ნუცა შანშიაშვილის „უცნობი მხარე“ 👇
– ვინ არის ნუცა შანშიაშვილი?
ნუცა შანშიაშვილი: მომღერალი, მსახიობი, მხატვარი.
– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
– როგორიც მაქვს, მოგზაურობით სავსე.
– გულჩვილი ადამიანი ხართ?
– კი, გულჩვილი ვარ. ძალიან სენსიტიური ვარ და გულთან ძალიან ახლოს მიმაქვს ადამიანების განცდები. შეიძლება, სრულიად უცნობ ადამიანს ეხებოდეს საქმე და არა ახლობელს, მაგრამ მისი ცუდი ძალიან მომხვდეს გულზე, ცრემლებამდე ვიტირო და თუ შემიძლია, აუცილებლად დავეხმარები.
–რაღაც მომენტებში, შეიძლება, ძალიან ცივსისხლიანი ვიყო ურთიერთობებში და ადამიანებს გაუთვითცნობიერებლად ვატკინო გული. მეც ძალიან ხშირად მტკენია გული და ავტომატურად გავცემ ხოლმე იმავეს. ეს არასწორია, ალბათ, უფრო შემნდობი უნდა ვიყო. ცივსისხლიანი შეიძლება ვიყო საქმეში, ალბათ, მებრძოლი ადამიანის ხასიათია. ერთი მხრივ, ხელს მიშლის, მეორე მხრივ, მეხმარება. ხანდახან ძალიან ფეთქებადი ვარ, მაგრამ ამისთვის ზღვრამდე უნდა მიმიყვანო. თუ ავფეთქდი, არ ვიცი, შეიძლება, ადამიანს ფიზიკური ზიანიც მივაყენო, რაც დაუშვებელია. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რომ ერთსა და იმავეს ეუბნები ადამიანს, მაგრამ არ ესმის და გაწვება, გაწუხებს და თავისას არ იშლის, მერე, რაღაც მომენტში, „გეკეტება“.
– ყველაზე უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ…
– ერთხელ გასტროლზე ვიყავი, სცენაზე ჩემი სახელი გამოაცხადეს და გამოვედი. საორკესტრე ორმო ვერ დავინახე, სიმღერის დროს გავიქეცი და სამმეტრიან ორმოში ჩავვარდი. არ ვიცი; როგორ მუშაობს მსახიობის და მომღერლის პასუხისმგებლობა, მაგრამ სიმწრით კატასავით უკან ამოვხტი. ხალხს ეგონა, რომ დადგმული სცენა იყო. საოცარი შეძახილით და ტაშით დამაჯილდოვეს და მე იმ მომენტში სასწაულ მდგომარეობაში ვიყავი, ეს რა დამემართა-მეთქი, ვფიქრობდი, მაგრამ ღმერთმა გამომიყვანა ამ მდგომარეობიდან. მე იმდენად ერთგული ვარ ჩემი მაყურებლის, ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ სცენაზე მათ რამით დისკომფორტი შევუქმნა. უდიდესი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული მაყურებლის წინაშე და ალბათ, ამან მომცა ის წარმოუდგენელი ძალა, რომლითაც ადამიანს სასწაულის გაკეთების უნარი ეძლევა. მერე, რომ ჩავიხედე იმ ორმოში, საიდანაც ამოვხტი, ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელი იყო. ჩემი საქმისთვის თავიდან ბოლომდე თავდადებული ვარ და ალბათ, ამიტომაც შევძელი ამის გაკეთება.
– ოდესმე რამე მოგიპარავთ?
– ტყუილთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– ვერ ვეგუები, ვერ ვიტან, მაგრამ არის იშვიათი შემთხვევები, სადაც ტყუილი გამართლებულია. ზოგჯერ ჯობს, ადამიანს არ უთხრა ისეთი სიმართლე, რომელიც დაანგრევს და გაანადგურებს და მოიტყუო. მაგალითად, თუ ბავშვი გყავს აყვანილი და ბავშვობიდან ეუბნები ამას, ეს სწორია, მაგრამ თუ ეს თავიდან დამალე და რომ გაიზარდა ის ბავშვი, მერე უთხარი, მე ამას არ ვთვლი გამართლებულად. ეს არ არის ტყუილში ცხოვრება და სიმართლე ყოველთვის არ გვეხმარება, პირიქით. ყველა სიმართლეს და ტყუილს ორი მხარე აქვს და სანამ გადაწყვეტ, ადამიანს მკვახე სიმართლე პირში მიახალო, კარგად უნდა დაფიქრდე, სჭირდება კი ამ ადამიანს შენი სიმართლე?!
– ხვდებით, როცა გატყუებენ?
