რას აკეთებდა ზურაბ გურიელიძე თვითმფრინავში მშვილდ-ისრით და რისთვის ეწვია მას ზოოპარკში ინგლისის პრინცის ტყუპისცალი

ზურაბ გურიელიძის “უცნობი მხარე”  

– ვინ არის ზურაბ გურიელიძე?

ზურაბ გურიელიძე: ჩვეულებრივი ადამიანი.

– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?

– საკმაოდ ახლოს ვარ ჩემს საოცნებო ცხოვრებასთან. თუმცა, ვისურვებდი, რომ უფრო ბევრს ვმოგზაურობდე, ეს იქნებოდა ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო. პროფესიულად იქ ვარ, სადაც მინდა, რომ ვიყო.

– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?

– არც ისე ცოტა ყოფილა ასეთი შემთხვევები ჩემი ცხოვრების განმავლობაში. როცა ძალიან დიდი ტრაგედიები ხდება, მაშინ რთულია თავის შეკავება. თუნდაც ის, რაც ზოოპარკში მოხდა წყალდიდობის დროს. ჩემს ცხოვრებაშიც მოხდა საკმაოდ დიდი ტრაგედია.

– რას გააკეთებდით ლატარიაში რომ მილიონი მოიგოთ?

– ახალ ზოოპარკს დავასრულებდი და ბევრს ვიმოგზაურებდი, თუმცა, პირველ რიგში, ვალების გასტუმრებით დავიწყებდი (იცინის).

– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ?

– ადრე საკმაოდ ხშირად მიმყავდა ცხოველები ტელევიზიაში და მათი სტუმრობა, ძირითად შემთხვევაში, საკმაოდ ცუდად მთავრდებოდა ხოლმე (იცინის). მაგალითად, ერთხელ გადაცემაში ჯიხვის პატარა ციკანი მყავდა მიყვანილი, წამყვანს კი მინის მაგიდა ჰქონდა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და სულ რამდენიმე წამი რომ აკლდა ეთერის დასრულებას, ჯიხვმა დაარტყა თავის რქები მაგიდას და სულ ნამსხვრევებად აქცია (იცინის). მართალი გითხრათ, მე თავი უხერხულად არ მიგრძნია, რადგან როდესაც ეთერში ცხოველი მიმყავს, ყოველთვის ვაფრთხილებ, რომ მოულოდნელობებისთვის მზად უნდა ვიყოთ. იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი გადაცემის მიმდინარეობისას ვეფხვის ბოკვერი სადღაც დაიმალა და მთელი გადაცემის „ამოყირავება“ დაგვჭირდა მის საპოვნელად. ცხოველებისგან ეს მოსალოდნელი მოულოდნელობაა. ყველა ვფიქრობთ, რომ ამ დროს რაღაც შეიძლება, მოხდეს. ყოფილა შემთხვევა, რომ პატარა ცხოველებმა პირდაპირ ჩემზე ან წამყვანებზე მოისაქმეს და ეგეც ჩვეულებრივი ამბავია (იცინის).

– ტყუილთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

– ძალიან ცუდი, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ტყუილი გარდაუვალია. თუმცა ეს ტყუილი ისეთი უნდა იყოს, რომ არავის აზიანებდეს, ეს შეიძლება, იყოს ხუმრობა, შავი იუმორი და ასე შემდეგ. მაგალითად, ჩვენ ყოველ პირველ აპრილს ვიტყუებით და ეს ყველასთვის მისაღები თამაშია.

– თვითონ რამდენად შეგიძლიათ ტყუილის ამოცნობა?

– იმედი მაქვს, რომ შემიძლია, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, შეცდომას ვუშვებ ადამიანის ამოცნობაში. დრო გასწავლის ადამიანების გამოცნობას, მაგრამ გამოცდილებას მარტო შენ კი არა, მატყუარებიც იღებენ. ასეა თუ ისე, მგონია, რომ დღეს უფრო კარგად ვხვდები, ვინ მეუბნება სიმართლეს და ვინ – არა. აქ რომ დავიწყე მუშაობა, თავიდან ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა და ცდილობდნენ, გამორჩენის მიზნით რაღაცები მოეტყუებინათ. პირველი ორი-სამი გაცილებით დამაჯერებელი იყო. შემდეგ იქამდე მივიდა საქმე, სიმართლეს რომ მეუბნებოდნენ, ისიც აღარ მჯეროდა. განსაკუთრებით ჩემი გვარის წარმომადგენლების უხვი სტუმრობა იყო. ძალიან პატარა გვარი მაქვს და თითქმის ყველას ვიცნობ, მაგრამ იმ დროს ძალიან გამრავლდნენ (იცინის).

