ტრისტან სარალიძის „უცნობი მხარე“ 👇
– ვინ არის ტრისტან სარალიძე?
ტრისტან სარალიძე: მსახიობი. დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი. მანამდე ვსწავლობდი ბორჯომში, სოფელ ახალდაბაში.
ტრისტან სარალიძე არის ადამიანი, ვინც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, თავის საქმეს აკეთებს, ისე, როგორც შეუძლია, მობილიზებულია გადაღებებზე და თეატრში. დიდ ენერგიას დებს ყველა საქმეში და ეს ძალიან სიამოვნებს.
– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
– ყველას უნდა უპრობლემო ცხოვრება ჰქონდეს. ეს ყოფით პრობლემასაც ეხება და ემოციურ მდგომარეობასაც, მაგრამ ასეთი ცხოვრება არ არსებობს. ჩვენთან, სოფელში ერთი მძღოლი იყო. ძველი, ომისდროინდელი საბარგულიანი მანქანა ჰყავდა. ახალდაბაში ყველამ ამ მანქანაზე ისწავლა ტარება. ვეხმარებოდით ხოლმე და მერე საჭესთან გვსვამდა. ხომ წარმოგიდგენიათ, რას ნიშნავდა ეს ჩვენთვის?! ხშირად მახსენდება ხოლმე ამ კაცის სიტყვები: მძღოლობა ადვილია, მაგრამ უნდა შეეცადო სხვას არ შეუშალო ხელი მოძრაობაშიო. ცხოვრებაც ასეა. პრობლემები არის, მაგრამ მათი მოგვარების მცდელობებში, სხვა არ უნდა ჩააყენო უხერხულ თუ არასასიამოვნო მდგომარეობაში. რთულია, უპრობლემოდ იცხოვრო. ადამიანები ზოგჯერ თვითონ ვიქმნით პრობლემებს. მეტი და მეტი გვინდა, მიღწეული არ გვყოფნის. ამასობაში ადამიანი იბოღმება, რაც ძალიან სამწუხაროა.
– ბოლოს როდის იტირეთ და რის გამო?
– მსოფლიო მასშტაბის პოპულარობაზე გიოცნებიათ?
– რა თქმა უნდა. მარტო რომ რჩები, სურვილებს უგზავნი ბედისწერას და ერთხელ მეც ასეთი რამ ვთქვი: ღმერთო, ხომ შეიძლება, ბედისწერამ უცხოურ ფილმში მომახვედროს-მეთქი?! მე მხოლოდ ჩემი პროფესიით თუ ვიოცნებებ მსოფლიო წარმატებაზე. არ გასულა დიდი დრო და მირეკავენ – ერთი ამერიკული და მეორე ისრაელის ფილმიდან და ორივეგან მამტკიცებენ როლზე. ადამიანის სურვილები ამოუწურავია და რა თქმა უნდა, მინდა ისეთი როლების თამაში, რომელიც მსოფლიოში გახდება ცნობილი. თუ მომეცა საშუალება, მე შანსს ხელიდან არ გავუშვებ.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე ცუდ საქციელად?
– შეიძლება, ბევრი რამ არის, რაც არ უნდა ჩამედინა, მაგრამ რამე ისეთი, რაც დამანგრეველი აღმოჩენილა, არ მახსენდება. არ მახსენდება, ვინმეს ძალიან სტკენოდეს გული ჩემი საქციელის გამო. თუმცა, უცოდველი არავინაა და ცოდვა მეც მაქვს. მაგალითად, გუშინ მანქანით მოვდიოდი რაიონიდან. ძალიან მთვრალი ადამიანი შემხვდა გზაზე. მანქანა პრაქტიკულად სავსე იყო ჩემი ოჯახის წევრებით. ამ ადამიანმა თბილისამდე მთხოვა წამოყვანა. ძალიან ახლოს იყო და დროის ისეთი მონაკვეთი იყო, თბილისში ჩამოსვლა არ გაუჭირდებოდა, ამიტომ უარი ვუთხარი. არ ამიხსნია მიზეზი. ხომ ვერ ვეტყოდი, ძალიან ნასვამი ხარ, მანქანაში ცოლ-შვილი მიზის და ამიტომ გარიდებ თავს-მეთქი. რომ ჩამოვედი, მერე ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, ნეტავ როგორ ჩამოვიდა თბილისში, რამე პრობლემა ხომ არ შეექმნა-მეთქი.
– უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ?
– ასეთი არა, მაგრამ თავს გადამხდენია ისტორია, რომელიც სამაგალითო მგონია ადამიანისთვის. ურეკში მეგობრის სასტუმროში ვისვენებდი. წარმოიდგინეთ, მე, ტრისტან სარალიძე, ვარ პლაჟზე. ყველა მცნობს და ვწუხდები ხოლმე. ბათუმი ამიტომ არ მიყვარს, ვერ ვისვენებ. გცნობენ, რესტორანში გეპატიჟებიან და უხერხულ მდგომარეობაში ვარდები. ურეკი მაინც პატარაა და ასეთ ამბებს პირველ-ორ დღეში მოვითავებ და მერე მშვიდად ვისვენებ ხოლმე. ერთხელაც, განსაკუთრებული ფორიაქი შეიქმნა, ზოგმა აჩმა მომიტანა, ზოგმა ხილი და ასე შემდეგ. ბოლოს ხალხს დავემშვიდობე და სასტუმროსკენ წამოვედი. მოხუცებული ქალი შემხვდა გზაზე და მითხრა, ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიყვარხართ, ბატონო ტრისტანო. მოვეფერეთ ერთმანეთს და მეუბნება ეს ქალბატონი, მე ერთი უბრალო ქალი ვარ, არაფერი შემიძლია, მაგრამ აგერ ორასლიტრიანი კასრი მაქვს მაღლა და ისეთი თბილი წყალია შიგ, ზღვის შემდეგ ძალიან გესიამოვნებათ და ეგება გადაივლოთო. ჩემს ცხოვრებაში უამრავ ადამიანს უცია პატივი ჩემთვის ან შემოუთავაზებია, მაგრამ ამ ქალისნაირი გულწრფელი და ალალი დამოკიდებულება არც მიმიღია და არც გამიგია. თუ ადამიანი ასე იცხოვრებს, მაშინ ბედნიერად გაივლის თავის გზას და ძალიან ბევრ ადამიანს დასწყვეტს გულს, როცა ამ ქვეყანაზე აღარ იქნება.
