არიან ადამიანები, რომელთა დანახვაც ღიმილსა და სიხარულს იწვევს. სწორედ ასეთია მსახიობი ციაკო ფიფია, რომელიც საზოგადოებამ სკეტჩებით, მისი შექმნილი როლებით შეიყვარა. არც ენერგიას უჩივის და მიუხედავად თბილი და მოსიყვარულე ბუნებისა, ხანდახან „წამოკივლებებიც“ ახასიათებს, თუმცა ეს მისი გენეტიკის ბრალია.
ციაკო ფიფია: ყველაზე მეტად ზაფხულის სეზონი მიყვარს. მე და ჩემი შვილი ზაფხულში ვართ დაბადებული. ივნისში მაქვს დაბადების დღე და ჩემთვის ზაფხულის ბედნიერი დღეები ამ თარიღით იხსნება. კი აუტანელია, როცა ძალიან ცხელა და სულ ვწუწუნებ, მაგრამ ზამთრის სუსხს სიცხე მირჩევნია. ახლა ქობულეთში, არაჩვეულებრივ სასტუმროში ვისვენებ, შვილთან და დედამთილთან ერთად. თუმცა, რომ გითხრათ, წელს ისე დავისვენე, როგორც მინდოდა-მეთქი, მოგატყუებთ. შოვის ტრაგედიამ ძალიან იმოქმედა, დავითრგუნე, უხერხულობის გრძნობა მაქვს, რომ ვიღიმი და ვიცინი, ასე მგონია, დანაშაულს ჩავდივარ. ბავშვობიდან ზღვაზე დასვენება უფრო მიყვარდა, ვიდრე მთაში. მთა მომწონს, ვიცი, მისი ჰაერი და ენერგეტიკა სასარგებლოა, დღე ვტკბები ბუნებით, მაგრამ რომ ღამდება, შიში მიპყრობს.
– რისი გეშინია?
– მზე რომ ჩადის და მობნელდება, შიში მეუფლება, ასე მგონია, მთები, რომლებიც წრეს ოთხივე მხრიდან მარტყამს, უნდა გაიზარდოს, შეერთდეს და მშთანთქოს. ყველას უკვირს, ამას რომ ვამბობ, მაგრამ იქ დაისზე ეს შეგრძნება მაქვს და რა ვქნა. მირჩევნია, საღამოს ზღვის ტალღებს ვუსმინო, ამით დავმშვიდდე და პოზიტიური ენერგიით დავიმუხტო. მოკლედ, ზღვაზე კარგად ვგრძნობ თავს. სხვათა შორის, პირველად ვიყავი მოზრდილ და გააზრებულ ასაკში წელს რომში და ამის მერე მივხვდი, მუღამში ჩავვარდი და დიდი, ახალი ჰობი გამიჩნდა და ეს არის მოგზაურობა. აუცილებლად, ღმერთის წყალობით, წელიწადში ერთხელ მაინც წავალ სადმე და დავათვალიერებ უცხო ქვეყნებს. ახლა ვემზადები და უკვე ვიცი, რას ვიზამ პრაღაში ჩასული – ძალიან ბევრი უნდა ვიარო, ყველაფერი ფეხით უნდა მოვიარო და ბევრი შთაბეჭდილება დავაგროვო. სხვათა შორის, როცა სადმე მივდივარ, იმდენი რამ მიმაქვს, ჩემი მეგობრები დამცინიან. მეკითხებიან: ამდენი რამე რად გინდა, ხომ იცი, ჩაცმას მაინც ვერ მოასწრებო. არა, უნდა მქონდეს! ტანსაცმელთან ერთად მიმაქვს თმის საშრობი, უთო, ჰიგიენური საშუალებები და ასე შემდეგ, მიუხედავად იმისა, ვიცი, სასტუმროში ყველაფერი დამხვდება. სხვათა შორის, „დომესტოსი“, „სიფი“ და საწმენდი ტილოებიც კი მიმაქვს. სადაც არ უნდა ჩავიდე, ჯერ უნდა დავხეხო, დავაწკრიალო და მერე ვიწყებ გემრიელად, ბედნიერად დასვენებას.
– სასტუმროს ხომ თავისი დიასახლისები ჰყავს, ვის მოვალეობაშიც სისუფთავე და ოთახის დალაგება შედის?
– არავის ვალაგებინებ. აქაც, სასტუმროში, გაგიჟებულები არიან დიასახლისები. ვუთხარი: ვიცი, როგორ იღლებით და მე მართლა არ მჭირდება, თავად ვიზამ ყველაფერს-მეთქი (იცინის).
– დასვენების ცხელი სეზონი, თავის მოვლის რუტინას გიცვლის?
– რომ გითხრათ, მე ვარ ქალბატონი, რომელიც თავის მოვლის რუტინებით გამოირჩევა-მეთქი, მოგატყუებთ. ჩემი დილის რუტინაა, გაღვიძება, წყლის სწრაფად გადავლება, თმის აკოჭვა და ეგაა. ზაფხულში კი არა, ზოგადად, სულ ასე ვარ. არ განვეკუთვნები იმ ადამიანთა სიას, რომ დგებიან, სამი საათი ყავას სვამენ, გაჰყურებენ ფანჯრიდან ცას, ხეების სიმწვანეს, ფიქრობენ და ნელ-ნელა ფხიზლდებიან… ასეთი რამეები არ მახასიათებს. თან, დილით ყავასაც არ ვსვამ, არც ჩაის.
