“დღევანდელი დღით ვცხოვრობ, ძალიან შორს არ ვიყურები”

როგორი მხარჯველია სალომე გოგიაშვილი, რაში არ უყვარს მას ფულის გადახდა, რისთვის შეუძლია დანაზოგის გაკეთება და რაში არ ენანება ფული არასდროს.

– სალომე, რას ნიშნავს ფული თქვენთვის?

სალომე გოგიაშვილი: ფული არის ცხოვრებისთვის აუცილებელი საშუალება. მის გარეშე ელემენტარულსაც კი ვერ გააკეთებ. მე რომ სოფელში ვცხოვრობდე და ჩემი მეურნეობა მქონდეს, შეიძლება, დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდე, მაგრამ ქალაქში რომ ხარ და შვილები გყავს, ფულის გარეშე ვერ იარსებებ.

– პირველი სამსახური და პირველი ანაზღაურება გახსოვთ?

– ალბათ, 15 წლის ვიყავი. კონცერტებს ვაკეთებდით ცნობილი მომღერლების მონაწილეობით და ბილეთებს ვყიდდით. არ მახსოვს რამდენი, მაგრამ ძალიან კარგი შემოსავალი გვქონდა და ჩემი პირველი ჰონორარით დედას გამათბობელი ვუყიდე. არ გვქონდა, ძალიან გვჭირდებოდა და ამაყი ვიყავი, რომ ოჯახისთვის ასეთი ნივთი შევიძინე. მერე კარაოკე მიმყავდა. იქ ასი ლარი იყო ჩემი ხელფასი და ღამეებს ვათენებდი ამ თანხისთვის. ამასთან ერთად, კიდევ ოთხ სამსახურში ვმუშაობდი და საერთო ჯამში, ნორმალური თანხა გროვდებოდა. ჩემთვის არაფერი მრჩებოდა, მაგრამ ოჯახს ვახმარდი.

– საერთოდ, ანაზღაურების ოდენობა რამდენად გადამწყვეტია სამსახურის შერჩევისას?

– ყველა ადამიანი მაღალანაზღაურებად სამსახურს ეძებს, მაგრამ მე ამაში არასდროს მიმართლებდა. ყოველთვის ბევრად მეტს ვშრომობდი, ვიდრე ანაზღაურება მქონდა. ასეთი ტიპი ვარ, ოღონდ დავიწყო და ვიწყებ მინიმალურზე, იმის იმედით, რომ ჩემი შრომა აუცილებლად დაფასდება და ყველაფერი კარგად იქნება. ხშირ შემთხვევაში, ჩემი იმედი არ მართლდება ხოლმე და ერთადერთი გამართლება ისაა, რომ ამ პერიოდებში ძალიან კარგი სანაცნობო წრე შევიძინე.

– ფულის დაგროვება გამოგდით?

– ფული არასდროს მიჩერდება. ალბათ, გენეტიკურია, მამაჩემიც ასე იყო, დედაც ასეთია. რასაც ოჯახში მიგაჩვევენ, ის არის შენი ცხოვრების წესიც. არ მგონია, რომ ადამიანი „ჟმოტად“ იბადებოდეს. როგორ გარემოშიც იზრდება, ისეთია. ჩვენთან 24 საათი სტუმრიანობა იყო. იმაზე მეტი საჭმელი კეთდებოდა, ვიდრე ოჯახში გვჭირდებოდა, იმიტომ, რომ სტუმრებს ველოდით. ვხედავდი, დედა და მამა როგორ ახარებდნენ ერთმანეთს. ბებია – სიძეს და შვილს და ასე შემდეგ. ოჯახში ყველა ერთმანეთისთვის ვიყავით და ახლა ეს წესები ჩემს შვილებთან, ჩემს ოჯახში გადმოვიტანე. შესაძლოა ვიღაცისთვის ბანალური იყოს, მაგრამ გამორიცხულია, ჩემმა შვილებმა ერთმანეთს არ გაუყონ რაც გვაქვს, თუ ყველასთვის საკმარისი არ არის, არცერთი არ შეჭამს. ჩვენ გვყავს ორი ოჯახი, რომელსაც მატერიალურად ძალიან უჭირთ. ჩემი შვილები მივაჩვიე, რომ მათთვის მთელი წლის განმავლობაში აგროვონ ფული და წლის ბოლოს მივდივართ მათთან, ცალკე მე და ჩემი მეუღლე ვეხმარებით, ცალკე – ჩემი შვილები და იმედია, მომავალშიც ასეთები იქნებიან.