ბევრი წვრილმანი აფერისტი მოდის და ცდილობს, რაღაც მოგატყუოს. მაგალითად, ერთი იყო მოსული და მეუბნებოდა, რომ სახელგანთქმული პიანისტი იყო და ძალიან ცნობილ პიანისტებთან ერთად უკრავდა. ჩემ მიმართ ძალიან კეთილად იყო განწყობილი და უნდოდა, მისი სიდი ნახევარ ფასად – 150 ლარად მეყიდა, მაშინ, როდესაც ვისზეც მიმითითებდა, მათთან ერთად ვუკრავო, უფასოდ ისმინება ინტერნეტში (იცინის). ზოგი იმისთანა ტრაგიკულ ისტორიას მოგიყვება, მასში ერთი პროცენტიც რომ აღმოჩნდეს სიმართლე, უკვე ძალიან ცუდად იგრძნობ თავს. ამიტომ ასეთ მატყუარებს ჯობს, რაღაც ოდენობის დახმარება მაინც აღმოუჩინო, ვაიდა, არ იტყუება, იმის მიუხედავად, რომ საპირისპიროში ხარ დარწმუნებული. თუმცა, ინგლისის პრინცის (ახლანდელი მეფე) ტყუპი ძმის სტუმრობა მაინც რთულად დასაჯერებელია და მე ასეთი სტუმარიც მყოლია. მას არაფერი არ უთხოვია, მოვიდა და უბრალოდ, ისტორიები მომიყვა. ზოგის მიზეზი გასაგებია, გამორჩენის მისაღებად მოდის, მაგრამ ზოგს, უბრალოდ, ისეთი ისტორიის მოყოლა უნდა, რომელიც აღფრთოვანებას გამოიწვევს. ძალიან ბევრი მიყვება, რომ დრაკონები ნახა რომელიღაც სოფელში ან თმიანი გველები და ურჩხულები. მოკლედ, ათასი ჯურის მატყუარები არსებობენ, მაგრამ საერთო ჯამში, მაინც უვნებლები არიან. სპაიდერმენიც მყოლია სტუმრად, ხუთი ლარი უნდოდა და რომ არ მიმეცა არ შეიძლებოდა (იცინის).

– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ მარცხად და გამარჯვებად?

– ყველაზე დიდი გამარჯვება ჯერ არ ყოფილა და ყველაზე დიდი მარცხი იყო ცნობილი წყალდიდობა, რომელიც ჩემზე არ იყო დამოკიდებული, მაგრამ ეს იყო ყველაზე დიდი ტრაგედიაც და მარცხიც – ის, რასაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვაკეთებდით, რამდენიმე წუთში გაქრა.

– გაიხსენეთ, კარგიც და ცუდიც, რაც თქვენს თავზე გსმენიათ?

– როდესაც ცუდი მესმის, მაინცდამაინც გული არ მწყდება. მიჩვეული ვარ, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ჩემდა სასიხარულოდ და საბედნიეროდ, კარგი მესმის. მათ შორის, იმ ადამიანებისგანაც, ვისაც საერთოდ არ ვიცნობ. ცოტა გამაღიზიანებელია, როცა ცუდ აზრს გამოთქვამენ შენ მიმართ, მაგრამ ყველას აქვს ამის უფლება და თუ მასში არის რამე ობიექტური, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო. ყველაზე გულდასაწყვეტია, რომ ამბობენ ხოლმე, რა მაგარი ზოოპარკი გვქონდა საბჭოთა კავშირის დროს და როგორ დავანგრიეთო. საწყენია, მაგრამ ეს, დაახლოებით, იგივე ოპერიდანაა, როცა საბჭოთა კავშირთან მიმართებაში ამბობენ ხოლმე, ეს რა ქვეყანა დაანგრიესო. ხშირად ვიღაცები დამესხმებიან ხოლმე თავს, განსაკუთრებით სოციალურ ქსელში და მლანძღავენ. მე მაქვს ჩემი სტრატეგია ამასთან დაკავშირებით – არანაირი რეაქცია. უხეშად რომ ვთქვათ, ადამიანს ორი ყური იმისთვის აქვს, რომ ერთში შეუშვას ინფორმაცია, მეორიდან კი გაუშვას. რაც საჭიროა, მხოლოდ ის უნდა დაიტოვო.

– არასდროს გიმტკიცებიათ საპირისპირო?

