მუსიკოსი რომა რცხილაძე ჰყვება იმ სასწაულის შესახებ, რომელიც მის გამოჯანმრთელებას უკავშირდება.
90-იან წლებში კომპოზიტორს რთული ოპერაცია უნდა გაეკეთებინა, მაგრამ წინა ღამით ხილვა ნახა:
„დამიდგინდა ტუბერკულოზის განსხვავებული ფორმა და აღმოვჩნდი აბასთუმანში, წელიწადნახევარი თერაპიას გავდიოდი. რაც იქ გადავიტანე, ცალკე წიგნია. გადაწყვიტეს, რომ ეს დაავადება მარცხენა ფილტვზე იყო. ექიმებმა მითხრეს, რომ დრო იყო, ოპერაციაზე გვეფიქრა, ამას არაფერი ეშველებოდა. მარცხენა ფილტვის ნახევარი უნდა მოკვეთილიყო. დავიწყე ლოცვა. დანიშნული მქონდა ოპერაცია. უნდა ენახათ რენტგენზე, სად უნდა ემუშავათ. სხვა ფოტოები მქონდა გადაღებული, ზეპირად ვიცოდი, სად რა იყო. ზუსტად იმ ღამეს, არ ვიცი, ხილვა იყო თუ არა, ჩამომიჯდა ულამაზესი არსება, ვინ იყო, არ ვიცი, მაგრამ სუფთა იყო. კარგია, რომ ლოცულობ, არ გაჩერდე, ილოცეო. ეს მახსოვს. დილით რომ გავიღვიძე და შემიყვანეს რენტგენზე, ზუსტად სამი საათი ეძებდნენ… გადაიღეს ფოტოები. გოგი წულეისკირი იყო ჩემი ექიმი, ეკრანზე იყო გაკრული ძველი და ახალი ფირფიტები. წადი, საერთოდ არაფერი აღარ გაქვსო… ეს როგორი შოკი იყო, წარმოიდგინეთ…“