– მფლანგველი ხარ თუ პრაგმატულად მხარჯველი?

– ორივე, თუმცა, მე დღევანდელი დღით ვცხოვრობ. ძალიან შორს არ ვიყურები. იმდენად ხშირად მესმის ცუდი ამბები, სულ ვფიქრობ, ღმერთო, რის გამო ვნერვიულობ, დღევანდელი დღით უნდა ვიცხოვროთ-მეთქი. როდესაც ძალიან შორეულს გეგმავ და დღევანდელი გავიწყდება, არასწორია. ამიტომ სულ ვცდილობ, ის ვაკეთო, რაც დღეს ძალიან მსიამოვნებს. რატომ არ უნდა გავახარო ჩემი შვილები დღეს? იმიტომ, რომ კონკრეტულ თანხას წლების შემდეგ უფრო სარფიანად გამოვიყენებ? არა, ეს არასწორი მგონია. დღეს თუ გამახარებს რამის ყიდვა, დღეს უნდა ვიყიდო.

ერთადერთი, რაც გამომდის შვილებისთვის დანაზოგის გაკეთებაა. იმაზეც ვფიქრობ, მე ხვალ რომ არ ვიყო, ჩემს შვილებს რაღაც უნდა დავუტოვო. სულ ვამბობ ხოლმე, ცოტა ჭკვიანურად რომ ვხარჯო ფული, უკეთესი იქნება-მეთქი, მაგრამ სამწუხაროდ, არ ხდება ასე (იცინის).

– რამდენად რთულია ფინანსების კონტროლი, როცა საქმე ეხება თავის მოვლის საშუალებებს, სამოსს, სუნამოს და ასე შემდეგ?

– თუ სალონურ პროცედურებზე, წარბის, ფრჩხილის, წამწამისა თუ თმის მოწესრიგებაზე ან მაკიაჟის გაკეთებაზე ვისაუბრებთ, ეს ყველაფერი თვითონ შემიძლია. ტელევიზიაში თუ გადაღებებზე, მაკიაჟსა და თმას ყოველთვის თვითონ ვიკეთებ, ამაში ფულს არ ვხარჯავ. თავის მოვლის პროცედურებს მე თვითონ ვერ გავიკეთებ, მაგრამ ამ მხრივ, ნამდვილად ფუფუნება მაქვს. სოციალურ ქსელში აქტიურობის გამო ხშირად ვარ ხოლმე ესთეტიკური ცენტრებისა თუ სალონების წარმომადგენელი. მე მათ ვუკეთებ რეკლამას, ისინი მანებივრებენ პროცედურებით და არც ამაში ვხარჯავ ფულს. აი, ტანსაცმელი კი ჩემი ყველაზე სუსტი წერტილია. იმდენი ვიწუწუნე ამაზე, რომ ჩემი საკუთარი მაღაზია გავაკეთე, მთელ ენერგიას მასში ვდებ, თუმცა, დღემდე, ერთადერთი, რაშიც შემიძლია, ფული არ დავზოგო, ეს ტანსაცმელია. მართლა ძალიან მიყვარს.

– რაში არ გიყვართ ყველაზე მეტად ფულის გადახდა?

– ჯარიმებში (იცინის). ვერ ვიტან, მძულს. ალბათ, არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს უყვარს. არადა, მე და ჯარიმები, თამამად ვიტყვი, ფაქტობრივად, ერთად ვცხოვრობთ. ეს ძალიან მტკივნეული თემაა და ყოველ გადახდაზე ყველას ისე „გემრიელად ვიხსენიებ“ (იცინის).

– ზოგადად, დღეს, ფულის ქონა-არქონა, განსაზღვრავს საზოგადოების შენდამი დამოკიდებულებას?

