ყველასთავის საყვარელი მომღერალი ნათია ქოროღლიშვილი საკუთარი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ საინტერესო ამბებს გვიყვება.
ნათია ქოროღლიშვილი: ბავშვობა, ალბათ, ყველა ადამიანს უყვარს, მაგრამ ჩემი ბავშვობა მართლა განსაკუთრებული იყო. ისეთ პერიოდში გავიზარდე, როცა ძალიან გვიჭირდა, მაგრამ ჩვენს ოჯახში სულ ცეკვა და სიმღერა იყო. მამა ლოტბარი გახლდათ, სხვადასხვა ასაკის გუნდი ჰყავდა და ოჯახისთვისაც არასდროს ეზარებოდა სიმღერა. ერთ ინსტრუმენტს რომ დადებდა, მეორეს იღებდა და ჩვენს ოჯახში მუდმივად მხიარულება იყო. მეც ბაღის ასაკიდან ვმღერი და ვცეკვავ.
– სიმღერა როდის დაიწყეთ?
– სხვათა შორის, ბაღში არ მამღერებდნენ. სკოლაში რომ მივედი, „პირველი არხიდან“ ჩამოვიდნენ და მახსოვს, მაშინ შევასრულე ფანდურზე „თუ ასე ტურფა იყავი“. იმ პერიოდში მხოლოდ ერთი ტელევიზია იყო და იქ გამოვჩნდი, მერე გაზეთშიც გამოაქვეყნეს ჩემი ფოტო და უცებ ძალიან პოპულარული ბავშვი გავხდი. ამიტომ ვამბობ, რომ არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა. სულ სიმღერასა და ცეკვა-თამაშში ვატარებდი დროს. მშობლებიც იმდენად შეჩვეულები იყვნენ, რომ უნდა მეცეკვა და მემღერა, რომ აღარ მთხოვდნენ მაინცდამაინც ხუთებზე მესწავლა.
– ცეკვასა და სიმღერას შორის არჩევანის გაკეთება რთული იყო?
– დღემდე არ ვიცი, რომელი უფრო მიყვარს. საკუთარ თავზე ასე საუბარი ცოტა უხერხულია, მაგრამ მგონია, რომ კარგად ვცეკვავდი და ვეღარ გამეგო, რომელს გავყოლოდი. 16 წლის რომ ვიყავი, თენგიზ სუხიშვილმა მითხრა, სკოლას რომ დაამთავრებ, ჩემთან წაგიყვანო. წარმოიდგინეთ, ეს რამდენს ნიშნავდა. თუმცა, მაშინ ძალიან გაჭირვებული და ცოტა საშიში პერიოდიც იყო. თბილისში ჩვენ სახლი არ გვქონდა და ნათესავთან უნდა მეცხოვრა. ვერ გარისკეს ჩემებმა ამ ასაკში მარტო რომ გამოვეშვი დიდ ქალაქში. ფინანსურადაც ხელმოკლედ ვიყავით და გადაწყდა, რომ სახლში უნდა დავრჩენილიყავი. მალე გავთხოვდი კიდეც. ოჯახი რომ შევქმენი, 16 წლის ვიყავი.
– საკმაოდ პატარა ყოფილხართ.
– ახლა რომ ვუფიქრდები, გული მისკდება, როგორ გადავდგი ეს ნაბიჯი და ოჯახშიც როგორ დამთანხმდნენ, არ ვიცი. მე და ჩემი მეუღლე 23 წელია, ერთად ვართ. გიორგის რვა წელი ვუყვარდი მანამ, სანამ ცოლად გავყვებოდი. ფაქტობრივად, მესამე კლასიდან. ისიც კახელია, მეზობელ უბნებში გავიზარდეთ. რომ ვმღეროდი, ვცეკვავდი და ყველა მიცნობდა, ალბათ, ამის დამსახურება იყო (იცინის). მერე მეც შემიყვარდა და გადავწყვიტე, გავყოლოდი. არც ოჯახი ყოფილა წინააღმდეგი. გიორგის ოჯახს იცნობდნენ და რადგან ერთმანეთი გვიყვარდა, ალბათ, იფიქრეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ პატრონს ჩამაბარებდნენ. მაშინ, ხომ იცით, სხვა დრო და სხვა დამოკიდებულებები იყო.
– მომავალი მეუღლე როგორ ცდილობდა სიყვარულის გამოხატვას?
– ყვავილების გამოგზავნა, ყურადღება და თუნდაც, ელემენტარული რაღაც ამ ასაკში ძალიან ძვირფასია. მეუღლის ოჯახს ტკბილეულის მინი ქარხანა აქვს და ჩემი სიყვარულით მთელი ჩემი კლასი დაპურებული იყო ამ ტკბილეულით (იცინის). ჩემს ახლობლებსაც უგზავნიდნენ და მოკლედ, მომაწონა და შემაყვარა თავი (იცინის). თვითონაც არ იყო დიდი, ჩემზე ორი წლით უფროსია. ახლა უკვე დიდი შვილები გვყავს. გოგო 22 წლისაა და ორი წელია, დაქორწინებულია. ბიჭი 18-ისაა.