– აუცილებლად, ძალიან კარგი ინტუიცია მაქვს. ვუსმენ, მაგრამ პოლემიკაში არ შევდივარ. თუ ადამიანმა ეს გზა აირჩია, თუ გადაწყვიტა, რომ მომატყუოს, ესე იგი, ასე სჭირდება. მით უმეტეს, თუ მეგობარს ეხება საქმე, რა თქმა უნდა, ვაპატიებ. თუ გლობალურ ტყუილს მეუბნება, მაშინ აუცილებლად სერიოზულად დაველაპარაკები, მაგრამ თუ ეს ტყუილები პატარ-პატარა ნიუანსებს ეხება და იმიტომ მეუბნება, რომ არ გამაბრაზოს ან არ მაწყენინოს, ასეთ ტყუილს მივესალმები. ასეთი ტყუილები ეხმარება ადამიანებს ურთიერთობებში.
– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?
– სასტიკი ჩემი თავის მიმართ ვარ. ჩემი თავის ყველაზე დიდი მწამებელი და მტანჯველი მე თვითონ ვარ. ჩემს თავს ვებრძვი, ჩემს თავს ვუკრძალავ. ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ეს ეხება საკვებს, ბევრ რამეზე ვეუბნები ჩემს თავს უარს, რაც მიყვარს. როცა მთელი ღამე დროს ატარებ და დილის 7 საათზე სტუდიაში მიდიხარ სიმღერის ჩასაწერად, იმის ნაცვლად, რომ გამოიძინო, სასტიკი ხარ საკუთარი თავის მიმართ. სხვების მიმართ არ ვარ სასტიკი. ჩემი სისასტიკე სხვებთან მხოლოდ და მხოლოდ დამშვიდობებაში გამოიხატება. განზე ვდგები. ჩხუბში დროის დაკარგვა მეზარება, წყნარად ვემშვიდობები ადამიანს.
– რა არის თქვენი ყველაზე დიდი ბედნიერება?
– შვილის გაჩენა, ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება. ძალიან ბევრი ქალია დაკომპლექსებული იმის გამო, რომ არ შეუძლია საკუთარი შვილის გაჩენა. არადა, დედობა არ არის მხოლოდ ბავშვის მუცლით ტარება, დედობა არის ადამიანის აღზრდა, მისთვის სიყვარულისა და სითბოს ჩანერგვა და ის ქალისთვის ყველაზე აუცილებელია. მე ღმერთმა მაჩუქა ეს ბედნიერება, 42 წლის ასაკში საკუთარი მუცლით ვატარე ნიკა.
– საყვარელი საქმის გარდა, რისი კეთება გიყვართ ყველაზე მეტად?
– დაკავებული ვარ სულიერი განვითარებით, ვვარჯიშობ, ვსწავლობ კაბალისტურ მეცნიერებას და დარბაზში დროის გატარება არის ჩემთვის უდიდესი სიამოვნება, ვარჯიში ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს.
– საოჯახო საქმეების კეთება თუ გიყვართ?
– ვაიმე, ეგ როგორ არ მიყვარს! (იცინის) არც დალაგება მიყვარს და არც საჭმლის კეთება. მხოლოდ სტეიკების შეწვა მიყვარს; იმიტომ რომ მისი ჭამა მიყვარს და წითელი ღვინოც მასთან ერთად. ამაში დახელოვნებული ვარ. სხვა კერძების მომზადების, რა გითხრათ. ამერიკაში უფრო გარე მაცხოვრებელი ვარ, თუ შეიძლება, ასე ითქვას. ნაკლებად ვცხოვრობ სახლური ცხოვრებით. ძალიან ბევრი საქმე მაქვს, ძირითადად, გარეთ ვარ და სახლიც არ მაქვს ისე მოწყობილი, რომ დავდგე და საჭმელები ვაკეთო. ინტერესით თუ მივუდგები ამ საკითხს, ალბათ, ისეც მოვაწყობ, რომ მომეწონება და გავერთობი, მაგრამ ახლა არც მცალია და ამის არც ინტერესი მაქვს. უფრო რესტორნების ადამიანი ვარ, ეს არის ჩემი სიამოვნება.
– რომ გაიგოთ, თქვენს მეგობარს საყვარელი ადამიანი ღალატობს, ეტყოდით სიმართლეს?
