“დღემდე არ ვიცი ვინ არიან ჩემი მშობლები… რამდენადაც ვიცი როცა გავჩნდი, გამყიდეს“

ფართო საზოგადოებამ „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე, მარტა ბარამიძე „მასტერშეფიდან“ გაიცნო და შეიყვარა. პროექტის მონაწილემ სწორედ იქ ისაუბრა მძიმე ბავშვობის შესახებ და განმარტა, რომ უნდა ბევრისთვის მაგალითის მიმცემი იყოს.

„ჩემი ცხოვრება დასაწყისიდანვე არ იყო ჩვეულებრივი, ჩემი ბავშვობა იყო ძალიან განსაკუთრებული… თუმცა, სამწუხაროდ, არა კარგის მხრივ… ჩემი ბავშვობა არ იყო ისეთი ნათელი, ბედნიერი და მხიარული, როგორიც არის ხოლმე ბევრის ბავშვობა. ეს ალბათ იქიდან გამომდინარეობს, რომ დღემდე არ ვიცი, ვინ არიან ჩემი მშობლები, ისინი არასდროს მინახავს, თუმცა, თვალი ყოველთვის ეძებს ხოლმე მათ…

რამდენადაც ვიცი, როცა მე გავჩნდი, გამყიდეს და ერთ-ერთ ქალს მიმყიდეს, ვისთანაც ჩემი ბავშვობის წლები გავატარე. გარემო, სადაც მე ვიზრდებოდი, საკმაოდ მძიმე და რთულად ასატანი იყო. გადავიტანე ფიზიკური, მორალური ძალადობა, თავს ვგრძნობდი არა საყვარელ ადამიანად, არა შვილად, არამედ საგნად, რომელსაც მათთვის არ გააჩნია არანაირი ემოცია… ჩემი ერთადერთი დანიშნულება იყო ის, რომ უბრალოდ მეარსება, მაგრამ მეარსება ისე, რომ სხვებისთვის ხელი არ შემეშალა.

7 წლის ვიყავი, როცა ჩემი გამზრდელის მეორე ქმარი ფიზიკურად შემეხო. ეს ინტენსიურად, ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდებოდა. დავისახე მიზანი, რომ მე აქედან უნდა გავქცეულიყავი.

მახსოვს, იყო პერიოდები, როცა შიმშილისგან გონს ვკარგავდი და სახლში მისული პურს და მარილს ვჭამდი კვირების განმავლობაში…წლების განმავლობაში ბაზრობაზეც ვმუშაობდი, როცა სხვები ისვენებდნენ, მე მთელი ზაფხულის განმავლობაში ჯართს ვაგროვებდი, თითო ლურსმანს არ ვტოვებდი ხოლმე, თუკი სადმე რკინას დავინახავდი… ტომრებით ჩავაბარე, ამით სკოლის ფორმა, წიგნები და რვეულები ვიყიდე, ძალიან ბედნიერი ვიყავი.

ყოფილა მომენტები, როცა სისუსტე გამომიჩენია და თვითმკვლელობაზეც მიფიქრია… უბრალოდ ვფიქრობდი, რომ ვეღარ გავუძლებდი… მაგრამ არა, არ გავაკეთე! მინდა, რომ სხვებისთვის მაგალითი ვიყო,“ – ამბობდა მარტა ბარამიძე.