ანუნა მდივნიშვილი და დუდა სანაძე რამდენიმე თვის წინ ვაჟის – გიორგის – მშობლები გახდნენ. ანუნა მოგვიყვება, როგორი აღმოჩნდა დედობა, როგორი მამაა დუდა და როგორ უმკლავდება წყვილი ერთად ყველანაირ სირთულეს ერთად.
ანუნა მდივნიშვილი: როგორც ამბობენ, სანამ შვილი არ გეყოლება, ვერ მიხვდები, რას ნიშნავს დედობა. როცა დედა ხდები, მერე ფიქრობ, რას ვაკეთებდი აქამდე, როგორ ვცხოვრობდი შვილის გარეშეო. მართლა ასე ყოფილა. დედობა საოცარი განცდაა, რომლის სიტყვებით გადმოცემაც მართლა ძალიან მიჭირს. რაც შეეხება პატარას, გასაზრდელად იდეალური ბავშვია. არც მტირალაა და არც ღამეებს მათენებინებს.
– რამდენიმე დღის წინ მონათლეთ, როგორ ჩაიარა ამ დღემ?
– როგორი ნათლობაც გვინდოდა, ისეთი გამოვიდა. დიდი სურვილი გვქონდა, ამ დღეს ყველა ახლობელი და მეგობარი ჩვენ გვერდით ყოფილიყო. დროც ამის მიხედვით შევარჩიეთ. ამიტომაც მოგვიწია ხუთ თვემდე ლოდინი. გული მხოლოდ იმაზე დაგვწყდა, რომ ერთ-ერთი ნათლია – თორნიკე შენგელია, ფორსმაჟორულ სიტუაციაში აღმოჩნდა და ჩამოსვლა ვერ მოახერხა. თუმცა, რა თქმა უნდა, ნათლიად მოვიხსენიეთ. სხვა ყველაფერი იდეალური იყო. 150 ადამიანამდე შევიკრიბეთ და სასიამოვნო დრო გავატარეთ. მართლა საოცარი დღე გამოვიდა.
– განსაკუთრებული დღეები ერთმანეთს მიეწყო – ახლახან დუდას დაბადების დღე იყო…
– კი, დუდას დაბადების დღე იყო, მაგრამ თვითონ დუდა იტალიაშია, ნაკრებთან ერთად. რაც მე დუდას ვიცნობ, ორჯერ იყო ამ დღეს თავისუფალი და ორივეჯერ ფანტასტიკური დაბადების დღე გადაიხადა, თუმცა, ძირითადად, სულ ნაკრებში უწევს ამ დღის აღნიშვნა და იქაც ძალიან კარგია ხოლმე, ბიჭები გადასარევ დროს ატარებენ. ამჯერადაც ასე იყო, თუმცა, მეც აღვნიშნე სახლში, ტორტიც გვქონდა და სანთლებიც ჩავუქრე დისტანციურად (იცინის).
– რაც პატარა გაჩნდა, ძირითადად, სად ატარებთ დროს?
– ბავშვი საქართველოში დაიბადა. დუდა ამ დროს აქ არ იყო. ორი დღის შემდეგ ჩამოვიდა. შემდეგ ისევ მოუწია წასვლა. ამასობაში ზაფხულიც მოვიდა. ამ ზაფხულს აქ გავატარებთ და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, დუდა რომ დაბრუნდება, უნგრეთში წავალთ. სექტემბერში ბავშვი უკვე 7 თვის იქნება, რაც მგზავრობისთვის ნორმალური დროა და მიხარია, რომ ასე კარგად ემთხვევა.
– პატარა რომ დაიბადა, დუდას მეორე დღეს საოცარი მატჩი ჰქონდა. ალბათ, ეს ყველაფერი ძალიან ემოციური იყო.
– ნამდვილად. ალბათ, თამაშში გამოხატა ბავშვის დაბადებით გამოწვეული სიხარული. ახლაც მეუბნება ხოლმე, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ სულ სხვანაირი შემართებით არის. ეს ძალიან კარგია და უზომოდ მიხარია, მით უმეტეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან.
– როცა პატარა დაიბადა, მარტო იყავი. უბედნიერესი მომენტია, მაგრამ რთულიც იქნებოდა.
