“ძალიან არ მიყვარს ვინმესთვის რამის თხოვნა, მარტო ფულის არა, საერთოდ არაფრის”

როგორია მანუ მურღულია ფინანსებთან მიმართებაში, შეუძლია თუ არა ფულის პრაგმატულად განაწილება, როდის გახდა ფინანსურად დამოუკიდებელი და რაში არ ენანება თანხის გადახდა, ამაზე თავად მოგვიყვება.

მანუ მურღულია: სკოლა რომ დავამთავრე, მაშინვე დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ კომპანიაში, რომელსაც მაღალი ხარისხის სასმელები შემოაქვს. ანუ, პირველ კურსზე უკვე ვმუშაობდი და ჩემი შემოსავალი მქონდა, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ 1 000 ლარზე ცოტა მეტი იყო. პირველი ხელფასი რაში დავხარჯე, ზუსტად არ მახსოვს. სავარაუდოდ, მოლში გავიქცეოდი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს შოპინგი. ალბათ, ახალი ტანისამოსი შევიძინე (იცინის).

– ამის შემდეგ ფინანსურად დამოუკიდებელი ხარ?

– ძალიან არ მიყვარს ვინმესთვის რამის თხოვნა. მარტო ფულის არა, საერთოდ არაფრის. ბავშვობიდან არ მახასიათებდა „ეს მიყიდე, ის მიყიდე“ და მსგავსები. ყოველთვის მინდოდა, ჩემი ფული მქონოდა. არ მინდოდა, მეთქვა, დედა, ეს მიყიდე და მამა, ის მინდა და ვცდილობდი დამოუკიდებლად გამეკეთებინა ყველაფერი. მუშაობა დავიწყე და მას შემდეგ სულ დამოუკიდებელი ვარ. მეტიც, პირველივე მანქანა თითქმის მე თვითონ ვიყიდე. ოჯახის წევრები ძალიან ოდნავ შემომეშველნენ.

– რამხელა იყავი?

– მუშაობა რომ დავიწყე, მანქანა უკვე მჭირდებოდა და მალევე ვიყიდე. აი, ახლა გამახსენდა პირველი ხელფასი რას მოვახმარე. 1 000 ლარით ვერ ვიყიდდი მანქანას, მაგრამ რაღაც შეგროვებულიც მქონდა და მარტივად გამოვიდა ეს ამბავი. ჩემი პირველი მანქანა „ნისან ნოუთი“ იყო, ესეც კარგად მახსოვს. იმ დროისთვის მეგონა, რომ ყველაზე მაგარი მანქანა მყავდა. პირველივე მანქანას, თან, ჩემი ხელფასით, „პორშეს“ ვერ ვიყიდი, თუმცა მაშინ ძალიან ბედნიერი ვიყავი ჩემი შენაძენით და საგულდაგულოდ ვუვლიდი (იცინის). დიდი ხანია, ის მანქანა აღარ მყავს, მაგრამ განსაკუთრებულად მიყვარს.

– ესე იგი, ამ მხრივ, მიზანდასახულიც ხარ და ფულის შეგროვებაც შეგიძლია.

– საერთოდ, მფლანგველი არ ვარ. განსაკუთრებულად არ მიყვარს, თვის ბოლომდე რომ ვერ აღწევენ ხოლმე. მეზიზღება სიტყვა მასესხე, ჩემთვის ასეთი რამ არ არსებობს.

– არასდროს გისესხებია ფული?

– არა, არასდროს არავის ვთხოვ ფულს, არც ოჯახის წევრს. შანსი არაა, ამას მირჩევნია, მშიერი ვიჯდე (იცინის).

– როგორ ახერხებ შემოსავლების გადანაწილებას?

– ერთი რამ არის გასათვალისწინებელი, მე მშობლებთან ერთად ვცხოვრობ და ეს ძალიან დიდი შეღავათია. ვინც მარტო ცხოვრობს, იმას შეიძლება, გაუჭირდეს თვიდან თვემდე შემოსავლის გადანაწილება. მე კომუნალურებს არ ვიხდი და სახლის სხვა ხარჯებსაც არ ვფარავ. თუმცა, ძალიან მეხმარება ის, რომ ჩემს საბანკო ანგარიშზე ციფრებს ყოველთვის ვაკონტროლებ და ზუსტად ვიცი, რისი ყიდვის უფლება მივცე ჩემს თავს. შემთხვევით რომ აღმოაჩენენ, რომ ფული დაუმთავრდათ, ეს ჩემთვის წარმოუდგენელია, ამ მხრივ, ყოველთვის ყურადღებით ვარ (იცინის).