– ცნობილი გამოთქმაა, ფული ჯოჯოხეთს ანათებსო და რეალობაც ასეთია. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, რამდენჯერაც არ უნდა მითხრათ, რომ ყველაფრის ლაპარაკი არ შეიძლება, მე პირიქით, მომხრე ვარ, ადამიანმა ზრდილობის ფარგლებში გამოთქვას ის, რასაც ფიქრობს, როცა მას საკუთარ აზრს ეკითხებიან. კი, დღეს ფულით ყველაფერს იყიდი, რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს ასეა.

როგორც არ უნდა ამტკიცონ ვიღაცებმა, რომ ეს სისულელეა, ვწუხვარ, მაგრამ ეს სიმართლეა. შენს მეგობარს თუ ბევრი ფული აქვს, რომ გაგიჭირდეს არ დაგეხმარება?! არ ემეგობრები ეგეთ ადამიანს?! როგორც კი ასეთი ადამიანები უცებ „ჩავარდნილან“ და ნულზე დარჩენილან, არ გაგიგიათ, რომ უთქვამთ, უახლოესი მეგობრები, სულ რომ გვერდით მყავდნენ, უცებ სადღაც გაქრნენო?! ვინც ამტკიცებს, ასეთი რამ გამორიცხულიაო, ისინი, უბრალოდ, ტყუილში ცხოვრობენ, თორემ ფაქტია, რომ ფულის გარეშე ჯანმრთელობასაც ვერ შეინარჩუნებ. თუ ნორმალური შემოსავალი არ გაქვს, უბრალოდ, მოკვდები შიმშილისგან და უწამლობისგან. ამ დროში ყველაფერი ფულის საჭიროებამდე მიდის და კი, ის ნამდვილად ბევრ რამეს განსაზღვრავს.

– ვალები…

– ღმერთის წყალობით, არ მაქვს. ძალიან ვნერვიულობ ხოლმე მის გამო და სულ ვცდილობ, თავი ავარიდო, მაგრამ ცხოვრებაში ყველანაირი მომენტი ყოფილა. როცა ვალი მქონია, ღამე არ მძინებია. არ ვაზვიადებ, ორჯერ მქონდა ასეთი შემთხვევა და ისე ვნერვიულობდი, რომ მივხვდი, არაფრად ღირდა. არ მეძინა და ყოველ ხუთ წუთში ვურეკავდი იმ ადამიანს, ვისი ვალიც მქონდა. ვეუბნებოდი, არ გეგონოს, რომ არ მახსოვს-მეთქი. თვითონ მამშვიდებდნენ, მაგრამ ვერ ვმშვიდდებოდი. ასეთ მომენტში ჭკუიდან ვირყევი და ვადაზე ბევრად ადრეც დამიბრუნებია. საერთოდ, ვის უყვარს ვალის აღება, მაგრამ მე გაასმაგებულად განვიცდი.

– თვითონ რამდენად ხშირად გთხოვენ ფულის სესხებას?

– ძალიან ხშირად, მაგრამ, სწორად გამიგეთ, არსებობენ გარკვეული კატეგორიის ადამიანები, ვისაც ფულს არ ვაძლევ. ძალიან ვღიზიანდები, როდესაც ახალგაზრდა გოგო მწერს, გადახვალ მის გვერდზე და ნახავ, რომ კარგად აცვია, კარგად ერთობა, მშვენივრად ატარებს დროს და ამ დროს ხუთასი ლარის ჩარიცხვას გთხოვს. ასეთებს კატეგორიულად არ ვეხმარები. მქონია პერიოდი, როცა მართლა ძალიან მიჭირდა და ხუთ სამსახურში ვმუშაობდი. არაფერი მეთაკილებოდა და კიდევ დავიმატებდი სამსახურს, ოღონდ ჩემი შვილებისთვის არაფერი მომეკლო. ადამიანი რომ მშვენივრად ცხოვრობს, არაფერი აკლია ან მუშაობა ეზარება, ან რაღაცები ეთაკილება და დახმარებას სხვას სთხოვს, ასეთ კატეგორიას არ უნდა დაეხმარო – მე ასე მგონია. ვისაც რეალურად უჭირს, იმას დიდი სიხარულით ვეხმარები.