– ზაფხული თუ არის შენი წონის დამღუპველი სეზონი?
– ზაფხულიც, შემოდგომაც, ზამთარიც და გაზაფხულიც, ყველა სეზონი ჩემი წონის დამღუპველია. გაზაფხულიდან ვცდილობ, დიეტები და სწორი კვება დავიცვა, რომ ზაფხულში ფორმაში ვიყო და ზედმეტი კილოგრამები დავიკლო, მაგრამ არ შემიძლია, არ გამომდის. 2-3 კილოს თუ დავიკლებ, სულ ესაა. ზაფხულში ვცდილობ, 6-7 საათის მერე არ ვჭამო, მაგრამ ხანდახან არ გამომდის.
– როგორც მივხვდი, აქტიური დასვენება გიყვარს და არა პასიური. ზაფხული რომ იწურება, გული გწყდება?
– ზაფხული რომ იწურება, გული არ მწყდება, მაინც მოვასწარი დასვენება. ახლა, ზღვაზე პენსიონერივით ვისვენებ. ბებოები რომ დგებიან ადრე, სეირნობენ სუფთა ჰაერზე, ირუჯებიან, გემრიელობებს მიირთმევენ და საღამოს ნორმალურ დროს, ათზე-თერთმეტზე იძინებენ, მეც ასე ვისვენებ, მით უმეტეს, როცა ბავშვთან ერთად ვარ. აი, ზღვაზე პენსიონერული დასვენების მერე მე და ჩემი ქმარი პრაღაში მივფრინავთ. იქიდან დაბრუნებული კი, მოტივირებული, გარუჯული, ენერგიით დამუხტული და შრომისუნარიანი დავუბრუნდები სამსახურს. უკვე ვარჩევ ახალ პერსონაჟებს და ტიპაჟებს, ვაკვირდები ადამიანებს ჩემს გარშემო, ვიჭერ მათ თვისებებს და ვცდილობ, ახალი რაღაცები დავიჭირო. სხვათა შორის, ქობულეთში რომ ვსეირნობ, უამრავი ადამიანი მოდის, მეფერებიან, მეხუტებიან, მკოცნიან. ყველასგან დადებითი ენერგეტიკა მოდის.. ჯერ არ მიგრძნია, ცოტა „ისე“ შემხვდეს ვინმე, მოღუშულად შემომხედოს ან წამეანგლოს. პირიქით, ყველა ცდილობს, რაღაცით პატივი მცეს და ამ დროს ძალიან მრცხვენია ხოლმე. ხშირად ჩემი პერსონაჟის ენაზე მელაპარაკებიან, ხან ენას მიჩლექენ, პაროდიას მიკეთებენ.
– ვიცი, ზოდიაქოთი კირჩხიბი ხარ და ალბათ, „კბენაც“ გჩვევია. თან, მეგრული გენეტიკის მქონე ადამიანი ხარ და ზედმეტად ემოციურიც იქნები.
– კბენისა რა მოგახსენოთ, მაგრამ კირჩხიბები ძალიან კარგი მეოჯახეები არიან და ძალიან კარგი მეგობრები. და ეს ორი მართლა მახასიათებს. კირჩხიბებს არაფრისგან შეუძლიათ, პანიკა შექმნან და ინერვიულონ, ესეც მახასიათებს. ძალიან ცუდია, როცა არაფრის გამო, საკუთარ თავს ისტრესავ და ეს ჩემს ხასიათში არ მომწონს. ხშირად, არაფრის გამო ვნერვიულობ, ვშფოთავ, განვიცდი და ეს მანგრევს. რაც შეეხება მეგრულ ხასიათს, შრომისმოყვარე, ენერგიული და სწრაფი ვარ. მეგრული გენეტიკის წყალობით, შემიძლია, ბევრი ვიშრომო და არაფრისგან ყველაფერი შევქმნა. ასე რომ, მეგრული „ჟილკა“ ნამდვილად მაქვს. რომ ვიტყვი, ეს უნდა გავაკეთო, როგორი შრომის ფასადაც არ უნდა დამიჯდეს-მეთქი, გავაკეთებ.
– მაპატიე, მაგრამ ცოტა ავებიც რომ არიან მეგრელი ქალები?
– რომ გითხრა, ცოტა ავი არ ვარ-მეთქი, მოგატყუებ (იცინის). ცოტა ავი ვარ, მაგრამ სიტუაციას გააჩნია. არაფრის გამო არ ვიწყებ ქოთქოთს და ალიაქოთს, თუმცა, ხანდახან მაქვს მეგრული წამოკივლებები.
– რა შემთხვევაში გაქვს მეგრული წამოკივლებები, რამ უნდა გამოგიყვანოს წყობიდან?
– ყველაზე მეტად უსამართლობას და ადამიანის დაჩაგვრას ვერ ვიტან და ვერასდროს ვერ ავიტან. ცოტა კაცური რაღაცებიც მჩვევია და ჩემი ქმარი სულ იმას მეუბნება, კაცურად ნუ მოდიხარო (იცინის).