როდის მოგზაურობდა დროში თემო მჟავია და როგორ დააბრუნა ის რეალობაში ტრაგედიამ

თემო მჟავია საზოგადოებამ იუმორისტული სკეტჩებიდან მისი სახასიათო როლებით გაიცნო და შეიყვარა. თუმცა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ის ეკრანს ჩამოცილდა. როგორც თავად ამბობს, ამის მიზეზი საბედისწერო დღე გახდა, როცა ავარიაში მოყვა. თემო სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს და რეაბილიტაციის პერიოდის მძიმედ გავლის შემდეგ თავიდან დაიბადა. როგორ დასძლია დეპრესია, როგორ მოგზაურობდა დროში და რატომ მიიჩნევს, რომ ავარიის დღეს ის მეორედ დაიბადა, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

თემო მჟავია: რომ გავიზარდე, მერე მივხვდი, რაც უფრო ძლიერია ოცნება, მით უფრო რეალური ხდება. უკან რომ გადავახვიო დრო და დავაკვირდე ჩემს ბავშვობას, მეოცნებე ვიყავი. ხშირად და ძლიერად ვოცნებობდი.

– რაზე ოცნებობდი?

– რაც ჩემს ცხოვრებაში რეალობაში მოხდა, მაგაზე ბავშვობაში არ ვოცნებობდი (იცინის). ბავშვობაში „გასვლები“ მქონდა ძველ დროში. წარმოვიდგენდი, ვიყავი მთავარსარდალი, მეფე, მეცვა აბჯარი, ხელში მეჭირა შუბი… საუკუნეების წინ გადავდიოდი და ეს ოცნება მხიბლავდა. ასევე, მიზიდავდა კოსმოსი და პლანეტები. ხშირად ჩავფიქრდებოდი და „ვმოგზაურობდი“, სხვა განზომილებაში გადავდიოდი. მოკლედ, ხან მეთოთხმეტე საუკუნეში ვიყავი და აბჯარი მეცვა, ხან ოცდამეერთე საუკუნეში და კოსმოსში დავფრინავდი. პრაქტიკულად, ბავშვობაში დროში ვმოგზაურობდი. ბნელი ოთხმოცდაათიანები მაქვს გამოვლილი, როცა არც შუქი იყო, არც გაზი, არც ტელევიზორი და დროში მოგზაურობა საკმაოდ მხიბლავდა. ერთი სიტყვით, თვალების დახუჭვაც არ იყო საჭირო ოცნების დროს, ისედაც ბნელოდა (იცინის). ჩემი ნათელი წერტილი ბავშვობაში ამ კუთხით იყო გურია, ბახმარო, ტყე, მთები და სივრცე. მე იმ ეპოქის შვილი ვარ, სწავლა რომ „ტეხავდა“. „ეს ხუთოსანა ნახე“ – ასეთი გაგება იყო მაშინ. მეუბნებოდნენ, ნიჭიერი ხარო, სწავლა მინდოდა, მაგრამ ამის გამო არ ვსწავლობდი.

– ხალხმა, იუმორისტული სკეტჩებიდან შენი სახასიათო გმირებით გაგიცნო, შეგიყვარა და დაგაფასა. თუმცა, ერთი პერიოდი აღარ ჩანდი. ალბათ, ამის მიზეზი, საბედისწერო ავარია გახდა, როცა თითქოს დედამიწას მოსწყდი და სხვა სამყაროში გადახვედი?

