მსახიობი ანი ტყებუჩავა „სამზარეულოს ომების“ ახალი ვარსკვლავური სეზონის ერთ–ერთი მონაწილეა. ვნახოთ, როგორია მისი განწყობა და როგორ ახერხებს ძალიან ბევრი საქმის შეთავსებას.
ანი ტყებუჩავა: საერთოდ, მიჭირს გადაწყვეტილების სწრაფად მიღება. ამჯერადაც ძალიან ბევრი ვიფიქრე. არ მაქვს იმდენი დრო, რომ ექსპერიმენტები ვატარო, შოუებში მივიღო მონაწილეობა და ასე შემდეგ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გუნდი, რომელიც ამ პროექტზე მუშაობს ძალიან მიყვარს და პროექტიც საინტერესოა, დავთანხმდი. აქამდე მხოლოდ მისი მაყურებელი ვიყავი და ახლა ვნახოთ, რა გამოვა.
სიახლეებს ნერვიულობა ყოველთვის ახლავს, მაგრამ რადგან ეს საქმე ჩემს პროფესიასთან არანაირ კავშირში არ არის, იმის ფიქრი – „ვაიმე არ შევრცხვე“, არ მაქვს (იცინის). ვაპირებ, რომ დანარჩენ მონაწილეებთან ერთად გავერთო და ბევრი გემრიელი კერძის მომზადება ვისწავლო, რომლითაც შემდეგ ჩემს მეგობრებს გავუმასპინძლდები. აზარტს და თამაშის სპეციფიკას ღელვა მაინც ახლავს, მაგრამ ამ შემთხვევაში მაქსიმალურად შევეცდები, სიამოვნება მივიღო. არ ვფიქრობ იმაზე, რომ ხალხი უნდა გავაოცო ან რაღაც სასწაულები ვაკეთო (იცინის).
– როგორი კულინარი ხართ?
– დიასახლისის დონეზე – ნორმალური. მიყვარს ექსპერიმენტები. ოჯახი ინტერნეტში ვნახულობთ ხოლმე რეცეპტებს, ზოგჯერ კარგი გამომდის, თუმცა კრახებიც მქონია. ოჯახი, ძირითადად, კმაყოფილია. როცა უკვე გამოცდილი დიასახლისი ხარ, იცი, შენს ოჯახში ვის როგორი გემო მოსწონს და როგორი არა. ბოლო დროს ბავშვებს ძალიან მოსწონთ იტალიური და ქართული სანელებლები, ბურგერების სახლში ჭამაც დაიწყეს. არის რაღაცები, რაც ისე არ უყვართ, მაგრამ მათ საყვარელ საკვებში, თუნდაც ბურგერში, თუ გავურევ, უკვე მისაღებია. დედაჩემია ძალიან ყურადღებიანი სეზონური ხილის მიმართ და ყოველთვის ცდილობს, ბავშვებმა ყველაფერი მიიღონ. მეც ვცდილობ, ასე მოვიქცე. სამწუხაროდ, დღეს ჩვენთან ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა ძალიან რთულია. გარემოც ძალიან დაბინძურებულია და ნატურალური და ჯანსაღი პროდუქციაც იშვიათია. მაგალითად, ჩვენ ძალიან გვიყვარს სიმინდი და სეზონზე ხშირად ვამზადებთ. ერთ დღეს ისეთი სურნელი დადგა, მთელ სახლს მოედო და მაშინ გაგვახსენდა ნამდვილი სიმინდის გემო და სურნელი. გული დაგვწყდა, რომ მხოლოდ ერთხელ შეგვხვდა ასეთი და დანარჩენ ცხრა შემთხვევაში, დიდი ალბათობით, გენმოდიფიცირებული იყო. თუმცა, სურვილი და მცდელობა, რომ ჯანსაღად ვიკვებოთ, რაც დრო გადის, უფრო იმატებს და მიუხედავად იმისა, რომ გარემო ამის საშუალებას ნაკლებად გვაძლევს, მაინც ვფიქრობ, რომ მცდელობა არ უნდა დავაკლოთ.
– რა არის ანის საფირმო კერძი, რითაც მეგობრებს უმასპინძლდება ხოლმე?
