რას უკრძალავს საკუთარ თავს შორენა იმნაძე და რატომ უჭრიდა ის დედას ახალ ტანსაცმელს

იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელიც მუდმივად ფორმაშია, სულ დადებით ენერგიას ასხივებს და ცდილობს, ირგვლივ მყოფებიც გააბედნიეროს. სწორედ, ასეთია მომღერალი შორენა იმნაძე, რომელიც ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგ ფორმაშია და როგორც აღმოჩნდა, ამისთვის დიდი ძალისხმევა არ დასჭირდა.

შორენა იმნაძე: პრანჭია ბავშვი ვიყავი. ჩემი და ჩემზე ათი წლით უფროსია და მისი მეგობრები რომ მოდიოდნენ, ჩავუძვრებოდი ჩანთაში და თუ რამეს ვნახავდი, ყველაფერს სახეზე ვისვამდი, სამკაულებს ვიკეთებდი, დედაჩემის მაღალქუსლიანებს ვიცვამდი, ჩემი დის ტანსაცმელს და მეჩხუბებოდნენ, ასე როგორ შეიძლება, ჯერ პატარა ხარო (იცინის).

– ამის გამო გსჯიდნენ?

– ვუფუჭებდი ყველაფერს და ამიტომ მსჯიდნენ. არ დამავიწყდება, მამამ დედას, ულამაზესი ქვედაბოლო უყიდა, მივადექი და ნახევრად გადაჭრილი დავახვედრე. ატყდა ერთი ამბავი. ჩემი და რომ მოვიდოდა სახლში, ყველაფერი თავდაყირა ხვდებოდა, თავისი ქუსლმოტეხილი ფეხსაცმელებით. მიყვარდა გაპრანჭვა და წითელი პომადა, რაც დღემდე გამომყვა. ახლაც ასე ვარ. სადაც არ უნდა მივდიოდე, გადაპრანჭული უნდა ვიყო. სამი წლის რომ ვიყავი, სოფელში კონცერტებს ვდგამდი. მთელი გურია მიცნობდა. საკმაოდ აქტიური ბავშვი ვიყავი.

– პირველი სერიოზული მაკიაჟი რა ასაკში გაიკეთე?

– მიუხედავად იმისა, რომ გაპრანჭვა მიყვარდა, ძალიან ბავშვური ვიყავი. პირველი სერიოზული მაკიაჟი, ალბათ, ოცი წლის ასაკში გავიკეთე.

– საკუთარ გარეგნობაზე ექსპერიმენტები თუ ჩაგიტარებია?

– ორსულად ვიყავი, მოდაში იყო და თმის ქერად გადაღებვა გადავწყვიტე. არადა, ისეთი შავი ვარ, რანაირად მომიხდებოდა? მოკლედ, მაინც გავრისკე, შევიღებე და სახლში ორი დღე მქონდა „ტრაური“, რას ვგავარ-მეთქი. თან, მოკლედ შევიჭერი და ის დღეები მწარედ მახსოვს. მხოლოდ ერთხელ მქონდა ქერა თმა და მოკლედ შეჭრილი და ასეთ შეცდომას აღარასოდეს დავუშვებ. მოკლე თმა არ მიხდება. ბუნებრივად, მუქი წაბლისფერი თმა მაქვს და სულ შავად ვიღებავ. 26 წლიდან დავიწყე თმის შავად შეღებვა და დღემდე ასე ვარ.

– სახის კანი მუდმივად მოვლილი გაქვს. როგორი ტიპის კანი გაქვს და როგორ უვლი?

– მაქვს ძალიან მშრალი კანი და ვცდილობ, სახის კანს მაქსიმალურად მოვუარო. დედამთილმა გამომიწერა სახის კრემი, რომელიც მზისგან დამცავია, მომიხდა და მას ყოველდღიურად ვხმარობ. ზემოდან კი ტონალურს ვისვამ. სხვათა შორის, წლებია, ტონალური კრემი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სოლარიუმს ხშირად ვსტუმრობ და რუჯი მაქვს, ტონალურს მაინც ვისვამ. ასევე, ვისვამ ბავშვის კრემებს, რომელიც ძალიან უხდება ჩემს კანს.

– სცენაზე, პრაქტიკულად, ყოველდღიურად გიწევს დგომა. სცენა კი, მკვეთრ მაკიაჟს მოითხოვს, რაც სახის კანისთვის ძალიან ცუდია.

