კახა მიქიაშვილის უცნობი მხარე
– ვინ არის კახა მიქიაშვილი?
კახა მიქიაშვილი: ერთი ჩვეულებრივი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული ადამიანი.
– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
– მეოცნებე ადრე უფრო ვიყავი, ახლა – ნაკლებად. თუმცა, საერთოდ, საოცნებოა, როცა მშვიდ გარემოში ცხოვრობ, შენს საყვარელ საქმეს აკეთებ, ირგვლივ ყველა კარგად გყავს და არ გიწევს მწვავე პრობლემებთან შეჯახება.
– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?
– არა. შეიძლება, მეზარებოდა, იმ მომენტში არ მინდოდა, მაგრამ არ მახსენდება, რომ რამე იძულებით მეკეთებინოს. საბედნიეროდ, ასეა. თუმცა, ხანდახან საკუთარი თავი უნდა აიძულო კიდეც. ზოგჯერ შეიძლება, დაგეზაროს სიკეთის გაკეთება, მაგრამ ზუსტად ამ დროს უნდა სძლიო თავს. ეს კიდევ სხვა რამეა. საძულველ საქმეს რაც შეეხება, ეს ნამდვილად არ მიკეთებია.
– გულჩვილი ხართ?
– ძალიან გულჩვილი ვარ. ეს ბევრს გაუკვირდება, მაგრამ შეიძლება, უმარტივეს რამეზე ამიჩუყდეს გული და ავტირდე. თუმცა, უმეტესობის თვალში უხეში ვჩანვარ. არ ვიცი, რატომ, ალბათ ეს ჩემი ბრალია. გავუცნივარ ადამიანებს და უთქვამთ: ისეთი მეგონე, რომ გამარჯობას ვერ გეუბნებოდიო. არადა, შეიძლება, რამე ისტორია მომიყვეთ და ავტირდე. ქუჩაში რაღაც ემოციური დავინახო ან მუსიკას ვუსმენდე და ამან ამატიროს.
– მამაკაცები, ძირითადად, თავს იკავებენ. გამოხატავთ ხოლმე ემოციებს?
– არა, არ გამოვხატავ. იმიტომ არა, რომ კაცისთვის ტირილი შეუფერებელი მგონია. არა, საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ცრემლი ვინმესთვის სასირცხვილოა, უბრალოდ, არ მიყვარს იმის აფიშირება, რაც ძალიან ჩემია. ამიტომ, როცა სათვალე მიკეთია, ვცდილობ, ცრემლი მის გარეთ არ გამოვიდეს, რომ სხვამ არ დაინახოს. ეს მხოლოდ ჩემია და არ მიყვარს მისი სხვისთვის ჩვენება.
–
– მიფიქრია ამაზე და რომ დავითვალე, არ მეყო (იცინის). ხომ იცით, ანეკდოტი, კაცმა ფული იპოვა, გადათვალა და აკლიაო, ასეა საქმე, მილიონი გავანაწილე და არ მეყო (იცინის). გულწრფელად რომ ვთქვა, მილიარდერობაზე არასდროს მიოცნებია. მე მგონი, ეს ძალიან დიდი თავის ტკივილია და ყველას უნდა თანავუგრძნოთ, ვისაც ძალიან ბევრი ფული აქვს. თუმცა, ალბათ, იმდენი ყველას უნდა ჰქონდეს, რომ ნორმალურად იცხოვროს, დაისვენოს და თუ ვინმეს დახმარება სჭირდება, დაეხმაროს. მე რეალური ოცნებები მიყვარს, თუმცა, თანამედროვე სამყაროში მილიონი, მით უმეტეს ლარი, არც თუ ისე ბევრია და ჩემს პროფესიაში ვერა, მაგრამ ზოგადად, შესაძლებელია, იშოვო. რომ მოვიგო რას ვიზამდი? – ალბათ, ელემენტარულ საყოფაცხოვრებო საკითხებს მივხედავდი, როგორც ჩემსას, ისე სხვებისას და უკვე ვხვდები, რომ უკვე არ არის საკმარისი მილიონი