“ბევრმა ადამიანმა ჩემს ბედნიერებას ვერ გაუძლო, ზოგი თავად წავიდა, ზოგიც მე ჩამოვიცილე”

ყველასათვის საყვარელი მომღერალი მარიკა თხელიძე საცხოვრებლად დედაქალაქიდან ბათუმში გადავიდა. როგორც თავად ამბობს, ძალიან მოსწონს ეს ქალაქი, თუმცა თბილისი მისი საყვარელი ადგილია. უკვე ორი შვილის დედა ცდილობს, მაქსიმალური ყურადღება დაუთმოს ოჯახს, იმავდროულად, საკუთარი თავისთვისაც იცლის და საოცრად გამოიყურება.

მარიკა თხელიძე: ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი როლი დედას მიუძღვის. 23 წლის ასაკში დაქვრივდა, მამა აფხაზეთის ომში დაიღუპა, როცა მე ხუთი წლის ვიყავი და მას შემდეგ ყველაფერი გვერდით გადადო და მთელი თავისი ცხოვრება მე მომიძღვნა. ყველგან დედა დამყვებოდა. ახლაც, თბილისიდან ჩემთან, ბათუმში, გადმოვიდა და ბავშვების გაზრდაში მეხმარება. ასევე, არ შემიძლია არ აღვნიშნო მამიდაჩემის დიდი წვლილი ჩემს ცხოვრებაში, მანაც ძალიან შემიწყო ხელი, სცენაზე გამოვსულიყავი, წარმატებული ადამიანი გავზრდილიყავი და ჩემი ნიჭის რეალიზება მომეხდინა.

– და როცა თავად გახდი დედა, დედის ამაგი, ალბათ, უფრო მეტად დააფასე. თუ საიდუმლო არ არის ახლა რამდენი წლის ხარ?

– არასდროს ვმალავ ასაკს, 35 წლის ვარ. პირველად დედა რომ გავხდი, ნიკუშა რომ დაიბადა, უბედნიერესი ვიყავი. ახლა უკვე ორი შვილის დედა ვარ – ვივიენმა დედობის სიხარული და ბედნიერება გამიორმაგა. დედის როლი ძალიან საპასუხისმგებლოა. ნიკუშა რომ გავაჩინე, 27 წლის ვიყავი, კულტურის სამინისტროში ვმუშაობდი, თან, ბენდთან ერთად ვმღეროდი და სულ იმას ვდარდობ, ის დრო რომ ნიკუშას გვერდით არ ვიყავი. ახლა არ ვმუშაობ, დიდ დროს ოჯახში ვატარებ და ვიგრძენი, რომ დიასახლისობა ყოფილა ყველაზე რთული პროფესია (იცინის). ახლა ყოველდღიურად ვანაზღაურებ იმ დაკარგულ წუთებს, როცა ნიკუშასთან არ ვიყავი და აქტიურად ვარ მის ცხოვრებაში ჩართული. „ფეთიან“ დედასაც კი მეძახიან. ვივიენიც მე თავად გავზარდე, არ მყოლია ძიძა. ამის გამო ბევრჯერ მითქვამს უარი სადმე წასვლაზე. ახლა ბათუმში ვცხოვრობ და როცა თბილისში კონცერტზე გამოვდივარ, ვცდილობ, იმ საღამოსვე უკან დავბრუნდე. ბავშვების გარეშე ვერსად ვძლებ.

მიწევს რაღაცებზე უარის თქმა, რადგან ჩემს შვილებს ყველაზე მეტად ახლა ვჭირდები. ახლანდელი ბავშვები სხვა თაობაა, სხვანაირი მიდგომა სჭირდებათ.

– როგორც ვიცი, ნიკუშას შენი ნიჭიც გამოჰყვა, შესანიშნავი სმენა აქვს და არაჩვეულებრივად მღერის. მომავალში სცენაზე ხომ არ ვიხილავთ?

– არ მიყვარს საკუთარ შვილებს რომ აქებენ, მაგრამ ნიკუშა მართლა კარგად მღერის, სმენაც კარგი აქვს და ხმაც. „ბასტი-ბუბუმ“ კონცერტი გააკეთა ბათუმში და არაჩვეულებრივად იმღერა. სცენაზე რომ იდგა, მიკვირდა: ნუთუ ეს ჩემი შვილია-მეთქი. სცენას თავისი კულტურა აქვს და ექვსი წლის ბავშვი ისე მოზომილად და კულტურულად იდგა და მღეროდა, ცოტა არ იყოს, გამიკვირდა. ვუყურებდი და ჩემი თავი გამახსენდა.

– თქვი დიასახლისის პროფესია რთული ყოფილა, თან, ძიძაც არ მყოლია, თავად გავზარდე შვილებიო. სულ ფორმაში ხარ და ამას როგორ ასწრებ?