– ძალიან რთული კითხვაა. ორი ადამიანის ცხოვრებაში მესამეს ჩარევა რთულია. ერთ მაგალითს გეტყვით, სახელებს არ დავასახელებ, მაგრამ ძალიან ცნობილი წყვილი იყო და ცოლი ქმარს ღალატობდა. ქმარს აბოდებდა საკუთარ ცოლზე. მეგობარი მივიდა და უთხრა, შენი ცოლი ამასთან და ამასთან დადისო. ქმარმა მეგობარი გალანძღა, ჩემი ცოლი მე არასდროს მიღალატებსო და სახლიდან გააგდო. ცოლის ღალატის ამბავი მაინც გახმაურდა, მაგრამ ქმარმა აპატია და ერთად დარჩნენ. იმ კაცმა კი მეგობარი დაკარგა. ძალიან რთულია ოჯახის საქმეში ჩარევა. მე ახლობელს იმას კი არ ვეტყვი, რომ მეორე ნახევარი ღალატობს, სამოგზაუროდ დავპატიჟებ, ისე გავაკეთებ, რომ იმ მოგზაურობაში ვიღაც შევახვედრო, რომ გაერთოს, შევეცდები გადავატანინო ყურადღება მაქსიმალურად ისე, რომ უკან რომ დაბრუნდება, მისმა ქმარმა შეიძლება, დატოვოს ის ქალი, ვისთანაც ცოლს ღალატობდა და ისევ ცოლს დაუბრუნდეს. ხომ იცით, ადამიანები არ ვაფასებთ ერთგულებას. ამიტომ პირველი წამალი, როდესაც გღალატობენ, პარტნიორის გამოცვლა კი არაა, შენი ცხოვრებით უნდა დაკავდე. დაკავდები თუ არა საკუთარი თავით და ცხოვრებით, შენი ქმრის მთელი ყურადღება მაშინვე შენკენ წამოვა, თუ, რა თქმა უნდა, ბედის რჩეული არ ნახა შენმა ქმარმა. ეს იშვიათად, მაგრამ ხდება ხოლმე, ოჯახები ინგრევა და ახალი წყვილი იქმნება. ასეთ შემთხვევას არ ვგულისხმობ, მე ვსაუბრობ პატარ-პატარა მოწონებებზე, ურთიერთობებზე, ეს შესაძლოა, შენი ბრალიც იყოს, ამიტომ მაშინვე უნდა გამორთო იმ კაცის მიმართ ყურადღება და საკუთარ თავზე გადაერთო. ამას გააკეთებ თუ არა, აბსოლუტურად ყველაფერი შეიცვლება.
– ყველაზე დიდი შიში როდის განიცადეთ?
– საშინელი შიში განვიცადე მოსკოვში. ღამის კლუბიდან გამოვედი, მანქანაში ჩავჯექი და კაცმა გამიტაცა. ჩვეულებრივი მანიაკი და მკვლელი იყო. ბრილიანტის საყურეები მეკეთა და აკანკალებული ხელით მოვიხსენი. ამ მომენტში გონება მოვმართე, შიში გამოვრთე და ადამიანური ურთიერთობა გავააქტიურე. დიალოგში შევედი ამ ადამიანთან და ვეუბნები, რისთვის გჭირდება ამის გაკეთება, გამიტაცე და მერე რა? ამიხსენი რა გჭირს, იქნებ, შემიძლია, დაგეხმარო?! ადამიანს უნდა მომკლას და მე ვეუბნები, დაგეხმარები, ასე რამ გაგამწარა-მეთქი. დაიბნა ჩემი მიდგომის გამო, უცებ დაამუხრუჭა, ჩანთა გადამიგდო და მითხრა, ახლავე გადადი მანქანიდანო. სადღაც ქალაქგარეთ, გაურკვეველ ტერიტორიაზე, სიბნელეში დამაგდო, მაგრამ გადავრჩი.
– გაძარცვა უნდოდა?
– არა, გაძარცვა რომ ნდომებოდა ჩანთას არ გადამიგდებდა. გიჟი და მანიაკი იყო, არ ვიცი, გაუპატიურება უნდოდა თუ მოკვლა, მაგრამ რაღაც საშინელებას გადავრჩი. როდესაც არჩევანი არ გაქვს, ტვინი სხვანაირად იწყებს მუშაობას და მეც ამაში ვიპოვე გამოსავალი. საერთოდ, თუ შენში შიშს დაინახავს, გიჟი უფრო ღიზიანდება, ამიტომ ჯობს ეს განცდები გვერდზე გადადო და სხვანაირად იმოქმედო. საერთოდ, მე ვფიქრობ, რომ თუ ცხოვრებაში შენზე ნადირობა დაიწყეს, გაჩერდი და მსხვერპლის პოზიციიდან მონადირედ გარდაისახე. როგორ მოახერხებ ამას, ეს უკვე შენს გონიერებასა და მოხერხებულობაზეა დამოკიდებული, მაგრამ მდგომარეობის საშენოდ შემობრუნება აუცილებლად უნდა შეძლო.
– რა არის ის, რითაც ყველაზე მეტად ამაყობთ?
– ალბათ, ჩემი სულიერი განვითარება. ის ტრანსფორმაცია, რომელიც ჩემში განუწყვეტლივ მიმდინარეობს. მე არ ვანიჭებ უპირატესობას მატერიალურ ტრანსფორმირებას, მთავარი ჩემთვის შინაგანი ცვლილება და სულიერი ძლიერებაა. ამიტომ სულ ვეპოტინები ამ მხრივ განვითარებას და ვამაყობ იმ ტრანსფორმაციით, რაც ამ გზაზე განვიცადე.