რატომ გადაიფიქრეს ერთ თვეში ნუცა ქირიამ და აჩიკო ნიჟარაძემ ამერიკაში ცხოვრება და როგორ გააოცა ყველა მათმა გადაწყვეტილებამ

ნუცა ქირია „ტვ-იმედზე“ შაბათ-კვირის დილის გუნდის წევრი გახდა. ნუცა მაყურებელმა, დაახლოებით, ერთი წლის წინ პროექტ „მიმღერედან“ გაიცნო, სადაც ის მეუღლესთან, მომღერალ აჩიკო ნიჟარაძესთან ერთად მონაწილეობდა.

ნუცა ქირია: ეს შემოთავაზება ძალიან მოულოდნელი იყო და გადაწყვეტილებაც უცებ მივიღე.

– რამდენად ემოციური ხარ ასეთ მომენტებში?

– ძალიან ემოციური ვარ, მაგრამ გამოხატვა მიჭირს და გულში ვიკლავ ხოლმე. საერთოდ სახალხოდ გამოჩენა დიდად არასდროს მიყვარდა. შარშან დაიწყო „იმედზე“ პროექტი „მიმღერე“ და მეც მისი ერთ-ერთი მონაწილე გავხდი, ეს იყო ჩემი მხრიდან პირველი ნაბიჯი, რომელიც საჯაროობისკენ გადავდგი. ძალიან წინააღმდეგი ვიყავი, არ მინდოდა ეს გამეკეთებინა, მაგრამ რეალურად ყველაფერი ამ პროექტს მოჰყვა. ამიტომ, დღეს უკვე ძალიან მიხარია, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე. ამის წყალობით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ძალიან შეიცვალა ჩემი ცხოვრება. შეიძლება ითქვას, ეს წელი ჩემთვის გარდამტეხი აღმოჩნდა. ახალი და ძალიან საინტერესო ეტაპი დაიწყო და იმედი მაქვს, უფრო და უფრო საინტერესო გახდება.

– როგორ დაიწყო ეს ამბავი?

– ცოტა ხნის წინ, ჩემს დაბადების დღეზე, როცა სტუმრების მისაღებად ვემზადებოდი, „იმედის“ შაბათ-კვირის დილის პროდიუსერმა დამირეკა და პირდაპირ მითხრა, ახალ გადაცემას ვიწყებთ და გვინდა, ჩვენი წამყვანი იყოო. რა თქმა უნდა, გავგიჟდი სიხარულისგან. სატესტო გადაღებამაც კარგად ჩაიარა და მითხრეს, დღეიდან ჩვენი გუნდის წევრი გახდიო. საოცრად ბედნიერი ვიყავი. ამ ჯგუფს ვიცნობდი, რადგან „მიმღერედან“ გამომდინარე, არაერთხელ ვყოფილვართ სტუმრად სხვადასხვა გადაცემაში და ალბათ, ეს გახდა ამ ყველაფრის წინაპირობა.

– ოჯახი რას ამბობს – მეუღლე და შვილები ყურადღების ნაკლებობას ხომ არ უჩივიან?

– ეს წლები მთლიანად ოჯახური საქმეებით ვიყავი დაკავებული. დიასახლისის ფუნქცია სრულად მქონდა ათვისებული. ახლა, მიუხედავად იმისა, რომ თემებზე მუშაობა მთელი კვირა მიდის, იმის გამო, რომ კვირაში მხოლოდ შაბათ-კვირას მიწევს დილის ეთერში ჯდომა, გრაფიკი არ არის იმდენად დატვირთული, რომ მთლიანად მოვწყდე ოჯახს და ეს ჩემთვის ძალიან კომფორტულია. ასე რომ, ჯერჯერობით ოჯახიც არ განიცდის დანაკლისს (იცინის).

– თქვი, ემოციური ვარ, მაგრამ გამოხატვა მიჭირსო. ოჯახურ ურთიერთობებშიც ასეთი ხარ?

– ზოგადად, თბილი ვარ, მიყვარს საყვარელი ადამიანების ჩახუტება და მოფერება, შვილების მიმართაც განსაკუთრებულად გამოვხატავ სიყვარულს, მაგრამ ადრე ცოტა სხვანაირი ვიყავი. არ ვიცი, კომპლექსი იყო თუ რა, მაგრამ ჩემი მეგობრები სულ მეუბნებოდნენ ხოლმე: ნუცა, ვერ ვხვდებით, როდის გწყინს და როდის გიხარია, ძალიან ინდიფერენტული ხარო. ამან იმდენად შემაწუხა, მივხვდი, რომ ჩემს თავზე უნდა მემუშავა, ამიტომ დღემდე ვცდილობ, შევიცვალო. დედაც მეუბნებოდა ხოლმე, ბავშვობიდანვე რაც არ უნდა გაგვეკეთებინა, დაბადების დღე იქნებოდა თუ სხვა დღე, რა სიურპრიზიც არ უნდა მოგვეწყო, რეაქცია არ გქონდაო. მოკლედ, ვმუშაობ ამაზე და ახლა მგონია, რომ ცოტა შევიცვალე უკეთესობისკენ (იცინის). როცა ადამიანი შენ მიმართ სიყვარულს გამოხატავს, შენც იგივე უნდა დაუბრუნო. ამიტომ ვფიქრობ, ცუდი თვისება მქონდა, რასაც მოვერიე.

