ულამაზეს გოგონას, გრძელი ჟღალი თმით და ქართული ცეკვის არაჩვეულებრივი შესრულებით, ალბათ, არაერთხელ მიუპყრია თქვენი ყურადღება სოციალურ ქსელში განთავსებული და ძალიან პოპულარული ვიდეოებით. ეს ქორეოგრაფი ინდირა ღომიძეა, რომელიც ახლა თავის ცხოვრებაზე მოგვითხრობს.
ინდირა ღომიძე: ქართული ცეკვა ყოველთვის მიყვარდა და იმპროვიზაციით ბავშვობიდანვე ვცეკვავდი. წარმოშობით აჭარელი ვარ. ხელვაჩაურის რაიონში ვცხოვრობდი და ჩვენთან ახლოს არ იყო სტუდია, სადაც სიარულს შევძლებდი. აქედან გამომდინარე, 11 წლამდე ვერ მოვახერხე, რომ პროფესიონალურ ჯგუფში ჩავწერილიყავი და ცეკვა მესწავლა, მაგრამ როგორც კი სტუდია გაიხსნა, მაშინვე მივედი. 11 წლის ასაკში ცოტა გვიანი იყო ცეკვის დაწყება, მაგრამ იმდენად მინდოდა, რომ 5-6 წლის ბავშვების გვერდით დამაყენა ქორეოგრაფმა, მოდი, ვცადოთო. ისე მომეწონა პირველივე გაკვეთილი, რომ ეს ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. შემდეგ აჭარის სახელმწიფო ანსამბლში გადავედი. იყო გასტროლები, კონცერტები და ძალიან აქტიური რეჟიმი.
განვითარებაზე ვფიქრობდი, მინდოდა, ქორეოგრაფიული მიმართულებით წავსულიყავი, მაგრამ ჩვენთან, აჭარაში არ იყო უმაღლესი სასწავლებელი, მხოლოდ კოლეჯი იყო, ამიტომ გადავწყვიტე, სწავლა თბილისში გამეგრძელებინა. კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ქორეოგრაფიის ფაკულტეტზე. მეორე კურსზე ვიყავი, როცა სოციალურ ქსელში რეპეტიციის დროს გადაღებული ცეკვის ვიდეოების განთავსება დავიწყე. ამან იმდენად დიდი აღფრთოვანება გამოიწვია საზოგადოებაში, რომ ვიფიქრე, ხომ არ გამეხსნა სტუდია, სადაც ცეკვას შევასწავლიდი, ჯერ მხოლოდ მოყვარულის დონეზე. მართლაც გავაკეთე სტუდია, სადაც თავიდან ოთხი მოსწავლე მყავდა, მაგრამ ყოველთვიურად იმდენად ვმრავლდებოდით, რომ მალე 12-15 ჯგუფი გავხდით. გამომდინარე იქიდან, რომ მე აჭარიდან ვარ, გადავწყვიტე, ბათუმშიც დამემატებინა ფილიალი. ბათუმშიც გავხსენით სტუდია და იქაც ძალიან წარმატებით დავიწყეთ საქმიანობა. ძალიან ბევრი მოსწავლე გვყავდა. ამას მოჰყვა მოთხოვნები სხვადასხვა რეგიონიდან და დავამატეთ ფილიალები რუსთავში, ქუთაისში – ორი, ზუგდიდში, თბილისში უკვე სამი ფილიალი გვაქვს და ახლა, ჯამში, რვა ფილიალი გვაქვს.
– ამასთან ერთად, ატელიეც შექმენით. ეს იდეა როგორ გაჩნდა?
– მე ყოველთვის მომწონდა, როცა რეპეტიციაზე განსხვავებულად მეცვა. ქართულ ბაზარზე, ქართული სარეპეტიციო სამოსის ბრენდი ან მაღაზია არ არსებობდა. ძალიან მწირი არჩევანია: ბოდე, შარვალი და მოსახვევი, სულ ესაა. ამ დროს, მე მქონდა ჩემი სტილი და ძალიან ბევრი იდეა ამ მიმართულებით. ჩემი მეუღლის თანადგომით შევქმენი ბრენდი „საუკუნე“, რომელიც მოცეკვავეებს ემსახურება. გავაკეთეთ ატელიე, შევკერეთ ძალიან ბევრი სარეპეტიციო სამოსი და გავხსენით პირველი მაღაზია თბილისში. შემდეგ დავამატეთ ფილიალები ბათუმსა და ქუთაისში. ამან მოგვცა საშუალება, დაგვემატებინა სასცენო სამოსის წარმოებაც. არც ამ კუთხით ვართ ქართულ ბაზარზე განებივრებულები. შევკერეთ ჩოხა-ახალუხი, სხვადასხვა ცეკვის კაბები და ასე შემდეგ. ასევე, დავამატეთ ახალი ხაზი – ქართული თანამედროვე კაბების, რომელიც ძალიან მოთხოვნადია. რადგან კერვა მიყვარს, ყოველთვის ძალიან მინდოდა, ვყოფილიყავი დიზაინერი, მოდელიერი და შემექმნა სამოსი. პირველ თარგს ყოველთვის მე თვითონ ვიღებ, ვჭრი და ვკერავ, ბაზარზე მხოლოდ შემდეგ გამაქვს და საქმეს მერე უკვე ჩემი თანამშრომლები აგრძელებენ.
