ხუთი წლის წინ მომღერალი ბექა ჩხაიძე თავისი ცხოვრების მთავარ სიყვარულს შეხვდა. წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობრის ოჯახში გაიცნო. მოწონება სიყვარულში გადაიზარდა და ექვს თვეში იქორწინეს. მათი სიყვარულის ნაყოფი, პატარა ერეკლე, ახლა 4 წლის არის. ჯერ მამასავით ვერ მღერის, მაგრამ კოჭებში ეტყობა, რომ სიმღერა მისთვისაც ორგანული იქნება.
ბექას პირველი ქორწინება დასრულებული იყო. სიმპათიურ მომღერალს თაყვანისმცემლები მრავლად ჰყავდა. ანი ჩხეიძის გაცნობიდან მისი ბოჰემური ცხოვრება წარსულს ჩაბარდა. მადლობელი ვარ უფლის, რომ ანი შემახვედრა, ჩემი მეუღლე ბედის ყველაზე დიდი საჩუქარიაო, ამბობს იგი.
როგორია მომღერლის ოჯახური ბედნიერება, როგორ ზრუნავენ ერთობლივად ერეკლეს აღზრდაზე, ჟურნალ “სარკეს” მეუღლეები ესაუბრნენ.
– ბექა, საკმაო დრო გავიდა, რაც დაოჯახდით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ქორწინების შემდეგ?
ბექა: რაც ოჯახის ფერხულში ჩავები, ჩემი ჰარიჰარალე ყოფა წარსულს მივაბარე. მეგობრები მეხუმრებოდნენ, ისეთი ტემპით იცხოვრე, იმდენი იქეიფე, იმდენი რამ ნახე, რამდენიმე ადამიანისთვის იყო საკმარისიო. მართალია, გული არაფერზე დამწყვეტია, ლხინსა და სიმღერაში გავატარე წლები.
მადლობა უფალს, რაც ოჯახი შევქმენი, თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ. მიყვარს ჩემი მეუღლე, ჩემი შვილები. ბევრმა იცის, რომ მყავს ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან – 18 წლის ბარბარე. უკვე კონსერვატორიის სტუდენტია, წარმატებული, ნიჭიერი. მალე სერიოზულ განაცხადს გააკეთებს, საუკეთესო პიანისტი გახდება. მეორე ქორწინებაში ჩემმა სათაყვანო ანიმ მაჩუქა ვაჟი – ერეკლე. მეფის სახელი დავარქვი. მინდა, ძლიერი, მაგარი ქართველი გაიზარდოს. სურვილი მაქვს, შვილები კიდევ მყავდეს, მე ბიჭები მინდა და ყველას ჩვენი ქართველი მეფეების სახელს დავარქმევ.
– თქვენი პირველი ქალიშვილი უკვე დიდია, ცხოვრობს დედასთან და სტუდენტია, ერეკლე ჯერ პატარაა, რამდენ დროს ატარებთ შვილთან?
ბექა: მართალია, მე დაკავებული ვარ საქმეებით და ბევრ დროს ოჯახის გარეთ ვატარებ, მაგრამ თავისუფალი ნახევარი საათიც თუ ვიპოვე, სახლში გავრბივარ. სანამ პაწაწინა იყო, ვერ ხვდებოდა, რატომ ვტოვებდი. გაიძახოდა, არ წახვიდე, არ წახვიდეო. ახლა იცის, რომ სამსახური მაქვს და გაგებით ეკიდება ჩემს სახლიდან გასვლას.
წლები როცა გემატება, ოჯახს სულ სხვანაირად უფრთხილდები. მუდმივად ჩემი ცოლ-შვილის გვერდით მინდა ყოფნა. ადრე თუ რესტორანში ვსადილობდი, ახლა სახლში ვსადილობ. რამდენიმე თავისუფალი დღე თუ გამომიჩნდა, მეუღლესთან ერთად ან უცხოეთში მივდივარ, ან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი დრო დავუთმო ოჯახს.
ბავშვს უკვე ეტყობა, რომ სიმღერა ეყვარება, სმენაც აქვს და რიტმის გრძნობაც. 8 მარტს 4 წლის ხდება. ხედავთ? როგორ მოვახერხე და ქალთა დღეს გაჩნდა ჩემი ბიჭი. როგორც გურულს, ყველაზე ძალიან გურული სიმღერა მოსწონს.
– თქვენთვის რა არის გურია?
