ცოტა ხნის წინ, გია ბაღაშვილმა ყველა თბილისელისთვის განსაკუთრებით ძვირფასი სტატუსი – საპატიო თბილისელის წოდება მიიღო.
– ბატონო გია, რას ნიშნავს თქვენთვის საპატიო თბილისელის წოდება?
– საპატიო თბილისელის წოდება ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და განსაკუთრებული ჯილდოა. თბილისელობა თავად არის საპატიო წოდება და საპატიო თბილისელობა, ცხადია ორმაგი პატივი გახლავთ. ყველაზე მთავარი ამქვეყნად არის ღირსება და სწორედ ღირსეული ნაბიჯები განსაზღვრავს ქალაქელობასაც და პიროვნების ავ-კარგსაც. ერთ ქართულ ფილმში არის მოხდენილად ნათქვამი – კაცი იმით ისაზღვრება, რამდენს იტვირთებს საკუთარ თავზეო და ვფიქრობ, ყველა დროში ეს იყო, არის და იქნება მთავარი. ღირსეული თბილისელობა სწორედ იმაშია; თუ რამდენს იტვირთებ და რამდენად გამოადგები შენს ქალაქს შენი წესიერი საქციელით, სიტყვითა და საქმით.
დიდებულ პოეტს, ბატონ მორის ფოცხიშვილს რომ დავესესხო, „თბილისელ კაცს თბილისურად მიყვარს ჩემი უბნები, სხვას არ ვეტყვი მიყვარხარო, მარტო შენ გეუბნები“. ეს არის ჩემი, როგორც თბილისელის დამოკიდებულება მშობლიური ქალაქის მიმართ. მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში ვარ ნამყოფი, არაერთი ქალაქი მომწონებია და მომწონს, მაგრამ სიყვარულით მხოლოდ ჩემი მშობლიური ქალაქი მიყვარს, სადაც მეძვირფასება ყველაფერი. როგორც დიდი მაესტრო, მიხეილ თუმანიშვილი ამბობდა: ჩემი ქალაქი არის იმ მოგონებათა ერთობლიობა, რაც მაკავშირებს თითოეულ შენობასთან, ხესთან, ბუჩქთან, ქუჩასთან…
– როგორ შეიცვალა წლების განმავლობაში თბილისი და ცხოვრება თბილისში?
– დროსთან ერთად ყველაფერი იცვლება და ცხოვრება, რა თქმა უნდა, ახალ რეალობას უკარნახებს ადამიანსაც და ქალაქსაც, მაგრამ, საბედნიეროდ, თბილისს აქვს მთავარი, რომელიც მართლაც ანდამატივით იზიდავს მოკეთეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ეს არის მართლაც განუმეორებელი ხიბლი ურთიერთობებისა. რაც შეეხება იმას, თუ რა შეიცვალა, ვფიქრობ, ჩემი ბავშვობის შემდეგ რაც დააკლდა თბილისს, ეს არის, ადამიანური სითბო და ღიმილი… ამიტომ, მეტ სითბოს, ღიმილსა და სიხარულს ვუსურვებ ჩემს საყვარელ თბილისსა და თბილისელებს.
– ძალიან ბევრს მოგზაურობთ. ყველაზე მეტად რა გენატრებათ ხოლმე მშობლიური ქალაქიდან?
– ყველაფერი მენატრება. მეტიც, უცხოეთში რაც არ უნდა კარგად ვგრძნობდე თავს, ჩემს საქმეს ვაკეთებდე თუ საინტერესო გარემოში ვიყო, როგორც წესი, დღეებს ვითვლი, სანამ თბილისში დავბრუნდები. დიდხანს ვერ ვძლებ, მაქსიმუმ, 2 კვირა, მერე უკვე ურთულესია თბილისის გარეშე ყოფნა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მენატრება ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები, ჩემი უბანი, მშობლიური ქუჩები, მოკლედ თბილისი მენატრება!.. თუმცა, ამ ყველაფერს ერთი დადებითიც აქვს – ჩემს ქალაქში ყოველი დაბრუნებისას ზეიმის განცდა მაქვს.