– რაში ხარჯავ ფულს დიდი სიამოვნებით?

– სათხილამურო ეკიპირებაში. ძალიან მიყვარს. შემიძლია, ძალიან ბედნიერმა დავხარჯო ფული თხილამურებსა და სხვა საჭირო აღჭურვილობაში. მინდა გითხრათ, რომ ცოტა არ ჯდება. შეიძლება, მანქანაზე ძვირიც ღირდეს (იცინის). არ მენანება, იმიტომ რომ აქ ხარისხს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება, „პრადას“ კაბა არ ვიყიდო და ამით არაფერი დაშავდება, მაგრამ ეკიპირებაში რომ ფული დავზოგო და მერე თოვლში გავიყინო, ნამდვილად არ მინდა.

– რაში არ გიყვარს ფულის გადახდა?

– კვებას ვანიჭებ დიდ მნიშვნელობას და ყოველდღიურად რომ დიდ თანხებს უკავშირდება, ეგ დიდად არ მომწონს (იცინის). არ გადავიხდი-მეთქი არ ვამბობ, მაგრამ თუ გინდა, ჯანსაღად იკვებო, სამჯერ უფრო მეტს ხარჯავ, ვიდრე ჩვეულებრივ.

– როგორც თქვი, შოპინგი გიყვარს და როცა ეკრანს ეხება საქმე, ვალდებულიც ხარ, სამოსს ყურადღება მიაქციო.

– შოპინგი მართლა ძალიან მიყვარს. თვითონ პროცესი მანიჭებს უზომო სიხარულს. რაღაც საქმეს რომ ვაკეთებ, ვიღლები და უკვე ცუდ ხასიათზე ვარ და თუ გადაწყდა, რომ მისი დასრულების შემდეგ საშოპინგოდ წავალ, ვბედნიერდები (იცინის). სიარული, დათვალიერება, მოზომება და ყიდვა, საუკეთესო ხასიათზე მაყენებს. მე მყავს პროდიუსერი – ლიკუნა, რომელიც ასევე, ჩემი მეგობარია და დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, მოლში თუ მივდივართ, უბედნიერესები ვართ (იცინის). რაც არ უნდა დაღლილები ვიყოთ, იქ ყველაფერი გვავიწყდება. მაღაზიებში შევდივარ და ყველაფერს მივედ-მოვედები, მაგრამ ვიცი, რომ ნამეტანიც არ უნდა ვქნა და ხელფასს არ გადავაჭარბო, რომ მერე ყავა ვეღარ ვიყიდო.

– ფასს აქცევ ყურადღებას?

– ადრე მერჩივნა, ბევრი მეყიდა და ნაკლებად ხარისხიანი. ახლა უკვე მივხვდი, რომ სჯობს, სოლიდური თანხა გადავიხადო კარგი ბრენდის ხარისხიან ნივთში. თუმცა, ერთი ცუდი თვისება მაქვს, ჩემს კარადაში ძალიან ბევრ ტანსაცმელს ნახავთ, რომელიც ისევ იარლიყით კიდია. ვყიდულობ და მერე არ ვიყენებ. სამაგიეროდ, მერე ჩემს ნათესავებს ვჩუქნი ხოლმე. დღესაც დედაჩემმა გამოალაგა ზამთრის ტანსაცმელი და 20-30 ქურთუკი გადავდეთ გასაჩუქებლად. ზოგი საერთოდ ჩაუცმელია, ზოგი შეიძლება, სამჯერ მეცვა.

კარადის დალაგებაზე ვგიჟდები. თვეში ერთხელ მაინც ვალაგებ და ყოველ ჯერზე გამაქვს და გამაქვს. ვერ ვიგებ, რით ვერ მთავრდება, სულ რაღაცებს გავაჩუქებ ხოლმე (იცინის).