– დუდა 16-ში უნდა ჩამოსულიყო და ბავშვის დაბადებას 17-ში ველოდით. ჩვენ ყველაფერი მშვენივრად გვქონდა დალაგებული, მაგრამ ვინ გეკითხება? 15-ში გაჩნდა, დაასწრო ჩვენს გეგმებს (იცინის). რა თქმა უნდა, მინდოდა, დუდა ჩემ გვერდით ყოფილიყო. იმიტომ კი არა, რომ მე არ ვყოფილიყავი მარტო, მინდოდა, თვითონაც ენახა და ეგრძნო ეს ყველაფერი. თუმცა, მერე შეხვედრაც განსაკუთრებულად ემოციური ყოფილა. ძალიან ემოციურად და ლამაზად მახსენდება მომენტი, როცა მე და ბავშვი დუდას ველოდით. ეს ყველაზე სასიამოვნო შეხვედრა იყო. ის კადრები თვალებიდან არ ამომდის.
– მისი პროფესიიდან გამომდინარე, განშორებები ხშირი იქნება. რამდენად ძლიერი და დამოუკიდებელი გოგო ხარ, როგორ უმკლავდები ასეთ მომენტებს?
– ახალნამშობიარები რომ ხარ, რა თქმა უნდა, გინდა, საყვარელი ადამიანი გვერდით გყავდეს. თან, ამ დროს უფრო სენსიტიურიც ხარ. თუმცა, ეს შეგრძნებები ყველასთან ინდივიდუალურია. ზოგი განსაკუთრებით ემოციურია მსგავსი საკითხების მიმართ. მე, ზოგადად, ძალიან მარტივი ტიპაჟი ვარ. არ მიყვარს რაღაცების პრობლემებად ქცევა. ეს ფაქტიც ადეკვატურად მივიღე. კი, ასეთ დროს შემიძლია, საკუთარ თავზე ავიღო ყველაფერი, რაც საჭიროა. დამოუკიდებელი ვარ და ალბათ, ძლიერიც. მეც მქონდა ემოციური მომენტები, მოწყენილიც ვიყავი, ასეთ დროს შეიძლება, გეტირებოდეს კიდეც, მაგრამ ზოგადად, საერთოდ არ ვიცი, რას ნიშნავს დეპრესია. ემოციურ მომენტებშიც არ ვიკეტები, პირიქით, ძალიან კონტაქტური და აქტიური ვარ. მიყვარს გარეთ გასვლა, ხალხმრავლობა და ურთიერთობები. ეს თვისებები ძალიან დამეხმარა. რაც ყველაზე მთავარია, ბავშვი იმდენად გაბედნიერებს, რომ ყველა დანაკლისს გივსებს. ისიც მსმენია, ამ დროს შეიძლება, არც ბავშვი გინდოდეს და არც სხვა არაფერიო, მაგრამ ალბათ, ესეც ადამიანზეა დამოკიდებული. მე არ მქონია მსგავსი განცდები. პირიქით, ბავშვს რომ ვუყურებდი და მასზე ვზრუნავდი, უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი და რაც დრო გადის, განცდა უფრო და უფრო იზრდება.
– დუდა როგორ უმკლავდება განშორებებს?
– დუდა ძალიან ძლიერი და კარგი ნებისყოფის მქონე ადამიანია. ამ თვისების გარეშე სპორტში წარმატების მიღწევა ძალიან რთულია. რაც მე მის გვერდით ვარ, ვხედავ, რამდენს უძლებს, რა სირთულეების გამკლავება უწევს და მისი ნებისყოფა და მენტალური ძალა ჩემთვის სამაგალითოა. სულ ვეუბნები, შენს ადგილას ბევრს ძალიან გაუჭირდებოდა-მეთქი. ჩემსა და დუდას ურთიერთობაში ეს თვისებები დიდ როლს თამაშობს, ძალიან გვეხმარება. ვიტყოდი, რომ ორივეს იდეალური ხასიათი გვაქვს. არცერთს არ გვიყვარს პრობლემების შექმნა. რამე არასასიამოვნო თუ ხდება, მაშინვე ვცდილობთ მის მოგვარებას. გულში რამის ჩადება არ შემიძლია. დუდა თუ ბრაზდება, ჩემსავით 5 წუთში არ გადასდის, მაგრამ რაღაც ელემენტარულს ისიც არ აქცევს პრობლემად. თუმცა, რაც არ უნდა იყოს, ვფიქრობ, რომ ეს განშორების პერიოდი, მისთვის უფრო რთული იყო. მისგან განსხვავებით, მე ბავშვთან ყოფნის ბედნიერება მქონდა. დუდა ვარჯიშიდან რომ ბრუნდება, სულ ტელეფონზეა ჩამოკიდებული, ცდილობს, ასე მაინც შეივსოს ამ განშორებით გამოწვეული დანაკლისი. ეს მარტივი მართლა არ არის, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მოახერხა სიმშვიდის შენარჩუნება.
– როცა ერთად ხართ, როგორი მამაა?