სხვათა შორის, ვისწავლე კიდეც საგუნდო-სადირიჟოროზე, მაგრამ უკვე ფეხმძიმედ ვიყავი და ძალიან ვწვალობდი. მერე კრუხს მეძახდნენ, რადგან ძალიან ეგოისტი დედა აღმოვჩნდი (იცინის). ჩემს შვილს ხელში დედამთილ-მამამთილსაც კი არ ვაჭერინებდი. არ ვიცი, რა დამემართა. ახლა ბავშვი რომ მყავდეს, ოღონდ ვინმემ დამიჭიროს, ამას რა აჯობებს, მაგრამ მაშინ რა მჭირდა, ვერ გეტყვით (იცინის). მე თვითონ სრულიად ბავშვმა სხვისი დახმარების გარეშე გავზარდე ორი შვილი.
– სატელევიზიო პროექტით კიდევ ერთხელ გახდით პოპულარული. ალბათ, ოჯახიც გვერდით დაგიდგათ.
– ძალიან. თავიდან დიდად არ უნდოდათ, რომ მემღერა. იცოდნენ, რასაც წარმოვადგენდი, მაგრამ ფიქრობდნენ, რომ ბავშვებს ავიყვანდი და პედაგოგობით დავკავდებოდი. მეც არ ვიცი, რა დამემართა, მაგრამ ეს ცეკვასა და სიმღერაზე გაგიჟებული ადამიანი, ამაზე თანახმა ვიყავი (იცინის). ცოტა დრო რომ გავიდა და ბავშვები წამოვზარდე, ვიგრძენი, რომ მიჭირდა. ოჯახისა და მეგობრებისთვის ყოველთვის ვმღეროდი, მაგრამ ეს ხომ დიდ სცენაზე არ ხდებოდა?! ვგრძნობდი, რომ ამის გარეშე კარგად არ ვიყავი, მეგონა, ვიხრჩობოდი. ეს ჩემმა მეუღლემაც შემატყო. თან, გიორგის მართლა ძალიან უყვარს ჩემი სიმღერა. ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, ჩემი პირველი მსმენელია. თვითონაც კარგად მიხვდა, რომ ამის გარეშე მოვკვდებოდი (იცინის). მითხრა, სცადეო. „ჯეოსტარში“ ჩემი მულის დამსახურებით გავედი, მან არ მომცა უარის თქმის საშუალება.
– ახლა რამდენად აქტიური ხართ შემოქმედებითი თვალსაზრისით?
– იმავე წელს თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად. პროექტის შემდეგ ძალიან ბევრი შემოთავაზება მქონდა, როგორც მომღერალს და კახეთიდან მიჭირდა სიარული. ამიტომ სახლი შევიძინეთ და გადმოვედით. ოჯახმა მხარი დამიჭირა, მეუღლემ ყველანაირად შემიწყო ხელი, თვითონაც აქეთ იპოვა საქმე. ახლა რესტორანში ვმღერი ყოველდღე. პარალელურად, არის კორპორაციული საღამოები, ქორწილები და სხვადასხვა ღონისძიება. გარდა ამისა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვმუშაობ, მიწვეული მსახიობი ვარ. სიმღერის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია და ბედნიერი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა მაქვს.
– მამაზე ვისაუბროთ. ერთი წელი გავიდა მისი გარდაცვალებიდან…
– მამა შედარებით გვიან, 37 წლის ასაკში დაქორწინდა. ერთი წლის წინ დავკარგე, 80 წლის იყო, მაგრამ ჩემზე და ჩემს ძმაზე ყოჩაღად გამოიყურებოდა. ისეთი აქტიური იყო, ვერაფრით წარმოვიდგენდით ამას, მაგრამ კოვიდმა დაანგრია. ეს ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეული იყო. თითქოს უხილავი ძაფებით ვიყავით გადაბმული. მე ყველაფერი მან მასწავლა. სიმღერაზე აღარაფერს ვიტყვი, ეგ კი არა, სკოლაში მშობელთა კრებებზეც კი მამა დადიოდა, რადგან დედა მუშაობდა. მახსოვს, მკითხავდნენ ხოლმე, დედა გარდაცვლილი გყავს, მამა რატომ დადის კრებაზეო?! ახლა ეს არავის გაუკვირდება, მაგრამ ჩემს ბავშვობაში მამები იშვიათად დადიოდნენ მშობელთა კრებაზე. თავის კონცერტებზეც სულ თან დავყავდი და საერთოდ, განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. ინსულტი დაემართა. ჩემმა ძმამ დამირეკა და წავედი. დედას უთქვამს, რომ გზაში ვიყავი და მელოდა. რეანიმაციაში არ მიშვებდნენ, მაგრამ რა გამაჩერებდა, რა თქმა უნდა, შევედი და მადლობა ღმერთს, მოვახერხე ჩემს მამიკოსთან დამშვიდობება.