– დედაჩემი ძალიან ხშირად აკეთებს ღომს და ხარჩოს, იმიტომ რომ საოცრად გვიყვარს. პირადად მე ღომი მარტო უფრო მიყვარს, კიდევ – თევზთან ან ქათამთან ერთად, ჩემს ოჯახს კი – ხარჩოსთან. საერთოდ, რამე რომ მოგვეწონება ხოლმე, ყოველთვიურ მენიუში ვსვამთ. ხშირად ვიყენებ მეგრულ საკმაზებს, მაგრამ არა ცხარეს. როცა ჩემთან მეგობრები მოდიან, მთხოვენ ხოლმე, რომ თევზი და მჭადები მოვამზადო. კიდევ პასტას ვაკეთებ ძალიან კარგად და მართლა ყველას მოსწონს. ბოლო დროს, სუფრის ასეთი ტრადიცია დავამკვიდრეთ – ერთი მთავარი კერძი, ყველის დაფა, ჩირი, თაფლი – ეს ყველაფერი ძალიან უხდება ღვინოს და სნექები. რაც მთავარია, აუცილებლად ბევრი ბოსტნეული. ბოსტნეულისა და ხორცის ბალანსი გვაქვს ხოლმე.
– დღესასწაულებს უფრო ხშირად ოჯახში აღნიშნავთ თუ რესტორანში ან სხვაგან?
– რესტორანში, ძირითადად, სასადილოდ ან სავახშმოდ გავდივართ, განსაკუთრებულ თარიღებში – ნაკლებად. დაბადების დღე იქნება, ახალი წელი თუ აღდგომა, სახლში ვიკრიბებით და სტუმრებსაც შინ ვიღებთ. სახლი რომ შევიძინეთ, მე და ჩემმა მეუღლემ დავთვალეთ ჩვენი ოჯახის წევრები და რამდენიც ვიყავით იმდენ კაციანი მაგიდა შევუკვეთეთ.
– სერიალი, ეს შოუ, დილის ეთერი – ბევრმა საქმემ მოიყარა თავი ერთად…
– ასეთ შოუებს ძალიან დიდი დრო სჭირდება. ბუნებრივია, რომ ჩაწერები იმაზე დიდხანს მიმდინარეობს, ვიდრე ეთერში გადაცემას ვხედავთ. ასევეა სერიალი. ახლა ჩემს ცხოვრებაში არის „ჩემი ცოლის დაქალები“, დილის ეთერში – რუბრიკა, რომელსაც მე ვუძღვები, თეატრი და შესაბამისად, სპექტაკლები გორში და ამ ყველაფერს დაემატა „სამზარეულოს ომები“. ოთხივე დიდ ყურადღებას ითხოვს. ოჯახს რამდენიც სჭირდება, ამაზე საუბარს აღარ გავაგრძელებ (იცინის). ჩემი პატარა გოგო – თაია, წელს პირველკლასელია მასაც დიდი მხარდაჭერა სჭირდება. ბოლო წლებში ძალიან ცოტა რამეს თუ ვთანხმდებოდი, მხოლოდ იმას, რაც მართლა ბევრს შემმატებდა. სხვანაირად არ მიღირდა, რომ ჩემს პროფესიასა და ოჯახს მოვკლებოდი. ეს არ ნიშნავს, რომ იდეალური დედა ვარ, ჩვეულებრივი ვარ, დადებითი და იმედი მაქვს, ნაკლები უარყოფითი თვისებებით. ბავშვებიც უკვე დიდები არიან და ალბათ, ამანაც განსაზღვრა მეტი თავისუფლება.
– თეატრი როგორ დაბრუნდა?
– თეატრში ბოლო სპექტაკლი მანამდე ვითამაშე, სანამ „ჩემი ცოლის დაქალები“ დაიწყებოდა. სეზონი ზაფხულის თვეში დავხურეთ და შემოდგომაზე სერიალიც დაიწყო. უკვე 12 წელია, სერიალის გადაღებები მიდის.
ყველა ჩემი გულშემატკივარი მეუბნებოდა, თეატრში აუცილებლად უნდა იყო და თუკი შემოთავაზება იქნება, უარი არ თქვაო. ყველას ვპატიჟებ გორის ერისთავის სახელობის თეატრში. სპექტაკლები ანშლაგით მიდის. ნანუკა ხუსკივაძემ დადგა კამიუს „გაუგებრობა“ და კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვისთან ერთად აკეთებ საყვარელ საქმეს. ჩემთვის აქვს მნიშვნელობა კარგ ადამიანებთან ურთიერთობას. ქასთი, რომელიც ამ თეატრში შემხვდა ძალიან დიდ გამართლებად მიმაჩნია, ნანუკაზე კი საუბარიც ზედმეტია.
