“10 დღეში შეუსრულდა სერგო ზაქარიაძეს ჩემი წყევლა, ჩემს სიავკაცეს ვამბობ”

მსახიობი ლია კაპანაძე „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი იყო.

ლია კაპანაძემ იმ სკანდალზე ისაუბრა, რის გამოც რუსთაველის თეატრიდან გამოუშვეს.

„თეატრიდან გამომაგდეს. რა მოხდა? რუსთაველის თეატრში ვითამაშე 12 როლი. ბატონი მიშა თუმანიშვილი დგამდა „ფედრას“, ბატონი მიშა იყო ჩემი მეგობარი და ძალიან დიდ პატივს მცემდა, როგორც მსახიობს.

ფედრას როლზე ჰყავდა ზინაიდა კვერენჩხილაძე. მე უკვე „დიდ მწვანე ველში“ მქონდა ნათამაშები. ბატონმა მიშამ ძიძის როლზე დამიძახა. გავდიოდით რეპეტიციებს. ბატონი მიშა სულ მაქებდა. ნახეთ, ჩემი სტუდენტი, როგორ მუშაობსო.

ერთ მშვენიერ დღეს გაგვიყვანა დერეფანში და მეუბნება, ზინაიდაზე რას იტყვიო,

ვუთხარი, მე არ მომწონს, მაგრამ თქვენ თუ მოგწონთ, იყოს – მეთქი.

მეუბნება, შენ თეატრში დადიხარ და ამბობ, ცოცხალი ფედრა თეატრში დადიოდეს და ზინაიდა თამაშობდესო? აღარ შეუძლია ზინაიდას, ნერვიულობს და ვეღარ თამაშობსო.

ვუპასუხე, ბატონო მიშა, მსგავსი არაფერი მითქვამს-მეთქი. ვუთხარი, მოვიდეს ზინაიდა და მითხრას, რომ მსგავს რამეს ვამბობ და უსინდისო, ვარ-მეთქი.

„შენ ახლა გინდა, რომ სასამართლო მოაწყოო“ – მიპასუხა თუმანიშვილმა.

რეპეტიციაზე ზინაიდა ჩემ რეპლიკას არ პასუხობდა…

მეორე დღეს ბავშვი გამიხდა ავად. თეატრში რომ მივედი რეპეტიციაზე ვხედავ, გამოვიდა ზინა, დაჯდა. გამოდის ლეილა ჯიგრაშვილი და ჩემ ადგილას დგება. გამიკვირდა. ვიფიქრე, დუბლიორად დანიშნეს.

მითხრეს, შედი სერგო ზაქარიაძესთან. განცხადება დაწერეს შენზე, რომ უდისციპლინობის გამო სამსახურიდან გაგათავისუფლონო.

შევედი, ბატონ სერგოსთან და ვუთხარი, რომ ცნობა მქონდა, რომ ბავშვი მყავდა ავად. მომიბრუნდა და მეუბნება, შენ დადიხარ თეატრში და ამბობ, რომ ცოცხალი ფედრა თეატრში დადის და ზინაიდას ხელს უშლიო.

დავიფიცე, რომ მე ეს ნათქვამი არ მქონდა. მაგრამ არ დაიჯერა.

და ვუთხარი, თუ მე ტყუილს ვამბობდე, მე მოვკვდე და თუ არადა თქვენ მოკვდით -მეთქი.

10 დღეში შეუსრულდა ჩემი წყევლა. ჩემს სიავკაცეს ვამბობ.. მე ცოცხლად მომკლეს რუსთაველის თეატრში, გამომაგდეს.. ერთადერთი ადამიანი, ვინც გვერდზე დამიდგა, იყო რეზო ჩხეიძე.“. – ამბობს ლია კაპანაძე.