ლიზი მორის “უცნობი მხარე”👇
– ვინ არის ლიზი მორი?
ლიზი მორი: პიროვნების განსაზღვრა რამდენიმე კრიტერიუმით შეიძლება . ალბათ, პირველ რიგში, გარეგნობა დგას. მე ჩემს თავს წარმოსადეგ ადამიანად მივიჩნევ. ვარ ინტელიგენტი, გემოვნებიანი, მედიდური და ხმამაღლა ვიტყვი, რომ ლამაზი. ალბათ, ამის შემდეგ მოდის ადამიანის სოციალური სტატუსი და მე გახლავართ თანამედროვე სპორტული და ლათინო-ამერიკული ცეკვების მოცეკვავე, მასწავლებელი და მსაჯი. თუ ჩემს ხასიათზე მიდგება საქმე, ვიტყვი, რომ ბავშვობიდან მოყოლებული, პოზიტიური, კეთილი, სამართლიანი და გულწრფელი ვარ. ძლიერების მიხედვით ჩემი თავი შეიძლება ვეფხვს და ხარს, ზღვას და ჰაერს შევადარო.
– როგორია თქვენი საოცნებო ცხოვრება?
– ადამიანი, განსაკუთრებით კი გოგონა, ყოველთვის რაღაცაზე ოცნებობს. მე ძალიან მიყვარდა ვერიკო ანჯაფარიძე და სოფიკო ჭიარული და ბავშვობიდან ვბაძავდი მათ, მინდოდა, მათნაირი ვყოფილიყავი. მსოფლიო ვარსკვლავებშიც მყავს კუმირები და ყოველთვის მინდოდა, მათნაირი ვყოფილიყავი გარეგნულად თუ სამსახიობო მონაცემებით. მე შევისრულე ჩემი ოცნება. თუ ადამიანი მიზანს დაისახავს და მისკენ მიილტვის, მას აუცილებლად მიაღწევს. მე დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი, გავხდი მსახიობი და წლების განმავლობაში ვმოღვაწეობდი რუსთავის დრამატულ თეატრში. ცეკვა-თამაში ქართულ გენს სისხლში გვაქვს გამჯდარი, ბავშვობიდან ვცეკვავდი სამეჯლისო ცეკვებს და ეს მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემი არსებობის განუყოფელ ნაწილად იქცა. ბედმა მარგუნა და ჩემს მეწყვილეზე დავქორწინდი. ჩვენი ცხოვრება ცეკვით დაიწყო და გრძელდება.
შეიძლება, ითქვას, რომ ისეთი ცხოვრება მაქვს, როგორზეც ვოცნებობდი.
– გიკეთებიათ საქმე, რომელიც გძულდათ?
– გულჩვილი ადამიანი ხართ? ბოლოს როდის იტირეთ და რატომ?
– გარეგნულად არ ვიმჩნევ, შეიძლება, მკაცრი გეგონოთ, მაგრამ ძალიან გულჩვილი ვარ. სერიალის ყურებისასაც კი შეიძლება, ვიტირო. თუ ვინმემ მაწყენინა, თუ ვინმემ უმადურება გამოავლინა, ცრემლებს ვერ ვიკავებ. ბოლოს საკმაოდ რთული პერიოდი მქონდა. დაახლოებით, ორი თვის წინ ჩემს პირად, ოჯახურ ცხოვრებაში გარკვეული მდგომარეობა შემექმნა, რომელიც მძიმედ გადავიტანე, ვტიროდი კიდეც ამ პერიოდში. ცუდმა ტალღამ უკვე ჩაიარა, მაგრამ ნარჩენები ჯერ კიდევ მაქვს გულში ჩარჩენილი.
– მსოფლიო მასშტაბის პოპულარობაზე გიოცნებიათ?
– მინდოდა, ვყოფილიყავი ცნობილი ჩემს დარგში და ჩემდა საბედნიეროდ, ისე მოხდა, რომ მე მიმიღო მსოფლიო ცეკვის ოჯახმა, რომელშიც უკვე 25-30 წელია ვმოღვაწეობ. ადრე ისრაელს წარმოვადგენდი, რადგან იქ ვცხოვრობდი, ბოლო წლებში საქართველოს წარმოვადგენ. საქართველოს სახელით ვმსაჯობ საერთაშორისო ტურნირებს. ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი პროფესიონალებში, სადაც მე მსაჯი გახლდით. ეს იყო ჩემი უმაღლესი მიღწევა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში ასეთი სერიოზული წარმატება ჩაეწერა.
– უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ…
– ჩემი ცხოვრება კურიოზებით არის სავსე, განსაკუთრებით მოგზაურობის დროს. ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ ჩემი ჩემოდანი სხვას მიაქვს, მე კი სხვისი მომაქვს. ერთხელ ჩემი ჩემოდანი, რომელშიც მთელი ჩემი ქონება, ძვირფასი სამოსი და სამკაულები მედო, სხვამ წაიღო და მე მისი უბრალო ჩემოდანი წამოვიღე (იცინის). საბედნიეროდ, ყველაფერი მოგვარდა და ბოლოს ორივემ ჩვენ-ჩვენი დავიბრუნეთ. მეორე ჩანთის პატრონს, ერთი სათამაშო ბაჭია სდებია ჩანთაში, რომელიც სიჩქარეში ჩემთან დამრჩენია და ძალიან შეწუხდნენ. დავპირდი, ნუ ნერვიულობთ, ძალიან ბევრ ბაჭიას გამოგიგზავნით-მეთქი. წარმოიდგინეთ, მთელ ჩემს ქონებას ვუცვლიდი ამ ბაჭიაში (იცინის).
– ოდესმე რამე მოგიპარავთ?
