იღბალი და შრომისმოყვარეობა – რომელს რა წვლილი მიუძღვის ადამიანის წარმატებაში, ამასთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებაზე თემო საჯაია გვესაუბრა.
თემო საჯაია: კარგი ოჯახი მაქვს, არაჩვეულებრივი ცოლი და შვილი მყავს, გარშემო – ძალიან კარგი მეგობრები და ამ მხრივ, თავი ძალიან იღბლიან ადამიანად მიმაჩნია. თუმცა, კარიერულად ნამდვილად არ ვთვლი თავს იღბლიანად. ფორტუნას წყალობით არაფრისთვის მიმიღწევია. საერთოდ, ვფიქრობ, რომ განსაკუთრებულისთვის არაფრისთვის მიმიღწევია, მაგრამ რასაც მივაღწიე, იღბლის დამსახურება ნაკლებად იყო.
– წლებია, აქტუალური ხარ, როგორც მომღერალი, ბოლო წლებში კი – ამასთან ერთად, როგორც ტელეწამყვანი და რატომ არ არის ეს განსაკუთრებული?
– აქტუალობაც ძალიან პირობითია. უფრო მეტს ვისურვებდი და შემეძლო კიდეც. რომ ვთქვა, კმაყოფილი ვარ და ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთე-მეთქი, მოვიტყუები. მინიმუმზე მინიმუმი მაქვს გაკეთებული იქიდან, რაც შემეძლო, გამეკეთებინა. აქტუალობას კი საქართველოში, თან, სოციალური ქსელების ეპოქაში საერთოდ არ სჭირდება პროფესიონალიზმი. ისეთი ხალხია აქტუალური, საერთოდ რომ არ მშურს.
– თვითონ დააკელი რამე თუ პირობები არ იყო შესაბამისი?
– პირობებიც მნიშვნელოვანია და გამართლებაც, მაგრამ როცა საკუთარ წარუმატებლობას თუ ხელმოცარულობას მერე ბევრი რამით ამართლებ, ეს მაინც უფრო საკუთარი თავის „გაპრავებას“ ჰგავს. რეალურად, ყველა ადამიანი თვითონ ჭედავს საკუთარ ცხოვრებას. ბედისწერისაც ნაკლებად მჯერა და კი, ვიტყვი, რომ ბევრი რამ დავაკელი. შეიძლება, საკმარისად არ გადავდე თავი, მნიშვნელოვან შემოთავაზებას არ დავთანხმდი და ასე შემდეგ. 35 წლის ვარ და აქედან 25 წელია, სცენაზე ვდგავარ. იმდენი მიზეზი იყო ამ წლების განმავლობაში, რომ ნამდვილად ვერ ჩამოვთვლი. არ მინდა, ვინმემ ეს წუწუნად ჩამითვალოს. ცხოვრებამ ბევრი რამ მომცა, რის გამოც ძალიან მადლიერი ვარ, უბრალოდ, რადგან ამ თემას შევეხეთ, რეალობაზე ვსაუბრობ.
– შრომისმოყვარე ხარ?
– შეიძლება, ადამიანს შრომა საერთოდ არ უნდოდეს, მაგრამ იძულებული იყოს და იშრომოს. მათრახის ქვეშაც შეიძლება, აშრომო ადამიანი, ესეც ვიცით. შრომის სიყვარული ადამიანის ყველაზე დიდი ნიჭია, მაგრამ რამდენად შრომისმოყვარე უნდა იყო, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო, ამის განსაზღვრა რთულია. შრომისმოყვარეობის საზომი არ არსებობს, არავინ იცის, რისთვის რა არის საკმარისი. თუმცა, ის ვიცით, რომ ნამდვილად ბევრია საჭირო. ათასჯერ უნდა სცადო რაღაც. ათას მეერთეჯერ რომ გამოგივა, ეს მანამდე წარუმატებელი ათასი მცდელობის დამსახურება იქნება. დავაკელი შრომა რამეს? – რა თქმა უნდა, დავაკელი, ვინ არ დააკლო რო?! ბავშვობა, სტუდენტობა – ბევრი თავქარიანი და ქარაფშუტული ნაბიჯი, რაც მერე ხელს გიშლის. გგონია, რომ ამოუწურავი დრო გაქვს, არასდროს შეიზღუდები და სულ ახალგაზრდა და ენერგიული იქნები. მერე დრო გადის და ხვდები, რომ რაღაცებს ვეღარ დაიბრუნებ. ამის გააზრება ძალიან სევდიანია.
