როგორი იყო კრისტი ყიფშიძის საზაფხულო არდადეგები, რომელი ქვეყნებიდან დაბრუნდა განსაკუთრებული შთაბეჭდილებებით და როგორ მოახერხა დასვენება – ამაზე თავად მოგვიყვება.
კრისტი ყიფშიძე: არაჩვეულებრივი დრო გავატარე საფრანგეთის სამხრეთით, ქალაქ სენ-ტროპეში, სადაც ჩემი მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად სამეგობროსთან ერთად გავემგზავრე. გოგონები ძალიან დიდ ვილაზე დაგვპატიჟა და კარგად გავერთეთ. ერთკვირიანი დაბადების დღე გამოვიდა და ყოველი დღე ერთმანეთზე უკეთესი იყო. სენ-ტროპე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კურორტია ლუქს კლასის დასვენებისა და გართობისთვის და მეგობრების გარემოცვაში მოსალოდნელზე კარგიც კი აღმოჩნდა.
– აქტიური დასვენება გიყვარს?
– მე ძალიან მიყვარს პასიური დასვენება. მგონია, რომ დასვენება ასეთი უნდა იყოს. დილით რომ მშვიდად გახვალ სანაპიროზე, დღეს ლამაზ და მშვიდ გარემოში გაატარებ და საღამოს, შეიძლება, გასართობად წახვიდე სადმე. სენ-ტროპეში, პირიქით, მთელი კვირა ძალიან აქტიურები ვიყავით, მაგრამ ესეც ძალიან სასიამოვნო იყო, იქიდან საოცრად დადებითი ემოციებით დამუხტული დავბრუნდი.
პასიურ დასვენებას რაც შეეხება, ამისთვის მანამდე კახეთში ვიყავი რამდენიმე დღით წასული. სხვათა შორის, ძალიან მიყვარს უცებ რომ გადავწყვეტ ხოლმე ყველაფრისგან მოწყვეტას და დროის სიწყნარეში გატარებას. თუმცა, ამისთვის აუცილებელი არ არის, სადმე წახვიდე. შეიძლება, სახლშიც მოიწყო მყუდრო და სასიამოვნო გარემო, სადაც განიტვირთები. ხომ შეიძლება, ყოველთვის არ გქონდეს დრო სადმე წასასვლელად, მაგრამ დღის რაღაც მონაკვეთი მაინც გამოყო დასასვენებლად?! მე მაგალითად, მაქვს ეზო, სადაც არაჩვეულებრივად ვისვენებ და ძალიან მიყვარს იქ ყოფნა. საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ საკუთარ სახლში აუცილებლად უნდა შეიქმნა დასვენებისთვის შესაბამისი გარემო.
– სენ-ტროპეში რა იყო კიდევ დასამახსოვრებელი?
სხვათა შორის, სენ-ტროპეში ძალიან ბევრი სასიამოვნო კომპლიმენტი მივიღეთ. რომელ კაფეშიც არ უნდა შევსულიყავით, მოდიოდნენ ქალები თუ მამაკაცები, ნებისმიერი ასაკის ადამიანები და გვეუბნებოდნენ: „თქვენი მაგიდა ყველაზე ლამაზია“, „ყველაზე ცხელი მაგიდა გაქვთ“ და ასე შემდეგ. გვანებივრებდნენ (იცინის).
ყველაფერი ძალიან კარგი იყო, მაგრამ ერთადერთი, რაც ძალიან მეწყინა, ის იყო, რომ გამოფრენის დროს ვირუსი დამემართა. ჩამოვედი თუ არა, ლოგინში ჩავწექი და ერთი კვირა არ ავმდგარვარ.
– ზაფხულის დასაწყისი სად გაატარე?
– ამ ზაფხულს სამჯერ გავედი ქალაქიდან მეგობრების დაბადების დღეების აღსანიშნავად. პირველად ალმა-ატაში ვიყავით და იქაც არაჩვეულებრივი, მართლა ფანტასტიკური დრო გავატარეთ. ძალიან პომპეზური დაბადების დღე იყო და ხუთი დღე არაჩვეულებრივად გავერთეთ. შემდეგ კახეთში, წინანდალში ვიყავი ბიჭოლას საოცარ დაბადების დღეზე და აგვისტოში – საფრანგეთში. წელს დასვენება და მეგობრის დაბადების დღეების აღნიშვნა ერთად გამოვიდა, მაგრამ დაუგეგმავად. საერთოდ არ მიყვარს დასვენების დაგეგმვა და მით უმეტეს, ამაზე წინასწარ ხმამაღლა ლაპარაკი. სამივეჯერ მოულოდნელი და საოცარი შთაბეჭდილებებით სავსე გამოვიდა.
