“ფიზიკური ლტოლვა გამქრალია ჩემთვის ყველა ქალის მიმართ”

კლასიკოსმა გიტარისტმა ტარიელ სუარმა სოციალურ ქსელში ახალი გადაცემის, „სიმპოზიუმის“, შესახებ დააანონსა, რომელიც კლასიკური გიტარის თემატიკით შემოიფარგლება და „იუთუბ არხზე“ განთავსდება. გარდა ამისა, მუსიკოსი მუშაობს სახელმძღვანელოზე, რომლის მეშვეობითაც სმენადაქვეითებულ ადამიანებს თავისუფლად შეეძლებათ მუსიკის შესწავლა. მუსიკოსს შემოქმედებითად აქტიური პერიოდი აქვს, რასაც ვერ ვიტყვით მის პირად ცხოვრებაზე. რა ხდება მის ცხოვრებაში ია ფარულავასთან დაშორების შემდეგ, ინტერვიუდან შეიტყობთ.

ტარიელ სუარი: კლასიკური გიტარის კონგრესის 59-ე სიმპოზიუმი გვქონდა და გადაცემის იდეა მაშინ გაჩნდა – რატომ არ უნდა გაგვეშვა ეს ყოველივე გადაცემის სახით. ჩვენი შეკრება ყოველთვის ძალიან საინტერესოა და ამის შესახებ საზოგადოებამ უნდა იცოდეს. ჩაიწერა საცდელი გადაცემა, თუმცა, ბევრი ტექნიკური ხარვეზია, რაც, რა თქმა უნდა, გამოსასწორებელია, მაგალითად: ხმა, განათება და ასე შემდეგ. კლასიკური გიტარის მიმართ დაინტერესება ყოველთვის იყო და იქნება, თუმცა გადაცემა ამ ეტაპისთვის ვიწრო სეგმენტისთვისაა, უფრო მათთვის, ვისაც სერიოზული ხელოვნება და მუსიკა აინტერესებს. არ არის გათვლილი საზოგადოების იმ ფართო მასშტაბზე, რომელიც პოპულარული მუსიკისა და ფანოღის მიმდევარია.

– შემოქმედებითად აქტიური პერიოდი გაქვთ?

– დიახ, არაერთი კონცერტი მაქვს დაგეგმილი როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. წელს უცხოეთში არ გავდივარ, ისე დაემთხვა, რომ მთელი წელი საქართველოში მაქვს დახუნძლული. გარდა ამისა, ფესტივალების ორგანიზებას ვაკეთებ კლასიკური გიტარის მიმართულებით, რომელშიც ახალგაზრდა მუსიკოსები მონაწილეობენ. იმდენად ბევრი საქმე მაქვს საქართველოში, დრო არ მყოფნის უცხოეთის შემოთავაზებებს დავთანხმდე.

– რეგიონებში რამდენად არის დაინტერესება კლასიკური გიტარის მიმართ?

– რამდენადაც სერიოზული მუსიკა აინტერესებთ, იმდენად არის დაინტერესება. მაგალითად, გია სურამელაშვილი რომ ჩავიდეს, რომელიმე რეგიონში მის ღონისძიებაზე შეიძლება, 2 000 კაცი მივიდეს, მაგრამ კლასიკურ გიტარაზე მაქსიმუმი 200 ადამიანია. ჩვენ სხვა მსმენელი გვყავს.

– უსინათლო და სმენადაქვეითებულ ბავშვებთან ისევ მუშაობთ?

– უსინათლო ბავშვებთან მუსიკის მხრივ არ მქონდა შეხება, მათ დავეხმარე. 202-ე საჯარო სკოლა გავალამაზეთ, როგორც შევძელით, საყოფაცხოვრებო ნივთებით და ასევე, საინტერესო კუთხეებით – არაჩვეულებრივი სივრცეები შევქმენით. შემდეგ გადავერთე სმენადაქვეითებულ ბავშვებზე და დავინტერესდი, რამდენად შემეძლო მათთვის მუსიკის შესწავლა. ძალიან კარგ შედეგს მივაღწიე და დღეს ვმუშაობ სახელმძღვანელოზე, რომლის მეშვეობითაც ყრუ ადამიანები ჩემ გარეშეც შეძლებენ მუსიკის შესწავლას. ეს იქნება დედამიწაზე პირველი სახელმძღვანელო. ჯერ ქართულ და ინგლისურ ენაზე ვფიქრობ გამოცემას, შემდეგ უკვე ჩინურადაც მინდა, ითარგმნოს. შავი სამუშაოები დასრულებულია და სავარაუდოდ, მომავალ წელს ჩაეშვება გამომცემლობაში.

– რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში იასთან გაშორების შემდეგ?

– ჩემს პირად ცხოვრებაში დიდი არაფერი ხდება, იქიდან გამომდინარე, რომ დილით და საღამოს ტაძარში ვარ, ვცდილობ, უბიწო ცხოვრების წესი დავიცვა. არანაირი ხალისი არ მაქვს ახალი ურთიერთობის დაწყების. რა თქმა უნდა, არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ ამ ეტაპისთვის ასე ბევრად კომფორტულად ვგრძნობ თავს.

– უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები ტაძარში რთულ პერიოდში მიდიან, თქვენ როდის მიხედვით?

– სიმართლე გითხრათ, ტაძართან ასეთი სიახლოვე აქამდე არ მქონია. დაახლოებით, სამი თვის წინ მივედი, მას შემდეგ, რაც მე და ია დავშორდით. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, წინა პლანზე სულიერება დამეყენებინა.

– ეს ყოველივე დაგეხმარათ ამ პერიოდის დაძლევაში?

– რა თქმა უნდა, გამიმარტივა. უფრო მეტიც, ეს პერიოდი ტაძარში ყოფნამ და ინტენსიურმა სიარულმა გადამალახვინა. სამების ტაძარში ყოველდღე ვესწრები დილით წირვას და საღამოს – პარაკლისს. ეს შინაგანად იმდენად მაძლიერებს, რომ შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ჩემს ცხოვრებაში სტრესისმაგვარი არაფერი მომხდარა. მსუბუქად ვაგრძელებ ცხოვრებას.

– პირად ცხოვრებაში ახალი ურთიერთობები ხომ არ გაშინებთ? წარსულის იმედგაცურებიდან გამომდინარე…

– არანაირი შიში არ მაქვს, რადგან ყველა ქალი განსხვავებულია. არ შეიძლება, ერთიდან გამომდინარე მეორის მიმართ გქონდეს შიში, ჩემთვის ასეთი რამ წარმოუდგენელია. უბრალოდ, დიდი სურვილი მაქვს, პროფესიას დავუთმო ჩემი ცხოვრება და სულიერად კიდევ უფრო გავძლიერდე. ეს არის ერთადერთი მიზეზი.

– გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაშორების მიზეზი ღალატი იყო, თუ ასეა, რამდენად რთული იყო თქვენთვის იმის გაცნობიერება, რომ გიღალატეს და პირველი რეაქცია როგორი გქონდათ?

– ნამდვილად რთული იყო, თუმცა უშეცდომო არავინ არის. აქედან გამომდინარე, მოხდა ის, რაც მოხდა. ამ ეტაპისთვის არც კი ვფიქრობ, რომ საერთოდ რამე მოხდა. გონებით იმდენად გადართული ვარ სხვაგან, რომ დღეს ეს ყოველივე ჩემთვის დაბრკოლება აღარ არის. თავიდან ყველანაირად წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ცხოვრებაში, თურმე, ყველაფერი ხდება… სიმართლე გითხრათ, პირველი რეაქცია აღარც კი მახსოვს. ვერ გეტყვით.

– დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ იასთან?

– ია არ მინახავს მას შემდეგ, რაც დავშორდით, მაგრამ ჩემი მის მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა. ზოგადად, ჩემი დამოკიდებულება არა მხოლოდ იას მიმართ, არამედ ნებისმიერი ადამიანის მიმართ ძალიან ფაქიზი და თბილია. ჩემნაირ ადამიანს, რომელსაც საკუთარი მტერიც კი უყვარს, როგორ უნდა მქონდეს ვინმეს მიმართ ბოღმა და ბრაზი. რაც მოხდა, მოხდა…

– აპატიეთ?

