ლაშა ჯოხაძე უკვე რამდენიმე წელია, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ყველასთვის განსაკუთრებულად საყვარელი დიზაინერია. ახლა მისგან გავიგებთ, როგორ დაიწყო მან ყველაფერი და რის ფასად შექმნა ის, რაც დღეს აქვს.
ლაშა ჯოხაძე: თავს საკმაოდ იღბლიან ადამიანად მივიჩნევ. ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე ეს განცდა მაქვს. ვგრძნობ, რომ მიმართლებს, თუმცა, ამაში ძალიან დიდ როლს შრომისმოყვარეობა თამაშობს. ჩემს ყველაზე დიდ გამართლებად კი პროფესიის სწორად არჩევას ვთვლი. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, მგონია, რომ საქმე თავად გირჩევს შენ. კარგი იქნება, თუ ამას დროულად გააცნობიერებ და შენს ცხოვრებასაც შესაბამისად განავითარებ.
– რამდენად შრომისმოყვარე ხარ, რის ფასად მიაღწიე იმას, რაც გაქვს?
– ყველაფერი მხოლოდ ჩემი შრომის ფასად მაქვს. როდესაც ვიწყებდი, ძალიან დიდი სურვილი მქონდა ჩანაფიქრი განმეხორციელებინა, მაგრამ არანაირი ფინანსები არ გამაჩნდა. ლარიანიც კი არ მქონდა, ამას სიტყვის მასალად არ ვამბობ, ძალიან გულწრფელად გეუბნებით. პირველი სახელოსნო რომ გავაკეთე, საჭირო ნივთები სახლიდან წავიღე, მაგალითად, ჭაღი მოვხსენი და იქ მივიტანე. ჩემმა სურვილმა სპონტანურად მიმაღებინა გადაწყვეტილება და დავიწყე კიდეც საქმის კეთება. ადამიანებში ხშირად შეხვდებით დაწყების შიშს. გამიმართლებს? ალბათ, ეს ფიქრი ყველასთვის ნაცნობია. სინამდვილეში, თუ არ სცადე, წინასწარ ვერასდროს განსაზღვრავ, გაგიმართლებს თუ არა საქმეში, კარგად გამოგივა თუ არა. მე ძალიან რისკიანი ადამიანი ვარ. რისკი ჩემთვის „კარგი ტიპია“. მე თუ მკითხავთ, რისკი ყოველთვის ამართლებს. ამიტომ თამამად შემიძლია გადავდგა ნაბიჯი, მაგრამ მე არასდროს ვივიწყებ ზომიერებას. არასდროს ვსვამ კითხვას – გამიმართლებს? ვიცი, რომ თუ საქმეს გავაკეთებ, აუცილებლად გამიმართლებს და შედეგს მივიღებ.
– წარუმატებელი ნაბიჯების შემდეგ რა გეხმარება მოტივაციის შენარჩუნებაში?
– წარუმატებელი პროექტი არ მქონია. ამიტომაც ვთქვი, რომ ძალიან იღბლიანი ვარ და მიმართლებს. ვგრძნობ, რომ სამყარო ჩემკენ არის. ძალიან სწრაფად ავირბინე წარმატების საფეხურებზე და ეს რომ გავაცნობიერე, ცოტა შემეშინდა. მე მიყვარს ჩემს თავთან საუბარი და ზუსტად ამ მომენტში, ბევრი ვესაუბრე საკუთარ მეს. ვუთხარი, რომ ზღვარს არ უნდა გადავსულიყავი, თორემ წარუმატებლობა იქვე არის ჩასაფრებული. იღბალია თუ წარმატება, ყველაფერს შენი ქმედებები განაპირობებს და თუ მე ცუდად მოვიქცევი, არავის ენდომება ჩემთან კონტაქტი, მათ შორის არც დამკვეთებს და გამოვა, რომ უიღბლო ვარ. ანუ, ჩვენი არასწორი საქციელი გვხდის უიღბლოს.
– წინათგრძნობა რამდენად გაქვს განვითარებული?