ბექა: დავესესხები ჩვენს გენიალურ ნოდარ დუმბაძეს – “სიცოცხლის სამოსახლოა, ჩემი პატარა გურია”. სკოლა იქ დავამთავრე, სამშობლო ჩემთვის გურიიდან იწყება, ყველაფერი მიყვარს. მართალია, ძველებურად ღონიერი არ არის ეს კუთხე, ადრე მდიდარი იყო ციტრუსით, ჩაით, სოფლის მეურნეობა ყვაოდა, სიცოცხლე დუღდა, მაგრამ ჩემი გურულები ისევ მხნედ, მხიარულად არიან. ყველაზე გაჭირვებულ ოჯახსაც რომ ესტუმრო, წარბსაც არ შეიხრიან, ისე შეგიპატიჟებენ და გულით გაგიმასპინძლდებიან.
ჩემი ბავშვობის მეგობრები იქ არიან. რაც დრო გადის, უფრო მიტკბება მათი ნახვა, მოფერება. მეზობლობა იციან, ერთმანეთის მხარში დგომა. ერთ ოჯახს სტუმარი თუ მიუვა, სამეზობლო ხელდამშვენებული მიიჩქარის მისკენ. სიყვარულის, სიკეთის ხალხი ცხოვრობს გურიაში. მინდა, ძველებური ჟრიამული დაბრუნდეს, გაივსოს სოფლები, მოღონიერდეს. ცდილობს ხელისუფლება, ყველაფერს დრო სჭირდება. იმედია, აღორძინდება ჩემი კუთხე.
– გურული იუმორი ცნობილია, მოგვიყევით გურულების ხალისიანი ამბები.
ბექა: ნამდვილად ასეა, სპეციალურად არ იგონებენ ანეკდოტებს, ბუნებრივად იბადება იუმორი. ერთი კაცი გარდაიცვალა ჩვენს სოფელში. და ჰყავდა გათხოვილი მეზობელ სოფელში. ის ქალი ცნობილი იყო, როგორც მომტირალი გარდაცვლილი ადამიანებისა. გარდაცვლილის მეგობარს უთხრეს, შენ უნდა იტვირთო ეს საქმე, გააგებინო ნარგიზას, შეაპარო როგორმე და ჩამოიყვანოო. იტკიცა გიგლამ, ჩავყობი, ჩავყობი მიცვალებულს სამარეში, ეგ მირჩევნია ნარგიზასთან წასვლასო. არ დაუტოვეს სხვა გზა. წავიდა, უთხრა, შენი ძმა გლახათაა, წამომყევი, უნდა გაჩვენოო. მთელი გზა ეკითხებოდა ნარგიზა თურმე, ხომ მართლა გლახათაა ჩემი ძმაო. ესეც უდასტურებდა, კი, ასეაო.
ჭიშკართან მისული ნარგიზა მიხვდა, რაც ხდებოდა, სწვდა წვერში გიგლას და დაუწყო კივილი, შე მატყუარა გიგლაია, აია, გლახათააო. დაიმალა გიგლა, მაგრამ გასვენების დღეს, როგორ წესი, აჰყვა მეზობლებს გამოსამშვიდობებლად ოდაში. დაინახა ნარგიზამ და იკივლა, შე მატყუარა გიგლაია, გლახათაა ახლა ჩემი ძმაო. მოტრიალდა გიგლა და ნარგიზას უთხრა, გლახათაა, აბა, კარგადაა ახლა აიი?
ასეთი უამრავი ამბავი ხდება გურიაში. მაგათ სხარტულებს მე დავარქვი სახელი, გურულიზმებს ვეძახი. ძალიან გამომადგა ცხოვრებაში. არ არსებობს სიტუაცია, გურულიზმების დახმარებით გამოსავალი რომ არ ვიპოვო.
ლხინში ხომ შეუდარებელნი არიან, ჭირშიც იუმორს იშველიებენ. კიდევ ერთი ამბავი გამახსენდა. ერთ ოჯახს არ გამოადგა შვილი, უქნარა, ზარმაცი გაიზარდა. სასმელს ეტანებოდა, მოსაწევსაც. შეწუხდნენ მშობლები. ნათესავი ჰყავდათ ამერიკაში, გაუკეთა ნათესავმა საბუთები და წაიყვანა. იქაც არ მოიშალა მაიმუნობა. გარდაიცვალა საწყალი. დარეკა ნათესავმა, გადმოსვენება ძალიან ძვირი ჯდება, კრემაცია იაფია, გავუკეთებ კრემაციასო. გაჭირვებულ ოჯახს სხვა რა გზა ჰქონდა, დაეთანხმა. ჩამოიტანეს ფერფლი, მივიდნენ მეზობლები სამძიმარზე. იკითხა ერთმა, რა დაემართა საწყალსო. გამწარებულმა მამამ – რა ვიცი მე, ბოინგით გავაცილე და “შპიჩკის კაროპკით” ჩამოიტანესო.
– ბექა, ისევ ოჯახს დავუბრუნდეთ, საოჯახო საქმეებში თუ ეხმარებით მეუღლეს?