– სამშობლოს გარდა, რომელ ქვეყანაში გიგრძნიათ განსაკუთრებული სიყვარული და აღფრთოვანება თქვენი შემოქმედების მიმართ?
– როგორც ეთნომუსიკოლოგს, მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში მაქვს წაკითხული საჯარო ლექციები ქართულ მრავალხმიანობაზე. ყველგან უდიდესი ინტერესით ხვდებიან ჩვენს ტრადიციულ მუსიკას, მაგრამ განსაკუთრებული აღიარება ჩემთვის მაინც დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავშირდება. მადრიდის სამეფო კონსერვატორიაში, ჰელსინკის სიბელიუსის აკადემიაში, ოსლოს კონსერვატორიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში – სტენფორდის უნივერსიტეტში, ბერკლიში, ჰარვარდში თუ სულ ახლახან, კოლუმბიის უნივერსიტეტში, ყველგან, უმაღლეს შეფასებას აძლევენ და აღტაცებას ვერ მალავენ ჩვენი გენიალური წინაპრების მიერ შექმნილი ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მქონე ქართული მრავალხმიანი სიმღერების მოსმენის შემდეგ. ამას, ღიად, დაუფარავად და არაერთმნიშვნელოვნად გამოხატავენ, რაც ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, უდიდესი სიხარული და სტიმულია.
– რა გიყვართ ყველაზე მეტად მოგზაურობაში?
– მოგზაურობაში მთავარი, რა თქმა უნდა, ახალი შთაბეჭდილებებია და ეს შთაბეჭდილებები თვითმფრინავის ტრაპიდანვე იწყება. ახალ ადამიანებთან ურთიერთობა, ახალი ადგილების მონახულება…
– ოდესმე რომელიმე ქვეყანაში თუ დაკარგულხართ ან უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩენილხართ?
– დაკარგვით არასოდეს დავკარგულვარ, თუმცა, უხერხულ მდგომარეობას რაც შეეხება, 18 წლის ვიყავი, როცა ჩემი პირველი მოგზაურობისას ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ სიეტლში, მასპინძლებმა კალიფორნიული ღვინის დეგუსტაციაზე დამპატიჟეს. მანამდე დეგუსტაციაზე ნამყოფი არ ვიყავი და არც დეგუსტაციის წესები ვიცოდი. 12 სახეობის ღვინო იყო სადეგუსტაციო ჭიქებში ჩამოსხმული, 6 წითელი და 6 თეთრი. საკმაოდ დიდი მოცულობის ჭიქები გახლდათ, ჩვეულებრივ ღვინის ჭიქას აღემატებოდა. მე, როგორც გამოუცდელმა, 18 წლის ქართველმა, ჩავთვალე, რომ უპატივცემულობა იქნებოდა ღვინო ბოლომდე არ დამელია და ოთხი ჭიქა ზედიზედ დავცალე. ისე გამოვიდა, რომ 10-15 წუთის განმავლობაში ლიტრზე მეტი ღვინო მქონდა დალეული. ვიგრძენი, რომ ვერ არის ჩემი საქმე კარგად. ვიკადრე და მასპინძელს ვუთხარი, ამ ტემპში თორმეტივე ჭიქას ვერ მოვერევი-მეთქი. რას ბრძანებთ, არანაირი აუცილებლობა არ არის, შეგიძლიათ, ერთი ყლუპი მოსვათ და გადაღვაროთო.
– სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციული კერძების და მათ შორის „უცნაურობების“ დაგემოვნება გიყვართ?