– კარგი ნებისყოფა გაქვს?
– ზუსტად ნებისყოფაა ის, რაც არ გაგაჩერებს. თავს არ ვიქებ, მაგრამ ერთადერთი, რითაც დღემდე ვარსებობ, ეგ არის. მაქვს ნებისყოფა იმის, რომ არასდროს გავჩერდე. მე არ ვარ ისეთი ოჯახის შვილი, რომელიც შოუბიზნესის წევრობას მემკვიდრეობით იღებს. ძალიან კარგი ოჯახის შვილი ვარ, უბრალოდ, ჩემი მშობლები ჩემგან განსხვავებული პროფესიის ადამიანები იყვნენ და არ ჰყავდათ სანაცნობო წრე შოუბიზნესში. არც ისეთი ოჯახის შვილი ვიყავი, რომელსაც ბევრი ფული ჰქონდა. ფული კი შოუბიზნესში ბევრ საქმეს აკეთებს. რადგან არცერთი ეს ფუფუნება არ მქონია, ერთადერთი, რამაც დღემდე მომიყვანა, სწორედ ნებისყოფაა. სხვა გზა არც მქონდა. მე ვერასდროს წარმომედგინა თავი სხვა პროფესიაში. კითხვაზე, ვინ უნდა გამოვსულიყავი, ბავშვობიდან ერთი პასუხი მქონდა – მუსიკოსი. ტელეწამყვანადაც ვმუშაობ, მაგრამ მაინც ჩემს სფეროში ვტრიალებ. ამიტომ აუცილებლად უნდა გამომეჩინა საჭირო ნებისყოფა ამ სფეროში თავის დასამკვიდრებლად.
– ფულთან მიმართებით რამდენად იღბლიანი ხარ? არიან ადამიანები, ვისაც ფულის შოვნის „მარიფათი“ აქვთ. მიეკუთვნები მათ რიგს?
– არანაირი „მარიფათი“ არ მაქვს, თუმცა, არც საწუწუნო მაქვს რამე. ღვთის წყალობით, ვმუშაობ და ძალიან ბევრს ვმუშაობ. თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ თითოეული თეთრი, რომელიც მაქვს, რომელსაც ჩემს ოჯახს ვახმარ, ბევრი შრომის შედეგად გამოვიმუშავე. მე არ მქონია „მომენტის ხელში ჩავარდნა“, არც ლატარიაში მომიგია ოდესმე და არც არავის დაუტოვებია ჩემთვის მემკვიდრეობა. მით უმეტეს „მამაძაღლური გზით“ არაფერი შემიძენია. ამიტომ შემიძლია, ჩემს შვილს თავისუფლად ჩავხედო თვალებში. ვიცი, რომ შეერგება, რადგან შრომის შედეგია.
– ოჯახში გამიმართლაო, თქვი. ახლა რამდენად შრომობ ოჯახური ურთიერთობებისთვის?
– შრომა მარტო ფიზიკური არ არის. შრომა ყოველდღიურობაა, ეს ოჯახური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. შესაძლოა, მას სხვა ვერ ხედავს, იმიტომ, რომ ეს შენი ოჯახია, მაგრამ ნამდვილად ასეა. ამიტომაც ჰქვია ოჯახი, ეს არ არის უბრალოდ გასაჩერებელი ადგილი, თორემ ეგეთი შეიძლება, პირუტყვსაც ჰქონდეს. ოჯახი მხოლოდ კედლები და საწოლის ქვეშ დაწყობილი ჩუსტები არ არის. ოჯახი და ოჯახური ურთიერთობები არის ის, რასაც ყველაზე მეტი შრომა სჭირდება. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ მხოლოდ მატერიალურ მხარეს. სახლში პურისა და ყველის მიტანის დონეზე არაფერი ხდება, მაგრამ ერთმანეთის მოფრთხილება და ურთიერთობაზე ზრუნვა ნამდვილად მგონია ყველაზე დიდი შრომა. ხშირად დავაც, მაგრამ კომპრომისები და დათმობა, ბევრი რამის გაძლებაც ქმნის ოჯახს. ვიღაცები ამის გარეშეც ცხოვრობენ ერთად – არც ქორწინდებიან, არც შვილები ჰყავთ და არც პასუხისმგებლობები აქვთ, არაფერია ამაში ცუდი, მაგრამ ეს არ არის ოჯახი. ყველა ისე ცხოვრობს, როგორც უნდა, არავის ვკიცხავ, მაგრამ მე მინდოდა ოჯახი და ისიც მესმის, რომ მისთვის შრომა ყოველდღიურობის ნაწილია. ოჯახში არსებული სიყვარული და ურთიერთპატივისცემა ზუსტად იმ შრომის შედეგია, რომელსაც ყოველდღიურად ეწევი.