და ვეშვები ამ ფიქრებს (იცინის). თუმცა, არის რაღაცები, რისი აფიშირებაც არ მინდა და ამას ნამდვილად პირველ რიგში გავაკეთებდი. ვიღაცას განსაკუთრებულ ოცნებას ავუსრულებდი და ასე შემდეგ. ერთი ცუდი თვისება ჰქონიათ მილიონერებს და თუ ოდესმე ეს თანხა მექნება, ღმერთმა არ გამომაცდევინოს – ძალიან უჭირთ ფულის გაცემა. ისეთებიც ვიცი, რომ გასცემენ, მაგრამ მილიარდებიც რომ გაქვს, თურმე, ესეც არ არის საკმარისი. ერთ ისტორიას მოგიყვებით: ჩვენს ქვეყანაში ერთი ადამიანი, დიდი ფულის პატრონი, მივიდა ერთ დიდ ადამიანთან და უთხრა, იმდენ ფულს ვშოულობ, რამდენიც არ მჭირდება და თქვენგან რჩევა მინდა, იქნებ საერთოდ დავანებო ბიზნესს თავიო. ამ კაცმა უთხრა, მოდი თავს კი ნუ დაანებებ, რასაც მომავალში იშოვი, გაჭირვებულებს დაურიგეო. არა, მაგას ვერ ვიზამო, – უპასუხა დიდი ფულის პატრონმა. ეს რეალური ისტორიაა და ასეა ძირითად შემთხვევაში, რაც ძალიან სამწუხაროა. პირადად მე, რაც მაქვს, მადლობელი ვარ – არ მშია, არ მწყურია, სახლიც მაქვს, კარიც, გაგიკვირდებათ და მანქანაც (იცინის).
– თქვენს ყველაზე ცუდ საქციელად რა მიგაჩნიათ?
– ალბათ, ბევრი ცუდი რამ ჩამიდენია. საბედნიეროდ, ისეთი არა, რომ ტრაგედია ან კრიმინალი მოჰყოლოდა, თუმცა, ცუდი იყო. ჩემი ფიცხი ხასიათიდან გამომდინარე, ხშირად მიწყენინებია ადამიანებისთვის და ბოდიშიც მომიხდია. სხვას შესაძლოა, არც ახსოვდეს, მაგრამ მე მახსოვს და მაწუხებს. ან ვინმეს მიმართ სათანადო ყურადღება არ გამოვიჩინე და ასე შემდეგ, ბევრი რამ შეიძლება იყოს.
– უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ…
– ერთხელ დამირეკეს, რაღაც ღონისძიების წამყვანობა შემომთავაზეს. შევხვდით, ვისაუბრეთ და ტექსტში რომ ჩავხედე, დავინახე, რომ სხვა კახა ეწერათ. დარწმუნებულები იყვნენ, რომ მე ის ვიყავი. დელიკატურად არ შევიმჩნიე. ასეთ დროს ძალიან მერიდება, რომ ადამიანი უხერხულ მდგომარეობაში არ ჩავარდეს და არ ვიმჩნევ ხოლმე (იცინის).
– მოგიპარავთ რამე?
– ბავშვობაში რაჭაში მომიპარავს: თხილი, სიმინდი და ასე შემდეგ. ზრდასრული ასაკიდან ვერაფერს გავიხსენებ. ეგ კი არა, ქუჩაში დაგდებული რომ ვიპოვო რამე, იმის აღებაც არ მიყვარს. ჩემი არ არის და რატომ ავიღო?! ბავშვობაში სოფელში, რატომღაც, მიღებული ამბავი იყო თხილისა და სიმინდის ქურდობა. ახლა რომ ვფიქრობ, სულაც არ მგონია სახალისო. კარგია, რომ ახალი თაობა ასე აღარ იქცევა. გვერდზე სოფლიდან ცხენებიც მოგვიპარავს, გვიჭენაბია და მერე გაგვიშვია. ქათმებიც მოგვიპარავს და გვიქეიფია. ცუდი საქციელია, ვნანობ და სხვათა შორის, მოვინანიე კიდეც. აღსარებაშიც მაქვს ნათქვამი ჩემი ბავშვობის სისულელეები. ვერავის განვიკითხავ, მაგრამ როცა ზრდასრულ ადამიანზე ამბობენ, უჭირს და მოიპარაო, ვერ ვამართლებ.