– იმ ქოლგის ქვეშ, რომლითაც მე ყველას ყველაფერს ვპატიობ, შესაძლებელია, ასეც კი ითქვას. მაგრამ ჩემმა შინაგანმა ბუნებამ ეს გადალახა თუ არა, ჯერ კიდევ საკითხავია.

– ისევ გაქვთ მის მიმართ გრძნობები?

– უნდა დავფიქრდე, ასე უცებ ვერ გეტყვით. უგრძნობი ადამიანი ვერ ვიქნები, მუსიკოსი ვარ, მაგრამ მის მიმართ მაქვს თუ არა გრძნობა, ეს უფრო ფსიქოლოგების საკითხია. მათ უნდა დადონ დასკვნა.

– გასაგებია, მაგრამ ახლა რას განიცდით მის მიმართ, არ იცით, შეგეცვალათ თუ იგივე გრძნობა გაქვთ, როგორიც მაშინ, როცა ხელი სთხოვეთ?

– იმ დროსაც კი, როცა ხელი ვთხოვე, ერთადერთი, ვინც მიყვარდა ეს იყო ღმერთი. აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანი მიყვარს. თქვენ თუ სექსუალური ლტოლვა გაინტერესებთ, ეს უკვე სხვა თემაა. მე ლტოლვა მქონდა მხოლოდ და მხოლოდ იას მიმართ, ახლა საერთოდ არანაირი ლტოლვა აღარ მაქვს, რადგან ეკლესიასა და სულიერებაზე ვარ კონცენტრირებული. ჩემთვის ფიზიკური ლტოლვა გამქრალია ყველა ქალის მიმართ. სამომავლოდ არ ვიცი, რა იქნება. შესაძლებელია, ხვალ შემხვდეს ადამიანი, რომლის მიმართაც ისეთი ლტოლვა გამიჩნდეს, რომ მეორე დღესვე ცოლად მოვიყვანო (იცინის), მაგრამ ამ ეტაპისთვის ასე ვარ. იას მიმართ ჩემი სექსუალური ლტოლვა, სავარაუდოდ, იმ დროს შეწყდა, როცა მე ეს ინფორმაცია მივიღე. ამის შემდეგ გადავედი სულიერებაში და ვიპოვე ჩემი თავი. ისე, სიყვარულით ყველა ადამიანი მიყვარს.

– როგორ გაიგეთ ღალატის შესახებ?

– ეჭვი მივიტანე ადამიანზე და დავასკვენი, რომ იქ ღალატს ჰქონდა ადგილი. თავიდან დარწმუნებული არ ვიყავი, უბრალოდ, ია გამოვტეხე და რადგან აღიარა, ესე იგი, სიმართლე აღმოჩნდა.

– ცოტა ხნის წინ ცხოველთა დამცველები „დაგესხნენ“ თავს და მართალია, რომ სუიციდის მცდელობა გქონდათ?

– ვითომ ცხოველთა დამცველები, რეალურად, ნამდვილი მხეცი თაყვანისმცემლები. ყველა ცხოველთა დამცველი ჩემი მეგობარია, ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ. ზრუნავენ ეს ადამიანები ცხოველებზეც და მათ თავშესაფარებზე. ჩემი საქციელით მინდოდა, ამ დაბრმავებული ადამიანების გამოფხიზლება, თორემ ამ ყველაფერმა დეპრესიაში კი არ ჩამაგდო. შემდეგ დამარწმუნეს, რომ ეს იყო სისულელე და ამით ვერავის გამოვაფხიზლებდი. ეს ადამიანები ისეთივე ბნელები დარჩებოდნენ, როგორებიც იყვნენ. მე კი სხვა კარგი საქმის გაკეთებას ვერ მოვახერხებდი. ჩემს ცხოვრებას ისე ვუყურებ, რომ ადამიანი დღეს წავა თუ ხვალ, დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს, მით უმეტეს, ჩემს შემთხვევაში – ბევრი რამე მოვასწარი, ორი იმდენიც კი, რასაც ვაპირებდი. თუ ჩემი გადაწყვეტილება რამეს შეცვლიდა, მაშინ მზად ვიყავი ამისთვის. სიცოცხლეზე მაღლა ვინც ღირებულებებსა და ფასეულოებებს აყენებს, სწორედ ასეთ ადამიანებს ვცემ პატივს.