთან ერთად უნდა ყოფილიყო. ეს ასე იქნებოდა.

მე დღემდე ბავშვობის ტრავმებს ვებრძვი. აქედან გამომდინარე, დედაშვილობას სხვანაირად აღვიქვამ. ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივ ოჯახში, სითბოსა და სიყვარულში გაიზარდა, შეიძლება, ამას ასე მტკივნეულად არ აღიქვამდეს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ასე არ ყოფილა. ამიტომ დღეს მე დედის ამპლუაში ჩემს შვილებთან ყველა ქცევასა და სიტყვას ვაკონტროლებ. მათი თანდასწრებით არ ვკამათობ და ბევრ რამეს ვაკვირდები, იმისთვის, რომ შვილებს ფსიქოლოგიური ტრავმა არ მივაყენო. მინდა, მშვიდ გარემოში გაიზარდონ და ჯანმრთელი ფსიქიკა ჩამოუყალიბდეთ. ძალიან ხშირად ვუსმენ ბავშვთა ფსიქოლოგებს და ვცდილობ, მათი რჩევები გავითვალისწინო. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცი, რომ ბავშვი ძალიან ბევრ რამეს აღიქვამს მტკივნეულად და ამიტომ ვფრთხილობ. ადამიანის ცხოვრება დიდად არის დამოკიდებული ბავშვობის ტრავმებზე. მე იმედი მქონდა, რომ გავიზრდებოდი და ყველაფერი დამავიწყდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა, ამ ასაკშიც კი იჩენს თავს. გვინდა თუ არა, ეს ასეა. ამიტომ ბავშვებთან დიდი სიფრთხილეა საჭირო. ცხოვრება ძალიან რთულია. ურთიერთობები, ცოლქმრობა, სამსახური იქნება თუ სხვა რამ, ყველგან შეიძლება სირთულეს გადააწყდე, მდგომარეობიდან გამოხვიდე, იყვირო, იჩხუბო, ემოციები ვერ გააკონტროლო. ფული გაქვს თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ორივე შემთხვევაში აწყდები ამ პრობლემებს, მაგრამ როდესაც ასეთ საჩუქარს იღებ და დედა ხდები, ამ პასუხისმგებლობებს თვალი უნდა გაუსწორო და ემოციებიც მოთოკო, თავიც შეიკავო და ისე მოიქცე, რომ საკუთარი შვილები არ დააზიანო. როდესაც გავიგე, რომ სოფია მეყოლებოდა, ყველაფერი ნულიდან დავიწყე. რთული მდგომარეობის მიუხედავად, ეს მივიღე როგორც უდიდესი საჩუქარი და სასიამოვნო ვალდებულება.

– ასეთ დროს ხშირია საზოგადოების მიმართ შიში, ანუ ფიქრი იმაზე, თუ ვინ რას იტყვის და როცა ცნობილი ხარ, ალბათ, ეს განცდა უფრო აქტუალურია.

– როდესაც გავიგე, რომ ორსულად ვიყავი და შვილი მარტო უნდა გამეზარდა, მაშინ ბებო ცოცხალი მყავდა. ის ასაკიანი, ძველ ტრადიციებზე გაზრდილი ქალი იყო და ყოველთვის იმაზე ოცნებობდა, რომ კარგ ბედში ჩავვარდნილიყავი. მე მხოლოდ მის გამო მეშინოდა. არ მინდოდა, მას გაეგო, რომ მარტო დავრჩი. ასევე, მეშინოდა საზოგადოების გარკვეული ნაწილის. ვნერვიულობდი, ცუდი სახელით არ მოეხსენიებინათ ჩემი შვილი. ამიტომ ავდექი და სპექტაკლი დავდგი – თითქოს, საქმრო მყავდა. იძულებული ვიყავი, ასე მოვქცეულიყავი. სხვა შემთხვევაში, ბებოს მიუტანდნენ ამბავს. ვინმე მაინც გამოჩნდებოდა და ეტყოდა, უიმე, როგორი ცოდოა თამო, ბავშვს მარტო ზრდისო. არ მინდოდა, ეს სალაპარაკო გამხდარიყო. მეც მარტო გამზარდა დედამ და თითქოს ყველაფერი განმეორდა, რის გამოც, შეიძლებოდა, კიდევ უფრო მეტი ელაპარაკათ.

– სამშობიაროშიც ძალიან მძიმე წუთები გამოგივლია.

