როგორ გახდა ზოია კურტანიძე ბალტიის თავდაცვის კოლეჯის სტუდენტი და როგორ დაეხმარა მას ფიზიკური სიჯანსაღე მძიმე დაავადებასთან ბრძოლაში

თავდაცვის სამინისტროს უფროსი ოფიცერი ზოია კურტანიძე ახლახან ესტონეთში, ბალტიის თავდაცვის კოლეჯში ჩაირიცხა. მას ძალიან საინტერესო ცხოვრებისეული და პროფესიული გამოცდილება აქვს, რომელიც ვფიქრობ, ბევრისთვის იქნება სამოტივაციო.

ზოია კურტანიძე: ახლა ესტონეთში, ბალტიის თავდაცვის კოლეჯში გავდივარ სამეთაურო და გენერალური შტაბის გაერთიანებულ კურსს, რომელიც ოფიცერთა პროფესიული განვითარებისთვის სავალდებულოა და სრულად არის დაფინანსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ბალტიის თავდაცვის კოლეჯის მიერ.

აღნიშნული კურსის სტუდენტებს საშუალება გვაქვს, რომ პარალელურად, ასევე, სრული დაფინანსებით, ვისწავლოთ ლატვიის ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე – „სამხედრო ხელმძღვანელობა და უსაფრთხოების კვლევები“. ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებ. ჩემი აქ ყოფნა ნიშნავს იმას, რომ მე მაქვს სამომავლო გეგმები ამ მიმართულებით და რომ ჩემი პირადი საქმე და განვლილი კარიერა, საკმარისად კარგი აღმოჩნდა კანდიდატობისთვის.

– რას მიექცა განსაკუთრებული ყურადღება, რომ პრიორიტეტულ სიაში აღმოჩენილიყავით?

– პირველ რიგში, ჩვენი ინგლისური ენის დონე უნდა იყოს „ნატოს“ სტანდარტების შესაბამისი. რაც შეეხება პროფესიულ გამოცდებს, აქ უნდა დავამტკიცოთ, რომ გვაქვს საკმარისი ბაზა, რომელზეც ახალ ცოდნას დავაშენებთ. გამოცდილება კი მოიცავს მთელ ჩვენს პირად საქმეს – ეს არის სამოქალაქო თუ სამხედრო განათლება და განვითარება, სამსახურებრივი გამოცდილება, თავდაცვის ძალებიდან მიღებული ყოველწლიური შეფასება, ფიზიკური მომზადება და ასე შემდეგ

– გენდერული ბალანსი თუა დაცული?

– გენდერული თვალსაზრისით, დადებითი დინამიკა გვაქვს. მე ვარ მეორე ქალი, რომელიც საზღვარგარეთ სწავლობს საშტაბო-სამეთაურო კურსზე (თუმცა, აღნიშნული კურსის გავლა საქართველოშიც შესაძლებელია). პირველმა უკვე დაასრულა სწავლა და საქართველოში დაბრუნდა.

– ქალი სამხედრო – ეს არჩევანი ჯერ კიდევ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საქართველოში. რამ განაპირობა თქვენი გადაწყვეტილება?

– სამხედრო აკადემიაში 2007 წელს ჩავაბარე. ეს ის პერიოდია, როცა ქალი სამხედრო იშვიათობას წარმოადგენდა და საზოგადოებაში არსებობდა აზრი, რომ ქალის ადგილი ჯარში არ არის. ყველაფერი 21 წლის ასაკში, პროექტ „ყაზარმიდან“ დაიწყო, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2– ზე“ გადიოდა. ამ პროექტის შესახებ რომ შევიტყვე, ძალიან დავინტერესდი და გადავწყვიტე, ბედი მეცადა.

– როგორი იყო ოჯახის დამოკიდებულება და საზოგადოების რეაქცია?