– დუდა ძალიან თბილი და ყურადღებიანია, ბავშვთან – გაასმაგებულად. როცა აქ არის, მართლა ყველანაირად მეხმარება. ზოგს ძალიან უჭირს ჩვილი ბავშვის ხელში აყვანა და მან პირველივე დღეს მშვენივრად დაიჭირა. სადმე რომ გავსულვარ, რამდენიმე საათით მისთვის დამიტოვებია ბავშვი და ყველაფერს გამკლავებია. ყველანაირად კომფორტული ადამიანია. თავის მხრივ, ბავშვიც ხელს უწყობს, მაგალითად, ღამე არ აღვიძებს. სპორტსმენისთვის რეჟიმით ცხოვრება მნიშვნელოვანია და კარგად გამოძინებასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვი ღამე რომ გაიღვიძებს, ცოტას წაიწუწუნებს, შეჭამს და ისევ მშვიდად იძინებს. ასე რომ, არც მე და არც დუდას, ამ მხრივ, საწუწუნო არ გვაქვს.
– ვიზუალურად ვის ჰგავს?
– ჩემი აზრით, ორივეს ვიზუალის მიქსია. ერთი შეხედვით, დუდას ჰგავს. რომ შეხედავენ ხოლმე, ამბობენ, რომ დუდაა, მაგრამ ჩემი თვალები აქვს, ანუ, რაღაც ნაკვთები ჩემი აქვს. დუდას სულ ვეუბნებოდი, ძალიან მინდა, ჩვენი შვილი შენ გგავდეს, მინდა, პატარა დუდა გვყავდეს-მეთქი და მიხარია, რომ ასეც გამოვიდა (იცინის).
– როგორ მოახერხე ფორმის დაბრუნება პატარას დაბადების შემდეგ?
– წონის პრობლემას არასდროს შევუწუხებივარ, ეს ჩემი გენეტიკის დამსახურებაა. არადა, ჩემ გარშემო ყველამ იცის, როგორი მჭამელი ვარ. ბევრს ვჭამ, მაგრამ არ მეტყობა (იცინის). ორსულობის დროსაც ძველებურად გავაგრძელე ჭამა, მაგრამ ცოტას ვღელავდი, ჰორმონებმა არ იმოქმედონ-მეთქი. საბედნიეროდ, მხოლოდ 9 კილოგრამი მქონდა მომატებული და ისიც იმიტომ, რომ საკმაოდ დიდი მუცელი მქონდა, ბავშვიც დიდი იყო. ბავშვი რომ გავაჩინე, ძალიან გავხდი. ჩემს ბუნებრივ წონაზე 6 კილოგრამით ნაკლები ვიყავი. ახლა 2 კილო მოვიმატე და ძალიან ბედნიერი ვარ (იცინის).
– ცნობილი ამბავია, რომ კალათბურთში ძალიან კარგად ერკვევი და ზოგადად, სპორტშიც.
– ზოგადად, სპორტი ძალიან მიყვარს და ბოლო წლებში ამ მიმართულებით ვმუშაობდი, მაგრამ კალათბურთზე შედარებით ზედაპირული წარმოდგენა მქონდა. დუდასა და მისი ოჯახის დამსახურებით, ყველაფერში კარგად გავერკვიე და ახლა ისე მიყვარს სპორტის ეს სახეობა, რომ ვერ აღგიწერთ. მარტო იმიტომ არა, რომ დუდა თამაშობს, ისედაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს მისი ყურება, საოცარი ინტერესი გამიჩნდა და დიდი გულშემატკივარიც გავხდი. დუდას თამაშებს თუ ვუყურებ – ხომ საერთოდ. თან, უკვე ჩემი აზრის დაფიქსირება და პროგნოზების გაკეთებაც შემიძლია. დუდასთვის ბევრი კარგი რჩევაც მიმიცია, დუდას მამისგანაც იმდენს ვსწავლობ, რომ ყველაფერში კარგად გავერკვიე (იცინის).
– ალბათ, დუდასთვის ეს, ძალიან მნიშვნელოვანია.
– კი, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა სპორტსმენი უსვამს ხაზს მეორე ნახევრის ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას. მნიშვნელოვანი მარტო მეუღლის კვების რაციონზე ზრუნვა კი არაა, ფსიქოლოგიურ და მენტალურ დონეზეც მის გვერდით უნდა იდგე. მე ფსიქოლოგის როლიც მაქვს მორგებული და მგონია, რომ დუდას ბევრჯერ დახმარებია ჩემი მხარდაჭერა. კი, მეორე ნახევარს დიდი როლი აკისრია სპორტსმენის ცხოვრებაში – ან კარგი, ან ცუდი. ეს მარტივი არ არის, შრომატევადი პროცესია, თუმცა, მე ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.