– ზაფხული თუ ზამთარი – რომელი სეზონის ადამიანი ხარ?
– ზაფხული ძალიან მიყვარს. მარტიდან მზე რომ გამოანათებს და ჰაერში გაზაფხულის სუნი დატრიალდება, მე უკვე ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ზაფხულის მოახლოებას ვგრძნობ. თუმცა, წელს დავიტანჯეთ, გადაუღებლად წვიმდა და ძალიან ციოდა. ზაფხული არა და არ დადგა.
თუმცა, ზოგადად, ზაფხულში ყოველთვის კარგი განწყობა მაქვს. ზამთარში მზე და სითბო ისე მენატრება, რომ მაგალითად, იანვარში სიამოვნებით მივდივარ დასასვენებლად მზიან ქვეყნებში და ზაფხულის შეგრძნებებს ვიბრუნებ. თამამად ვიტყვი, რომ მე ზაფხულის ადამიანი ვარ. მირჩევნია, ძალიან მცხელოდეს, ვიდრე მციოდეს. სიცივეს ვერ ვიტან, ამიტომ ზამთარში ძალიან ვითრგუნები. არც ბევრი ტანსაცმლის ჩაცმა მიყვარს.
– ნატალიაზე მინდა, გკითხო. წელს უნივერსიტეტი დაამთავრა და მონაწილეობს სერიალში, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა. რას ნიშნავს კრისტისთვის ეს ყველაფერი?
– ვერც გადმოგცემთ, როგორი მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ჩემთვის. წლები ძალიან მალე გავიდა. ასე მგონია, ახლახან ჩააბარა უნივერსიტეტში, არადა, უკვე დაამთავრა სწავლა. მის ბოლო ზარზე ემოციებისგან ტირილი არ დამიწყია, მაგრამ ბევრიც არ მიკლდა (იცინის). ახლა უნივერსიტეტის გამოსაშვების ღონისძიებას ველოდები, ოქტომბერში აქვთ და ერთი სული მაქვს, როდის იქნება.
ყველაფერი ერთად დაემთხვა: ინსტიტუტი დაამთავრა, 22 წლის გახდა, სერიალში მონაწილეობს და მიხარია, რომ ასეა. სხვათა შორის, ფეხმძიმობიდანვე მქონდა შეგრძნება, რომ ეს ბავშვი მსახიობი იქნებოდა. ალბათ, ბუნებრივიცაა, იმიტომ, რომ ორსულობისასაც ხშირად მიღებდნენ და ნატალიასაც უამრავ გადაღებაში აქვს მონაწილეობა მიღებული – დაბადების დღიდან მოყოლებული დღემდე. ამიტომ, ეს პროცესი ორივესთვის ძალიან ორგანულია. აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტის დამთავრებას უფრო ემოციურად შევხვდი, ვიდრე მის ეკრანზე გამოჩენას, რადგან ამას უკვე მიჩვეულები ვართ. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ნატალია ძალიან დამოუკიდებელი პიროვნებაა.
– რამდენად კარგად ართმევს თავს პასუხისმგებლობებს?
– ძალიან პასუხისმგებლობიანია. სკოლა და უნივერსიტეტი ისე დაამთავრა, მე არ ჩავრეულვარ. ძალიან კარგი მიდგომა მქონდა, გადავწყვიტე, მისთვის ჩემი ზედმეტი ჩარევით ხელი არ შემეშალა. დავალებებს ყოველთვის დამოუკიდებლად უმკლავდებოდა და ამ მეთოდმა ძალიან გაამართლა. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს. არც რეპეტიტორი დახმარებია და არც ვინმე სხვა. მხოლოდ აბიტურიენტობის დროს დაიხმარა რამდენიმე თვით უნარებისა და ისტორიის მასწავლებელი. სხვა ყველაფერს თავად გაართვა თავი. ბეჯითი ადამიანია და ეს ყველაფერში ეხმარება. გადასაღებ მოედანზეც ძალიან მოწესრიგებულია. ცოტა დაგვიანება უყვარს, მაგრამ გადაღებებზე არ აგვიანებს, სადმე თუ მივდივართ, მხოლოდ მაშინ. ესეც იმიტომ, რომ სანამ ყველაფერს არ დაალაგებს, ოთახიდან არ გამოდის.