– შეყვარებულობის დროს აჩიკო არ გსაყვედურობდა ამის გამო?

– კი, მაგრამ ნელ-ნელა შევიცვალე (იცინის). ემოციები შიგნით მქონდა, მაგრამ გამოხატვა მიჭირდა. უფრო სწორად, მეგონა, რომ მემჩნეოდა, მაგრამ თურმე ასე არ ყოფილა (იცინის). ჩემს ცვლილებაში ყველაზე დიდი როლი დედობამ ითამაშა.

– სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, ზაფხული როგორი იყო?

– ძალიან განსხვავებული. მე და აჩიკოს გადაწყვეტილი გვქონდა, ჩვენს შვილებთან ერთად ამერიკაში წავსულიყავით და რამდენიმე წელი იქ გაგვეტარებინა. ამას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვგეგმავდით. იქ გვინდოდა საცხოვრებლად გადასვლა და ფეხის მოკიდება. ჯერ ვიზაზე იყო პრობლემები. ჩვენ გვქონდა, მაგრამ ჩვენს პატარას – არა. როგორც იქნა, ესეც და სხვა პრობლემებიც მოვაგვარეთ და წავედით. თავდაპირველად, გადაწყვეტილი გვქონდა, რომ მინიმუმ ორი წელი იქ უნდა გვეცხოვრა. ბავშვებს სკოლაში ევლოთ, გვემუშავა და ასე შემდეგ, ყველაფერი დაგეგმილი გვქონდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, აბსოლუტურად სხვა სამყაროში მოვხვდით. იქ მანამდეც ვიყავით ნამყოფი და ასე თუ ისე რაღაც წარმოდგენები გვქონდა, მაგრამ როდესაც ბავშვებით მიდიხარ, როცა უკვე სახლიც გაქვს და სამსახურიც, სულ სხვა ყოფილა. თავიდან ხომ ორ წელს ვგეგმავდით, მაგრამ ერთი თვის თავზე აჩიკომ მითხრა, მგონი ორი წელი ძალიან ბევრია და მოდი, ერთ წელიწადში წავიდეთო. მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. შემდეგ ექვს თვეზე ჩამოვედით, ბოლოს კი გადავწყვიტეთ, ბილეთები გვეყიდა და მეორე თვის ბოლოს წამოვსულიყავით (იცინის). ასე დასრულდა ჩვენი ცხოვრება ამერიკაში. ჩვენი ამერიკული ოცნება სულ რაღაც ორთვიანი აღმოჩნდა.

– არადა, ალბათ, რამდენი ძალისხმევა ჩადეთ…

– მართლა ძალიან ბევრი, მაგრამ მივხვდით, რომ არანაირი მატერიალური კეთილდღეობა არ გვიღირდა ამად. გამოვიდა, რომ შორს უფრო ხვდები შენი ქვეყნის ფასს, მეგობრებისა და ოჯახის გვერდით ყოფნის მნიშვნელობას. მეგობარი იქაც ბევრი გვყავს, მაგრამ მაინც სულ სხვა გარემოა. ჯერ იმდენი დროც არ იყო გასული, რომ უზომო მონატრება გვეგრძნო, მაგრამ რომ წარმოვიდგინეთ, რომ ეს დღე აუცილებლად დადგებოდა, მივხვდით, რომ არ გვიღირდა. აქაურობის გარეშე ვერ ვიცხოვრებდით, ეს ძალიან მალე გავაცნობიერეთ და დავბრუნდით კიდეც საქართველოში. იქ ჩვენს შვილებს ისეთ სიყვარულით სავსე გარემოს ვერ მივცემდით, როგორიც აქ აქვთ. დავბრუნდით თუ არა, ასეთი ცვლილება მოხდა ჩემს ცხოვრებაში და მგონი, კარგის ნიშანია (იცინის).

– ალბათ ყველა გაოცდა თქვენი გადაწყვეტილების გამო.

– ვერავინ მიხვდა, რა ვქენით და რატომ (იცინის).