– ოდესმე რამე მოგიპარავთ?
– უამრავი. ბავშვობაში ბიჭები ხილს ვიპარავდით. ახალდაბაში მდინარეზე საბანაოდ რომ ჩავდიოდით, გვერდზე ხილის ბაღები იყო. მაშინ კოლმეურნეობა იყო და ეს ბაღებიც მას ეკუთვნოდა. იქ ვიპარავდით. მეხუთე-მეექვსე კლასში ვიქნებოდი, როცა ჩვენს სოფელში ფილმის გადაღება დაიწყეს, მასში ლეილა აბაშიძე და გურამ ფირცხალავა თამაშობდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ გურამი ჩემი მეგობარი გახდა, რას მოვიფიქრებდი ამას, მაშინ ეს ცოცხალი მსახიობები პირველად რომ დავინახე, მერე მათ ვუზიდავდი ხოლმე მოპარულ ხილს (იცინის). საერთოდ, არ მიყვარდა, როცა ხილს ვიპარავდი და პატრონი ვერ იგებდა. თავგადასავალი მერე იწყება, როცა გამოქცევაა საჭირო, ამიტომ თუ ვერ გაიგებდნენ, მერე ხმამაღლა სიმღერას ვიწყებდით ხოლმე.
– პაემანზე სახალისო ამბავი თუ გადაგხდენიათ?
– ჩემს მეუღლესთან პაემნებზე ბევრი სახალისო ისტორია გადამხდა. როდესაც გადავწყვიტე, რომ ცოლად მომეყვანა, დედამ წინასწარ ნაყიდი დასანიშნი ბეჭედი მომცა და მითხრა, თუ ძალიან გიყვარს, დანიშნეო. არგენტინაში მივდიოდი ერთი თვით გასტროლზე. მეუღლე ზესტაფონიდან არის, ჩავედი და ვეუბნები, არგენტინაში მივდივარ, აქ ერთი თვე არ ვიქნები და მინდა, შენი თანხმობის ნიშნად ეს ბეჭედი გაჩუქო-მეთქი. დახედა და ხედავს, რომ საქორწინო ბეჭედია. რატომო, მკითხა. მივდივარ და მინდა, დამშვიდებული ვიყო, რომ ჩამოვალ ვიქორწინებთ-მეთქი. მიპასუხა, რომ ჩამოხვალ, მერე მომეცი ეგ ბეჭედი, ამხელა გზაზე მიდიხარ, თვითმფრინავი რომ ჩამოვარდეს ან რამე მოხდეს, ქვრივად უნდა დავრჩე და რატომ? ჩამოდი და მერე მომეციო (იცინის). ჩამოვედი და დღემდე ბედნიერად ვართ.
– რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ გამარჯვებად და მარცხად?
– როცა გამოვაცხადე, რომ არტისტობა მინდოდა, დედაჩემი წავიდა ძალიან წინააღმდეგი. ჩემი საგვარეულო პროფესია იურისტობაა და ჩემმა გადაწყვეტილებამ არავინ გაახარა. მე იურისტობა არ მინდოდა და ჩემი სურვილი არტისტობის შესახებ ჩემი პირველი სერიოზული განაცხადი იყო. ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება ჩემ მიერ გაკეთებული სწორი არჩევანია. ბიძაჩემმა უთხრა ყველას, დაანებეთ თავი, თვითონ იცის თავის საქმეო და ამის შემდეგ ყველა თავის ადგილას დადგა. მარცხს რაც შეეხება, ვერ ვიხსენებ ისეთ რამეს, რასაც დიდ მარცხს დავარქმევდი.
– სახლში რისი კეთება გიყვართ?
– ჩემი მეუღლე იტყვის ხოლმე, გამოიგონებს ახლა რემონტსო. ძალიან მიყვარს, როდესაც სახლში რაღაც კეთდება. ზაფხულობით რომ ჩავდივარ ახალდაბაში, სულ რაღაც მხვდება გასაკეთებელი. მომყავს ხელოსნები და ვშრომობთ. ეს ძალიან მსიამოვნებს. როცა სახლში ვარ, ძალიან მომწონს და დიდ დროსაც ვუთმობ ჩემი როლების სწავლას. ბევრი ტექსტი მაქვს ხოლმე სასწავლი, რაც ასაკში ცოტა მიჭირს. ამას წინათ ბატონმა რობერტმა მითხრა, ცოტა მეხსიერებაში ხომ არ „გერხევაო“ და არა, ბატონო რობერტ, ყველა მევალე მახსოვს-მეთქი (იცინის). რეალურად, დრო რომ გადის, მეტი შრომა გჭირდება ტექსტის სასწავლად.