– ტყუილი…
– ეს არის ის, რასაც წყობიდან გამოვყავარ. ყველას ვეუბნები, რაც არ უნდა არასასიამოვნო იყოს სიმართლე, მირჩევნია, ვიცოდე, ტყუილის თქმა გაუმართლებელია. ჯერ ერთი, არ მიყვარს, რომ მაშტერებენ და მეორეც, არ ვარ მარტივად მოსატყუებელი. იმას არ ვამბობ, რომ გამორიცხულია, ვინმემ მომატყუოს, მაგრამ ძირითადად, ვხვდები. განსაკუთრებით ჭკუიდან მშლის, თუ ადამიანმა ერთხელ მომატყუა, გავიგე და გავაფრთხილე, მეორედ იგივე აღარ გაეკეთებინა, მაგრამ კიდევ ცდილობს. ერთ ტყუილს მეორე მოჰყვება, მეორეს – მესამე და ბოლოს ჭაობში ეფლობი. პატარ-პატარა ტყუილი როგორ არ მითქვამს, წმინდანი არ ვარ, მაგრამ არ მიყვარს, ბავშვთანაც კი ვერიდები, რაიმე ელემენტარულის, თუნდაც ხუმრობით, მოტყუებას. დიდია თუ პატარა, არ აქვს მნიშვნელობა, ტყუილი მძაბავს. არც ტყუილი მიყვარს და არც დაფიცება ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად. არასდროს დავიფიცებ დედას ან შვილს. რომ გეუბნები, ან გჯერა ან არა, მტკიცებას ვერ დავიწყებ.
– პაემანზე სახალისო ამბავი გადაგხდენიათ?
– პაემანზე ბოლოს როდის ვიყავი, არც მახსოვს (იცინის). ალბათ, ახალგაზრდობაში, ცოლის მოყვანამდე. ყველაზე სახალისო, რაც მახსენდება სტუდენტობისდროინდელი ამბავია. თურქეთში ვიყავით გასტროლზე და თურქი გოგო გავიცანი. მე მისი ენა არ ვიცოდი, მან – ჩემი. არ ვიცი, რა ენაზე, მაგრამ ერთი კვირა ვურთიერთობდით (იცინის). მეტსაც გეტყვით, მერე ბაქოში გვქონდა გასტროლი, იქაც მოხვდა ეს გოგო და იქაც განვაგრძეთ ურთიერთობა, მაგრამ რომ ვიხსენებ, მართლა ვერ ვხვდები, რა ენაზე ვკონტაქტობდით, ალბათ, ჟესტების ენითა და ემოციებით (იცინის). ჩვენი ურთიერთობა ფლირტს არ გასცდენია, მაგრამ საკონტაქტო ენის არქონის მიუხედავად, ძალიან კარგად მახსენდება. საერთოდ, მე არ ვარ ადამიანი, რომელიც აფიშირებს პირად ურთიერთობებზე. სანამ დავქორწინდებოდით, მე და სალომე ერთი წელი ვხვდებოდით ერთმანეთს. ჩვენს ურთიერთობას არ ვმალავდი და ის ჩემზე ცნობილი ადამიანი იყო, მაგრამ ყველაზე ახლობელმა ადამიანებმაც კი მერე გაიგეს, ჯვარი რომ დავიწერე. არ არის ჩემი სტილი ამ საკითხების გასაჯაროება. ჩემს ცხოვრებაში პაემანიც ძალიან იშვიათია. რაც ასაკში შევდივარ, მით უფრო ნაკლებად, ამიტომაც გამახსენდა 25 წლის წინანდელი ამბავი (იცინის).
– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?
– მე რომ მკითხოთ, არასდროს, მაგრამ ამბობენ, რომ ვყოფილვარ. სისასტიკეში არ ვგულისხმობ ადამიანის გაწირვას, მაგრამ, როცა საქმე ტყუილს, უსამართლობას, ზერელე დამოკიდებულებას, არაპროფესიონალიზმსა და რამე ასეთს ეხება, შესაძლოა, სასტიკიც გავხდე. ამ სიტყვის მძიმე შინაარსისგან ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ რომ ვბრაზდები, მერე ცოტა ხანი ცუდი ვარ ხოლმე. არ ვამბობ, რომ მე ანგელოზი ვარ, ანალოგიურად, ალბათ, მეც ვაკეთებ ვიღაცისთვის ცუდს. მერე ვფიქრობ ხოლმე, მეც ხომ მპატიობენ, ღმერთით დაწყებული და ადამიანებით დამთავრებული, ამიტომ, ჩემს თავს ვეუბნები, შენც აპატიე, დათმე. მგონია, რომ ნელ-ნელა ვსწორდები, მაგრამ რაღაცებში ბოლომდე – ვერ.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ მარცხად და გამარჯვებად?
– ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარ თავთან გამარჯვებაა. თუ საკუთარ თავს აჯობებ, მერე ყველაფერს შეძლებ. ყოფილა შემთხვევები, როცა ვაჯობე საკუთარ სურვილებს, თუმცა, მარცხი მეტი იყო – ძალიან ბევრი რამ მაქვს მოსაგვარებელი საკუთარ თავთან, ბევრია გამოსასწორებელი. გამიმარჯვია, მაგრამ მერე რაღაცის გამო დაბლა დავნარცხებულვარ და ეს არის ყველაზე რთული. გამარჯვებისთვის ძალიან ბევრს შრომობ და რომ გგონია, შეძელი, უცებ უფსკრულში ეშვები. იქიდან ამოსვლას კი წარმოუდგენლად ბევრი შრომა სჭირდება. ასეთია ეს ცხოვრება.
– რა მოისმინეთ ბოლოს საკუთარ თავზე როგორც კარგი, ისე ცუდი?
– ბერთან მივიდა მორჩილი და ჰკითხა, როგორ მოვიქცე, როცა მაქებენ ან მლანძღავენო. ბერმა უთხრა, სასაფლაოზე წადი და საფლავის ქვებს ელაპარაკე. აქე და ლანძღე კიდეც, მერე კი მომიყევი, რას გეტყვიანო. საფლავებიდან დაბრუნებულმა მორჩილმა ბერს უთხრა, ვლანძღავდი, ჩუმად იყვნენ, ვაქებდი და კვლავ ჩუმად იყვნენო. სწორედ ეს არის იდეალური ვარიანტი, მაგრამ ჩვენ ამას ყოველთვის ვერ ვახერხებთ. არ ვიცი, კომპლექსია თუ ამპარტავნება, არ მიყვარს, როცა მაქებენ, მაგრამ „ვატარებ“ ხოლმე, თუმცა, იგივეს ვერ ვახერხებ, როცა მლანძღავენ. გამიტარებია, მაგრამ ძალიან იშვიათად.
– ვინც ყველაზე კარგად გიცნობთ, რის გამო გაქებთ და გაკრიტიკებთ?
– არ არსებობს ადამიანი, ვინც მე ბოლომდე მიცნობს. თუმცა, ზოგადად, არიან ადამიანები, რომლებიც გეტყვიან, რომ ვარ ძალიან მხიარული. სხვები – რომ ვარ უხეში, ბევრს არ ვლაპარაკობ, ხშირად ვბრაზდები და ასე შემდეგ. ზოგის გადმოსახედიდან კი – ისეთი მკაცრი ვარ, რომ, როგორც ზემოთ ვთქვი, უთქვამთ, გამარჯობასაც კი ვერ გეუბნებითო. ყველა ამ აზრში არის სიმართლე. ასეთიც ვარ და ისეთიც, მაგრამ არცერთი არ არის ჩემთვის კომფორტული მდგომარეობა. სიამოვნებით არ ვიქნებოდი ასეთი, მაგრამ არასდროს ვიწყებ თამაშს და იმის მცდელობებს, რომ სხვების მოსაწონად წარმოვაჩინო თავი. შეიძლება, კარგია, რომ ყველას მოსაწონად იქცეოდე, მაგრამ, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ასე არ გამომდის.
– ბევრი წლის შემდეგ, როგორ ისურვებდით სიცოცხლის დასრულებას?
– არავინ ვიცით, ეს დღეს საღამოს მოხდება თუ დიდი ხნის შემდეგ, ამიტომ მაინც უტოპიური ფიქრია. თუმცა, მაინც, ადამიანმა სიკვდილზე სულ უნდა იფიქროს, მაგრამ დღევანდელი დღით იცხოვროს.
– ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ, არის?
– ჩვენი კულტურით, ჩვენი წარსულით, კარგი ტრადიციებით. ვამაყობ ჩემი შვილებითა და ირგვლივ მყოფი კარგი ადამიანებით. ვამაყობ „ჩაკრულოთი“ და „მრავალჟამიერით“, რომელსაც რამდენჯერაც უნდა მოვუსმინო, იმდენჯერ მეტირება.
პირადად მე არაფერი საამაყო არ გამაჩნია, თუმცა ამას იმიტომ არ გეუბნებით, რომ თავი თავმდაბალ ადამიანად წარმოვაჩინო. რაც ჩემში კარგია, ეს ღმერთის არის, რაც ცუდია – მხოლოდ ჩემი.