– რა თქმა უნდა, კი. რაც ამ პროფესიაში დავიწყე მუშაობა, სულ რაღაცების წინააღმდეგ მიწევს ბრძოლა ან რაღაცის დასაცავად. პირველი იყო ისეთი ცხოველის დასაცავად ბრძოლა, როგორიც მგელია. ის დღემდე ბოროტების სიმბოლოდ ითვლება, არადა, ჩვეულებრივი ცხოველია. ყველაზე დიდი ტყუილი, რომელიც ჩემთვის დაუბრალებიათ, უფრო სწორად, ეს მე და ჩემს ხელმძღვანელს დაგვაბრალეს, ესაა საქართველოში წითელი მგლების შემოყვანა და გაშვება. ეს ძალიან დიდი ტყუილია და ძალიან დიდხანს ვამტკიცეთ, რომ ეს სიმართლე არ იყო. საქმე სასამართლომდე იყო მისულა, იქაც მოგვიწია ჩვენი სიმართლის მტკიცება. ამ მოგონილმა ამბავმა ძალიან დიდხანს გასტანა და თქვენ წარმოიდგინეთ, დღემდე მომყვება.

წყალდიდობის დროსაც რა აღარ დამაბრალეს?! არც მაშინ გამიცია პასუხი და არც სხვა შემთხვევებისთვის, უკვე ძალიან დიდი ხანია. როცა საპასუხო რეაქცია არ გაქვს, ეს ყველაფერი თავისთავად ქრება.

– სამსახურს მიღმა რისი კეთება გიყვართ?

– ძალიან მიყვარს წიგნის კითხვა, მოგზაურობა, ფილმების ყურება, მუსიკის მოსმენა, ოჯახთან ერთად ყოფნა. მიყვარს ცხენზე ჯდომა, ყვინთვა. მიყვარს ცივი იარაღი და კოლექციასაც ვაგროვებ. საკმაოდ კარგი კოლექცია მაქვს.

– მოგზაურობის დროს პრობლემა არ შეგქმნიათ ამის გამო?

– არასდროს, ყოველთვის ბარგში ვაბარებ, თუმცა ერთხელ ბუდაპეშტიდან მოვფრინავდი და ძალიან ცნობილ უნგრულ მშვილდ-ისარს წავაწყდი. რა თქმა უნდა, ვიყიდე, მაგრამ საკმაოდ დიდი მშვილდი იყო და ვერცერთ ბარგში ვერ მოვათავსე. თან შემეშინდა, არ დაზიანებულიყო და ამიტომ თვითმფრინავში პირდაპირ მხარზე გადაკიდებული მშვილდით შევედი. ძალიან დაიბნენ, მგონი, პირველი ვიყავი, ვინც მშვილდ-ისარი აიტანა თვითმფრინავში და ამაზე წესებში არაფერი ეწერა. სამაგიეროდ, ახლა წერია, რომ არ შეიძლება (იცინის).

საერთოდ, ნაკლებად მაინტერესებს სხვადასხვა ფირმების მიერ გამოშვებული თანამედროვე იარაღი. ჩემთვის საინტერესო და მთავარი სუვენირი ქვეყნის ტრადიციული იარაღია, რომელსაც თავის ისტორია აქვს. საკმაოდ დიდი კოლექცია მაქვს აფრიკიდან ჩამოტანილი, ასევე, ინდონეზიიდან. თან, უნდა გაერკვე როგორ იყენებდნენ მას და ეს კიდევ ცალკე ისტორიაა. მოკლედ რომ ვთქვა, საკმაოდ კარგი კოლექცია მაქვს.

– როდის განიცადეთ ყველაზე დიდი შიში?

– მგონი, ცუდ რამეს ვამბობ, მაგრამ მშიშარა ნამდვილად არ ვარ. როცა საფრთხეა, ბოლომდე მობილიზებული ვარ და სწორედ ამან გადამარჩინა წყალდიდობის დროს. მაშინ ერთი წუთითაც რომ შემშინებოდა, მეც და ჩემი მეუღლეც დავიღუპებოდით. ყოველთვის ვცდილობ, თავი არ დავკარგო და პანიკაში არ ჩავვარდე, რადგან ამ შემთხვევაში ყველაფერი ძალიან ცუდად მთავრდება. მხოლოდ ბავშვობაში მაქვს განცდილი დიდი შიშები, ზრდასრულ ასაკში ასეთი რამ არ განმიცდია. ზოგადად, ნებისმიერი ემოცია შედარებით ნაკლებად მაქვს გამოხატული.