– პატარა ბავშვი ვიყავი და ეზოში თამაშისას საფულე ვიპოვე. შიგ საპენსიო ბარათი და ფული იდო. ბევრი არა, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი თანხა იყო. ავიღე და სახლში წამოვიღე. დავმალე და დავიწყე ფულის ნელ-ნელა ხარჯვა. ხან ნაყინი ვიყიდე, ხან კანფეტი. მერე დედამ შეამჩნია, რომ რაღაცებს ვყიდულობდი და დაინტერესდა, საიდან მქონდა ფული. ვუთხარი, რაც მოხდა. დედამ საფულე გამომართვა, საპენსიო წიგნაკი ნახა და თურმე ის ჩვენს მეზობელ კაცს ეკუთვნოდა. დედამ მითხრა, ეს იქნება პირველი და უკანასკნელი, ჩვენ ახლა ამ საფულეს შევავსებთ და პატრონს დავუბრუნებთო. წამიყვანა და დავუბრუნეთ ამ ადამიანს თავის საფულე. ძალიან ვინერვიულე ამ ყველაფერზე.
– როდის ყოფილხართ ყველაზე სასტიკი?
– ადამიანი სასტიკი ხდება ხოლმე ცხოვრებაში. არის რაღაც მომენტები, მაგრამ ზღვარს არ უნდა გადახვიდე. მე მაშინ ვხდები სასტიკი, როცა ჩემს ახლობლებზე ძალიან დიდ ამაგს გავიღებ და უმადურობას შევეჯახები. ადამიანს გულს რომ მისცემ და მისგან პასუხად უმადურობას მიიღებ, ძალიან მტკივნეულია. ამ დროს შინაგანად მრისხანება გიპყრობს და შეიძლება, სასტიკიც გახდე. სისასტიკე რაში გამოიხატება? თუ ძალიან დიდი ხანი ვეხმარებოდი, გაცხარებულ გულზე გარკვეული პერიოდით შევუზღუდავ დახმარებას. ეს სისასტიკეა, თუმცა დიდხანს არ შემიძლია, ამ მდგომარეობაში ყოფნა. მალე მავიწყდება ჩემი განცდები, მრისხანებაც გადამივლის და მერე ისევ ვეხმარები.
– რა არის თქვენი ყველაზე დიდი მარცხი და გამარჯვება?
– ვოცნებობდი, მსოფლიოს ჩემპიონი გავმხდარიყავი, ეს იყო ჩემი მიზანი. მარცხი ისაა, რომ ეს სურვილი ვერ შევისრულე. ამბობენ, რომ საამისოდ ძალიან კარგი მონაცემები მქონდა, ნიჭიც არ მაკლდა და ბევრსაც ვიბრძოდი, მაგრამ დავმარცხდი ამ მიზანთან. ეს 90-იანი წლები იყო, მე საზღვარგარეთ წავედი, საქართველოში დიდი გაჭირვება იყო, აქ დარჩა ჩემი ოჯახი: დედა, მამა, და, დისშვილი და მე მათ შევწირე ჩემი საცეკვაო კარიერა. ჩამოვდიოდი, ვეხმარებოდი, ვმუშაობდი, რათა ჩემი ოჯახი გამომეკვება და ჩემი კარიერა გვერდზე გადავდე. ყველაზე დიდი გამარჯვება ისაა, რომ საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი გავხდი.
– ვინც ყველაზე კარგად გიცნობთ, რის გამო გაკრიტიკებთ და გაქებთ?
– ქება-დიდებით ვარ მოცული, რაც ძალიან მსიამოვნებს ჩემი მეგობრებისგან. თუმცა ქება-დიდება თავში არ უნდა აგივარდეს. თავმდაბალი უნდა იყო. მე თავმდაბალი ვარ. ქებას რომ ვისმენ, რომ მეუბნებიან, რა კარგად გამოიყურები, რა ლამაზი ხარ სცენაზე, რა კარგად ისაუბრე და ასე შემდეგო, მერიდება, ვწითლდები და მრცხვენია. დავუშვათ, მე წარმატებული ვარ და ჩემი მეგობრები არ არიან ასეთი წარმატებულები, მე ეს არ მცვლის, ისეთივე ადამიანად ვრჩები, როგორიც ვარ. ვარსკვლავური ცხოვრება დროებითია, ეს ჩაივლის და შენ პიროვნებად უნდა დარჩე. კრიტიკაც არის. დიდი ხანია, საზღვარგარეთ ვცხოვრობ და ბევრ ენას ვფლობ. ტელევიზიით ჩაწერისას ქართულად რომ ვსაუბრობ, შეიძლება, ისეთი გრამატიკული შეცდომა დავუშვა, რომელიც არ მეპატიება, ჩემს დონეს არ შეეფერება. არ უნდა მომივიდეს ასეთი შეცდომა, მაგრამ ვაღიარებ, რომ მომდის. ვიჭრები რაღაცებში. მერე ჩემი ამხანაგები მირეკავენ და მსაყვედურობენ ამის გამო. მართლებიც არიან და ვცდილობ, გავითვალისწინო მათი ნათქვამი.
– უხერხული შემთხვევა პაემანზე…
– პაემანზე ვიყავი და უკნიდან კაბა გამეხსნა. შესაკრავი გაუფუჭდა და სახლში უნდა დავბრუნებულიყავი. მან მითხრა, მოდი როგორღაც დაგიმაგრებ, რომ სახლში დაბრუნება არ მოგიწიოსო და როგორღაც შემიკრა ეს ელვა. მერე გამომიტყდა, კაბას რომ გიკრავდი, ხელები სულ მიკანკალებდაო. თურმე ვყვარებივარ, მაგრამ მაშინ ჯერ არ ვიცოდი (იცინის).