ბექა: გამომდინარე იქიდან, რომ დატვირთული სამსახური მაქვს, დიდად ვერ ვეხმარები მაგ კუთხით. ჩემი მეუღლე და დედამისი გადასარევ კერძებს ამზადებენ, ცნობილია მთელ ჩემს სამეგობროში. ხშირად მეუბნებიან, მოგვენატრა შენთან შეკრებაო. ლისზე ვცხოვრობთ, საუფთა ჰაერზე. თოვლიც მოდის, ზაფხულში გრილა, გაზაფხულზე სიმწვანეა, მყუდროდ, გემრიელად ვართ.
– შემოქმედების მხრივ რა ხდება?
ბექა: ბიზნესში ვარ ჩართული და ბუნებრივად მომიწია სიმღერისთვის თავის დანებება, მაგრამ ჩემს სამეგობროში ყოველთვის ვმღერი. არც შემიძლია სიმღერის გარეშე ყოფნა. ჩემთვის ვწერ, ვაკეთებ სიმღერებს, ზოგჯერ ტელეარხებზეც ვჩანვარ. ოფიციალურად არც ერთ ანსამბლში არ ვარ.
ყველაფრისთვის მადლობელი ვარ უფლის. ბევრი რამ იყო ჩემს ცხოვრებაში – კარგიც, ცუდიც, გულისტკენაც, სიხარულიც. წლებია, დავდივარ ზოვრეთის მონასტერში, სადაც ჩემი სულიერი მამა იოანე მხვდება. დიდი ძალის პატრონია. შეუძლია შეგხედოს და შენი ცხოვრება ხელისგულზე დაგიდოს. ერთხელ მითხრა, დღეს არ წახვიდე თბილისში, ორი დღე დარჩიო. არ დავუჯერე და წამოვედი. მეორე დღეს დამაპატიმრეს. მასთან ურთიერთობის შემდეგ ჩემი ცხოვრება სასიკეთოდ შეიცვალა.
ყველაზე საინტერესო დრო არის ჩემი ცხოვრების, ჩემი ძვირფასი მეუღლის გულის გასახარად ვცხოვრობ და ვშრომობ. მიყვარს მისთვის სიურპრიზების კეთება. ხშირად ვუსმენ, რას ელაპარაკება მეგობრებს, თავის დას, დედას. რა მოსწონს, ვიგებ, მერე მივდივარ და ვყიდულობ მისთვის. მაქვს ჩემი თბილი, ტკბილი ბუდე, სადაც ყოველთვის მელოდებიან. მეტი რა უნდა კაცს ბედნიერებისთვის.
– ანი, მომიყევით თქვენი და ბექას სიყვარულის ამბავი, როგორ გაიცანით, რით მოგხიბლათ.
ანი: მე უცხოეთში ვსწავლობდი. მართალი გითხრათ, ბევრი არაფერი ვიცოდი ბექას შესახებ. ერთმანეთს მეგობრის ოჯახში შევხვდით. შემდეგ გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა. ბექა ყურადღებიანი იყო, არაფერი ავიწყდებოდა. ყველგან მას ვხედავდი. კაფეში წავიდოდი მეგობრებთან ერთად, ისიც იქ იჯდა გვერდით მაგიდაზე, სახლთან მხვდებოდა ყვავილებით. მახსოვს, ერთხელ ოზურგეთში მიდიოდა, მე სილამაზის სალონში ვიყავი. ორი საათი მელოდებოდა, რომ ვენახე. დავამთავრე პროცედურები, მნახა და წავიდა.
ვისაც ბექას სიმღერა მოუსმენია, ყველა დამეთანხმება, რომ საუკეთესოდ მღერის. არ შეიძლება მოუსმინო და არ მოიხიბლო. მეც მოვიხიბლე, შემიყვარდა მისი სიმღერით, ყურადღებით, სითბოთი, საუკეთესო ადამიანური თვისებებით. ექვს თვეში ვიქორწინეთ.
– ბექას ერთხელ უკვე ჰქონდა ოჯახი, ჰყავდა თაყვანისმცემლები, მისი წარსული არ გაშინებდათ?
ანი: არა, არც დამიწყია მისი წარსულის ქექვა. ჩემთვის ეს არ იყო მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი იყო, როგორ იქცეოდა ჩემთან ურთიერთობაში. ვგრძნობდი, რომ გულწრფელად ვუყვარდი. ხშირად მეუბნებიან, ასეთი რა გაუკეთე, რომ სულ სახლში მოეჩქარება, არსად გახედვა არ უნდაო. არაფერი გამიკეთებია, სიყვარული ახდენს ასეთ სასწაულებს. ბექას გავლილი ჰქონდა გართობის, ფლირტის ეტაპები, მომწიფებული იყო ოჯახისთვის.
