ინტერნეტსივრცის შემდეგ, სერიალ „სტუმრის“ ხილვა უკვე სატელევიზიო ეთერშიც შესაძლებელია. მასში ერთ-ერთ მთავარ როლს უნიჭიერესი მსახიობი ვერონიკა კალანდარიშვილი ასრულებს, რომელიც დეტალების შესახებ თავად მოგვიყვება.
ვერონიკა კალანდარიშვილი: სერიალი „სტუმარი“ გადაღებულია ყველასთვის ცნობილი და საყვარელი, ბრიტანელი დრამატურგის პიესის – „ინსპექტორის ვიზიტის“ მიხედვით. აქედან გამომდინარე, თავიდანვე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დაგვაწვა მხრებზე. თუმცა, ამის გამო არ შემშინებია, პირიქით, დაკისრებულმა პასუხისმგებლობამ „ცეცხლი შემინთო“. სერიალის რეჟისორი ლაშა ცერიაშვილია, რომლის დიდი ნდობაც მქონდა და ერთად ბევრი ვიმუშავეთ.
სერიალში მოქმედება წარსულ დროში ხდება, თუმცა, თემა, რომელიც მასშია აქტუალური, ყველა დროში ძალიან მნიშვნელოვანია. შევეცადე, დაკისრებული რთული პასუხისმგებლობისთვის თავი კარგად გამერთმია და იმედია, გამომივიდა.
– საერთოდ, როცა სირთულეებს ხვდები, ბრძოლისუნარიანი ხდები?
– ადევნებ ხოლმე თვალს მაყურებელთა გამოხმაურებებს სოციალურ ქსელში?
– როგორც მივხვდი, მაყურებელმა დიდი ინტერესით მიიღო ეს პროექტი, თუმცა კომენტარებს რაც შეეხება, მე მაინც ვცდილობ, არ წავიკითხო, ამის ყოველთვის მეშინია (იცინის). დადებითი კომენტარები ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ამდენადვე უსიამოვნოა უარყოფითი (იცინის). მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ, უარყოფითმა კომენტარებმა ჩემზე არ იმოქმედოს, თუ ასეთს ვაწყდები მაინც ძალიან ვნერვიულობ. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი საქმის მიმართ და ასეთ დროს ვფიქრობ, რომ ვინმეს იმედი გავუცრუე, რაც ძალიან მძიმედ მოქმედებს ჩემზე. ამიტომ ვცდილობ, არ წავიკითხო, მაგრამ თავის შეკავება რთულია და მაინც გამექცევა ხოლმე თვალი (იცინის). ჩვენი პროფესიის ადამიანები ხომ ყველაფერს მაყურებლისთვის ვაკეთებთ და მათ შეფასებას ვერ გაექცევი. ამიტომ ჯობს კარგსაც და ცუდსაც თვალი გაუსწორო.
– კიდევ ერთი პროექტი გვიახლოვდება, სახელწოდებით – „მსხვერპლი“.
– ასეა და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამ სერიალში ბევრი მოულოდნელობა იქნება. ეს ბრიტანული პროექტია, რომელიც ბევრ ქვეყანაში გადაიღეს და ახლა უკვე – საქართველოშიც. მასზეც იმავე გუნდმა იმუშავა, რომელმაც „სტუმარზე“. „სტუმარი“ რომ გადავიღეთ, ძალიან მალე, ერთ თვეში, ახალ კასტინგზე დამიბარეს. ამას არ ველოდი, ვფიქრობდი, რომ მხოლოდ დიდი დროის გასვლის შემდეგ თუ მხვდებოდა პატივი, კიდევ ერთხელ მემუშავა ამ გუნდთან ერთად. ამიტომ როლზე რომ დამამტკიცეს, სიხარულისგან ვხტოდი (იცინის). მოსამზადებლად ცოტა დრო მქონდა და გულმა რეჩხი მიყო. როცა სცენარს გადავხედე, ცოტა ხანი ვფიქრობდი, უკან ხომ არ დავიხიო-მეთქი, მაგრამ ეს მხოლოდ წამიერი სისუსტე იყო. როგორც ვთქვით, რისკის გარეშე ზრდა არ ხდება. იმედი მაქვს, მაყურებელს შედეგი მოეწონება.