– კარგი ინტუიცია მაქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ვიცი, ვის რა შეიძლება, დაემართოს, მაგრამ ყოველთვის ვიცი, როდის რა უნდა გავაკეთო. მიმიღია კარგი შემოთავაზება, მაგრამ უარი მითქვამს იმის გამო, რომ იმ მომენტში ამისთვის მზად არ ვიყავი და ყოველთვის უფრო უკეთ წასულა საქმე, ვიდრე წავიდოდა ამ შემოთავაზებას რომ დავთანხმებოდი. მე ჩემი შეგრძნებებით ვცხოვრობ, რასაც ვგრძნობ, იმას მივყვები და ეს ყოველთვის ამართლებს. ამას კონკრეტულ სახელსაც ვერ ვარქმევ, ცოტა მისტიკური მომენტიცაა, მაგრამ არასდროს ვღალატობ ჩემს განცდებს.
რამდენიმე წლის წინ ბარსელონაში წავედი საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ აქ ყველაფერი დავტოვე, არანაირი სინანულის განცდა არ მაწუხებდა. ვაიმე, მე იქ ვიღაც ვიყავი, რაღაცას ვაკეთებდი და აქ რა იქნება, როგორ განვითარდება ჩემი ცხოვრება? – ასეთ ფიქრებს არ შევუწუხებივარ. დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ იმ ნაბიჯის წყალობით, მენტალურად ძალიან გავიზარდე. საერთოდ, მგონია, რომ ადამიანებს უნდა შეგვეძლოს რაღაც დიდზე უარის თქმა. მე ჩემს აწყობილ საქმეზე ვთქვი უარი და ამან დიდი ძალა მომცა. ახლა ის ეტაპია, როცა აბსოლუტურად არაფრის შიში არ მაქვს. ყოველთვის შემიძლია, ნულიდან დავიწყო შენება, ყოველგვარი ეჭვების გარეშე. ვხვდები, რომ მაშინდელმა ნაბიჯმა მოიტანა ეს განცდა. ადამიანებს რაღაც ეტაპზე „აბდეითი“ გვჭირდება და ეს განახლება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საკუთარ თავს დავუმტკიცე, რომ არაფერზე არ ვარ დამოკიდებული. ყველაფერი გავანულე, მაგრამ ამით არაფერი მომსვლია. ისევ იმ ტიპად დავრჩი და ისევ თავიდან დავიწყე. სხვათა შორის, იქიდან რომ უკან დავბრუნდი, საერთოდ ვერ ვიგრძენი, რომ აქ სამწლიანი წყვეტა მქონდა. ათმაგად გავიზარდე და ათმაგად გაიზარდა ჩემი საქმეც და ჩემი მომხმარებლების რაოდენობაც. ყოველგვარი ეპატაჟისა და ყურადღების მიქცევის მცდელობების გარეშე დავბრუნდი საქართველოში. ქუჩაში ჩემი დამკვეთები რომ მხვდებოდნენ, ვხედავდი, როგორ უხაროდათ ჩემი დაბრუნება და ეს მართლა ძალიან მაგარი შეგრძნება იყო. ჩემი საქმიანობა კიდევ უფრო მასშტაბურად გაგრძელდა, რასაც მართლა არ ველოდი. რაღაცაზე უარის თქმა არ ნიშნავს, რომ ეს საქმე დამთავრდა. მერე და მერე შეიძლება, კიდევ უკეთესად აეწყოს ყველაფერი. ჩემს შემთხვევაში ასე მოხდა.
– დიდ რისკზე წახვედი, რისთვისაც მიღწეული გქონდა, ფაქტობრივად, ყველაფერზე უარი თქვი.