– სწორად აღნიშნე, ავარიის დღე ჩემი ყველაზე დიდი ტრანსფორმაციის დღე იყო. ჩემი აზრით, სამყარო სულ გვაძლევს მინიშნებებს. არ ვაქცევდი ყურადღებას, თუმცა, რომ მომესმინა და ყურადღება მიმექცია, ეს დღე არ დადგებოდა. მოდი, ცოტა შორიდან დავიწყებ: მოკლედ, 19 წლის ასაკში აღმოვჩნდი „რუსთავი 2-ში“ და 20 წლის ასაკიდან დაიწყო ჩემი პოპულარობა. იმ დროის შესაბამისად, ხელფასიც მქონდა ახალგაზრდა ბიჭს, ცნობილიც ვიყავი და ავყევი ბოჰემური ცხოვრების გზას – კლუბები, გოგოები, ნარკოტიკი, კერძოდ, მარიხუანა და არც ვაპირებდი უკან დაბრუნებას. ყურადღებას არ ვაქცევდი მინიშნებებს, რასაც სამყარო მაძლევდა, ვერ ვხვდებოდი და არაფერი შევცვალე, არ გამოვსწორდი და მაშინ სამყარომ მკაცრად მიმანიშნა, რომ რაღაც უნდა შემეცვალა. ისე ვიყავი ამ ცხოვრების სტილით გაბრუებული, ვერაფერს ვამჩნევდი. ამ გადასახედიდან, ადამიანებმა უნდა ვიცხოვროთ პრინციპით – აქ და ახლა, რადგან ყველაფერი რაც ხდება, ხდება აქ და ახლა. ბოჰემური ცხოვრება აწმყოსთან გაშორებს, ან წარსულში ხარ, ან მომავალში და აწმყოს სცდები. ანუ, აცდენა ხდება რეალობასთან და მეც ასე ვიყავი აცდენილი რეალობას მთელი 6 წელი. ერთი სიტყვით, მოტოთი მივდიოდი და მანქანას დავეჯახე. მაშინ 26 წლის ვიყავი. მოტო შუაზე გადატყდა, მარცხენა მხარეს მქონდა ხელის და ფეხის ღია მოტეხილობები, გაჩერებული იყო ფილტვი. უკან მეჯდა დათო გოგიშვილი, იგივე ციყვი, რომელმაც ხელის მძიმე დაზიანება მიიღო, მაგრამ მადლობა, ღმერთს გადარჩა. ავარიის შემდეგ გონება არ დამიკარგავს და მერე როცა ეს მოვლენა გადავაფასე, მივხვდი, ჩემთვის ეს დღე ბედნიერი დღეა.

– ვერ მივხვდი. ავარია მოგივიდა, სიკვდილს თვალებში ჩახედე და ბედნიერი დღე როგორ არის?

– ამ დღიდან დაიწყო ჩემი გამოღვიძების პროცესი და ამიტომ ვამბობ, ჩემთვის ბედნიერი დღე იყო-მეთქი. ამ ტრაგედიამ საკუთარ რეალობაში დამაბრუნა. თავიდან, ექვსი თვე, წოლითი რეჟიმი მქონდა, მერე ეტლით გადავადგილდებოდი, ძალიან რთული იყო რეაბილიტაციის პერიოდი. ამ დროს ბევრი რამ გადავაფასე. დავაფასე ოჯახური სითბო. შეყვარებული მყავდა და დაოჯახებას არ ვგეგმავდით. თუმცა, ამ ამბების შემდეგ დავიბარე სალაპარაკო მაქვს-მეთქი და აღარც გავუშვი. ცოლი რომ მოვიყვანე, ყავარჯნებით გადავადგილდებოდი. შემდეგ შვილი შეგვეძინა და გადავწყვიტე, რეალურად აღმექვა ყველა ის მოვლენა და ფაქტი, რაც ირგვლივ ხდებოდა და არ მეცხოვრა ილუზიებსა და საკუთარი თავის მოტყუებაში. მოკლედ, რეალურად აღვიქვი აწმყო.

–როგორც ვიცი, მიუხედავად რეაბილიტაციის გავლის, დაოჯახებისა და აწმყოს რეალურად აღქმისა, იყო დეპრესიული დიდხნიანი პერიოდიც, როცა ამ სამყაროში შენი ადგილი ვერ იპოვე.

– ეს იყო პერიოდი, როცა თითქოს ყველაფერი დალაგდა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვმუშაობდი, არც ფინანსური პრობლემა მქონდა და არც ოჯახური სითბო მაკლდა. წონაში მოვიმატე, მოსაწევს შევეშვი, მაგრამ ხშირად ვსვამდი. 30 წლის ასაკში, ძირითადად, ვიჯექი, არ მქონდა აქტიური ცხოვრების წესი და მივხვდი, რომ ვცხოვრობდი, როგორც მოხუცი. წარმოიდგინეთ, ყველანაირად სტაბილურად ვიყავი, მაგრამ – შინაგანად მოხუცი. სიცოცხლე მოქმედებაა და 30 წლის ასაკში გავიაზრე, რომ ცოცხალი გვამი ვარ – ვზივარ, ვსვამ, მძინავს, არაფერს ვაკეთებ. არადა, დიდად არ მიყვარს ალკოჰოლი და მაშინ მის გარეშე არ შემეძლო. ინსტინქტურ დონეზე ვმოქმედებდი. ეს პერიოდი, მთელი ორი წელი გაგრძელდა.

