როგორი იყო ნანუკა ფორჩხიძის ზაფხული, რას გეგმავს მომღერალი სამომავლოდ და როგორი ურთიერთობა აქვს მამასთან – დათო ფორჩხიძესთან, ამას თავად ნანუკასგან შევიტყობთ.
ნანუკა ფორჩხიძე: ზაფხული ჯერ ბათუმში გავატარე, შემდეგ კი – პარიზში, ჩემს მამიდასთან და მამიდაშვილებთან ერთად. ცოტა შემაგვიანდა გადაცემაში დაბრუნება, მაგრამ ძალიან კარგი განწყობით ჩამოვედი და უკვე შევუერთდი ჩვენს არაჩვეულებრივ გუნდს. ძალიან მომენატრა აქაურობა.
– პარიზში როგორი დრო გაატარე?
– ძალიან კარგი. შემდეგი წლიდან საფრანგეთში ვგეგმავ საცხოვრებლად გადასვლას. საქართველოში უნივერსიტეტის დამთავრებამდე ერთი წელი დამრჩა და რომ დავასრულებ, მინდა, მაგისტრატურაზე იქ ჩავაბარო. ახლა რომ ვიყავი, ცოტა გამოვცადე კიდეც საკუთარი თავი. მაინტერესებდა, უცხო ქვეყანაში რას შევძლებდი მუსიკალური თვალსაზრისით, თუმცა ვერ დავრჩი, რადგან ენის პრობლემა მაქვს. ფრანგულს ვსწავლობ, მაგრამ ჯერ კარგად არ ვიცი. ვაპირებ, წელს აქტიურად ვიმეცადინო და კარგად ვისწავლო. იმედი მაქვს, მოვახერხებ.
– არ გაგიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება?
– უკვე 12 წელია, ჩემი მამიდა და მამიდაშვილები საფრანგეთში ცხოვრობენ. მე ძალიან ვიყავი მათზე მიჯაჭვული და მიჭირს აქ მათ გარეშე ცხოვრება. ამიტომ ვცდილობ, ხშირად ჩავიდე და მოვინახულო. პირველ რიგში, მათ გამო მივიღე საფრანგეთში საცხოვრებლად გადასვლის გადაწყვეტილება. მათი ცხოვრების სტილიც ძალიან მომწონს და იქ თავს საოცრად კომფორტულად ვგრძნობ. ახლა რომ ვიყავი, ენის ბარიერის გამო ბევრი სირთულე შემხვდა. საფრანგეთში არ უყვართ ინგლისურად საუბარი და ეს დაბრკოლებებს მიქმნიდა, მაგრამ მაინც მივეჩვიე იქაურობას და ვფიქრობ, რომ შემდეგი რამდენიმე წელი საფრანგეთში განვაგრძობ საქმიანობას. თუმცა, მერე ისევ საქართველოში დავბრუნდები. იქ სამუდამოდ დარჩენას არ ვგეგმავ. უბრალოდ, მინდა, საქართველოში უფრო ძლიერი ჩამოვიდე.
– პირიქით, ეს არის ჩემი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი. აქ მაინც დათოს შვილი ვარ. იქ ამის შესახებ არავინ იცის და მინდა, ყველაფერი ნულიდან დავიწყო. ჩემი თავი გამოწვევის წინაშე უნდა დავაყენო. ვნახოთ, რას მივაღწევ ქვეყანაში, სადაც არავინ მიცნობს. საინტერესოა, იქ თუ დავიმკვიდრებ თავს. მინდა, რომ დათოს იმედები გავუმართლო. მისგან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ, განსაკუთრებულ ძალას მაძლევს. დათო ფიქრობს, რომ მე ბევრი რამ შემიძლია. აქ ცოტა მიჭირს იმის გაკეთება, რაც მე მინდა, თუნდაც, ისევ და ისევ დათოს გამო. ვფიქრობ, იქ შევძლებ, უფრო თავისუფალი ვიყო და საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოვავლინო.
– გიყვარს გამოწვევების წინაშე თავის დაყენება?
