როგორი მხარჯველია ნუგზარ კვაშალი, გამოსდის თუ არა მას ფულის სწორად დაბანდება და რატომ ვერ შეინარჩუნა სრულად წინაპრების დატოვებული ქონება, ამაზე თავად მოგვიყვება.
ნუგზარ კვაშალი: ჩემი პირველი „შემოსავალი“ ბაბუას უკავშირდება. ალბათ, როგორც ყველა ბავშვს, მეც ბაბუა მიდებდა ხოლმე ბალიშის ქვეშ ფულებს (იცინის). კარგი ბაბუა მყავდა, შეძლებული, ჭკვიანი და სახელგანთქმული კაცი იყო. მთვრალი თუ მოვიდოდა, მით უმეტეს, ალერსის მადა გაეხსნებოდა ხოლმე. „ბანკას“ მოიტანდა და მეტყოდა, აბა, ბაბუ, ფიში-ფიში ქენიო. უნდოდა, ბაბუას მოეფსმევინებინა შვილიშვილისთვის (იცინის). მე თავს ვაქნევდი, უარზე ვიყავი. ბაბუა ამოიღებდა ათმანეთიანს, ბალიშის ქვეშ ამომიდებდა და მეც ვაკეთებდი ჩემს გასაკეთებელს (იცინის). ბაბუაც კმაყოფილი იყო და მეც – გახარებული. დილით რომ ვიღვიძებდი, ფული აღარ მხვდებოდა თავთან. დედას გავხედავდი და გასაგები ხდებოდა ყველაფერი (იცინის). რა თქმა უნდა, დედა ისევ მე მახარჯავდა ამ ფულს. რაც შეეხება უკვე ჩემი შრომის ანაზღაურებას, მსახიობებს ხელფასი არ გვაქვს, ასეთი რამ არ არსებობს თუ თეატრის მსახიობი არ ხარ. ესტრადაზე ყველაფერი გამომუშავებაზეა დამოკიდებული.
ჯერ კიდევ სკოლის ასაკში, მარჯანიშვილის თეატრში, ლენა ყიფშიძის, ზურას დედის, შემოთავაზებით, ზურა ყიფშიძემ, გია ეძგვერაძემ, მამუკა დუმბაძემ და მე შევქმენით ანსამბლი „ჯეჯილი“. „როლინგსთოუნს“ და „ბითლზს“ ვუკრავდით. პირველ კონცერტზე ათი მანეთი გამოვიმუშავეთ, რაც მაშინ ძალიან კარგი ფული იყო. მახსოვს ბაბუას ცრემლები წამოუვიდა და თქვა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შვილიშვილს უკვე პურის ფულის გაკეთება შეუძლია და პროფესია აქვსო.
მერე უკვე გარკვეული განაკვეთი გვქონდა. მაშინ არსებობდა საბჭოთა კავშირის, რაიონის, ქალაქის „სტავკები“, ანუ განაკვეთები. მაგალითად, რუსეთში განთქმულ მომღერლებს კონცერტში 50 მანეთი ჰქონდათ. ეს აურაცხელი ფული იყო. საბედნიეროდ, მაშინ ბევრი კონცერტი იმართებოდა. ჩემი განაკვეთი 10 მანეთი იყო. 40 კონცერტი ჩავატარეთ და 400 მანეთი მივიღე. ეს მაშინ ძალიან კარგი ფული იყო, მით უმეტეს, 20 წლის ბიჭისთვის. მერე ანსამბლ „ივერიაში“ გადავედი. იქ უკვე 25 მანეთი მქონდა განაკვეთი. ეს უკვე პროფესიონალური განაკვეთი იყო და პოპულარობის მატებასთან ერთად ისიც იზრდებოდა. თუმცა, იმდენს არ ვიღებდით, რამხელა შემოსავალიც ფილარმონიაში შეგვქონდა. ცუდი ის იყო, რომ შენს ანაზღაურებასთან ერთად სხვებისასაც ხედავდი. რა საჭიროა, ყველამ იცოდეს, შენ რამდენს იღებ ან მე რაში მაინტერესებს რამდენს იღებს სხვა მომღერალი?! თვითონ თუ მეტყვის – კი, ბატონო, მაგრამ სხვისი შემოსავალი რა ჩემი საქმეა?! ძალიან მომწონს, რომ ახლა ასე აღარ არის.