– ძალიან მიყვარს უცხო ქვეყნის სამზარეულოს დაგემოვნება და ამ მხრივ, თამამი ექსპერიმენტებსთვის მზად ვარ ხოლმე, თუმცა არის რაღაცები, რასაც მოვერიდები. აი, მაგალითად, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა აზიური სამზარეულოს მიმართ, ძაღლის ხორცს არასოდეს მივეკარები. მაგრამ ზოგადად, კულინარიაში აღმოჩენებისა და ექსპერიმენტების მოყვარული ვარ. ეს ერთ-ერთი ის მხარეა, რომლითაც შეგიძლია, უცხო კულტურა შეიცნო და სასიხარულოა, რომ ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, რომელიც, სხვა სიკეთესთან ერთად, უმდიდრესი და უგემრიელესი სამზარეულოთი გამოირჩევა.
– ყველაზე სახალისო თავგადასავლები რომელ ქვეყანასთან გაკავშირებთ?
– 1990 წელს ამერიკაში, სიეტლში „კეთილი ნების თამაშები“ ტარდებოდა და იქ ქართული დელეგაცია ვიყავით ჩასული. სპორტსმენებს შორის გახლდათ ჩვენი სახელოვანი ფალავანი, ოლიმპიური ჩემპიონი დათო გობეჯიშვილი, რომელსაც მაშინ მრავალწლიანი პრინციპული დაპირისპირება ჰქონდა კიდევ ერთ დიდ ფალავანთან, ამერიკელ ბრიუს ბაურჰარტნერთან. მათი დაპირისპირება მნიშვნელოვან ეპიზოდად უნდა ქცეულიყო და იქცა კიდეც სიეტლის „კეთილი ნების თამაშებზე“. ერთი სიტყვით, ეს ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო, რისთვისაც ქართველები სიეტლში ვიყავით ჩასული. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, საცხოვრებლად ამერიკელების ოჯახებში ვიყავით გადანაწილებული. მე ჩემი მასპინძელი, სინდი ფიშერი, აეროპორტში დამხვდა. მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი იყო და ჩემს მასპინძელს ისეთი შთაბეჭდილება ჰქონდა, რომ მე, როგორც საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ადამიანს, საერთოდ არაფერზე მექნებოდა წარმოდგენა. აეროპორტიდან სახლისკენ მანქანით რომ მივდიოდით, გზაში მიხსნიდა, რომ წითელზე უნდა გაჩერდე და მწვანეზე უნდა გადახვიდე… როდესაც ინგლისურად დავიწყე საუბარი, მიხვდა, რომ ცივილიზაციის გარკვეულ საფეხურზე ვიმყოფებოდი და გაუხარდა. სახლში შევედით, ჩემოდნები ჯერ კიდევ ხელში მიჭირავს და დამთხვევა არ გინდა, სახლში ტელევიზორი სპორტულ არხზე იყო ჩართული და ზუსტად იმ მომენტში დიქტორმა გამოაცხადა – იწყება საფინალო შეხვედრა თავისუფალ ჭიდაობაში, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში, ბრიუს ბაუჰარტნერსა და დავით გობეჯიშვილს შორისო. მივყარე ჩემი ბარგიბარხანა, დავჯექი ტელევიზორის წინ და დავიწყე ხმამაღალი გულშემატკივრობა. დათო გობეჯიშვილმა ბრწყინვალე სტილში გაიმარჯვა და ბოლოს რომ შევხტი და სიხარულით ვღრიალებ, მოვტრიალდი და ვხედავ, ჩემს მასპინძელს სახე აქვს წაშლილი. ეტყობა, იფიქრა, ტელევიზორის პირველად დანახვაზე ვყვიროდი აღტაცებით და წარმოიდგინა, რომ 10 დღე ჩემი ღრიალისა და ყვირილის მოსმენა მოუწევდა. მერე კი ავუხსენი რაშიც იყო საქმე, მაგრამ პირველი ელდა არ ასცდა.
– ახლა ამერიკაში იმყოფებით – მოვუყვეთ ჩვენს მკითხველს, რა მიზნით ხართ შტატებში.
– ამჯერად ამერიკის შეერთებულ შტატებში კოლუმბიის უნივერსიტეტის მიწვევით ვიმყოფები. 9 ოქტომბერს, ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტში ჩავატარე საჯარო ლექცია თემაზე – „საქართველო ღვინისა და მრვალხმიანობის აკვანი“.