დემნა გვასალიას ქონება $50 მლნ-ს შეადგენს

2023 წლის მონაცემებით, Balenciaga-ს შემოქმედებითი დირექტორის, წარმოშობით ქართველი მოდის დიზაინერის, დემნა გვასალიას ქონება $50 მლნ-ს შეადგენს.

ამის შესახებ ინფორმაციას Investor Times-ი წერს.

მათი თქმით, დიზაინერის წარმატება მისი უზარმაზარი ნიჭისა და მოდის სამყაროში დიდი გავლენის დასტურია.

“დემნა გვასალიამ ერთგვარი რევოლუცია მოახდინა მოდის ინდუსტრიაში, ის ე.წ. „უშნო მოდის“ დამკვიდრების ერთგვარ ინიციატორად ითვლება.

მისი არატრადიციული მოდელები დიდი სილუეტითა და გაზრდილი პროპორციებით გამოირჩევიან და სილამაზის ტრადიციულ გაგებას და მოდაში ელეგანტურობის აღქმას უპირისპირდებიან.

დემნამ წაშალა ზღვარი ქუჩის მოდასა და მაღალ მოდას შორის, რამაც მთელ მსოფლიოში საკულტო მიმდევრები გაუჩინა Balenciaga-ს და თავად დიზაინერს.

დემნა გვასალია თავისი კარიერის მანძილზე თანამშრომლობდა სხვადასხვა ბრენდებთან და არტისტებთან, მათ შორის Reebok-თან, Canada Goose-თან და Levi’s-თან. დემნა გვასალიას უნარმა შეეთავსებინა თავისი უნიკალური ესთეტიკა საკულტო ბრენდებთან განაპირობა ის, რომ ეს კოლექციები ძალიან მოთხოვნადი და კომერციულად წარმატებული გახდა.

მსოფლიო აღიარების მოპოვებამდე, დემნა გვასალია სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ანტვერპენის სამეფო აკადემიაში.

ხელმძღვანელობდა Maison Martin Margiela-სა და Louis Vuitton-ის გუნდებს. ამას გარდა, ხელმძღვანელობდა H&M & Margiela-ის კოლაბორაციას.

შემდეგ Louis Vuitton-ის კრეატიული დირექტორ მარკ ჯეიკობსისგან მიიღო შეთავაზება, მაგრამ მაღალი ანაზღაურების და კარგი პირობების მიუხედავად, გვასალიას Louis Vuitton-ში მუშაობა არ მოეწონა და თავის ძმასთან, გურამთან ერთად შექმნა ბრენდი Vetements-ი (ფრანგულად „ტანსაცმელი“).

2015 წლის ოქტომბერში დემნა Balenciaga-ს შემოქმედებით დირექტორად დაინიშნა. 2019-ში კი ოფიციალურად დატოვა Vetements-ი. რის შემდეგაც Vetements-ის შემოქმედებითი დირექტორი გურამ გვასალიაა“, – წერს გამოცემა.