„გვაჩვენე შენი ხმა“ – ახალი მუსიკალური პროექტი, რომლის ხილვაც მაყურებელს „რუსთავი 2-ზე“ შეუძლია, საკმაო პოპულარობით სარგებლობს. საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ავთო გვასალია კი ამ პროექტის ერთ-ერთი ექსპერტია.
ავთო გვასალია: ამ პროექტის კასტინგი რომ დაიწყო, მეც მაშინ გავიგე, რომ მასში ვიქნებოდი ჩართული, როგორც ერთ-ერთი ექსპერტი. ეს ჩემს ცხოვრებასა და კარიერაში სიახლეა. ამ მიმართულებით გამოცდილება არ მაქვს. თავიდან რომ მითხრეს, მუსიკალური პროექტიაო, ცოტა შევშინდი. მე არ მაქვს მუსიკასთან მჭიდრო კავშირი და მით უმეტეს, მუსიკალური განათლება, მაგრამ ეს, ასევე, ძალიან აზარტული გადაცემაა, სადაც კარგი ინტუიცია და მახვილი თვალი გჭირდება. მე, როგორც ჟურნალისტი, ამ მხრივ ჩემს გამოცდილებას ვიყენებ.
– საინფორმაციოსა და ამ პროექტს შორის დიდი კონტრასტია. როგორ მიგიღო მაყურებელმა ახალ ამპლუაში?
– გადაცემას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც სოციალურ ქსელში, ისე სატელევიზიო ეთერში. მაყურებელმა კარგად მიიღო. არცერთი წამი არ არის ამ გადაცემაში მოსაბეზრებელი. ყოველი წუთი მხიარულება, გართობა და ბედნიერების მომტანი ემოციებია. რაც შეეხება საინფორმაციო და გასართობ გადაცემებს შორის კონტრასტს, მე გასართობი გადაცემიდან წავედი საინფორმაციოში და შესაბამისად, ეს გამოცდილება მქონდა. თუმცა, ჩემი ახლანდელი სტატუსიდან გამომდინარე, ვცდილობ, ზომიერი ვიყო და ზედმეტი „სიცანცარისგან“ თავი შევიკავო (იცინის). საინფორმაციოში ყველანაირად შეზღუდული ხარ, არ გაქვს უფლება, მაყურებელს შენი დამოკიდებულება აგრძნობინო კონკრეტულ ამბავთან დაკავშირებით. იქ მხოლოდ მთხრობელი ხარ და შენი პირადი მაყურებელს არ აინტერესებს. აქ კი ისეთივე ბუნებრივი ხარ, როგორიც რეალურ ცხოვრებაში. ამიტომ ჩემთვის ეს კონტრასტი ძალიან საინტერესოა და გამიხარდება, თუ მაყურებელი ამ პროექტით ისეთს მიმიღებს, როგორიც სინამდვილეში ვარ.
– თავად როგორ მღერი?
– არაპროფესიონალურად მეც ვმღერი (იცინის). ჩემს თავს მომღერალს ვერ ვუწოდებ, მაგრამ მოყვარულის დონეზე – კი, ბატონო. ბავშვობაში გუნდში ვმღეროდი, ახლა კი ჩართული ვარ სატელევიზიო პროექტებსა თუ არხზე სხვადასხვა დღესასწაულისთვის მომზადებულ მუსიკალურ ნომრებში. როგორც მინიმუმ, მელომანი მაინც ვარ (იცინის).
– აზარტული თუ ხარ?
– მე ვფიქრობ, რომ ძალიან აზარტული ადამიანი ვარ. საერთოდ, ჟურნალისტიკა ისეთი სფეროა, რომლის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი აზარტია და ჩემი აზრით, ჟურნალისტს ეს თვისება აუცილებლად უნდა ჰქონდეს. როცა ამ პროფესიაში ხარ, მუდმივად გაქვს სურვილი, კარგი მასალა გამოგივიდეს, ექსკლუზივი მოიპოვო და პირველმა შენ მოუყვე მაყურებელს ამბავი. მგონია, რომ პროფესია სწორად მაქვს არჩეული, ანუ აზარტულიც ვარ.
– რადგან საინფორმაციოს წამყვანი ხარ, სადაც მიდიხარ, ყველგან პოლიტიკის შესახებ გეკითხებიან?
