ვნახოთ, როგორი დამოკიდებულება აქვს მომღერალ ბექა ბროლაძეს ფულთან, რაში ხარჯავს თანხას სიამოვნებით და როგორ ახერხებს ფინანსების სწორად გადანაწილებას.
– ბექა, რა იყო პირველი სამსახური და ანაზღაურება?
ბექა ბროლაძე: ჩემი პირველი ანაზღაურება იყო 150 დოლარი. მაშინ ეს ძალიან სერიოზული თანხა იყო. დაახლოებით, 14 წლის წინანდელს ვიხსენებ, 16-17 წლის ვიქნებოდი. იმ პერიოდში ჯანსუღ კახიძის ბიჭუნათა კაპელაში ვმღეროდი, ჯანო კახიძესთან. სამი ბიჭი აგვარჩიეს, კონკრეტულ კომერციულ პროექტზე ვიმუშავეთ და ეს ანაზღაურება მივიღეთ. იმხელა თანხა იყო, ახლა რომ 1 500 დოლარი გადაგიხადონ. ამიტომ მახსოვს, როგორი ამაყი მივედი სახლში ჩემი ნაშრომითა და ნაწვალებით (იცინის). ხალხს მაშინ 150 კი არა, 50 დოლარის ეკვივალენტი ჰქონდა ხელფასი. გაჭირვების პერიოდი იყო და ალბათ, ოჯახს მოვახმარე ეს თანხა, ზუსტად არ მახსოვს. მამა ძალიან წარმატებული მშენებელი იყო, სამშენებლო ბიზნესში საქმიანობდა და ჩვენ შედარებით არ გვიჭირდა, მაგრამ, როცა პირადად ამხელა თანხის შემომტანი ხდება, ეს საოცრად საამაყოა. ახლაც მახსოვს ის განცდა.
– ფულთან დაკავშირებული ცრურწმენების თუ გჯერა?
– ძალიან რეალისტი ვარ, ცრურწმენებისგან – შორს, მაგრამ ვაღიარებ, რომ საფულეში დღემდე მიდევს ერთდოლარიანი. ერთიანს ასდოლარიანები ჯობს, მაგრამ ჩემთვის ამ ერთდოლარიანს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ეს ფული მე არ მიყიდია, ერთმა ძალიან წარმატებულმა ადამიანმა, ვინც ჩემთვის სამაგალითოა, მითხრა, მინდა, ეს ჩემი მხრიდან, როგორც ბარაქის მომტანი, საფულეში გედოსო. ერთად ვიყავით საზღვარგარეთ და იქ გადმომცა, თან ახალი საფულე შევიძინე და ამ ერთდოლარიანმა მასში დაიდო ბინა. სხვათა შორის, კარგად დავცადე. შეიძლება, ფსიქოლოგიურად შევიქმენი შესაბამისი განწყობა და ამიტომ, მაგრამ მას შემდეგ საკმაოდ სარფიანი და ბევრი ფინანსური კეთილდღეობის მომტანი ნაბიჯი გადავდგი. ბედნიერი ერთდოლარიანი აღმოჩნდა. შეიძლება, დამთხვევაა, მაგრამ ასეა, მე ამ წარმატებას კონკრეტულ კუპიურას კი არა, იმ ადამიანს ვუკავშირებ და შესაბამისად, ამ კუპიურასაც ვუფრთხილდები.
– საზოგადოება ბევრს დავობს იმაზე, უნდა გიყვარდეს თუ არა ფული, რას ფიქრობ ამაზე?
– მე ფულს ძალიან პოზიტიურად ვუყურებ. საერთოდ, მე ბანკში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს და გასაკვირიც იქნება, ფინანსებთან რომ სწორი დამოკიდებულება არ მქონდეს. ამ ეტაპზე ჩემს შემოსავლებს იმდენად კარგად განვაგებ და ისე სწორად ვანაწილებ, რომ საკუთარ თავს ამ საკითხში ნამდვილად ვერ ვუსაყვედურებ. თუმცა, მეც მაქვს ჩემი სუსტი წერტილები. მაგალითად, ჩემი საყვარელი ბრენდია „ლუი ვიტონი“ და მასში ფული არასდროს მენანება. ყოველთვის ველოდები ახალი კოლექციის გამოსვლას. საქართველოში არ გვყავს ამ ბრენდის ოფიციალური შემომტანი, თუმცა საზღვარგარეთაც ხშირად მიწევს გასვლა და ყოველთვის ვსტუმრობ ამ მაღაზიას. სულ ვეძებ რამე ახალს და ფულსაც არ ვინანებ. ასევე, არ მენანება ფულის გადახდა სათვალეში, იმიტომ, რომ ეს აქსესუარი ძალიან მიყვარს. ზოგადად, ფულის სიყვარულს რაც შეეხება, ვიტყოდი, რომ ეს უფრო საჭიროებაა, ვიდრე სიყვარული. მისი დამსახურებით შეგვიძლია, ჩვენი სურვილების დაკმაყოფილება და გარშემო მყოფი ადამიანების დახმარებაც. მე, მაგალითად, როცა საშუალება მაქვს, არასდროს ვინანებ სხვისთვის. ვინც არ უნდა იყოს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ნაცნობია თუ ქუჩაში შემხვედრი გაჭირვებული, ემოციურად ჩემზე ისე მოქმედებს, რომ ამ მხრივ საკმაოდ ხელგაშლილი ვარ და საერთოდ, ასეთი ვარ ცხოვრებაში. მეხმარება ის, რომ შემიძლია, თანხის სწორად გადანაწილება. პირობითად, დღეს თუ 5 ათასი დოლარი მაქვს, ვიცი, რომ სამ დღეში არ უნდა დავხარჯო, თუმცა დამიხარჯავს. მომენტს და ხასიათს გააჩნია.