– მაკა ძაგანიამ დადო სერიალის მსახიობების ფოტო „ფეისბუკზე“, წერდა – მეგობრობა, რომელიც რეალურ ცხოვრებაში გადაიზარდაო. ასეა?
– „გაჩკა“ (ნინო გაჩეჩილაძე) არის ის ადამიანი, რომელიც სულ ამბობდა: წავიდეთ, რა, სადმე, წავიდეთ რა! სერიალში გოგოები ხომ სულ კაფეში ვიკრიბებით და ვიცინოდით ხოლმე, ერთხელ ჩვენც წავიდეთ და დავსხდეთ კაფეშიო. კადრიდან კადრზე გადაწყობისას იმდენს ვლაპარაკობთ ხოლმე, ვერ გვაჩერებენ (იცინის). მაკას უსაყვარლესი ბიჭი, ჩემი შვილის – ნენეს, დაბადების დღეზე დავპატიჟე და სახლში რომ წავიდნენ, ნენე მეუბნება, ვაიმე, ბურთებს გვესროდა თავშიო. მაკასთვის ბავშვს უთქვამს: დედა, მოდი, იმ პერანგს ჩავიცვამ სკოლისთვის რომ ვიყიდეთ, ტორტი ვიყიდოთ და ნენესთან მივიდეთ, „ტყებოს“ შვილი ნენე, „კრასავიცა“ არისო (იცინის). ვხუმრობდი, მგონი, დასანიშნად მოდიოდა-მეთქი. მაკაც ხშირად გვეპატიჟება თავისთან აგარაკზე და როცა ვახერხებთ, სიამოვნებით ვსტუმრობთ. ამდენი წელია, ურთიერთობა გვაქვს მთელ გუნდს და ვცდილობთ, ეს ყველაფერი ლაღი იყოს. და, რა თქმა უნდა, ყოჩი, რომელიც ჩემი პირველი დაქალია მთელი სერიალის განმავლობაში და უახლოესი მეგობარი. როდესაც ეს სერიალი დაიწყო, მე ოჯახი არ მქონდა, ის დაქორწინებული იყო და ბავშვებთან ურთიერთობის გამოცდილებაც ჰქონდა, რითაც მეც ძალიან მეხმარებოდა. ხელი ჩავკიდეთ და უსიტყვოდ შევთანხმდით, რომ არ უნდა გვეღალატა ერთმანეთისთვის, სერიალისთვის და ჩვენი მაყურებლისთვის. ძალიან დიდი გამართლებაა, ამდენი ხანი რომ ამ სერიალში ვართ. ამის გამო მადლობელიც უნდა იყო და ამ ყველაფრის დაფასებაც უნდა შეგეძლოს.
– ამასობაში ნამდვილ ოჯახს ათი წელი შეუსრულდა.
– კი და ჩემმა მეუღლემ, როგორც იქნა, ათი წლის თავზე, დამიმონტაჟა ჩვენი ჯვრისწერის მოკლე ვიდეო. ათი წელი დასჭირდა ამას (იცინის). შინაურს რომ არ ინდობ, ის ამბავია. ისე მილოცავდნენ, მგონი, ბევრს ეგონა, რომ ახლა დავიწერე ჯვარი. ვერ მიხვდნენ, რომ ახლა საერთოდ სხვა ასაკში ვარ, ზოგმა მითხრა, მეგონა, ფილტრი გედოო. კარგია, თუ ასაკის მატება ძალიან არ მეტყობა (იცინის). ბავშვებს ძალიან მოეწონათ, მაგრამ კაბას უფრო პომპეზურს ელოდნენ და დავამშვიდე, ეგეთიც მეცვა-მეთქი, რომ იმედი არ გაცრუებოდათ (იცინის).
– 10 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ თანახმა ვარო, წერდით. რა განაპირობებს ამას?
– ჩვენც გაგვივლია ზღვარზე, ალბათ, მწვავე შეცდომებსაც ვუშვებთ, მაგრამ მთავარია, სურვილი, გქონდეს ოჯახი, შეგეძლოს სიყვარულის გაფრთხილება და ზრუნვა ამ ურთიერთობაზე. ჩვენ გვინდა ერთად ყოფნა, გვიყვარს ერთმანეთი და ვზრუნავთ ჩვენს ურთიერთობაზე.