– ცნობილი ადამიანების შიდა სამზარეულო ყოველთვის ისეთი არ არის, როგორიც წარმოგვიდგენია. ხალხი ისეთად აღგიქვამს, როგორადაც თავს აჩვენებ, მაგრამ მეორეა რეალობა. საზოგადოებამ ნამდვილად არ იცოდა, რომ მე იმ მომენტში N რაოდენობის ვალები მქონდა. მთელი ცხრა თვე ამ მდგომარეობაში გავატარე. ახლა შესაძლებელია, რომ სოციალურ ქსელებში სხვადასხვა პროდუქტის დარეკლამებაც კი შემოსავლის წყაროდ აქციო, მაგრამ იმ დროს, 2018 წელს, ეს ასე არ იყო. ძალიან იშვიათად იხდიდნენ ამ საქმეში ფულს. არადა, ცხრა თვე ხომ გინდა თავის რჩენა?! მარტო ჩემს თავს კი არა, ბებიას, მის მომვლელს და ასე შემდეგ – ყველაფერს უნდა გავწვდომოდი, რაც ძალიან რთული იყო. რთული იყო ექოსკოპიაზე ვიზიტებიც, იქ ხომ ძირითადად, წყვილები დადიან. მე ჩემი მეგობარი მომყვებოდა და სულ არ მაგრძნობინებდა მარტოობას, მაგრამ მაინც ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი. ასეთ მომენტში თვითგვემა და დეპრესია გეწყება. ვფიქრობდი: რა დავაშავე, ღმერთო, ცუდი არავისთვის გამიკეთებია და რატომ ვარ ამ მდგომარეობაში?! ეს ფიქრები მიტრიალებდა თავში, მაგრამ ვცდილობდი, დეპრესიას არ ჩავყოლოდი. რომ ვიმშობიარე, ჩემმა მეგობრებმა იმდენიც ვერ მოიფიქრეს, რომ შამპანური გაეხსნათ. მერე ვეჩხუბე კიდეც ამის გამო, რაღაც ელემენტარული მაინც გაგეკეთებინათ-მეთქი. კი, ყველაფერი რთულია, მაგრამ, როცა ბავშვს ხედავ, როგორღაც ძლიერდები. მის გამო ყველაფერს გააკეთებ. გინდა თუ არა, არ გაქვს უფლება, იტირო ან დაეცე. არც დეპრესიის დრო არ გაქვს. პატარას, სრულიად უანგაროდ, მხოლოდ შენთან ერთად ყოფნა და შენი ჩახუტება უნდა და მას იმედები არ უნდა გაუცრუო.

ძალიან ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. ერთი წუთითაც კი არ მინანია. ამ თემაზე ვიდეო რომ ჩავწერე, არ ვიცი, ეს ვის რაში დაეხმარა – ასეთ დროს, ალბათ, ყველა საკუთარ თავშია ჩაკეტილი და გამოსავალს ვერ ხედავს, მაგრამ მე მაინც ვცადე, ჩემი გამოცდილების გაზიარებით მეჩვენებინა, რომ ყველაფერი გამოვა, მთავარია, შვილზე უარი არ თქვა.

– სიხარულთან ერთად, დიდი დარდითაც გამოხვედი სამშობიაროდან. როგორ შეძელი ფეხზე წამოდგომა?

– ისე მოხდა, რომ უცებ ვიმშობიარე. ასეთი წესია, სანამ მშობიარობის თანხას არ გადაიხდი, პალატაში არ გადაჰყავხართ. მე კიდევ მშობიარობისთვის შეგროვებული თანხა მანამდე დამეხარჯა. მერე ჩემმა მეგობარმა მისესხა და მოიტანა, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, წარმოიდგინეთ, როგორ მდგომარეობაში ვიქნებოდი. ეს რომ ხმამაღლა გავაჟღერე, კომენტარებში მიწერდნენ, მშობიარობის ფული როგორ არ გქონდაო?! შეიძლება, ამაზე ლაპარაკი ადვილია, მაგრამ ბევრი რამ არ არის ისე, როგორც გვინდა და წარმოგვიდგენია. თუმცა, სოფია რომ დავინახე, ჩემი პუტკუნა გოგო, სულიერად წამოვდექი ფეხზე და პირველი აზრი, რაც თავში მომივიდა ის იყო, რომ მისთვის არაფერი არ უნდა მომეკლო. სიყვარულსა და სითბოში უნდა გამეზარდა და ამას ყოველთვის ვცდილობდი. მერე ჩემი ქმარიც გავიცანი და დღემდე ასე ვარ, ახლა უკვე ორივე შვილთან – სოფიასა და მაქსიმესთან.

