ულამაზესი ჟურნალისტი მარიამ მაისურაძე ახალი სატელევიზიო სეზონიდან „დილა მშვიდობისა, საქართველოს“ გუნდს შეუერთდა.
მარიამ მაისურაძე: აქამდე შაბათ-კვირის შუადღის ეთერში ვმუშაობდი, თუმცა, არხის გადაწყვეტილებით, ამ სეზონიდან დილის გუნდს შევუერთდი. ჩემთვის ისეთი ისტორიის მქონე გუნდის წევრობა, როგორიც „დილა მშვიდობისა, საქართველოა“ ბევრს ნიშნავს და ვეცდები, ღირსეულად გავართვა თავი ამ პასუხისმგებლობას. საერთოდ, ყველა გადაცემის წამყვანობა დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ დილის გადაცემა კიდევ სხვა ვალდებულებებთან ასოცირდება – მაყურებელი შენი გადაცემით იწყებს დღეს, იქმნის ხასიათს, იღებს ინფორმაციას და ამიტომ ყოველთვის მობილიზებული და ენერგიული უნდა იყო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ საოცარი გუნდის წევრი გავხდი. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს მთავარ პროდიუსერს, ლიკუნა ნოზაძეს და ასევე, ყველა აქ მომუშავე ადამიანს ასეთი მეგობრული დახვედრისთვის.
– მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ჟურნალისტიკაში უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვს…
– კი, ასეა. მეცხრე წელი დაიწყო, რაც ამ სფეროში ვარ და ახლახან გავხდი 27 წლის. ჟურნალისტიკაზე რომ ჩავაბარე, იმ დღიდანვე აქტიური მუშაობა დავიწყე. ჯერ უნივერსიტეტის ტელევიზიაში პატარა გადაცემის წამყვანი ვიყავი, შემდეგ უფრო დიდ ტელევიზიაში საინფორმაციო გუნდის წევრი და მეექვსე წელია, რაც „რუსთავი 2-ის“ გუნდში ვარ.
– დიდი მადლობა. კი, ასე იყო. ექვსი წლის ვიყავი, როდესაც სამოდელო სააგენტოში მიმიყვანეს. უფრო მეტად ფოტომოდელი ვიყავი და სარეკლამო გადაღებებში ვიღებდი მონაწილეობას. უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე და პროფესიას სერიოზულად მოვეკიდე, გადაღებებს იმდენ დროს ვეღარ ვუთმობდი. კარგია ის, რომ ჩემი პროფესია ფოტო თუ სარეკლამო გადაღებებსაც ითვალისწინებს. მოდელობაზე სერიოზულად არასდროს მიფიქრია. ყოველთვის ძალიან მინდოდა, ტელეწამყვანი ვყოფილიყავი, ამიტომ არჩევანიც მარტივად გავაკეთე. თუმცა, მეც, როგორც ბავშვების უმეტესობა, სხვადასხვა დროს სხვადასხვა პროფესიაზეც ვფიქრობდი. ჟურნალისტიკასა და ტელევიზიაში მუშაობაში ყველაზე მეტად სწრაფი ტემპი და აქტიური სამუშაო გარემო მომწონს. შეიძლება, ეს სხვისთვის სირთულეებთან ასოცირდება, მაგრამ ჩემთვის – პირიქით, ძალიან მიმზიდველია.
– შვილის გაჩენიდან რამდენ ხანში მოახერხე სამსახურში დაბრუნება?
– როგორი დედა ხარ?
– არავის ეგონა, თუ ასეთი დედა ვიქნებოდი. თითოეულ დეტალს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. თუ რამე ოდნავ მაინც არ მომეწონა, ძალიან ვნერვიულობ. „პანიკიორ დედებს“ რომ ეძახიან, ზუსტად ეგეთი აღმოვჩნდი. არადა, თვითონაც ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ასეთი ვიქნებოდი. არ მინდა, თავის ქებაში ჩამომერთვას, მაგრამ ვიტყვი, რომ ძალიან მზრუნველი დედა ვარ. შემიძლია, მთელი დღე შვილთან ერთად თამაშში გავატარო და მგონია, რომ ეს ასეც უნდა იყოს. ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
– რატომ არ ელოდნენ, რომ ასეთი იქნებოდი?
