ომღერალი ირინა ბაირამაშვილი მესამე შვილის მოლოდინშია.
ირინა ბაირამაშვილი: ჩვენს ოჯახში სრული საგიჟეთია. ამ ამბის გამო საოცარ ემოციებში ვართ. ვერავის მოვატყუებ, როცა ორი ბიჭი გყავს, არ არსებობს, გოგო არ გინდოდეს და პირიქით. მე ორი ბიჭი მყავს და ძალიან მინდოდა, გოგო მყოლოდა, თორემ სქესის მიხედვით შვილებს არ ვარჩევ. ჩემი ქმარი ამბობდა, რომ ისევ ბიჭი იქნებოდა, მე ვუმტკიცებდი, რომ გოგოა. ჩემმა უფროსმა ბიჭმა, რომ გაიგო, პატარას ველოდით, სიხარულისგან ბოლო ხმაზე გაკიოდა, დაიკო მეყოლებაო. იწინასწარმეტყველა ბავშვმა – მართლა გოგო გვეყოლება. უგრძნო გულმა, ერთი სისხლი და ხორცი არიან.
– როგორც ვიცი, ორსულობის შესახებ მოულოდნელად გაიგე…
– ასე გამოვიდა. არ ვგეგმავდი ჯერ მესამის გაჩენას. ცოტა შოკში ჩავვარდი, იმიტომ, რომ მეორე ბავშვი ორი წლის მყავს. არ ვიცოდი, როგორ მომეგვარებინა ყველაფერი. ჩემი პროფესიის ადამიანისთვის რთულია ერთდროულად საქმე და შვილებზე ზრუნვა. ცოტა ხნის წინ მეგობარი მსაყვედურობდა, „ინსტაგრამი“ რა უყურადღებოდ გაქვს მიგდებული, მიაქციე ყურადღება და ინფლუენსერი გახდიო. ვუთხარი: ყოველ წელს ორსულად ვარ და ინფლუენსერი როგორ გავხდე-მეთქი (იცინის). შენც ადექი და ორსულობასთან დაკავშირებით იაქტიურეო. სხვათა შორის, დავფიქრდი (იცინის). რეალურად, ყოველი მშობიარობის შემდეგ ძალიან ვაქტიურდები. არ ვიცი, მგონი, რაღაც მეხსნება და ენერგიას მაძლევს. ორივე შემთხვევაში ასე იყო და ახლაც მგონია, რომ გავაჩენ, ის რაღაც ისევ გამეხსნება და კარგ შედეგებს მოიტანს. ძირითადად, რომ გააჩენენ ხოლმე, დედები პასიურები ხდებიან, მე – არა, სასწაულად აქტიური ვარ. თებერვალში ველოდები და მთელი დეკემბერი და იანვარი კონცერტები მაქვს რეგიონებში. ზუსტადაც კარგად ვამთხვევ. თებერვალი და მარტი ისედაც არ არის აქტიური ჩემი სფეროს წარმომადგენლებისთვის და ამ დროს არაჩვეულებრივად გამოვიყენებ – ბაიას მივხედავ და გაზაფხულზე გავაქტიურდები.
– ბავშვები როგორ ემზადებიან პატარასთან შესახვედრად?
– დიდი მეუბნება, სულ მე გაგაზრდევინებო. მუცელში ეფერება, ჩემო პრინცესაო, ეძახის, სასწაულ რაღაცებს ეუბნება. პატარა ამბობს, უნდა მოვეფერო და თან მოვწიწკნიო (იცინის). მგონი, ცოტას ეჭვიანობს და ამიტომ ბევრს ვკითხულობ ამ თემაზე. როგორც გვასწავლიან, ახალშობილზე მეტი დრო უფროსებს უნდა დაუთმო, ყურადღება არ უნდა მოაკლო, რომ პატარას დაბადება მტკივნეულად არ აღიქვან.
შალვა ამონაშვილი ამბობდა, ოჯახში ორი ბავშვი მიწისძვრაა, სამი უკვე – ვულკანი და ლავის ამოფრქვევაო. მოკლედ, ახლა ვულკანის ამოფრქვევას ველოდები (იცინის). ზუსტად ვიცი, რომ გოგოც ცელქი იქნება. ეს ორივე ისეთი ცელქია, ჩვენს სახლში მიწისძვრა ძალიან ხშირია. მე და ჩემი ქმარი თან შეშინებულები და თან ბედნიერები ვუყურებთ ერთმანეთს (იცინის).
მესამე ორსულობაზე რომ გავიგეთ, ოჯახის წევრები შოკში ჩავარდნენ. მე და ჩემი მეუღლეც შოკში ვართ (იცინის). ჩემი და და დედაჩემი მეხმარებიან ბავშვების აღზრდაში და რამეს რომ შევჩივლებ ხოლმე, მაგალითად, თუ ვიტყვი, რომ გადავიღალე, დედა მაშინვე მომიბრუნდება და მეტყვის, რაა? მესამე რომ გინდოდა?! (იცინის). ჩემთვის სიტყვა „გადავიღალეს“ თქმა არ შეიძლება (იცინის). შიშით ვეღარაფერს ვამბობ. მე და ჩემი ქმარი ჩუმად ვეუბნებით ხოლმე ერთმანეთს (იცინის).