– არა, არ ვარ ამ ტიპის ადამიანი. როგორც ყველას, მეც მიყვარს კომფორტული გარემო და მდგომარეობა, რომელსაც უკვე შეგუებული ვარ, მაგრამ იმასაც კარგად ვხვდები, რომ გამოწვევების გარეშე ადამიანი არ იზრდება. ჩემს ხასიათში ძალიან არ მომწონს ეს თვისება და ამიტომ მინდა, შევცვალო, ახალ გარემოსთან შეგუება უნდა ვისწავლო. ამ ბოლო დროს სპეციალურად ვაყენებ თავს ასეთ სიტუაციებში, რადგან გაცნობიერებული მაქვს, რომ ეს ჩემი მინუსია.
– საქართველოში რა შემთხვევაში დაუბრკოლებიხარ დათოს შვილობას?
– ზოგადად, ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ იმის გამო, რომ ასეთი ადამიანის შვილი ვარ. დათოს მიღწევებს რომ თავი დავანებოთ, ის ძალიან კარგი მამა და მეგობარია. ჩემს სამეგობროში მისნაირი მეგობრული მამა მეორე არ მინახავს. ყველა ჩემს გადაწყვეტილებაში მხარს მიჭერს. თუმცა, რთულია იმ თვალსაზრისით, რომ მაინც ყველა დათოს გოგოდ მიცნობს. მას ისეთი მიღწევები აქვს, რომ შეუძლებელია, მე გადავფარო. რთულია ისეთი რამ გავაკეთო, რითაც დათოს შემდეგ ვინმეზე შთაბეჭდილებას მოვახდენ. ჩემი მიზანი კი ისაა, რომ დათომ ჩემით იამაყოს. მას ჩემს განვითარებაში ძალიან დიდი შრომა აქვს ჩადებული და მინდა, ეს დაუფასდეს.
– მეგობრულთან ერთად მკაცრი მამაც არის?
– როცა მუსიკას ეხება საქმე, ძალიან მკაცრია. თითქოს სხვა ადამიანად იქცევა. არავისთან არის ისეთი კრიტიკული, როგორიც ჩემთან. გადაცემების რეპეტიციებზეც ისე მეჩხუბება ხოლმე, რომ გარშემო ყველა ნერვიულობს. საყვედურობენ ხოლმე, რას აკეთებო. თუმცა, ჩვენი ურთიერთობა ასეთია, ჩხუბიდან ხუთ წუთში ერთად ვიცინით და ერთმანეთს აზრებს ვუცვლით. წყენა მალე გვავიწყდება, მაგრამ ძალიან მაგრადაც ვჩხუბობთ ხოლმე. ზოგჯერ ისეთ რამესაც მეუბნება, რომ გულს ძალიან მტკენს. თუმცა, მე ვიცი ამის მიზეზი. ერთხელ წარმატებულ ჩოგბურთელზე, მარია შარაპოვაზე მომიყვა. ის მამამისის დახმარებით გახდა ასეთი მაგარი. თურმე, მამამისი მის ყველა თამაშზე მიდიოდა და ტრიბუნებიდან უყვიროდა, შენიშვნებს აძლევდა. დაცვამ რამდენჯერმე შესთავაზა, თუ გინდათ, აღარ დავუშვებთო, მაგრამ შარაპოვას უთქვამს, მამა არის ის ადამიანი, რომელიც მე ამ ქცევით მაძლიერებსო. დათოც ამ მეთოდს იყენებს. ცდილობს, კრიტიკას შემაჩვიოს, მაგრამ ხანდახან რთულია. საბედნიეროდ, შედეგს ვხედავ. ბავშვობაში კრიტიკას ვერ ვიღებდი, ძალიან მიჭირდა, რამე არასასიამოვნოს რომ მეტყოდნენ და მაშინვე ტირილს ვიწყებდი. ახლა ასეთი რეაქცია აღარ მაქვს და ეს დათოს დამსახურებაა. ძალიან მომთხოვნია.
– როცა გართობას და დასვენებას ეხება საქმე, მაშინ როგორი მამაა?