– მე და სანდრო ორი-სამი წელი არ ვფიქრობდით შვილის გაჩენაზე. ჩვენი აზრით, ჯერ ახალგაზრდები ვიყავით, გვინდოდა ბევრი გვემოგზაურა, მაგრამ პანდემიამ შეგვიშალა ხელი. თან, ჩემი უახლოესი მეგობრებიდან შვილი არავის ჰყავს და პატარების მიმართ მზრუველი ადამიანის ამპლუაში აქამდე არავის ვყავდი ნანახი. ალბათ, ამიტომაც ჰქონდათ ეს განწყობა. ის, რომ მე და სანდრო რამდენიმე წელი ვფიქრობდით, რომ ჩვენთვის შვილი ადრე იყო, ალექსანდრეს გაჩენისთანავე ვინანე. ახლა ვფიქრობ, რომ წინასწარი განწყობით არასდროს არ ვართ მზად დედობისთვის, მაგრამ შვილის გაჩენის მომენტიდან ზუსტად ვიცოდი, როგორი დედა უნდა ვყოფილიყავი, მივხვდი, რას ნიშნავდა ეს პასუხისმგებლობა და იმ წამიდანვე ვიგრძენი მზაობა. ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ასეთი საყვარელი შვილი მყავს.
– სანდროს და შენ როგორი სიყვარულის ისტორია გაქვთ?
– ჩემი მეუღლე სანდრო კაჭახიძეა, ჩემი თანამშრომელი, „კურიერის“ წამყვანი. ჩვენი ამბავი ერთ-ერთ ტელევიზიაში დაიწყო. მაშინ ორივე სხვა არხის თანამშრომლები ვიყავით. როგორც სანდრო ამბობს, ერთხელ, შემთხვევით კიბეზე დამინახა და ძალიან მოვეწონე. მეც ძალიან მომეწონა ის ბიჭი, რომელიც მაშინ კიბეზე შემხვდა (იცინის). ერთსა და იმავე მომენტზე ვსაუბრობთ. ყველაფერი იქnდან დაიწყო. პირველი ნაბიჯი სანდრომ გადმოდგა. ვერ ვიტყვი, რომ თავიდან მეგობრობით დავიწყეთ, ერთმანეთი მოგვწონდა და შეყვარებულები გავხდით. ეს ყველაფერი კი მალევე გადაიზარდა სერიოზულ ურთიერთობაში. ალბათ, იმიტომ, რომ ორივე სტაბილური ადამიანები ვართ, სერიოზულად ვეკიდებით ურთიერთობებს და ჩვენი ურთიერთობაც თავიდანვე სტაბილური იყო. ერთმანეთი 6 წლის წინ გავიცანით და მეოთხე წელია, რაც ცოლ-ქმარი ვართ.
საინტერესო ის არის, რომ სანდროს დედა და დეიდაჩემი ძალიან ახლო მეგობრები არიან, თუმცა ჩვენ აქამდე ერთმანეთს არსად შევხვედრივართ, არც კი ვიცოდით ერთმანეთის შესახებ. წარმოდგენა არ მქონდა, რომ ის ბიჭი, რომელიც კიბეზე შემხვდა და ძალიან მომეწონა, დეიდაჩემის დაქალის შვილი იყო (იცინის). მერე კი, ერთ დღეს აღმოვაჩინეთ, რომ ოჯახებით ვმეგობრობდით. უცნაურია ისიც, რომ ზღვაზეც ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვისვენებდით, მაგრამ ვერც იქ შევხვდით და ისიც, რომ სანდრო ჩემი ძალიან ახლო მეგობრის მეზობელი იყო და იქაც არასდროს შევხვედრივართ ერთმანეთს (იცინის).
– კარგია მეორე ნახევართან ერთად მუშაობა თუ უფრო რთული?
– ჩვენს შემთხვევაში, ნამდვილად არ არის რთული. პირიქით, კომფორტულია. ჩვენ ერთ ოთახში არ გვიწევს მუშაობა, ორივეს სხვადასხვა მიმართულება და სპეციფიკა გვაქვს. ძალიან კარგია, რომ ტელევიზიაში მყავს ადამიანი, რომელსაც შემიძლია, ბოლომდე დავეყრდნო, ვენდო და მისი იმედი მქონდეს. ტელევიზია ისეთი სფეროა, სადაც გვერდით გულწრფელი ადამიანის ყოფნა ძალიან ბევრს ნიშნავს. მე მისი იმედი ყოველთვის მაქვს. მიუხედავად განსხვავებული სამსახურებისა, ერთმანეთის ეთერებს მუდმივად ვუყურებთ და რჩევებსაც ვაძლევთ. ტელევიზიის მუშაობის სპეციფიკა განსხვავებულია და ძალიან დიდი კომფორტია, როდესაც შენს მეორე ნახევარს ეს ზუსტად ესმის. სულ ვამბობ ხოლმე, ჩემ გვერდით რომ იყოს ადამიანი, რომელიც ტელევიზიაში არ მუშაობს და ამ საქმის სპეციფიკა არ იცის, ძალიან გაუჭირდება ჩემი რეჟიმის გაგება-მეთქი.