– იმ ასაკში ამდენი შემოსავალი დიდი ცდუნება არ იყო?
– როცა გრძნობთ, რომ ფინანსური პრობლემის წინაშე ხართ, შიში გიპყრობთ?
– ქართველების უმეტესობა მოულოდნელად დგება ამ ფაქტის წინაშე – ფული უცებ ქრება. ბანკში მიხვალ და უშველებელ პროცენტში მოგცემენ სესხს თუ იპოთეკას. მერე იწყება ჯარიმები და ასე შემდეგ. ბუნებრივია, რომ ამაზე ყველა ნორმალური ადამიანი ნერვიულობს. ჩვენი ბანკები დიდი პროცენტებით გამოირჩევიან, განსაკუთრებით საპენსიო ბანკი. მე, მაგალითად, ფული გამოვიტანე სესხად და მეშვიდე წელია, ვიხდი, მაგრამ არაფერი აკლდება.
– თუ ფულის სესხება გჭირდებათ, გირჩევნიათ, ადამიანს ესესხოთ?
– მე ადამიანს ფულს აღარ ვთხოვ. თუ გინდა, ადამიანი არ დაკარგო, მაშინ ფულის სესხება ან გასესხებისგან თავი უნდა შეიკავო. ან პირდაპირ უნდა მიხვიდე ადამიანთან და უთხრა, მაჩუქე, რა, ამდენი, თუ გაქვს. თუ აქვს, გაჩუქებს, თუ არადა, სესხება და იმის შეპირება, რომ დაუბრუნებ და ვეღარ უბრუნებ, ძალიან ბინძური საქმეა. რამდენ ადამიანს უთხოვია ახლობლისთვის, რომ დახმარებოდა ბინის შენარჩუნებაში, რომელსაც ბანკი უყიდდა. დიდი ვალი აუღია მისგან ან მისი ბინა ჩაუდეს თავდებში და ან ის ფული აღარ დაუბრუნებია, ან სხვისი ბინა გაუწირია საკუთარის შესანარჩუნებლად.
თურმე, ადამიანი თავისას რომ სამშვიდობოს დაიგულებს, მერე შენი აღარ აინტერესებს. თურმე, ფინანსები, მეგობრობა და სიყვარული, ძალიან მტრობენ ერთმანეთს. სამწუხაროდ, ორი თუ სამი ახლობელი მეც დავკარგე მსგავსი სიტუაციის გამო. ფული ვასესხე და ამან დამანახვა მათი რეალური სახე. ძალიან მძიმეა ფულთან დაკავშირებული ამბები. ამიტომ, დღეს რომ მოდის ადამიანი ჩემთან და ფულის სესხებას მთხოვს, თუ მაქვს, ვჩუქნი. ან ვეუბნები, როცა გექნება, მაშინ მომეცი. ეს ნიშნავს, რომ თუ არ ექნება, ვერც მომცემს. ჩემთვისაც უთქვამს მეგობარს იგივე და მეგობრობაში ასე ხდება, მაგრამ მაინც ფული და მეგობრობა ძალიან მტრობს ერთმანეთს.
– როგორი მხარჯველი ხართ?
– მხარჯველი ვარ, სამწუხაროდ, ზომაზე მეტად. ხშირად მეჩხუბებიან ხოლმე ოჯახში, სად დახარჯე ამდენი ფულიო. სხვათა შორის, ბევრს ვიცნობდი, რესტორანში რომ შემოვიდოდა, სადაც 60 კაცი ქეიფობდა, ადგებოდა და ყველას ფულს გადაიხდიდა. ადრე ასე ხდებოდა. ისეთი თანხები გვედო ხოლმე ჯიბეში, რომ შეგვეძლო, სამეგობროს 12-13 კაცის დაპატიჟება. მაშინ იყო ამის საშუალება, მაგრამ ახლა რომ მიდიხარ რესტორანში, კუპეში უნდა ჩაიკეტო, რომ არავინ დაგინახოს. რესტორანშიც ვერიდები ხარჯვას და სხვაგანაც, ასაკმა იცის დამუხრუჭება, თორემ, იყო დრო, როცა მართლა ძალიან მხარჯველი ვიყავი.