– ერთად ძალიან კარგად ვერთობით. ჩვენი გამოგონილი ხუმრობები და საერთოდ, ჩვენი სამყარო გვაქვს. ძალიან გვიყვარს ერთად ფილმების ყურება და მერე განხილვა. ასევე, გვიყვარს წიგნების განხილვა. მამასთვის ჩემს პირად ურთიერთობებზეც ბევრი რამ მომიყოლია და ზოგჯერ ისიც უთქვამს, ზედმეტი ხომ არ მოგდის, მართლა შენი მეგობარი ხომ არ ვარ ამდენ რამეს რომ მიყვებიო (იცინის). ზოგჯერ გვეშლება ხოლმე ზღვარი მამაშვილობასა და მეგობრობას შორის.
– რაც შეეხება გადაცემა „ნიკოს შოუს“, როგორ მოგწონს საკუთარი თავი ამ ფორმატში?
– ეს გადაცემა ძალიან მომწონს. დიდი გამოცდილება მომცა. მთელი გუნდი ძალიან მიყვარს. თავიდან ახალ გარემოსთან ადაპტირება ძალიან გამიჭირდა, მიუხედავად იმისა, რომ ნიკოსთან მუშაობის გამოცდილება მქონდა. ახალ ჟანრთან მომიწია შეხება და ცოტა ვკომპლექსდებოდი, მაგრამ მთელი გუნდი დამეხმარა, რომ კომპლექსები დამეძლია და ეს ყველაფერი ისე შემიყვარდა, რომ ერთი სული მქონდა, როდის ჩამოვიდოდი და მუშაობას დავუბრუნდებოდი.
– როგორია მამასთან ერთად მუშაობა?
– მამასთან ერთად მუშაობა ძალიან რთულია. დათო რომ იქ არ ყოფილიყო, უფრო თავისუფალი ვიქნებოდი, ასე ვფიქრობ. ვგრძნობდი უკნიდან როგორ მაკვირდებოდა და ყველა დეტალს უყურებდა. თვალს მადევნებდა, შემეშლებოდა თუ არა რამე და ძალიან ვიძაბებოდი. სახლში კარგად ვმღეროდი, თავისუფლად ვიყავი, მაგრამ იქ რომ მივიდოდი და რაღაცნაირი თვალებით შემომხედავდა, ჩემს თავს ვეუბნებოდი ხოლმე, ახლა არ უნდა შეგეშალოს-მეთქი და მაშინვე მეშლებოდა (იცინის). მერე მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა და ვეცადე, დათოსთვის აღარ მიმექცია ყურადღება. თვითონაც მოეშვა და ასე უფრო გამოვიდა.
– თვითონაც საკმაოდ თვითკრიტიკული ყოფილხარ.
– კი, მე კიდევ უფრო კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ, ვიდრე დათო ჩემდამი და ორივე ერთად უკვე ძალიან რთულია. თუმცა, საერთო ჯამში, ესეც სასიამოვნოა და ყველაფერს თავის ხიბლი აქვს. საბოლოოდ, ამდენი ნერვიულობის შემდეგ, იმასთან მიახლოებულ შედეგს რომ დადებ, როგორიც გინდოდა, ეს ყველანაირ წვალებად და ნერვიულობად ღირს.
სხვათა შორის, როგორც დათო არის ჩემი მრჩეველი, ანალოგიურად ვარ მეც მისთვის. ახალ პროექტებზე რომ მუშაობს, მეც საკმაოდ კრიტიკული ვარ მის მიმართ და აზრს ყველაფერზე მეკითხება ხოლმე. თუ ვეტყვი, რომ არ მომწონს, შეუძლია ყველაფერი წაშალოს, თვითონ რომ მოსწონდეს, მაინც. არასდროს უთქვამს, მე ამხელა გამოცდილება მაქვს და შენს რჩევას როგორ გავითვალისწინებო. ამ მიდგომით ყოველთვის მაოცებს. დათო არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ყველასგან ახალი რაღაც ისწავლოს. თუ დაინახა, რომ რამე არ იცის, ჩაიკეტება მარტო და სანამ დანაკლისს არ შეივსებს და სასურველ შედეგს არ მიაღწევს, არ გაჩერდება. მე ასე მოქცევა ცოტა მიჭირს, თუმცა, ვცდილობ, მისგან მაგალითი ავიღო.