– ამ გამოცდილებამ, ტკივილის ხარჯზე, ალბათ, ძალიან გაგზარდა და გაგაძლიერა.

– მე 15 წლიდან მარტო ვიყავი და ვიბრძოდი. სიმართლე რომ ვთქვა, ბრძოლა ჩემთვის უკვე ბუნებრივი პროცესია. ეს ხასიათში მაქვს, სულ რაღაცისთვის ვიბრძვი, პირადში თუ არა, ჩემს კარიერაში. მშვიდად ვერ ვცხოვრობ. სულ რაღაცას ვაკეთებ და ვამტკიცებ. ხანდახან კარგად რომ ვარ, მეშინია. ვიცი, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს. არ მინდა, რომ ასეთი შეგრძნებები მქონდეს, მაგრამ, ალბათ, ესეც განვლილი ცხოვრების დამსახურებაა. ზოგჯერ თავს ძალიან კარგად რომ ვგრძნობ, ყველაფერი მშვიდადაა და გარშემო სრული ჰარმონიაა, ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება, მხოლოდ რამდენიმე დღე გაგრძელდეს და მერე რაღაც მოხდება.

– ძალიან შეიცვალე. ალბათ, სოციალურ ქსელში თვითონაც ხშირად გხვდება ვიდეოკოლაჟი – წლების წინანდელ ვიდეოში ამბობ, რომ წარმოდგენა არ გაქვს, როგორ მოამზადო კერძები და ახლა ღამის სამ და ექვს საათზე ამზადებ ხოლმე მეუღლისთვის და შვილებისთვის.

– ვერც ახლა მოვიწონებ თავს ამით (იცინის). ჩემი ქმარი ისეთია, რომ დღემდე არ ვიცი, რა უყვარს. ერთი ის ვიცი, რომ შემწვარი კარტოფილი მოსწონს. საჭმელების მომზადება მაინც ჩემი მინუსია. სახლს დავალაგებ, შემიძლია, 24 საათი ვიყო ამით დაკავებული, ოღონდ საჭმელი არ გამაკეთებინო, მაგრამ მაინც ვცდილობ ხოლმე, გავახარო. თან მე უძილობა მჭირს, დილის 5-ამდე ვერ ვიძინებ. ამას ისიც ემატება, რომ ახლა დიეტაზე ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ ღამე არ ვჭამ და ყურადღების გადასატანად ვამზადებ. მაგალითად, ერთ ღამეს იმდენი რამ გავაკეთე, რომ მოვკვდი, მეორე დღეს ფეხზე ვეღარ ვდგებოდი (იცინის). მართალია, კარგი კერძები არ გამომდის, მაგრამ ხომ ვცდილობ (იცინის). ბავშვებსაც ძალიან უხარიათ, როცა ხედავენ, რომ დედა რამეს უმზადებთ. მათი ემოციების გამო უფრო ვცდილობ, თორემ, ვერ მოვიტყუები, რომ ძალიან მეხალისება-მეთქი (იცინის).

– წლების წინ, ალბათ, თვითონაც ვერ წარმოიდგენდი, რომ ასეთი მეოჯახე იქნებოდი.

– საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, რომ გავთხოვდებოდი. პირველად გავთხოვდი და აკას რომ მივყვებოდი, არ ვიცოდი, რა იქნებოდა. ყველაფერი თავისით მოხდა და ნელ-ნელა მეც ვსწავლობ. მე და აკა ხასიათით ვუგებთ ერთმანეთს და ჯერჯერობით კარგად მივდივართ. ვცდილობ, ოჯახში სტაბილური, მშვიდი და სასიამოვნო გარემო გვქონდეს. თუ ადამიანი გიყვარს, მასთან ერთად ყველაფერს გააკეთებ და ამას წინასწარ დაგეგმვა არ სჭირდება, ყველაფერი ავტომატურად ხდება. უსიყვარულოდ ნამდვილად არ გავთხოვდებოდი. მე ჩემი ქმარი მიყვარს და როცა სიყვარულია, მერე ყველაფერი ბუნებრივად ლაგდება.