– სერიალ „სტუმარში“, რომელიც ინტერნეტსივრცეში უკვე ვნახეთ, მოქმედება წარსულ დროში ხდება. როგორ წარმოგიდგენია თავი იმ დროში?
– იმ ეპოქის სწორად „დაჭერა“ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე იყო. თუმცა, სერიალს იმდენად მაგარი მხატვრობა აქვს, ისეთი გარემო და კოსტიუმებია, რომ ეს ყველაფერი, გრიმთან ერთად, ძალიან დამეხმარა გარდასახვაში. მე რომ იმ დროში ვცხოვრობდე? კარგია, რომ მაშინ ქალებს არ წვავდნენ, თორემ მე აუცილებლად დამწვავდნენ (იცინის). ძალიან გამიჭირდებოდა, ალბათ, გიჟად შემრაცხავდნენ (იცინის). იმ ეპოქას ქალისთვის განსაკუთრებულად მკაცრი წესები და ჩარჩოები ჰქონდა. მგონია, რომ მე მასში ვერ ჩავჯდებოდი და ალბათ, მთლად კარგი დამოკიდებულება არ ექნებოდათ ჩემ მიმართ (იცინის).
– გქონდა დაუმორჩილებლობის პერიოდი, იყავი მეამბოხე გოგო, თუნდაც თინეიჯერობის პერიოდში?
– კი, თინეიჯერობის პერიოდში ძალიან მეამბოხე ვიყავი. მეცვა ათი ზომით დიდი მოსაცმელი, სხვადასხვა ფერის ფეხსაცმელი, არ ვუჯერებდი არავის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ოჯახის წევრებისთვის აუტანელი ვიყავი (იცინის). ალბათ, ჩემი ოჯახის ყველაზე მძიმე და შემაწუხებელი წევრი მე ვიყავი (იცინის). ყველას ძალიან ვანერვიულებდი სულ მცირე ორი წელი მაინც. შემდეგ ნელ-ნელა შევიცვალე. მეამბოხე ხასიათი მცირე დოზით მაინც რჩება, თუმცა, მერე სწავლობ მის დარეგულირებას ისე, რომ სხვას ზიანი არ მიაყენო.
– დღემდე ოჯახის ყველაზე მეამბოხე წევრი ხარ?
– არ ვიცი რამდენად მეამბოხე, მაგრამ შემაწუხებელი – კი. დარწმუნებული ვარ, ამაში ჩემი ოჯახის ყველა წევრი დამეთანხმება (იცინის). საერთოდ ხომ ასეა – უმცროსი დის მიმართ ყველა ცდილობს მზრუნველობის გამოხატვას, რასაც მე არ ვიღებ და მერე ნერვიულობენ. თან, ყოველთვის რაღაც სანერვიულოში მაქვს თავი გაყოფილი, მშვიდად არასდროს ვცხოვრობ და მიყვარს სიურპრიზები. მიუხედავად იმისა, რომ 31 წლის ვარ შეიძლება, მოულოდნელად რაღაც სისულელე გავაკეთო ან ისე გავეხუმრო ოჯახის წევრებს, რომ გული გაუსკდეთ (იცინის). მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჩემებთან დავრჩი და ცნობილი ტრენდი „ტუალეტიდან წყალი გამოდის“, გავითამაშე. სააბაზანოსთან წყლიანი ჭიქები დავდგი და დავიწყე ყვირილი: ვაიმე, ვაიმე, ტუალეტიდან წყალი გამოდის-მეთქი. ყველა შეშინებული მორბოდა. დაღლილები არიან ჩემი სისულელეებით (იცინის).
– არაერთხელ მომხვედრია თვალში შენით აღფრთოვანებული მაყურებლების კომპლიმენტები შენ მიმართ. კინოსამყაროში ძალიან აქტიური ხარ. პროექტების სიმცირის პრობლემა არ გაქვს…
– უზომოდ მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც კომპლიმენტებს მეუბნება. ყველაზე მეტად ჩემი შემოქმედების შესახებ ნათქვამი თითოეული კარგი სიტყვა მახარებს. ძალიან გამიმართლა იმაში, რომ ბოლო პერიოდში უმაგრესი პროექტების ნაწილი გავხდი.