– ყველაზე მოკლე დროში რა თანხა დაგიხარჯავს, ისეთი, საკუთარი თავიც რომ გაგიოცებია…
– სხვებისთვის მართლა ბევრის გაკეთება შემიძლია. ოჯახის წევრები და მეგობრები სულ მეუბნებიან ხოლმე, ყოველთვის ჩვენკენ როგორ ხარო, მაგრამ ზოგჯერ არის მომენტი, როცა გინდა, საკუთარი თავი გაანებივრო. ზოგადად, არ მიყვარს ოქროული და არც არასდროს მიყიდია, მაგრამ ყოველთვის ძალიან მინდოდა, მაგარი ოქროს სამაჯური მქონოდა. ძალიან მიყვარს „კარწიე“ და ორი თვის წინ, ერთ-ერთ ქვეყანაში, შევედი „კარწიეს“ მაღაზიაში და ერთ–ერთ სამაჯურზე ვთქვი, ეს მინდა-მეთქი. ფასს რომ დავხედე, ცოტა შევშინდი, მაგრამ ავდექი და საკუთარ თავს ასეთი მაგარი საჩუქარი გავუკეთე. რეალურად, ძალიან დიდ თანხაზე არის საუბარი. რიგით საყიდლებში – ფეხსაცმელში ათასი დოლარი, პერანგში ხუთასი, უფლის წყალობით, ჩემს ცხოვრებაში ჩვეულებრივი ამბავია. ისეთი მსხვილი და უეცარი დანახარჯი, რომ ამოიღებ და ჯიბეც ამოცარიელდება, იმ ძალიან მაგარი სამაჯურის შეძენისას მქონდა (იცინის). ძალიან ბედნიერი წამოვედი ჯიბეგამოფხეკილი, ათი დოლარიღა დამრჩა (იცინის). იმ მომენტში ერთგვარი აფეთქება მქონდა და ის დავიკმაყოფილე, ადრენალინიც იყო და დიდი სიამოვნებაც. ამიტომ ზოგჯერ ღირს, ასეთი ძვირფასი საჩუქარი გაუკეთო საკუთარ თავს.
საერთოდ, ძალიან ხელგაშლილი ადამიანი ვარ, თეთრებს არასდროს ვითვლი, თუმცა ცხოვრებაში ის მომენტიც მქონია, რომ თეთრიც დამითვლია და ოცი თეთრიც არ მქონია. ასი ლარიც რომ მქონდეს და ადამიანს ზუსტად ეს თანხა სჭირდებოდეს, შემიძლია, სრულად მივცე. მეც გამომივლია ბევრი გაჭირვება და ვიცი, როგორ უნდა დავუდგე ადამიანს გვერდით.
– ხშირად საუბრობენ, რომ ქართული შოუბიზნესი არ არის ისეთი შემოსავლიანი, რომ თავი გაინებივრო. როგორ ახერხებ შენ ამას?
– სწორი კითხვაა. შოუბიზნესი არ არის მაღალშემოსავლიანი, თუ არ ჩავთვლით სადღესასწაულო დღეებს, როცა ბევრი კონცერტი და კორპორაციულია და განსაკუთრებით მოთხოვნადები ვართ. მე ჩემს თავს სულ ვეუბნებოდი, რადგან გიყვარს კარგი ცხოვრება, მოგზაურობა, კარგი სამოსი, გინდა კარგი მუსიკის კეთება და ასე შემდეგ, უნდა გქონდეს მეორე პროფესიაც. დიდი ხანია, დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, არაერთ ორგანიზაციაში ვმუშაობდი საკმაოდ კარგ პოზიციებზე, ყოველთვის კარგი შემოსავალი მქონდა, ამას ვამატებდი ჩემი სიმღერიდან მიღებულ შემოსავალსაც და ვქმნიდი ხარისხიან პროდუქტს, ასევე, ვიკმაყოფილებდი ჩემს სურვილებს. „ლუი ვიტონის“ ფეხსაცმელს რომ ხუთასლარიანი ხელფასით ვერ იყიდი, ეს ბუნებრივია. ჯერჯერობით ვახერხებ, რომ ჩემი ცხოვრება კარგად წარვმართო ამ კუთხით და მხოლოდ მუსიკალური საქმიანობით მიღებულ შემოსავალზე არ ვარ დამოკიდებული. ამ მომენტისთვის პიარის კუთხით ვმუშაობ საკმაოდ საინტერესო კომპანიაში, ბევრს ვმოგზაურობ, ბევრ საინტერესო ადამიანს ვხვდები და ლამაზი და ფერადი ცხოვრება მაქვს.