ეს წლები არ ყოფილა მარტივი, სირთულეებიც გვქონდა, მაგრამ ერთმანეთის პატივისცემით, ერთად ყოფნის გაუნელებელი სურვილით გადავლახეთ. ჩვენი პატარა ოჯახი ძალიან თბილია. გვიხარია ერთმანეთის დანახვა. სულ ერთურთისკენ მივისწრაფვით, ერთად დავდივართ ყველგან. გზადაგზა ვისწავლეთ ოჯახის გაძღოლა. ვუფრთხილდებით ჩვენს კუთვნილ ბედნიერებას.
– რა განცდა გქონდათ, როცა შვილი პირველად აიყვანეთ ხელში?
ანი: გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, როცა დავინახე, მაშინვე არ გავგიჟებულვარ მისი სიყვარულით. უფრო ბუნდოვანი განცდა მქონდა, გაურკვეველ სიხარულს ვგრძნობდი. ვფიქრობდი, ეს ვინ მოვიდა ჩემთან-მეთქი. მერე ნელ-ნელა გავაცნობიერე, მძაფრად შევიგრძენი ბედნიერება. როცა ზრდი, უვლი, ამაგს დებ, ბან, აჭმევ, თითქოს წვეთწვეთობით ივსები სიყვარულით, სინაზით და ბოლოს აცნობიერებ, რომ ის შენი შვილია, შენი სუნთქვა, შენი სხეულის ნაწილი.
– ბექა დაესწრო თქვენს მშობიარობას, მისმა ყოფნამ გაგიადვილათ მშობიარობის პროცესი?
ანი: დიახ, ფეხმძიმობის პირველივე თვეებიდან ვეუბნებოდი, რომ ჩემთან უნდა ყოფილიყო, იმიტომ, რომ მის გარეშე აღარაფერი წარმომიდგენია. ყველაფერს ერთად ვაკეთებთ და შვილის დაბადებაც ერთად უნდა გვეხილა. ბექას იქ ყოფნა ჩემთვის იმედიც იყო, ძალაც და სიხარულიც. მოხდა ისე, რომ ჩემი მული იყო მოსული ჩემს სანახავად, როცა მშობიარობა დამეწყო. იქვე იყო მისი მულიც, რომელიც მუშაობდა იქ. ასე რომ, ერეკლეს მარტო ჩვენ არ შევეგებეთ, მული და მულის მულიც დახვდნენ.
– სულ ერთად ვართო, მითხარით, თავისუფალ სივრცეს არ იტოვებთ?
ანი: როგორ არა, ბექა კაცია და ზოგჯერ თავის მეგობრებში უნდა წავიდეს, იქეიფოს, მოილხინოს. მეც ჩემს გოგონებთან ერთად მივდივარ კაფეში, ივენთზე, გამოფენაზე. ბექა იტოვებს ბავშვს და მე მიშვებს, რომ გავერთო, დავისვენო. ძალიან კარგად შეუძლია შვილის მოვლა.
– როგორი ურთიერთობა გაქვთ ბექას ქალიშვილთან პირველი ქორწინებიდან?
ანი: ბარბარე ჯერ კიდევ შეყვარებულობის პერიოდში გამაცნო. შესანიშნავად აღზრდილი, თბილი, მოსიყვარულე გოგოა. ძალიან ნიჭიერია და კარგი მომავალიც ექნება. თავიდანვე ჩამოგვიყალიბდა საუკეთესო ურთიერთობა. მინდა, და-ძმა ახლოს იყოს ერთმანეთთან. არ ვიცი, ცხოვრებაში რა მოხდება, მათ ერთმანეთი უნდა ჰყავდეთ. ბექამ მადლობა უნდა გადაუხადოს თავის პირველ მეუღლეს, ასეთი კარგი შვილი რომ გაუზარდა.
– როგორი დიასახლისი ხართ?
ანი: ბავშვობიდან მიყვარდა საოჯახო საქმეები. სტუმრიანი ოჯახი გვქონდა. დედ-მამა ორივე საუცხოოდ ამზადებდნენ ათასგვარ ნუგბარს და მეც ყველაფერი ვისწავლე. ჩემს ოჯახს თავად ვუძღვები, არაფრის გაკეთება არ მეზარება.
– ბექამ მითხრა, რომ იპოვა თავისი ბედნიერება თქვენი სახით. თქვენც შეგიძლიათ იმავეს თქმა?
ანი: დიახ, გვერდით მყავს საიმედო, საყვარელი ადამიანი. მიხარია მასზე ზრუნვა, სამოსსაც ძირითადად მე ვყიდულობ მისთვის, ენდობა ჩემს გემოვნებას. ბექას უნდა, შვილები კიდევ გვყავდეს, სულ ბიჭები. მე კი გოგო მინდა ძალიან. ვფიქრობ, ამ სურვილსაც შეგვისრულებს უფალი.