– ამ სიტუაციიდან როგორ დაიხსენი თავი?

– ბავშვობაში სიტყვა იოგას მნიშვნელობა, მართალია, არ ვიცოდი, მაგრამ რომ გავიგებდი, თბილად ჩამესმოდა ეს სიტყვა. ვიცოდი, რომ ინდოეთია მისი სამშობლო. ინდოელი მეგობარი დარპანი შემხვდა და შევჩივლე, საკუთარ თავს ველაპარაკები, შინაგანი ხმები მესმის, იოგა და მედიტაცია კი სულ თბილად ჩამესმის და შენ, როგორც ინდოელი, მინდა, რჩევა გკითხო-მეთქი. მითხრა: ზუსტად ხვალ ვიკრიბებით მეგობრები, ვმედიტირებთ, გარკვეულ თემებზე ვსაუბრობთ და შეგიძლია, შემოგვიერთდეო. ადრე ეჭვის თვალით შევხედავდი, დავფიქრდებოდი – წავსულიყავი თუ არა, რა მინდოდა იქ, მაგრამ გავყევი გულს და გრძნობას და იმ ჯგუფს შევუერთდი. იმ დღიდან დაიწყო ჩემი გამოღვიძება. ჩემი მეგობარი ხათუნა მეტაფიზიკოსია და ამ ცხოვრების ფილოსოფიის ელემენტარული საწყისები მისი წყალობით გავიგე. გავიგე ის, რომ ბედნიერება შენშია და თუ სადმე, გარეთ ეძებ, ესე იგი, არასწორ გზაზე დგახარ… ვსაუბრობდი საკუთარ თავზე, რა მაწუხებდა, არაფრის კეთების სურვილი რომ არ მქონდა, საკუთარ თავს რომ ვესაუბრებოდი და დეპრესიული ფონი რომ მქონდა. რეალურად, ბევრი რამ ვისწავლე და ამისთვის მადლობა ხათუნას. ორ წელში რადიკალურად სხვა ადამიანი გავხდი, დავიწყე ვარჯიში, იოგა, ნაკლებად ვჭამდი ხორცს, დავიწყე მედიტაცია და დავუახლოვდი და კარგად გავიცანი ჩემი თავი და მიზნები. სხვათა შორის, ჩვენი რელიგიიდან გამომდინარე, იოგას ცოტა სხვანაირად იგებენ, არადა, იოგამ კიდევ უფრო დამაახლოვა ჩემს რელიგიასთან – მართლმადიდებლობასთან. ამ გადმოსახედიდან, ეს იყო ფსიქოლოგიური დახმარების წრე, შევიკრიბეთ ადამიანები, ვისაც რაღაცის შეცვლა გვინდოდა საკუთარ ცხოვრებაში. ჩვენ მაშინ სახლში ვიკრიბებოდით, დღეს კი ხათუნას თავისი ცენტრი აქვს.

– მანამდე, დეპრესიისკენ მიდრეკილი არ იყავი?

– ავარიამდე – არა, თუმცა მქონდა მოკლე პერიოდები – როცა შემოდგომა დგებოდა, ამინდი ირეოდა და აცივდებოდა. ვფიქრობდი, ექიმთან ხომ არ მივიდე-მეთქი, მაგრამ ერთ თვეში გადამდიოდა. ბავშვობიდან არ მიყვარდა ცვლილებები. სევდასთანაც მქონდა განსაკუთრებული ურთიერთობა და დღემდე მაქვს. მიმაჩნია, რომ ჭეშმარიტება არის სევდაში, მაგრამ სევდა და დეპრესია სრულიად სხვადასხვა რამაა. დეპრესია დაავადებაა და სევდა კი შეიძლება, სასიამოვნო და თბილიც იყოს.