სხვათა შორის, არ მიყვარს სიტყვა მეუღლე. არ მინდა, ჩემს მეორე ნახევარს უღელი დავადგა. მიყვარს სიტყვა – ცოლი.
ცოლი და ქმარი – ამ შრომაში ორი ადამიანია ჩაბმული და მიზანი ორივეს და ორივეს მომავლის, ანუ შვილის ცხოვრების გზის გაკვალვაა. ეს არის ცხოვრება, მე ასე ვფიქრობ.
– რამდენად გაგიმართლა ადამიანებში?
– ყველაზე მეტად ადამიანებში გამიმართლა. მე არ გამომიგონებია არაფერი ისეთი, რომ სამყარო გადამეტრიალებინა, არც ნავთობი აღმომიჩენია და არც არაფერი მსგავსი, მაგრამ ადამიანებში ნამდვილად იღბლიანი ვარ. გამიმართლა იმაში, რომ დავიბადე იმ ოჯახში, რომელშიც დავიბადე. ადამიანები ვერ ვირჩევთ მშობლებს და დაბადების ადგილს, აქედან გამომდინარე, ის, რაც შენგან დამოუკიდებელია, ნამდვილად გამართლებაა. მე ძალიან გამიმართლა, იმათ გავუმართლე თუ არა იმედები და მოლოდინები, არ ვიცი, რთული სათქმელია. მიმაჩნია, რომ მე უფრო გამიმართლა მათში, ვიდრე მათ ჩემში. მერე, როცა იზრდები, თვითონ ირჩევ შენს გარემოცვას – მეუღლეს, მეგობრებს და ასე შემდეგ. ძალიან გამიმართლა მეგობრებში, ბედნიერი ადამიანი ვარ მათ გამო. ყველაზე მეტად გამიმართლა ჩემს ცოლში და თუ ეს იღბალთან არის დაკავშირებული, ამ კუთხით, ნამდვილად ძალიან იღბლიანი და ბედნიერი ვარ.
– შეცდომა და ყველაზე გამართლებული ნაბიჯი საკუთარი გამოცდილებიდან…
– ცხოვრებაში იმდენი შეცდომა მაქვს დაშვებული და იმდენ რამეს ვნანობ, ერთს და ორს კი არა, ათს ვერ გამოვყოფ, ეს ჩემგან დიდი სისულელე იქნება. დღევანდელი გადმოსახედიდან, ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებდი სხვანაირად, ადამიანურ ურთიერთობებშიც და პროფესიულ ჭრილშიც. ასეთი ბევრია და მე ვფიქრობ, რომ ცხოვრებაც ეს არის. ადამიანს გაქვს საშუალება, რომ გადადგა იდიოტური ნაბიჯები, მაგრამ გაქვს შანსი იმის, რომ მიიღო ჭკვიანური, გაწონასწორებული და ფრთხილი გადაწყვეტილება. ამიტომაც არ მჯერა ბედისწერის, თავისუფალი ნება გაქვს და თავად ქმნი საკუთარ ცხოვრებას. ხანდახან ბევრ შეცდომას უშვებ, ხანდახან კარგ საქმეებს აკეთებ.
რით ვარ კმაყოფილი? კმაყოფილი ვარ ჩემი ოჯახით. შეიძლება, ვიღაცამ თქვას, ექვს თვეში როგორ დაქორწინდითო?! მე ვთვლი, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს არის ნაბიჯი, რომელმაც დიდი ბედნიერება მომიტანა. სწორად მიმაჩნია ისიც, რომ ჩემი ცხოვრება მუსიკას დავუკავშირე და ამის გამო ბედნიერი ვარ.