მომღერალი, ნინა წკრიალაშვილი ბოლო წლები საქართველოდან წასული იყო, ის აღარ ეკონტაქტებოდა მეგობრებს, არ სარგებლობდა სოციალური ქსელით. ცნობილია, რომ ის ბოლო პერიოდში საბერძნეთში ცხოვრობდა.
ქვეყნიდან წასვლის შემდეგ მომღერალმა მალევე გაავრცელა ფოტოები და თქვა, რომ საბერძნეთში ახალი სიყვარული იპოვა. მომღერლის ახალი შეყვარებული 50 წლამდე ასაკის ილიას აზარი აღმოჩნდა. იგი წარმოშობით ლიბანიდან იყო და საბერძნეთში ცხოვრობდა. ილიას აზარი სატელევიზიო სფეროში მუშაობს. ის და ნინა მეგობრებთან ერთად შესანიშნავ დროს ატარებდნენ და ქართველი მომღერალი ფოტოებს სოციალურ ქსელით მუდმივად გვიზიარებდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ნინა გაქრა. როგორც ახლა ირკვევა, მას სერიოზული პრობლემები ჰქონდა, კერძოდ დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა, პანიკური შეტევები და ა.შ. ნინა საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და მძიმე დღეებზე ლელა წურწუმიას გადაცემაში ისაუბრა.
“რატომ გადავწყვიტე ქვეყნიდან წასვლა – ამას არ ჰქონია ერთი მიზეზი. დაგროვდა რაღაცები, პრაქტიკულად, მარტომ გავიარე ყველა ის სირთულე, რაც მჭირდა. კი, მყავდა ქმარი, პარტნიორი, მაგრამ აქეთ მიწევდა ყველაზე ზრუნვა. 2018 წლიდან დაიწყო ყველაფერი და კულმინაცია იყო, როცა ჩემი ვიდეო გაავრცელეს. მანამდეც მძიმე ფონი მქონდა და ამ ვიდეოს გავრცელება იყო პიკი, ვერ გადავხარშე. მოვკვდი იმ დროს. როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა მეორე ასე გაწიროს. თუმცა პირველად ცხოვრებაში ვიგრძენი, რომ მთელი ერი მხარში მედგა.
ამის შემდეგ გავთხოვდი, არ ვაპირებდი გათხოვებას. აღარ შემეძლო არც ქართული ლაპარაკი, არც საქართველო. ძალიან სიმპათიური ბოიფრენდი ვნახე. ხან მე მივდიოდი საბერძნეთში, ხან ის ჩამოდიოდა. გვქონდა ჯანსაღი ურთიერთობა. არ მიფიქრია მაშინ გათხოვებაზე, თუმცა როცა ვიდეოს გავრცელების ამბები იყო, აღარც საბერძნეთში წასვლა არ მინდოდა. ჩამოვიდა ერთხელ არ წავყევი, მეორედ ჩამოვიდა და წავედი. წავედი შერყეული ფსიქიკით და გავაგიჟე ეს ბიჭი იქ. სანამ წავიდოდით, გავაფრთხილე, რომ სახლის საქმეები არ ვიცოდი და არ არის პრობლემაო. რომ ჩავედით, იქიდან დაიწყო ყველაფერი – ითხოვდა რატომ არ გვაქვს სადილებიო, მეგონა ხუმრობდა. შემდეგ დავიწყე საჭმელების მომზადებაც. შემდეგ დაიწყო ჯოჯოხეთი – ვეკითხებოდი, რატომ მეჯიბრები-მეთქი. პასუხიც არ მქონდა. დღემდე ხომ ერთად ვცხოვრობთ და კარანტინის პერიოდში იქ ცალკე ვცხოვრობდი, ცალკე გადავედი, რადგან შემშალა ტიპმა ჭკუიდან. როცა ვუთხარი, რომ მივდიოდი, მითხრა, – წადიო. ამ დროს კარანტინია, თანხა დაყადაღებული მაქვს ბანკში… ვეუბნები, სად წავიდე-მეთქი, მიპასუხა, – სადაც გინდაო, შენს ქვეყანაში წადიო. ეგონა ვერ წავიდოდი. 2 დღეში დამირეკა ჩემმა მეგობარმა და მითხრა, რომ გავმდიდრდი და პირველი შენ გამახსენდიო. მან მიქირავა სახლი, ულამაზესი ვერანდით” – ამბობს ნინა.