– სანამ საინფორმაციოში გადმოვიდოდი, პოლიტიკაში აქტიურად ჩართული არ ვყოფილვარ. რაც აქ გადმოვედი, ნელ-ნელა მივხვდი, რომ მეც აქტიურად ჩავერთე პოლიტიკურ ცხოვრებაში. როდესაც საინფორმაციოში მუშაობ, წარმოუდგენელია, არ აჰყვე პოლიტიკურ პროცესებს. პარალელურად, მომრავლდნენ ადამიანები, რომლებიც მეკითხებიან, აბა, რა ხდება კულუარებშიო. რატომღაც აქვთ წარმოდგენა, რომ, როცა საინფორმაციოში მუშაობ, შეიძლება, იცოდე, რომელი პოლიტიკოსი რას გეგმავს. რეალურად, ჩვენ რაც ვიცით, იმას ვუყვებით მაყურებელს. დაბადების დღეზე რომ მიდიხარ დატვირთული დღის შემდეგ, საერთოდ არ გინდა სამსახურზე ფიქრი, მხოლოდ განტვირთვა გჭირდება, მაგრამ ხშირად ამ დროსაც კი პოლიტიკაზე გეკითხებიან, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანაში რამე მნიშვნელოვანი ხდება.
– განსაკუთრებული ზაფხული გქონდა. ზვიგენებთან ერთად ოკეანის შუაგულში ცურვაც მოახერხე. როგორ გახსენდება წლევანდელი არდადეგები?
– ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ზაფხული მქონდა. ჯერ, ოჯახთან ერთად, საქართველოს კუთხეები შემოვიარე. ჩემი სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, ხშირად ვერ ვახერხებ მათთან ყოფნას და ამიტომ ზაფხული გავატარეთ ერთად. ვიყავით სვანეთში, სამეგრელოსა და ზღვისპირეთში. ძალიან ვისიამოვნე. ასევე, ვიყავი ინდოეთის ოკეანეში, მალდივებზე. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, ზვიგენებთან ერთად მომიწია ცურვა და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ექსტრემალური იყო. იქ იყვნენ ინსტრუქტორები, რომლებიც პასუხისმგებლობას იღებენ შენს უსაფრთხოებაზე და გარწმუნებენ, რომ ეს ზვიგენები არ შეგჭამენ (იცინის). თუმცა, გაფრთხილებენ და ხელს გაწერინიბენ იმაზეც, რომ თუ მათ წესებს არ დაემორჩილები, შეიძლება, რამე მოხდეს და ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ. მე, რა თქმა უნდა, მივყევი მათ ინსტრუქციას და შუა ოკეანეში, ზვიგენებთან ერთად ვიცურე. როგორც მითხრეს, ეს არ არის ზვიგენების საშიში სახეობა და ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. შეიძლებოდა, მაქსიმუმ, ეკბინათ და ამისთვისაც მზად ვიყავი. თუმცა, ყველა მითითება დავიცავი. იმ მომენტში, როცა წყალში ვიყავი, არ ვფიქრობდი იმაზე, რომ ჩემ ირგვლივ ამდენი ზვიგენი იყო. იმ მომენტში ვერც ვხედავდი გარშემო ამდენ ზვიგენს. მათი რაოდენობა ზემოდან გადაღებულ კადრში უფრო აღქმადია. თუმცა, მერე ერთ-ერთი ზვიგენი ხელზე შემეხო და ცოტა შევშინდი, მაგრამ საბედნიეროდ, მალევე დასრულდა ეს შეხება და მოვეშვი (იცინის).
– ზაფხულში გაქვს დაბადების დღე. წელს 25 წლის გახდი. როგორი იყო ეს დღე?
– 25 წლის იუბილე ძალიან კარგ ადგილზე აღვნიშნე – ჩემს მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად რაჭაში ვიყავი, სადაც არც ინტერნეტი იყო და არც ტელეფონი იჭერდა. თითქმის სამყაროს ვიყავი მოწყვეტილი და ირგვლივ მყავდნენ ადამიანები, რომლებიც ძალიან მიყვარს. როგორც წესი, დაბადების დღეზე ძალიან ბევრ მილოცვას იღებ, თუმცა ამჯერად ასე არ ყოფილა. რადგან ტელეფონი არ იჭერდა, არავირტუალურ გარემოში ვიყავი და მოლოცვები გვიან ვნახე.
საერთოდ, მიყვარს ჩემი დაბადების დღე, მაგრამ მისი აღნიშვნა – დიდად არა. ვერ ვიღებ განსაკუთრებულ სიამოვნებს, როდესაც ყურადღების ცენტრში ვარ.
– როგორ შეაფასებდი შენს 25 წელს?
– პირველ რიგში, საუკუნის მეოთხედია (იცინის). საინტერესო, მრავალფეროვანი და ნაყოფიერი წლები იყო, ბევრი რამის გაკეთება მოვასწარი, მაგრამ მგონია, რომ ამ 25 წელიწადში უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. თუმცა, ეს აზრი არ მთრგუნავს, პირიქით, მოტივაციას მაძლევს იმისთვის, რომ უფრო მეტი გავაკეთო 30 წლამდე და შემდეგ წლებში.