– იმდენად კარგ ტონალურს ვხმარობ, პრობლემა არ გამჩენია. ამას წინათ ჩემი მეგობრები მეკითხებოდნენ: შორე, ასე კარგად რომ გამოიყურები, რას იკეთებო. არ დაგიმალავთ, ბოტოქსი მხოლოდ შუბლზე მაქვს გაკეთებული, სამი წელია, დავიწყე, მეტი არაფერი. და, ვერავის ვაჯერებ. თან, ყოველ საღამოს ქაფით ვიბან სახეს, კვირაში ორჯერ სკრაბს ვხმარობ და გასუფთავებულ კანზე დამატენიანებელს ვისვამ. დღის და ღამის კრემს ყოველდღიურად ვიყენებ. სხვათა შორის, ახლა დავფიქრდი და ექსპერიმენტები სახის კანზე არასოდეს ჩამიტარებია, თუ არ ჩავთვლით კიტრის დადებას და ყავის წასმას. სალათას რომ ვაკეთებ, კიტრის ნათალს ვიდებ სახეზე. ისე კი, გენეტიკურად მაქვს კარგი კანი. თმაზე კი, თუ დრო მაქვს, მაიონეზს ვისვამ. ძალიან გამითხელდა თმა და ამიტომ ვცდილობ, შინაურ პირობებში მოვუარო. ამისთვის ძალიან კარგია მაიონეზი, თაფლი და ძმარი. დაბანის მერე, თითო სუფრის კოვზი ძმრის, მაიონეზისა და თაფლის ნაზავი უნდა წაისვათ თმის ძირებსა და თმაზე, ცოტა ხანს შეიფუთოთ და მერე ჩამოიბანოთ. ძალიან კარგია, თმას ასქელებს და სიპრიალესაც აძლევს. თუ დასაბან თმაზე კვერცხის ცილას წაისვამთ და შამპუნითა და ბალზამით ჩამოიბანთ, სასწაულ ეფექტს მიიღებთ. ეს რეცეპტები დედისგან ვისწავლე.

– ძალიან კარგ ფორმაში ხარ. ზედმეტი კილოგრამები გაქვს დაკლებული და ძალიან გიხდება. ეს ვარჯიშის დამსახურებაა თუ დიეტის?

– დილით ვსვამ თაფლიან ყავას. შაქარი და ცომეული მენიუდან ამოვიღე. ყოველდღე სპორტდარბაზში ვვარჯიშობ და დღეში ერთხელ ვჭამ და საღამოს შესაძლოა, მაწონი ან იოგურტი მივირთვა. იყო პერიოდი, როცა წონა ძალიან გამექცა. არასოდეს ვყოფილვარ დიდი წონის, თუმცა, სულ მქონდა იმის კომპლექსი, რომ კაბებს, რომლებიც ძალიან მომწონდა, ვერ ვიხდენდი. ჩემი გახდომის ერთ საიდუმლოსაც გაგიმხელთ: რა თქმა უნდა, ცომი და შაქარი გამოვრიცხე და ვარჯიში დავიწყე, მაგრამ ყველაზე დიდი შედეგი მომცა გასახდომმა ჩაიმ, რომელიც ჩემმა მეგობარმა ანი ძოწენიძემ საბერძნეთიდან გამომიგზავნა. ზოგადად, არ მიყვარდა მსგავსი რამეების სმა, სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, სანამ ჩემს თავზე არ გამოვცადე. წამალსაც კი არ ვსვამ, მაგრამ ორი თვის წინ დავიწყე ამ ჩაის სმა და თქვენ წარმოიდგინეთ, მადა დამიკარგა და სასწაულად დავიკელი. ათი დღის განმავლობაში დღეში ერთხელ ვსვი და თავად ხედავთ, როგორ ფორმაში ჩავდექი. ძალიან მიყვარს ჭამა, თან, რესტორანში, სადაც ვმღერი, ბევრ ენერგიას ვხარჯავ, მინდება რამის ჭამა, მაგრამ უკვე ორი წელია, ჩემს თავს ვეუბნები და ვაიძულებ: შორე, შენ არ უნდა ჭამო. იმ დონეზე მინდა, ფორმაში ვიყო, თან, სცენაზე დგომა და ხალხთან ურთიერთობაც მაძლევს სტიმულს, ნებისყოფა გამოვიჩინო, თავი შევიკავო და მადა მოვთოკო. არ მაქვს უფლება, ჩემი თავი მივუშვა, რადგან საზოგადოებაში ვტრიალებ და სცენაზე მდგარს მიყურებენ. სახლიდან ისე ვერ გავალ გარეთ, თუ მოწესრიგებული არ ვარ. დიდი თვალის ფორმა მაქვს, წამწამებს ვიკეთებ და დილას რომ ვდგები, უკვე ფორმაში ვარ. ყოველდღე ისე გამოვიყურები, თითქოს კონცერტი მაქვს. ყველა ქალს ვურჩევ, უყვარდეთ საკუთარი თავი და მერე ყველას ეყვარება – ქმარსაც, შვილებსაც და ნათესავებსაც. უფრო ემიგრანტებს მინდა, ვთხოვო – მიხედონ საკუთარ თავს. რასაც აგზავნიან, იმის ნახევარი თავიანთ თავს დაახარჯონ, იყვნენ ჯანმრთელები და ასეთები დაბრუნდნენ ოჯახებში.