აქამდე თეატრში ვიყავი საკმაოდ აქტიურად დაკავებული და დროის უქონლობის გამო ვეღარ ვახერხებდი კინოსთვის დამეთმო შესაბამისი ყურადღება. წელიწად-ნახევარზე ცოტა მეტია, რაც გადავწყვიტე, რომ მთლიანად კინოზე გადავრთულიყავი. პატარა რისკზე წავედი, თეატრალური ცხოვრება ცოტა ხნით შევწყვიტე. ალბათ, სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ძალიან მიმართლებს – მაქვს როგორც ქართული, ასევე უცხოური პროექტები. ბევრს ვმუშაობ ჩემს თავზე, სულ ვცდილობ, რაღაცით განვვითარდე და სიახლეებს არ ჩამოვრჩე.
– თეატრზე უარის თქმა არ გაგიჭირდა?
– თავიდან არა, მაგრამ შემდეგ ჩემი მეგობრების პრემიერაზე წავედი და სცენაზე, მათ გვერდით მე რომ აღარ ვიდექი, ძალიან დამწყდა გული. მათით უზომოდ ამაყი და ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ჩემი იქ არყოფნის გამო განვიცადე. თუმცა, თუ რაღაც არ გაუშვი, ახალი ვერ შემოვა შენს ცხოვრებაში. ამიტომ, ამ ეტაპზე ეს სწორი გადაწყვეტილება მგონია. მომავალში შეიძლება, ისევ დავუბრუნდე თეატრს. ახლა, არა მხოლოდ როგორც მსახიობს, პიროვნულადაც მჭირდებოდა ახალი გამოწვევები.
– პიროვნულად შეიცვალე?
– ჩემი ყველაზე ძლიერი მხარე ისაა, რომ ახლა საკუთარი თავის ერთგული ვარ. ადრე უფრო შეშინებული ვიყავი და ვცდილობდი, გარემოს მოვრგებოდი. ახლა ვარ ამ გარემოში და ვარ ჩემი თავი. თუ მიმიღებს, მიმიღებს, არ მიმიღებს და არ არის პრობლემა – ასეთია ჩემი მიდგომა. ამან მთლიანად ამოატრიალა ჩემი ცხოვრება. მეტი შინაგანი თავისუფლება და ჰარმონია მოვიდა. დამარცხების შიში დავძლიე და ამან გამათავისუფლა. ახლა უფრო მარტივია რისკზე წასვლა და უფრო აზარტულად ვუყურებ ცხოვრებას.
– ამ ყველაფერთან ერთად, რა ხდება პირად ცხოვრებაში?
– ხუთ ოქტომბერს მე და ჩემს მეწყვილეს გაცნობიდან ათი წელი შეგვისრულდა. დროს გაცნობის დღიდან ვითვლით, რადგან მე მიმაჩნია, რომ მას ერთი ნახვით შევუყვარდი (იცინის). როგორც მიყვება, პირველივე ნახვისას მოიხიბლა. გაცნობის დღესვე ვიგრძენით ქიმია და ერთ კვირაში უკვე შეყვარებულები ვიყავით.
– ესე იგი, მარტო ის არ მოხიბლულა ერთი ნახვით.
– მე ორი ნახვით მოვიხიბლე (იცინის). რეალურად, კი. არაჩვეულებრივი ადამიანია. გამიმართლა, რომ ზუსტად ის მყავს გვერდით. იმედია, მასაც გაუმართლა (იცინის). ხუმრობა იქით იყოს, მართლა ძალიან კარგად ვეწყობით ერთმანეთს. ერთმანეთს ვავსებთ. გულწრფელად რომ ვთქვა, ალბათ, მე უფრო მეტად გამიმართლა, ვიდრე მას.
– თქვენი ათი წელი როგორია?
– ამერიკული მთებივით – ძალიან კარგი პერიოდიც გვქონია და ძალიან რთულიც. დაახლოებით, ორი წელი მე ძალიან რთული პერიოდი მქონდა და ის მაგრად დამიდგა გვერდში. გრძელვადიან ურთიერთობაში მყოფმა ადამიანმა იცის, რამდენად რთულია, როცა შენი პარტნიორი ძალიან ცუდად არის და შენ მუდმივად გვერდით უნდა ედგე, ეს დიდ ენერგიას და კარგ ნერვებს მოითხოვს. მისი უზომოდ მადლიერი ვარ და ამიტომაც ვამბობ, რომ მე უფრო გამიმართლა მასში.