– ჩემი ოჯახის განწყობა ძალიან განსხვავდებოდა საზოგადოების დამოკიდებულებისგან. მე რომ გარკვეულ ჩარჩოებს გავცდი და ეს გადაწყვეტილება მივიღე, ჩემი მშობლებისა და მათი თავისუფალი აღზრდის მეთოდის დამსახურებაა. ოჯახში, რა თქმა უნდა, ღელავდნენ, მაგრამ მხოლოდ იმის გამო, რომ რთული პროფესია ავირჩიე. საერთოდ არ ყოფილა საუბარი კონტექსტით „გოგო ხარ და ჯარში რა გინდა“. თუმცა, ჩემს გარემოცვაში ჩემმა გადაწყვეტილებამ გაკვირვება გამოიწვია. სკოლაში თუ უნივერსიტეტში მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოვირჩეოდი. აქტიურად ვიყავი ჩართული კულტურულ ღონისძიებებში – 11 წლის განმავლობაში ვცეკვავდი ქართულ და სამეჯლისო ცეკვებს, ვუკრავდი გიტარასა და ფანდურზე, გუნდში ქართულ სიმღერებს ვმღეროდი, ხშირად ვმართავდით კონცერტებს და საერთოდ, მრავალმხრივ აქტიური ვიყავი.

– აქედან გამომდინარე, ბევრნაირი მოლოდინი ექნებოდათ თქვენგან და მით უმეტეს, გასაკვირი იქნებოდა, რომ ეს გზა აირჩიეთ.

– ზუსტად ასე იყო. უფრო ის კი არ გაუკვირდათ, რომ გოგომ გადავწყვიტე ჯარში წასვლა, გაუკვირდათ ის, რომ მე ჩემი გამოცდილებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, ასე განსხვავებული მიმართულება ავირჩიე. თუმცა, ისიც იგრძნობოდა, რომ მათი აზრით, სამხედრო პროფესია ქალისთვის არ იყო შესაბამისი.

– გავიხსენოთ 2008 წელი – ეს იყო თქვენი პირველი და ძალიან დიდი გამოცდა, პირდაპირ ომში.

– დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ომში წავედი, თუმცა, მაშინ ასე არ მივიჩნევდი. ომის გამოცდილება, რა თქმა უნდა, არ მქონდა, მაგრამ თეორიული ცოდნა ნამდვილად გამაჩნდა. ჩვენ ძალიან ახალგაზრდა ქვედანაყოფი ვიყავით, 22-26 წლისები. უმრავლესობამ აკადემია იმ პერიოდში დავამთავრეთ. მე 2008 წლის მაისში გავხდი 22 წლის, ივნისში მივიღე ოფიცრის წოდება და ომში აგვისტოში წავედი. ეს ძალიან სწრაფად მოხდა. ქვედანაყოფის გამოცდილების შეძენაც კი ვერ მოვასწარი. თუმცა, ჩემი ახალგაზრდა ქვედანაყოფი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა ჩვენთვის განკუთვნილი დავალების შესრულებაში. ამ წარმატებაში გარკვეული წვლილი მეც შევიტანე, რის გამოც ძალიან ამაყი ვარ.

– ერთი წლის წინ, რთული პრობლემის წინაშე დადექით. საქმე მძიმე დაავადებას ეხებოდა, თუმცა ფარ-ხმალი არ დაგიყრიათ, პირიქით – საკუთარი თავი ახალი გამოწვევების წინაშე დააყენეთ. როგორ შეხვდით ამ ამბავს ფსიქოლოგიურად?

– ცხოვრებაში ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მე სიმსივნე დამემართებოდა. ამის გარდა ყველაფერს დავუშვებდი. როგორც შემდეგ კვლევებმა აჩვენა, ეს პროცესი დიაგნოზის დასმამდე ერთი წლით ადრე დაწყებულა. ამ ერთი წლის განმავლობაში, ორჯერ მაქვს ფიზიკური ტესტირება ჩაბარებული უმაღლეს ქულებზე. დიაგნოზის დასმის წინა დღესაც რომ გეკითხათ, გეტყოდით, რომ ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი ადამიანი ვიყავი. დიახ, ამ დაავადებას ძალიან კარგ ფორმაში შევხვდი. ჩემს ორგანიზმს აღმოაჩნდა საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ ბოლომდე გამომყოლოდა მკურნალობის პროცესში. ამისთვის, პირველ რიგში, საკუთარი თავისა და ყველა იმ გადაწყვეტილების მადლიერი ვარ, რომელიც ჯანსაღ ცხოვრებასა და ფიზიკურ აქტივობას უკავშირდებოდა.

