სოციალურ ქსელ ფეისბუკში მომხმარებელი, ნინო გელდიაშვილი მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ ისრაელში მოვლენების ეპიცენტრში მისი შვილი, გიორგი გელდიაშვილი ოჯახთან ერთად იმყოფება.
როგორც ქალი აღნიშნავს, მისი შვილი და რძალი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან და ისრაელის კლინიკებში უკვე გააგზავნეს შეთავაზება დახმარების შესახებ და საქართველოში წამოსვლას არ აპირებენ.
“ჩემი ოჯახი ომშია.
ჩემი უფროსი ვაჟი გიორგი და მისი ოჯახი ისრაელში ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობენ, ჯერჯერობით აქვთ ორმაგი მოქალაქეობა. მათი ქალაქი საომარი მოქმედებების ცენტრშია. ვინც გიორგის იცნობს, იცის, რომ არანორმალურია, არანორმალურად ნიჭიერი და განათლებული (მე ვერც კი შევედრები), არანორმალურად აზარტული, არანორმალურად კეთილი და არანორმალურად დაუცველიც მეგონა. საქართველოში სერტიფიცირებული რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგია; გულის სიღრმეში ნამდვილი ექიმია.
არ აპირებს ისრაელში მიმდინარე ომის დროს საქართველოში დაბრუნებას; მისწერა ჰოსპიტალებს, ოფიციალურ პირებს, რომ უნდა თავისი ცოდნა მოახმაროს ისრაელს და ნებისმიერ დონეზე და ადგილზე მიიღოს მონაწილეობა დაჭრილი სამოქალაქო პირებისა და სამხედროების მკურნალობაში. მისმა მეუღლემ მზიამ (ექიმი კარდეოლოგია), მე გიორგის ვერ დავტოვებო, მეც ვრჩები და იგივე საქმეს გავაკეთებო. რა უნდა ვუთხრა?!..
ჩემი 5 წლის შვილიშვილი მაინც გამომიგზავნეთ, გთხოვთ …
ტერორისტებზე უსწრაფესი გამარჯვება ისრაელს”, – წერს ნინო გელდიაშვილი.