როგორც ნინა ჰყვება, მძიმე დღეების მეორე ეტაპი სწორედ იმ დროს დაიწყო, როცა მარტო გადავიდა.
“ჩავწექი, მქონდა მძიმე დეპრესია და პანიკური შეტევების ციკლი დამეწყო მეოთხეჯერ. ეს არის ყველაზე საშინელება. 2 წელი და შვიდი თვე მქონდა და დღეში 5-ჯერ მაინც მქონდა შეტევა. ყველა დელივერის ბიჭი მცნობდა. იქ გავიცანი ძალიან კარგი გოგო, სახლში მარტო დარჩენა როცა არ შემეძლო, მას ვთხოვდი დარჩენას ჩემთან. ერთხელაც აღმოვჩნდი პალატაში, აპარატზე შეერთებული. გონს რომ მოვედი, ვერც მივხვდი რა დამემართა.. დაუძახეს მთავარ ექიმს. მკითხეს ჩემს შესახებ. აქ რატომ ხარო, – მკითხეს. არ მახსოვდა არაფერი. მე გეტყვით რაც გჭირთო – ეპილეფსიის შეტევაო. პირველად დამემართა 44 წლის განმავლობაში, თან ძალიან ძლიერი. არ ვიცი, რანაირად დამემართა. რომ გავიღვიძე, თან დაბმული ვიყავი.
როცა შეტევა მომივიდა, სახლში მარტო ვიყავი. თავს ცუდად ვგრძნობდი და ილიასს დავურეკე, მეუბნებოდა, რომ რიგითი პანიკური შეტევა გექნებაო. ვუთხარი, რომ მართლა ცუდად ვარ-მეთქი. ბოლოს მახსოვს, რომ ტელეფონსაც ვეღარ ვიჭერდი, რომ აღარ ვუპასუხე, მოვიდა. პულსი არ მქონდა. ბედზე გადავრჩი” – ამბობს ნინა.
“ახლა ვფიქრობ, ბოლოჯერ მაქვს ის მომენტი, რომ ან ნულიდან უნდა დავიწყო ყველაფერი, ან მინუსებიდან ან მთელი ცხოვრება ვიწვები. სანამ წამლებს დავლევ ხოლმე, მგონია, რომ უნდა ვიწვე… შემდეგ წამლებს რომ ვსვამ, ნახევარ საათში ვფიქრობ, რომ შევძლებ დავიწყო მინუსებიდან.
როცა აქედან წავედი, საკუთარი თავი დავსაჯე თავიდან ბოლომდე. მე ძალიან ბევრ რამეს ვნანობ და თან არც არაფერს. მენანება ჩემი თავი, რომ ერთი ადამიანი არ აღმომაჩნდა გარშემო, დედა, მამა, მეგობარი ან რომელიმე ქმარი, რომელიც გვერდში დამიდგებოდა და მეტყოდა, რომ მიდი, გააკეთე…
რაც შეეხება გეგმები – ახლა ჩამოვედი დავტესტე საკუთარი თავი, რაღაცა ერთი-ორი იდეა მაქვს. თუ ჩამოვედი, ძალიან აქტიური უნდა ვიყო, დრო რომ არ მქონდეს, მაგ დროს ძალიან ნაკლებად დეპრესიული ვარ. ვნახოთ, ნელ-ნელა ვცდილობ. მეგონა, რომ უფრო გამიჭირდებოდა აქ გაჩერება. არ მიჭირს, პირიქით. ჩემს დასთან ვარ ახლა. მივხვდი, რომ ძალიან მენატრებოდნენ. მიყვარს ტახტზე ძილი, ახლაც ტახტზე მძინავს სამზარეულოში, მეუბნება, – შედი საძინებელშიო, – არა, არ მიყვარს. დღეს პირველად გამოვედი გარეთ. არ მინდა, გარეთ გასვლა. არავინ მინახავს, არავინ მელაპარაკება. გარეთ გასასვლელი რომ ვარ, მეწყება აი, ეს შეგრძნება, მგონია, რომ ვერ გავალ”, – აღნიშნა მომღერალმა.