ეს ძალიან გამომადგა. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, პირველ რიგში, აუცილებლად იარეთ სკრინინგებზე და შეიმოწმეთ ჯანმრთელობა, რადგან შეიძლება, თავს კარგად ვგრძნობდეთ, მაგრამ ჩვენს ორგანიზმში არასასურველი პროცესები მიმდინარეობდეს და მეორე – იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით და მუდმივად ეცადეთ ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, დაავადება არსებობდა, მაგრამ მე ცხოვრებას ვაგრძელებდი. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენი ორგანიზაციის დამოკიდებულებამ. წარმოიდგინეთ, მე რომ მქონოდა ამ კურსზე წამოსვლის სურვილი, მაგრამ ჩემს ხელმძღვანელობას უარი ეთქვა იმ მიზეზით, რომ მე კარგად არ ვიყავი – ეს ჩემთვის დამანგრეველი იქნებოდა. მათ ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგეს, როდესაც ამ პრობლემის მიუხედავად, ჩემი შესაძლებლობების დამტკიცების შანსი მომცეს. ამით, ფაქტობრივად, ფრთები შემასხეს. მე სხივურ თერაპიას გავდიოდი მაშინ, როდესაც გამოცდებს ვაბარებდი. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი გამოცდა ზუსტად სხივური თერაპიის დროს მქონდა ჩანიშნული. სხივებს ვერ გავაცდენდი, მერჩივნა, კონკურსს გამოვთიშვოდი, მაგრამ მითხრეს, ეგ არც კი დაუშვაო და გამოცდა გადამიტანეს. დილით სხივური თერაპია გავიკეთე, შემდეგ კი გამოცდაზე მივედი.

– ადამიანების შესაძლებლობებს მართლა არ აქვს საზღვარი.

– დიახ, როცა მიზანი და მოტივაცია გაქვს. მე არ ვიცოდი, ჩავაბარებდი თუ არა გამოცდებს. ხომ შეიძლებოდა, ამდენი ქიმიის შემდეგ ჩემი გონება აღარ წამომყოლოდა – როგორია, დილით დასხივება მიიღო და დღის მეორე ნახევარში გამოცდა ჩააბარო?! ამის შემდეგ კიდევ შერჩევის საბჭო უნდა გამევლო. მერე რა, რომ მე ასეთი რთული პერიოდის შემდეგ ფეხზე წამოდგომა შევძელი? ამ კონკურსში ძალიან ძლიერი კონკურენტები მყავდა და საკუთარი თავისთვის კი არა, მათთვის უნდა გამეწია კონკურენცია. ჩემი მდგომარეობის გამო შეღავათს ვერ მივიღებდი. პირიქით, შეიძლებოდა, ეჭვი გასჩენოდათ და თავის შეკავება ერჩიათ. ზუსტად ეს არის ჩემი ორგანიზაციის სტრატეგიულად გამართლებული გადაწყვეტილება – მითხრეს: დიახ, შენ ცოცხალი ხარ, შენ იმსახურებ ამ კურსზე სწავლას და კი, ჩვენ შენს მომავალთან დაკავშირებით ნამდვილად გვაქვს გეგმებიო. ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი მოტივაცია და მიზანი. არავინ ვიცით, რა იქნება ხვალ. დიაგნოზის დასმის წინა დღეს არც მე ვიცოდი, რომ კიბო მქონდა, მაგრამ როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, მთავარია, განვითარება არ შევწყვიტოთ.