– თქვენი მეუღლე რას ამბობდა ამაზე?
– მეჩხუბებოდა (იცინის). ახლაც მეჩხუბება მაგ მიზეზით (იცინის). ეგ არაფერი. იყო დრო, 20-თეთრიანი მეგდო ჯიბეში და ფილარმონიაში ფეხით მივდიოდი, რადგან ავტობუსის ფული არ მქონდა. იქდანაც ფეხით ვბრუნდებოდი. იყო დრო, როცა თვითმფრინავით ვბრუნდებოდი საქართველოში, ერთ ჯიბეში 8 ათასი დოლარი მედო, მეორეში – 12 ათასი. ცხოვრებაში სხვადასხვა მდგომარეობა გხვდება, ეს ნორმალურია. ხან გაქვს, ხან – არა. ისე, სიბერეში ფულთან ერთად, მგონი, ჭკუაც ქრება (იცინის).
– დიდი თანხა ყველაზე სწორად რაში გამოგიყენებიათ?
– დიდი დაბანდებები მე არ მქონია. არადა ისეთი შანსები იყო. მაგალითად, მეგობარს მიწა ვაყიდვინე კვადრატული ერთ დოლარად. მეუბნებოდა, ბიჭო, შენც იყიდე ერთი 2 ათასი კვადრატი, გამოგადგებაო. თავი გამიგიჟებია: გეხვეწები, რა, რად მინდა-მეთქი და მერე ამ მიწას საოცარი ფასი დასდებია. ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრჯერ მოხდა, ძალიან ბევრჯერ… სამწუხაროდ, ეს ჩემი ხასიათის ძალიან დიდი მინუსია. როცა ძლიერი ოჯახი მოგდგამს, სახლ-კარი გაქვს, კარგი საჭმელი, აგარაკი და ასე შემდეგ, ქონება არ გაკლია, ეს ცუდად მოქმედებს შენზე. ამას უშრომლად იღებ და გგონია, სულ ასე იქნება. მიკვირდა ხოლმე, რატომ ყიდულობდნენ ბებიაჩემები ამდენ ჭურჭელსა და ძვირფას ნივთებს. თურმე, რომ გაგიჭირდება ეს უნდა გაყიდო. ბაბუაჩემი კარგა ხნის გარდაცვლილი იყო, ჩვენ რომ მის დროს შეძენილ ჭურჭელს ვყიდდით. მოგეხსენებათ, 90-იანი წლები ფინანსურად როგორი მძიმე იყო და სხვა გზა არ დაგვრჩა. ერთადერთი, რაც კუპონების დროს კარგი მოხდა ისაა, რომ ბირჟზე სწორი გათვლა გავაკეთე ამ მუსიკოსმა კაცმა და „გავარტყი“. ბრახ და 11 ათასი დოლარი დამრჩა სუფთა მოგება. ყველაზე კარგ საქმეს მოვახმარე ეს ფული, ჩემი შვილი გავუშვი ამერიკაში სასწავლებლად. ეს იყო მართლა კარგი დაბანდება, თორემ უძრავი ქონებიდან მხოლოდ ორი წყვილი ფეხსაცმელი და ჯუჯის ფორმა მაქვს (იცინის). რაც წინაპრებისგან დამრჩა, ყველაფერი შემცირდა, თუმცა გვყოფნის. მაგალითად, სამი ბინა გვქონდა, ახლა ორი გვაქვს.
ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა იმანაც, რომ ძალიან აზარტული ვარ და ძალიან დიდი თანხა გავფლანგე კაზინოებში. შეიძლება, სხვისთვის არ იყო ბევრი, მაგრამ მე რაც ორ წელიწადში ვიშოვე, კაზინოში დავტოვე. ამას წაგება არ ჰქვია, კაზინოში რომ მიდის ადამიანი, ის პირდაპირ აძლევს საკუთარ ფულს კაზინოს პატრონს. კაზინოში მოგებული კაცი მე ჯერ არ მინახავს და ამიტომ აზარტული ბუნება ძალიან ცუდია. მერე დავანებე თავი, ფული აღარ მქონდა და… (იცინის).