მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში თავისი შეუმდგარი სასიყვარულო იტორიების შესახებ ყვება:
„პირველი შეყვარებული რომ დამშორდა, ვიქნებოდი ასე მეორე კლასში. მას მერე ეგრე მოეწყო, რომ სულ მშორდებიან. მე თვითონ რომ დავშორდე, ეგ როგორ უნდა – არ ვიცი. მართლა. არცოდნა კიდევ არცოდვაა.
მოკლედ დამშორდა. მე ჯინსები არ მქონდა და ვისაც ჰქონდა, ის შეუყვარდა. ჯინსი არაა პატარა არგუმენტი შეყვარებულის შესაცვლელად მეოცე საუკუნის მიწურულის გარიჟრაჟზე.
სახლში რომ დავბრუნდი, სუფრასთან ბაბუაჩემი შაქრო და მეზობელი თენგულია დამხვდნენ. სუფრაზე – მწნილი, ყველი, შემწვარი ხორცი – მგონი ღორის და ადესა. ყდაგაცვეთილი კლასიკა მოკლედ.
-რეიზა ჩამოგიშვია ცხვიპირი? – მკითხა ბაბუამ – ორიანი მიიღე?
-ვარესი – ვუთხარი და ცრემლი დიდი ძალისხმევით ჩავხერგე სადღაც.
-ერთიანი? – მკითხა თენგულიამ.
-თეონა დამშორდა! – აღმომხდა მე, არადა – ,,ერთიანი არ არსებობს” – თქმას ვაპირებდი.
-რეიზა? – მკითხა ორივემ.
-არ ვიცი! – ვუპასუხე უფრო ბაბუაჩემს.
-მაი აფერი! – თქვა შაქრომ – ეგერ, იმ კაცს ხომ ხედავ? – თითი ჰემინგუეის პორტრეტისკენ გაიშვირა, რომელიც, რატომღაც ოდითგან ეკიდა ჩვენს კედელზე. ეგ და იალტის კონფერენცია.
-ჰემინგუეის შეყვარებული რომ გაშორდა – განაგრძნო ბაბუამ – ომში წევიდა და კაცს რომ კლავდა – წარმეიდგინდა, რომ მისი შეყვარებულის ახალ შეყვარებულს კლავდა და ასე გუუარა წყენამ.
-მალადეც ჰემინგუეი! – თქვა თენგულიამ.
ჰემინგუეიმ თენგულიას შეხედა და მადლობის თქმა დააპირა, მაგრამ მარცხნიდან სტალინის სასტიკი მზერა იგრძნო და ისევ სურათადად დარჩენა გადაწყვიტა.
-სადაა ომი? – ვიკითხე მე, უკვე მზადყოფნმა წასასვლელად.
-ომი ყველგანაა! – მიპასუხა ბაბუაჩემმა.
-მაი, რაფერ? – დაინტერესდა თენგულია და მგონი ჩერჩილიც.
-იმფერ – თქვა ბაბუამ და ადესა ჩამოასხა – ომი არის ყველგან! ომს იპოვი – მთავარია წახვიდე!
მე გარეთ გავედი და თვალებით ომს ვეძებდი. ყველგანააო და არსად ჩანდა. არსად ჩანდა ან მე არ ვიცოდი ჯერ მისი შემჩნევა“ – წერს კეკელიძე.