– როგორი ფეხმძიმობა გაქვს?
– სამივეზე არაჩვეულებრივი ფეხმძიმობა მქონდა. მეორეზე კოვიდი შემხვდა და ეს თავისთავად რთული იყო, იმ პერიოდის გახსენებაც არ მინდა, მაგრამ სხვა მხრივ, არანაირი პრობლემა არ მქონია. ახლაც ყველაფერი კარგადაა, ძალიან მაგარი ორსულობა მაქვს და იმედია, ბოლომდე ასე მიგულშემატკივრებს ჩემი შვილი მუცლიდან, ყველა კონცერტს მშვიდად ჩამატარებინებს. წონაში საერთოდ არ მომიმატებია. 60 კილოგრამი ვარ, არადა, მეშვიდე თვეში გადავედი. მხოლოდ მუცელი მაქვს გაზრდილი. საერთოდ არაფერი მაწუხებს. მხოლოდ ჩემი უფროსი შვილებისგან გამოწვეული მიწისძვრები და რყევები, თორემ სხვა ყველაფერი რიგზეა (იცინის).
რამდენიმე ჩემს ახლობელს სამი და ოთხი შვილი ჰყავთ, მაგრამ ბავშვები იმდენად მშვიდები არიან, რომ ვერც გრძნობენ. ჩემი შვილები ისეთი აქტიურები არიან, სულ საგიჟეთი გვაქვს. სულ რაღაც უნდათ, სულ ზუზუნებენ და წუწუნებენ.
– ამის მიუხედავად, შემოქმედებითადაც აქტიური ხარ.
– ისე ვერა, როგორც საჭიროა. დათო ლონდარიძე მეუბნებოდა ცოტა ხსნის წინ, რასაც შენ საგარეჯოდან ახერხებ, იმას ხალხი თბილისიდან ვერ აკეთებსო. მე ხომ თან აქ ვცხოვრობ. ვცდილობ, როგორც შემიძლია. ახლა ორივეს ბატონები ჰქონდა და თვე-ნახევარი სახლში მყავდნენ. ზუსტად მაგ დროს გახდა საჭირო ყველანაირი გადაღებები და არ ვიცი, როგორ გამომივიდა. ჩემი ქმარი მიწყობს ხელს, დედაჩემი და ჩემი და. ჩემმა ქმარმა თავი გადადო ჩემი კარიერისთვის. ეს სამი ადამიანი რომ არ მყავდეს, მართლა ვერაფერს მოვახერხებდი.
– მრავალშვილიანი დედა ხდები, ოცნებობდი ამაზე?
– ორ ბიჭს უნდოდა ერთი პრინცესა. დახატავს ბიჭებს, მაგრამ ჩვენ რას გვიზამს, არ ვიცით (იცინის). თუ არ დაგვაჩოქეს და გვახოხეს… ვნახოთ (იცინის). მე მინდოდა გოგო-ბიჭის ვარიანტი, ტყუპებზეც ვფიქრობდი, ბარემ ერთად გავზრდი-მეთქი. ჩემი ქმარი აქადე იძახდა, ოთხი და ხუთი შვილი მინდაო, მაგრამ ახლა აღარ ამბობს (იცინის). ცოტა ხანი ორივე გაჩუმებულები ვართ, მაგ თემაზე საერთოდ ვეღარ ვლაპარაკობთ. სხვა თუ იწყებს საუბარს, ჩვენ ოთახიდან გავდივართ (იცინის).
– უკვე ემზადებით პატარასთან შესახვედრად?
– უკვე სახელიც მოფიქრებული მაქვს – ანის ვარქმევთ ჩვენს გოგონას. დანი, სანი და ანი – ასე გავრითმეთ. ბავშვებმაც იციან, რომ ანი მიზის მუცელში და ძალიან უხარიათ. რაც საჭიროა, უკვე ყველაფერი მზად მაქვს. საერთოდ, გოგოს რომ ვარდისფერი უნდა უყიდო და ბიჭებს ცისფერი, ეს თემა არ მომწონს. მთლად ფუშფუშელებინს ვერ ჩავაცმევ ბიჭს, მაგრამ სქესის მიხედვით ფერებს არ ვარჩევ და გოგოს ცოტა ბიჭურად რომ აცვია, ეს მიყვარს კიდეც. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩემი ოცნება იყო კიკინებიანი პრინცესა, გაპრანჭული კაბებით. უცებ მოვიდა ამის დრო. რთულია, მაგრამ ბედნიერები ვართ. საერთოდ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ მე მოწოდებით დედა ვიყავი. შვილი რომ გაგიჩნდება, კარიერაშიც რომ დათმობებზე მიდიხარ, საკუთარ თავზეც რომ ნაკლებად ფიქრობ და სულ პატარაზე ხარ კონცენტრირებული, იმ მომენტში აცნობიერებ, რომ მოწოდებით დედა ხარ და რომ ეს არის ყველაზე დიდი ბედნიერება.