– სოციალურ ქსელში აქტიურობისა და იმ ულამაზესი ვიდეოების გადასაღებად როდის გრჩებათ დრო?
– წინასწარ არ მაქვს ხოლმე გეგმა ამ ვიდეოებთან დაკავშირებით. უბრალოდ, ცეკვა მსიამოვნებს, ვიცი, რომ ლამაზი ვიდეო გამოვა, ვიღებ და ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ ცეკვას ვგრძნობ, ბუნებრივი გამოდის და მაყურებლისთვის მომხიბვლელია ხოლმე. უამრავი ადამიანი მწერს. იმდენად თბილი და დადებითია შეფასებები ვერც აღგიწერთ. საერთოდ, სოციალურ ქსელში ძალიან ხშირია ზიზღი და მიხარია, რომ მე ასეთი არაფერი მიგრძნია. ცუდი კომენტარი, რომელზეც გული დამწყდებოდა, არ შემხვედრია. პირიქით, ძალიან დიდ და დადებით ენერგიას მაძლევენ.
– გამორჩეული და სახასიათო გარეგნობა გაქვთ. ვიზუალი რა როლს ასრულებს წარმატებაში?
– კი, სიმართლე რომ გითხრათ, ეს ძალიან მეხმარება. ძალიან ბევრი აღნიშნავს, რომ ჩემი გრძელი, ჟღალი თმა, ხაზს უსვამს ჩემს ვიზუალს. ჩემი თმით ქუჩაშიც მარტივად მცნობენ. ასევე, აღნიშნავენ ხოლმე ჩემს ხასიათს, რომელიც ცეკვაში ჩანს.
– და მთავარი ამბავი – სამი შვილის დედა ხართ, ამდენს მართლა როგორ უმკლავდებით?
– ჩემი მეუღლის თანადგომითა და მხარდაჭერით ყველაფერს ვუმკლავდები. ძალიან რთულია, იყო სამი შვილის დედა. კარგად იცით, ამას რამდენი რამ სჭირდება, მაგრამ მე და ჩემი მეუღლე მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კვირაში ერთი დღე გამოვყოთ და 24 საათი ჩვენს შვილებთან ერთად გავატაროთ. რა თქმა უნდა, ძალიან ცოტაა კვირაში ერთი დღე, თუმცა, დანარჩენი დღეების დღის პირველ ნახევარში და საღამოს ცხრის შემდეგაც, ძირითადად, სახლში ვართ, მათთან ერთად. მაქსიმალურად ვცდილობთ, დრო ერთად და თბილად გავატაროთ.
– როგორ დაიწყო თქვენი და თქვენი მეუღლის ამბავი?
– ერთმანეთი „არტგენზე“ გავიცანით. მე ცეკვით ვიყავი ჩამოსული აჭარიდან. შემდეგ სოციალურ ქსელში ვეხმიანებოდით ერთმანეთს და სასწავლებლად თბილისში რომ გადმოვედი, ყველაფერი იქიდან დაიწყო. თავიდან ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით. ჩემი მეუღლე ძალიან ღრმა ადამიანია, უყვარს სხვისი მოსმენა და თუ საჭიროა, კარგ რჩევასაც მოგცემს. ვმეგობრობდით და იმდენად დავახლოვდით, რომ ვერც გავიგეთ, როგორ შეგვიყვარდა ერთმანეთი. თითქოს ყოველთვის შეყვარებულები ვიყავით. ვინც ახლოს გვიცნობს, ყველა ხვდება, რამდენად დიდი გრძნობა მაქვს მის მიმართ და რამდენად ვეტრფი. ყოველთვის ვცდილობთ, დრო ერთმანეთისთვის გამოვნახოთ და თვეში ორი-სამი დღე გვაქვს გამოყოფილი, როცა მხოლოდ ჩვენ გავდივართ ქალაქგარეთ და ფსიქოლოგიურად ვისვენებთ.