– კი და ჩემი ყველა მეგობარი გაოგნებული იყო. დედაჩემმაც უამრავი შეტყობინება გამომიგზავნა. მწერდა, შენი პატარა იმპერია მოიწყვე, ამდენი აშენე და ახლა ეს რატომ გააკეთეო? არავის არაფერს ვუხსნიდი, იმიტომ რომ ზოგჯერ ჩემი შეგრძნებები ახსნადი არ არის. გარშემო მყოფები ყოველთვის ვერ გაგიგებენ მსგავს გადაწყვეტილებებში, ვერ შეიგრძნობენ შენს განცდებს ისე, როგორც შენ გრძნობ. ამიტომ, ახსნა არ დამიწყია, უბრალოდ, ყველას ვუთხარი, რომ ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი, რომ მე ეს მჭირდებოდა და ყველაფერი ძალიან კარგად იქნებოდა. ასეც მოხდა.
– რამდენად გიმართლებს ადამიანებში?
– აქ ხშირად მაქვს იმედგაცრუებები. ადრე ამას განვიცდიდი, ახლა – აღარ. სამყარო შედგება დადებითი და უარყოფითი ადამიანებისგან. უარყოფითის გარეშე დადებითის ფასიც არ გვეცოდინება. მომხმარებლებშიც მქონია უმადურობის განცდა. როცა იმაზე ათასჯერ მეტს გიკეთებ, ვიდრე გეკუთვნის და შენ მაინც უკმაყოფილო ხარ, ამაზე ძალიან ვბრაზდები. არაერთხელ მიფიქრია, გავატან ნახევრად გაკეთებულ კაბას და სადაც უნდა იქ დაასრულოს-მეთქი, მაგრამ მომითოკავს თავი. როგორ არა, ვბრაზდები კიდეც, მაგრამ ასეთი ასიდან ერთი შეიძლება, იყოს და დანარჩენი კარგი აბალანსებს. მეგობრებისგანაც არაერთხელ მიმიღია შოკი, მაგრამ აღარ ვიწყებ იმის ამოხსნას, თუ რატომ მოიქცა ის ადამიანი ასე. მოიქცა და მორჩა, ყველაფერი დავამთავრეთ, მე ჩემს გზაზე წავედი, ის თავისსაზე დარჩა. ახლა უკვე ასე ვიქცევი და როგორც არ უნდა მომექცნენ, აღარც შოკს ვიღებ. როცა ადამიანი დიდ შეცდომას უშვებს, კი, ვაპატიებთ, მაგრამ მერე უფრო ბევრ შეცდომას დაუშვებს, აღარ გაუჭირდება ამის გაკეთება, მე ასე მგონია. ამიტომაც ვამთავრებ ყველაფერს დროულად. დღეს ჩემი ყველაზე დიდი დისკომფორტი ამ სამყაროში ისაა, რომ ყველაფერი მატერიალიზმზეა ორიენტირებული და ჰუმანური და ადამიანური თვისებები ძალიან მცირე დოზით არსებობს. ეს ჩემთვის ყველაზე მეტად მტკივნეულია, მაგრამ ვხვდები, რომ ამ სამყაროს მარტო ვერ შევცვლი, ამიტომ ვიღებ ისეთს, როგორიც არის.
– რამდენად იღბლიანი ხარ პირად ცხოვრებაში?
– პირად ცხოვრებაში არ ვარ იღბლიანი. ალბათ, იმიტომ რომ რაღაცას ვაკლებ. საქმეში ისე გადავეშვი, პირადს აბსოლუტურად აღარ დავუთმე დრო და შედეგიც შესაბამისია. ჩემი ყურადღება და ქმედებები სრულიად სხვა მხარეს არის მიმართული, მაგ საკითხზე ნაკლებად ვმუშაობ, ამიტომაცაა, რომ პირადში უფრო უიღბლო ვარ, ვიდრე იღბლიანი. საერთოდ, მგონია, რომ სამყაროში ყველაფერი ერთად არ არის. რაღაც რაღაცის ხარჯზე გაქვს, რაღაც მეტი დოზით გაქვს, რაღაც – ნაკლები. ამასაც ბუნებრივად ვიღებ. ადამიანს რომ ყველაფერი ერთნაირად კარგად ჰქონდეს, ეს უფრო არარეალური მგონია, მე კი რეალობაში ვცხოვრობ.