– არ აქვს მნიშვნელობა სახლში ვარ თუ გარეთ – სულ მოწესრიგებული უნდა ვიყო. ეს, პირველ რიგში, საკუთარი თავის პატივისცემაა. სარკეში რომ ჩავიხედავ, ჩემი თავი უნდა მომწონდეს. ცუდადაც ვყოფილვარ, მაგალითად, როცა ვივიენი გავაჩინე, რთული მშობიარობა მქონდა და ღამეებს ვათენებდი, მაგრამ სულ ვცდილობდი, ფორმაში ვყოფილიყავი. ბევრი მაქვს გადატანილი და გაკეთებული, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ დეპრესიისკენ მიდრეკილი. ძლიერი ადამიანი ვარ და არც მაქვს უფლება, სხვანაირად მოვიქცე, რადგან მე ჩემი შვილებისთვის მაგალითი ვარ. ხომ არის პერიოდი, როცა ადამიანი მოეშვები? ჩემთვის ეს პერიოდი არ ყოფილა. ჩემი კომფორტია, როცა სარკეში ვიხედები და გაპრანჭული ვარ (იცინის).

– გარეგნობას და გაპრანჭვას რომ თავი დავანებოთ, ახლა, ორი შვილის დედა, როცა სარკეში იყურები, როგორ მარიკა თხელიძეს ხედავ?

– ახლა, როცა სარკეში ვიყურები, საკუთარი თავის გაცილებით უკეთეს ვერსიას ვხედავ, ვიდრე მანამდე ვიყავი – უფრო, ნაკლებად ემოციურს, ბევრად ძლიერს, საკუთარ თავში დარწმუნებულს, თავდაჯერებულსა და გაწონასწორებულს.

– ეს ტრანსფორმაცია და ცვლილება რამ გამოიწვია?

– ცხოვრების გამოცდილებამ. ძალიან რთულია, სადაც დაიბადე და გაიზარდე, იმ ადგილის დატოვება, ახლობლებისგან და მეგობრებისგან შორს ყოფნა, აქტიური ცხოვრებისგან ჩამოშორება და სხვა ადგილას საცხოვრებლად გადასვლა. ჩემი მეუღლე აქ მუშაობს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატია და აქ გვიწევს ყოფნა. აქ მეგობრები არ მყავს. მადლობა უფალს, გადასარევი ოჯახი მაქვს. შვილებთან და ოჯახის წევრების წრეში ყოფნა, რასაკვირველია, ბედნიერებაა ჩემთვის, მაგრამ მნიშვნელოვანია პირადი კონტაქტებიც, რაც აქ მაკლია. თბილისიდან სულ მეპატიჟებიან კონცერტზე, პრემიერაზე, გამოფენაზე, შეკრებებზე, მაგრამ ხშირად მიწევს უარის თქმა. თუმცა, ბათუმში მივიღე დიდი ტრანსფორმაცია და პიროვნულადაც უფრო გავიზარდე. ცხოვრებისეულმა ფაქტებმა ბევრ რამეზე დამაფიქრა, რაღაცები გადაფასდა. შორიდან უფრო კარგად აკვირდები, ხედავ და აფასებ მოვლენებს და ადამიანებს. ჩემს ცხოვრებაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც აღარ არსებობენ. ყოველთვის დიდი სამეგობრო წრე მყავდა და მეუბნებოდნენ: მარიკა, გაითვალისწინე, ცხოვრება საცერივითააო. მე მაშინ არ მინდოდა ამ ფრაზის მოსმენა და არც ამ კუთხით გამოცდილების მიღება. მაგრამ, სამწუხაროდ, თურმე, მართლაც ასეა. პირადად მე სხვისი ბედნიერება სულ მიხაროდა და დღემდე ასეა. არის იმედგაცრუებები, რის მერეც უფრო უფიქრდები რაღაც-რაღაცებს. სხვათა შორის, გარკვეულმა ადამიანებმა ჩემს ბედნიერებას ვერ გაუძლო, ზოგი თავად წავიდა, ზოგიც მე ჩამოვიცილე. მეგობრისთვის ბევრჯერ მიპატიებია, შანსი მიმიცია, შეუცდომელი არავინ ვართ. არ ვარ კონფლიქტური ადამიანი, არ მიყვარს დაძაბული სიტუაციები, ისედაც უამრავი ნეგატივი ხდება ირგვლივ და ფუფუნებაა, როცა ამ დროს ნამდვილი ადამიანები გყავს გვერდით. მთავარია, ადამიანმა ისეთი შეცდომა არ დაუშვა, მერე შენს თავს ვერ აპატიო.

– აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატი ქმარი თუ განებივრებს სიურპრიზებით?

– მეც და გიორგიმაც მეორედ შევქმენით ოჯახი და გააზრებულად. ძალიან გვიყვარს ერთმანეთი, გვერდით ვუდგავართ, ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ერთმანეთს. სულ ცდილობს, დრო გამონახოს და ერთად წავიდეთ სავახშმოდ, ქალაქგარეთ, ბულვარში სასეირნოდ. ახლახან სიურპრიზი გამიკეთა – სტამბოლში წამიყვანა და საოცარი განტვირთვის დღეები მომიწყო. როგორც შეუძლია, გვანებივრებს ოჯახის წევრებს, სითბოსა და სიყვარულს არ იშურებს.