– რატომ ხდება ასე?

– იმიტომ, რომ მაღაზიაში ძალიან რომ მომეწონება და ვიყიდი, სახლში რომ მოვიტან და კარადაში შევდებ, შეიძლება, საერთოდ აღარ გამახსენდეს მისი არსებობა, ძალიან ცუდი თვისებაა, მაგრამ ასეა. ან შეიძლება, მერე აღარ მომეწონოს ისე, როგორც თავიდან.

– თავის მოვლის საშუალებები, სუნამოები, აქსესუარები – ამ მხრივ რა ხდება?

– ძალიან მიყვარს. სახის კანის მოვლისთვის საჭირო რუტინას არასდროს ვღალატობ. მოგეხსენებათ, ტელევიზიაში ყოველდღე მძიმე გრიმი გვაქვს და კანს თუ არ მოუვლი, ცუდ შედეგებამდე მიხვალ. პირველი ერთი თვე ასე დამემართა. საბედნიეროდ, მარტივად მოვაგვარე ის პრობლემა და იმასაც მივხვდი, რომ კანთან ხუმრობა არ შეიძლება და მას შემდეგ უკვე რუტინის ყველა საფეხურს ვასრულებ. მინიმუმ, ერთ საათს ვუთმობ ხოლმე კანს და ღმად ვიწმენდ. აქედან გამომდინარე, ფული კანის მოვლის საშუალებებშიც არ მენანება. სუნამოების შეძენა ბაბუს აქვს თავის თავზე აღებული. ახლაც რომ ვუყურებ, აბსოლუტურად ყველა სუნამო გიას ნაყიდი მაქვს. ერთად ვარჩევთ ხოლმე. სუნამოს რომ მიყიდის და ერთი თვე გავა, ჰგონია, რომ უკვე დავამთავრებდი და მაშინვე მეკითხება, ხომ არ დაგიმთავრდა, ბაბუო (იცინის). სხვათა შორის, ვინმეს რომ მოეწონება ხოლმე ჩემი სურნელი და ვამბობ, ბაბუს ნაყიდია-მეთქი, ძალიან სასიამოვნოა. აქსესუარებს რაც შეეხება, მაქვს ჯვარი, რომელიც ყოველთვის მიკეთია. სულ ორი ჯვარი მაქვს. ერთი თვითონ შევიძინე, ნათლულს ვურჩევდი და ამასობაში ერთი ჩემთვისაც ძალიან მომეწონა, მეორე ბაბუმ ჩამომიტანა ვატიკანიდან. ორივე განსაკუთრებულად მიყვარს. სხვა სამკაულები დიდად არ მომწონს. მაქსიმუმ საათი და რამდენიმე ორიგინალური ბეჭედი გავიკეთო. ოქროულობა და მძიმე აქსესუარები არ მიყვარს.

– რაში გინანია ფულის გადახდა და პირიქით?

– ყველაზე კარგი, რაც შევიძინე, ჩემი ბოლო მანქანაა. რაშიც ვინანე ფულის გადახდა, ეს არის თმის ხელოვნური პარიკი. ქერა პარიკი შევიძინე, თან ერთი კი არა, ორი. ასეთი სისულელე, მგონი, ცხოვრებაში არ გამიკეთებია (იცინის). არ ვიცი, რად მინდოდა. თან საკმაოდ დიდი თანხა ღირდა. ვერ გეტყვი, რა დამემართა მაღაზიაში. თან, ორივე ერთნაირია. შეიძლება სიგრძეში იყოს რამდენიმე სანტიმეტრიანი სხვაობა. ალბათ, რომ დავინახე, ახალი მანუ წარმოვიდგინე და ვიფიქრე, ეს რომ დავტოვო, მთელი ცხოვრება ვინანებ-მეთქი. ჰოდა, ვიყიდე და ვარ „ბედნიერი“ (იცინის). თვითონ პარიკი ძალიან ლამაზია, მაგრამ მოვიტყუები, რომ ვთქვა, ქერა თმა მიხდება-მეთქი, ამიტომ ისიც კი არ ვიცი, სად მაქვს შენახული (იცინის).