პოლიტიკოსი ანა წითლიძე ჟურნალ „თბილისელების“ კითხვას პასუხობს დაოჯახებასა და შვილის გაჩენასთან დაკავშირებით:
„მე ჩემი ცხოვრება თავიდანვე დაგეგმილი მქონდა და ზუსტად ვიცოდი, რომ 40 წლამდე შვილის გაჩენა არ მინდოდა. მიმაჩნდა, რომ მანამდე უნდა მესწავლა და ფეხზე მყარად ვმდგარიყავი. ეს ევროპაში ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. მე კი იქ ის წლები გავატარე, როცა ჩემში მთავარი ღირებულებები ყალიბდებოდა. ჩემი კურსელებიდან, რომლებიც იქ ცხოვრობენ, ჯერ არც ერთს არ ჰყავს შვილი, თუმცა ყველას თავისი საქმე აქვს. მეც ასე ვუყურებ ამ საკითხს, მაგრამ კი, ეს კითხვა ხშირად მესმის. შვილის ყოლა აუცილებლად ქმრის ყოლასთან არ არის დაკავშირებული, თუმცა ასეც არ ვუყურებ ამ საკითხს, არ მაქვს განსაზღვრული დამოკიდებულება, რომ ასე მინდა ან ისე. მე მგონია, რომ ამას დრო მიჩვენებს. კი, ძალიან მნიშვნელოვანია, შვილი გყავდეს, მაგრამ სიმართლე გითხრა, რომ არ გყავდეს, ამაშიც ვერანაირ ტრაგედიას ვერ ვხედავ. ამას რომ მეუბნებიან, ხშირად ვამბობ ხოლმე, კი, მაგრამ ვიღაცამ უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ მერე თქვენმა შვილებმა იცხოვრონ თავისუფალ, ევროპულ, წარმატებულ ქვეყანაში. მე ძალიან გვიან ასაკში დავიწყე პირადი ურთიერთობები. არც მქონდა ამის დრო და ახლაც ყველაზე ნაკლები დრო ამისთვის მრჩება…“